წინანდლის პარკი, ალექსანდრე ჭავჭავაძის მამულის კომპლექსი — არქიტექტურული, ისტორიული ძეგლი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში. შედგება სასახლის, ღვინის სარდაფის, სასტუმროს, მეურნეთა და მოურავის სახლების, მაცივრის, სანერგის, ეკლესიის ნაშთის, სამთავრობო რეზიდენციის, პარკისა და გალავნისაგან.

წინანდლის პარკში მდებარე სასახლე

წინანდლის ჭავჭავაძეთა მამულების ისტორია XVII საუკუნიდან იღებს სათავეს, როდესაც ერეკლე I-მა, სოფლის გაძლიერების მიზნით, სოფელ ჭავჭავიდან (მთიულეთი) ჭავჭავაძეთა წინაპრები(მამუჩის შვლები) ჩამოასახლა. 1680 წელს კი წინანდალში დაასახლა და აზნაურობა უბოძა, შემდეგ მეფე თეიმურაზმა მათ გვარს მცირ თავადის ტიტული მიანიჭა, მცირე რაოდენობით ყმა და მამული მისცა. ერეკლე II-მ კი ჭავჭავაძეობა დაუმტკიცა.

1797 წელს ერეკლე II-მ გარსევან ჭავჭავაძეს (საქართველოს ელჩს რუსეთში), წინანდალთან ერთად უბოძა სოფლები: ზეგაანი, ნაფარეული და მუღანლო. გარსევან ჭავჭავაძემ თავისი სასახლე წინანდალში ააშენა.

1818 წელს აქვე აშენებს პირველ, ხოლო 1831 წელს მეორე სასახლე მისი ძე — ალექსანდრეც. 1829 წელს გაჰყავს წყალსადენი და 12 ჰა ტერიტორიაზე, ტყით დაფარულ მამულში აწყობს პარკს, რისთვისაც იწვევს ევროპელ დეკორატორებს. 1840 წელს ალექსანდრე ჭავჭავაძემ ააშენა ღვინის მარანი. მის სახელ უკავშირდება ვაზის ახალი ჯიშების გამოყვანა და მეღვინეობაში ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვა. ამ პერიოდისათვის რომანტიკოსი პოეტის მამული მოწინავე საზოგადოების თავშეყრის ადგილად იქცა, სადაც ხდებოდა ტრადიციული ქართული და ევროპული კულტურების დაახლოება.

1846 წელს ალექსანდრე ჭავჭავაძის გარდაცვალების შემდეგ, წინანდლის მამული მემკვიდრეობით გადაეცა მის შვილს დავითს. 1854 წელს წინანდალში შამილის თავდასხმის დროს დაიწვა სასახლე, ბიბლიოთეკა, განადგურდა პარკის ნაწილი. გაიტაცეს ალექსანდრე ჭავჭავაძის ოჯახის წევრები, არქივი. მოგვიანებით დ. ჭავჭავაძემ მამული აღადგინა და 1886 წელს იგი შეიძინა რუსეთის საიმპერატორო მამულების დეპარტამენტმა და მისი რეკონსტრუქცია წამოიწყო. მამულს მართავდა პ. ბაგოუტი. ამ პერიოდში აიგო დღევანდელი სასახლე. 1886-1887 წლებში გაიყვანეს ახალი წყალგაყვანილობა, აშენდა იმ პერიოდის რუსეთის იმპერიაში უდიდესი ღვინის ქარხანა.

1946 წელს ალექსანდრე ჭავჭავაძის გარდაცვალებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავად, გიორგი ლეონიძის თაოსნობით გაიხსნა პოეტის სახლ-მუზეუმი.

ალექსანდრე ჭავჭავაძის მამულის კომპლექსს 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება