წალკის ქვაბული — სამხრეთ საქართველოს ვულკანური ზეგნის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილი, რომელიც თითქმის მთლიანად წალკის მუნიციპალიტეტის ფარგლებშია მოქცეული (მცირე მონაკვეთი – მდინარე ქციის ზემო ხეობა ბორჯომის მუნიციპალიტეტის ფარგლებშია).

წალკის ქვაბული ანუ პლატო ჩრდილოეთიდან შემოზღუდულია თრიალეთის ქედის შუა ნაწილით, დასავლეთიდან - სამსრის ქედის ჩრდილოეთ ნაწილით, სამხრეთიდან - ჯავახეთის ქედის ჩრდილო ბოლოთი და მდინარე ჭოჭიანით, აღმოსავლეთიდან - ხრამ-ალგეთისა და ხრამ-კლდეისის წყალგამყოფებით.

წალკის პლატო აგებულია ნეოგენური დოლერიტული ლავებითა და ტბიურ-მდინარეული ნალექებით. წალკის პლატოს სიმაღლე ცვალებადობს 1500 მ-იდან 1900 მ-მდე. წალკის პლატო ქვაბული იყოფა პატარა ქვაბულებად (ბეშთაშენის, ქიარაკის, ბარმაქსიზის, ბაშკოვის) და მცირე სიგრძის სერებად (წალკის, ბეშთაშენის, ქარსუს, ტაშბაშის). უკიდურესი ჩრდილოეთით განედურადაა გაწოლილი თრიალეთისპირა ვაკე, რომელიც ალუვიონით არის აგებული. ქვაბულის პერიფერიული ნაწილები გამოხატულია შემომფარგვეელი ქედების დანაწევრებული ფერდობებით.

წალკის ქვაბულში მთის სტეპების ცივზამთრიანი და თბილზაფხულიანი ჰავაა. საშუალო წლიური ტემპერატურა 5,9 °C, იანვრის - 4.8 °C, ივლისის 16 °C; აბსოლუტურ მინიმუმი – 34 °C, აბსოლუტურ მაქსიმუმი 33 °C. ნალექები 740 მმ წელიწადში.

ქვაბული გრძივი ღერძის გასწვრივ მიედინება მდინარე ქცია (ხრამის ზემო მონაკვეთი), რომელსაც ერთვის პატარა მდინარეები: გუმბათი (მარცხ.) ნარდევანი, ბურნაშეთი (მარჯვ.) და სხვ; წყალსაცავის ქვემოთ მიედინება ხრამი შენაკადებით თარსენი, ჭოჭიანი და სხვ. ქვაბულის ცენტრში შექმნილია წალკის წყალსაცავი. წალკის ქვაბული მდიდარია უხვდებიტიანი წყაროებით, ე.წ. ლავური ვოკლუზებით. ნიადაგურ საფუძველს შეადგენს ძირითადად მთის შავმიწები. მცენარეულობიდან გავრცელებულია მეორეული მთის სტეპი.

ლიტერატურა რედაქტირება