ძმერხლი,[1] კოლხური თაგვისარა[2] (ლათ. Ruscus colchicus) — ორსახლიანი მცენარე სატაცურისებრთა ოჯახისა. დაბალი, მხოხავფესურიანი, მარადმწვანე ნახევრად ბუჩქია;[3] უკანასკნელი წყების ტოტები გარდაქმნილია ფოთლის მსგავს, დიდი ზომის, ტყავისებრ, პრიალა, მწვანე, თავწაწვეტებულ, უეკლო ფილოკლადოდიუმებად, ქვედები მოპირდაპირეა, დანარჩენი — მორიგეობითი. ნაყოფი წითელი. ყვავის და ნაყოფმსხმოიარობს აპრილ-სექტემბერში. საკმოდ ფართოდ არის გავრცელებული. იზრდება დაბლობების, მთისა და სუბალპური სარტყლის ტყეებსა და ბუჩქნარებში.[4]

ძმერხლი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ერთლებნიანები
რიგი:  სატაცურისნაირნი
ოჯახი:  სატაცურისებრნი
გვარი:  თაგვისარა
სახეობა:  ძმერხლი
ლათინური სახელი
Ruscus colchicus Yeo, 1966

გავრცელებულია კავკასიის ეკორეგიონის დასავლეთ და, იშვიათად, ცენტრალურ ნაწილში. არის რეგიონის ენდემი.[4] საქართველოში გვხვდება აფხაზეთში, აჭარასა და ქართლში. იყენებენ დეკორატიულ მებაღეობაში.[3][2] ნაყოფი იჭმევა.[5] აღსანიშნავია, რომ მცენარეს იმერეთში ჯმერხლი ეწოდება, რაჭასა და ლეჩხუმში — ჯილმეხი, მეგრულად — ზორმეხი, ჭანურად — ზერმეხი, ზურმეხი, სვანურად — ზგმეხ.[1]

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 მაყაშვილი ა., ძმერხლი // ბოტანიკური ლექსიკონი, თბ.: „საბჭოთა საქართველო“, 1961.
  2. 2.0 2.1 გურგენიძე მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 418–419.
  3. 3.0 3.1 ხინთიბიძე ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 279.
  4. 4.0 4.1 სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 70.
  5. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 558.