ძველი ქართული წარმართული კალენდარი

ძველი ქართული წარმართული კალენდარი — თვეებისა და დღეების აღრიცხვის კალენდარული სისტემა ძველ საქართველოში.

მთვარისმიერი წელიწადი რედაქტირება

თავდაპირველად ქართველთა მოდგმის ტომები, მსგავსად სხვებისა წელიწადს მთვარის მიმოქცევაზე აგებდნენ, ამიტომ უძველესი ქართული წელიწადი უნდა ყოფილიყო მთვარისმიერი წელიწადი. ეს იქედანაც ჩანს, რომ მთვარე უძველეს ხანაში ქართველების მთავარი ღვთაება იყო, რომელთაც მისი სახელი (თუთა) თვეც (თთუე) აღუნიშნავთ. სავარაუდოდ მთვარისმიერი კალენდარი საქართველოში უნდა ყოფილიყო, მის მეზობლად ირანში გავრცელებული ბაბილონურ-სემური სისტემის მსგავსი, რომელიც ქარანიდან (მთვარის კულტის ძველი ცენტრი) შემოვიდა. ამას გვაფიქრებინებს ქრისტიანულ ხანაში ცნობილი დღეობა თეთრი გიორგისა „გერისთობა“, რომელიც სამი სწორისა და თავ უქმობით გამოიხატება. ქარანელები მთვარის თვის 27-ე დღეს დღესასწაულობდნენ ახალმთვარის დღეობას, როდესაც ისინი მთვარეს მსხვერპლს სწირავდნენ. ამის გარდა აქ დამოწმებულია 27 დღიანი მთვარის დღესასწაული. 27-28 დღიანი დღესასწაულის გამოძახილია ჩვენი ოთხსწორიანი (4X7) მთვარის დღესასწაული, გერისთობად ცნობილი. 28 დღე მაჩვენებელია იმ 28 სადგომისა, რომელსაც მთვარე გაივლის ხოლმე და რომელსაც არაბები „მანძილ“-ს უწოდებდნენ[1].

მზისიერი წელიწადი რედაქტირება

მთვარისმიერი კალენდარი შემდგომ ჩვენში მზისიერმა კალენდარმა ჩაანაცვლა. ეს უნდა მომხდარიყო მაშინ როდესაც აღნიშნული წელიწადი გაბატონდა მცირე აზიაში, კერძოდ ირანსა და სომხეთში. ზოგის მოსაზრებით ეს მოხდა ძვ. წ. V საუკუნეში[2], ზოგი კი I საუკუნეში[3]. ამის საბუთია თვეთა ძველი ქართული სახელწოდებები, რომელთა ნაწილი ირანულ-სომხური წარმომავლობისაა. ეს სახელები, რომლებიც წარმართული პერიოდიდან ქრისტიანობაშიც გადმოსულან, წერილობითი უმთავრესად ბიბლიურ აგიოგრაფიული ხასიათის, ძეგლების სახით შემორჩა ჩვენში და შემდეგნაირად გამოითქმიან (ანბანის რიგით): აპნისი, ახალწლისაჲ, ვარდობისაჲ, თიბისაჲ, იგრიკაჲ, მარიალისა, მიჰრაკანი, სთულისაჲ, სურწყნისაჲ, ტირისდენი, ტირისკონი და ქუელთობისაჲ.

ეს სახელები ნაწილობრივ წმინდა ქართულია, ნაწილობრივ კი მათში შემონახულია ან ავესტური, ან სომხური ფორმა შესატყვისი თვეებისა. ირანულ-სომხური ელემენტები ქართულ თვეთა სახელწოდებებში მაჩვენებელია იმისა რომ ამ სახელწოდებისა და მასაშასადამე, თვეთა შემოსვლიდან ჩვენში დამყარებულია ისეთივე მზის წელიწადი როგორიც მიღებული იყო მათი შემოსვლისას ირანსა და სომხეთში.

მოსაზრებები რედაქტირება

პავლე ინგოროყვას აზრით ძველი ქართული წელიწადი 365 დღიანი იყო (6 თვე 31 დღიანი, 5 თვე — 30-იანი და ერთიც 29-იანი). თითოეული მისი თვე იწყებოდა რომაული თვის ერთსა და იმავე რიცხვში.

კორნელი კეკელიძე ასევე იკვლევდა ძველ ქართულ კალენდარს და მიაჩნდა რომ ინგოროყვისეული სისტემა იყო მცდარი, რადგანაც წელიწადში ხისტად 365 დღიანი კალენდრის გამოყენება გამოიწვევდა ყოველ ოთხ წელიწადში ერთი დღით, ხოლო 120 წლის განმავლობაში ერთი თვით წანაცვლებას.

ძველ ირანში, ეგვიპტეში, სომხეთსა და კაპადოკიაში, მიღებული იყო მოძრავი წელიწადი (ლათ. annus vagus), მუდამ და ყოველთვის 365-დღიანი. ეჭვგარეშეა რომ საქართველოშიც აღნიშნული მზის წელიწადი გამოიყენებოდა. მზის წელიწადი შედგებოდა თორმეტი 30 დღიანი თვისაგან. წლის ბოლოს მეთორმეტე თვის დასასრულსა და პირველი თვის დასაწყისამდე უმატებდნენ 5 დღეს, რომელთაც ეპაგომენები ეწოდებოდა. მზის მოძრავი წელიწადი, იულისუსის კალენდრისაგან განსხვავებით, ყოველ ოთხ წელიწადში ერთდღიან სხვაობას იძლეოდა. ამას ის უხერხულობა სდევდა თან, რომ ესა თუ ის, ვთქვათ, დღესასწაული ან სახსოვარი ფაქტი თუ მოვლენა ერთხელ რომ გაზაფხულზე მოვიდოდა, გარკვეული პერიოდის შემდეგ ზაფხულში, შემოდგომასა თუ ზამთარში მოხვდებოდა. ეს უხერხულობა სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა დროს შეიგრძნეს და სხვადასხვანაირად გამოასწორეს.

ძველ ირანში გადაწყვეტილი იყო, რომ ყოველი 120 წლის შემდეგ ჩაემატებინათ ერთი 30 დღიანი თვე, ასე რომ ასეთ წელიწადში იქნებოდა არა 12 არამედ 13 თვე. აღნიშნული ჩამატება პრაქტიკულად არასდროს განხორციელებულა და ის თეორიის დონეზე დარჩა[4].

სხვებმა აღნიშნული უხერხულობა ყოველწლიურად ეპოგომენის ცვლილებით გამოასწორეს მსგავსად იულიუსის კალენდრისა, სახელდობრ, ყოველ მეოთხე წელს ხუთდღიან ეპოგომენებს მეექვსე დღეს უმატებენ, თვეები კი ისევ 30 დღიანი რჩებოდა. მაგალითად, ძვ. წ. 238 წლის 2 დეკემბერს ეგვიპტის ქურუმები ადგენენ ეგრეთ წოდებულ „კანოპის დეკრეტს“:

რათა არ მოხდეს ის, რომ დღესასწაული, რომელსაც ახლა ზამთარში აქვს ადგილი, შემდეგ ზაფხულში მოვიდეს, ანდა, პირიქით, ზაფხულის დღესასწაული ზამთარში, როგორც ეს ხდებოდა წინათ, ყოველი სამი წლის შემდეგ, მეოთხეში, ხუთს ეპოგომენებს ემატებოდეს ხოლმე კიდევ ერთი დღე, როგორც დღესასწაული ევერგეტ ღმერთებისა[5][6].

ამნაირად შეიქმნა ეგვიპტური მყარი უძრავი წელიწადი. ალექსანდრიული უძრავი წელიწადი, რომელიც კოპტებსა და ეთიოპებს შორის იყო მიღებული, შეიქმნა ძვ. წ. 30, იულიუს კეისრის მიერ ქალაქ ალექსანდირიის აღების შემდეგ და მის აღსანიშნავად. ყველაზე გვიან უძრავი წელიწადი სომხეთში იქნა შემოღებული 1116 წელს იოანე ვანაკანის მიერ ჩატარებული საეკლესიო რეფორმით, რომელიც საფიქრებელია რომ ბაძავდა 1079 წელს შემოღებულ ჯალალ-ედინის ერას, რომელიც ყოველ ოთხ ოთხ წელიწადში ხუთ ხუთ ეპოგომენებს მეექვსეს უმატებს[7].

როდის დამყარდა ჩვენში უძრავი წელიწადი, ამის შესახებ ცნობები არ მოგვეპოვება, სავარაუდოდ ეს უნდა მომხდარიყო მაშინ როცა საქართველო რომაელთა კულტურულ-პოლიტიკური გავლენის სფეროში მოექცა.

იქედან გამომდინარე რომ არ მოგვეპოვება პირდაპირი ლიტერატურული მასალა თვეების თანმიმდევრობისა ძველ ქართულ წელიწადში, უპრიანია მათი მისადაგება მეზობელ ქვეყნებში არსებულ კალენდრებთან.

სომხური
კალენდარი
სულხან-საბა
ორბელიანი
კორნელი
კეკელიძე
  • 1. „ნავასარდი“
  • 2. „ჰორი“
  • 3. „საჰმი“
  • 4. „ტრე“
  • 5. „ქაღოც“
  • 6. „არაც“
  • 7. „მეჰეკან“
  • 8. „არეგ“
  • 9. „აჰეკან“
  • 10. „მარერი“
  • 11. „მარგაც“
  • 12. „ჰროტიც“
  • ეპაგომენები
  • 6 აგვისტო — 4 სექტემბერი
  • 5 სექტემბერი — 4 ოქტომბერი
  • 5 ოქტომბერი — 3 ნოემბერი
  • 4 ნოემბერი — 3 დეკემბერი
  • 4 დეკემბერი — 2 იანვარი
  • 3 იანვარი — 1 თებერვალი
  • 2 თებერვალი — 3 მარტი
  • 4 მარტი — 2 აპრილი
  • 3 აპრილი — 2 მაისი
  • 3 მაისი — 1 ივნისი
  • 2 ივნისი — 1 ივლისი
  • 2 ივლისი — 31 ივლისი
  • 1 აგვისტო — 5 აგვისტო

კორნელი კეკელიძე ეძებს რა ძველი ქართული წარმართული კალენდრის დასაწყისს, ჩერდება „ქართლის ცხოვრებაში“ აღწერილ წმინდა ნინოს მიერ არმაზის კერპის შემუსვრისა და შესაბამისად არმაზობის დღესასწაულის თარიღზე. ის მიიჩნევს რომ ძველი ქართული წარმართული კალენდარი აღნიშნული წყაროს მიხედვით იწყებოდა 6 აგვისტოს. შესაბამისად გამოყვანილი აქვს ცხრილი, რომლითაც მისი აზრით ამოხსნილია კალენდარული თვეების დაწყება-დასასრული.

ლიტერატურა რედაქტირება

  • კ. კეკელიძე, „ძველი ქართული წელიწადი“, «ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან», ტ. 1, გვ. 99-124
  • პ. ინგოროყვა, „ძველ-ქართული წარმართული კალენდარი“, «საქართველოს მუზეუმის მოამბე», ტ. 6, 1929-1930; ტ. 7, 1931-1932
  • В. Болтов, «Из истории церкви, Сиро-Персидской, Экскурс IV, Календар персов», „Христианское чтение“, Март, 1901

სქოლიო რედაქტირება

  1. F. Ginzel, „Handbuch der matematischen und technischen Chronologie“ I, 75-78
  2. F. Ginzel, „Handbuch der matematischen und technischen Chronologie“ III, 27, 314
  3. В. Болтов, «Христианское чтение», 1901
  4. Ginzel, Hendbuch I, 297
  5. A. Gutschmid, Kleine Schriften I, 378
  6. Ginzel I, 197-198
  7. Ginzel I, 300-305