ჩინური (ვაზის ჯიში)

(გადამისამართდა გვერდიდან ჩინური (ვაზი))

ჩინური, კასპური, კასპური თეთრი, ატენურიქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში ქართლიდან.

ივ. ჯავახიშვილის აზრით, ამ ვაზის სახელი მისი მარცვლის ფერის მაუწყებელია. სრული სიმწიფის პერიოდში ჩინურის ყურძენი მომწვანო-მოქარვისფრო ელფერს იღებს და ძალიან წააგავს ზეთისხილის ფოთოლს, რომელსაც ძველად ქართლში „ჩინის“ სახელით მოიხსენიებენ.

თუმცა არსებობს მეორე მოსაზრებაც, რომლის მიხედვითაც, სახელწოდება ჩინური წარმოშობილია სიტყვა „ჩინებულისაგან“. როგორც ჩანს, ამ ვაზისაგან დამზადებული ღვინის მაღალი ხარისხის გამო მას ჩინებული ანუ ჩინური დაარქვეს.

კასპის მოსახლეობა ამ ვაზს „კასპური თეთრის“, „თეთრი ვაზის“ და „კასპურის“ სახელითაც მოიხსენიებს.

ძირითადად გავრცელებულია: გორის, კასპის, მცხეთის, ქარელის, ახალგორის ვენახებში. შედარებით მცირე ნარგავებად ან შერეული სახით გვხვდება: დუშეთის, მარნეულის, გურჯაანის და თელავის მუნიციპალიტეტებშიც. იგი გავრცელებული იყო ქვეყნის ფარგლებს გარეთაც და მისი ყურძენი გამოიყენებოდა, როგორც საუკეთესო საკუპაჟე მასალა რომელიმე დაბალხარისხიანი ღვინის ხარისხის ასამაღლებლად.

ბოტანიკური აღწერა რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამნაკვთიანი ან ხუთნაკვთიანი ფორმის. ფოთლის ქვედა მხარე, ძარღვების გასწვრივ, მცირედ შებუსულია. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრული. ზოგჯერ ცილინდრულ-კონუსური ფორმის და ფრთიანი. საშუალო სიკუმსისაა ან კუმსი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური, მომწვანო-მოყვითალო ან ღია ქარვისფერი. საკმაოდ სქელკანიანია, ცვილისებრი ფიფქით უხვად დაფარული. რბილობი ხორციანი და საკმაოდ წვნიანია, სასიამოვნო ტკბილი გემოთი.

ჩინური საშუალოზე ძლიერი ზრდისა და უხვმოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 185-188 დღეა. იგი სრულ სიმწიფეში ოქტომბრის მეორე ნახევრიდან შედის. მტევნის საშუალო წონა 172-185 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 10-12 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 17-20%, ხოლო მჟავიანობა — 9-10 გ/ლ-ს.

ჩინური მაღალხარისხიანი საღვინე და სასუფრე ვაზის ჯიშია. ევროპული წესით დაყენებული ჩინურის ღვინო ხასიათდება ლამაზი, ღია მოჩალისფრო შეფერვით, საკმაო სხეულითა და შინაარსით, სინაზით, ალკოჰოლისა და მჟავიანობის ნორმალური შემცველობით. გამოიყენება როგორც ძირითადი საკუპაჟე მასალა მაღალხარისხოვანი ცქრიალა ღვინის დასამზადებლად. ხასიათდება ველური პიტნისა და პანტა მსხლის ტონებით, ასევე მცენარეული და ხილის ტონებით. მისგან დგება გამორჩეულად ნაზი მომწვანო-ჩალისფერი წყნარი და ცქრიალა ღვინოები. ჩინურისგან გორულ მწვანესთან ერთად მზადდება ადგილწარმოშობის დასახელების თეთრი ცქრიალა ღვინო „ატენი“ („ატენური“).

ლიტერატურა რედაქტირება

  • ცერცვაძე ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 137.
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 427-428
  • ხარბედია მ., „ქართული ღვინის გზამკვლევი“, გვ. 52, თბ., 2013

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება