ჩინეთის გეოგრაფია

ჩინეთი გეოგრაფიულად მრავალფეროვანი ქვეყანაა.

ჩინეთის სატელიტური გამოსახულება

სანაპირო ხაზის სიგრძეა 15 ათასი კმ. აღმოსავლეთ ჩინეთისა და სამხრეთ ჩინეთის ზღვების სანაპიროზე ბევრია პატარა ყურე და უბე, ყვითელი ზღვის სანაპიროზე უმთავრესად დაბლობია, გამონაკლისს წარმოადგენს შანდუნისა და ლიაოდუნის ნახევარკუნძულები.

ჩინეთის ტერიტორია უმთავრესად მაღლობია. მის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში აღმართულია ტიბეტის მთიანეთი, საშუალო სიმაღლე 4000-4500 , ცალკეული მწვერვალებისა — 6000-7000 მ. მთიანეთი შემოსაზღვრულია მაღალი მთის სისტემებით; სამხრეთით და დასავლეთით აღმართულია ჰიმალაი (მაქსიმალური სიმაღლე 8848 მ, მწვერვალი ევერესტი) და ყარაყორუმი, ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით კუნლუნი, ნანშანი და ჩინეთ-ტიბეტის მთები. ეს მთები და აგრეთვე უფრო ჩრდილოეთით მდებარე აღმოსავლეთ ტიან-შანი და მონღოლეთის ალთაი ღრმადაა დანაწევრებული, დამახასიათებელია სიმაღლური სარტყლურობა, თხემურ ზონაში თოვლნარი და მყინვარებია. ქვეყნის ჩრდილოეთი და ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი უჭირავს კაშგარის ვაკეს, ჯუნგარის ვაკეს და ალაშანს. ჩინეთის აღმოსავლეთ ნაწილში მთების სიმაღლე 3000 მ-ს აღწევს. ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს დიდი ხინგანი, მცირე ხინგანი და მანჯურია-კორეის მთების ჩრდილოეთი ნაწილი, რომელთაც ჰყოფს სანძიანისა და სუნლიაოს ვაკეები, უფრო სამხრეთით ლიოსის პლატო, ორდოსის პლატო, ცინლინის ქედი, სიჩუანის ქვაბული, იუნან გუიჯოუს მთიანეთი და ნანლინის მთებია. ყვითელი ზღვის გაყოლებით გადაჭიმულია ჩინეთის დიდი ვაკე.

ჩინეთი მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით. ქვეყანას აქვს ქვანახშირის და რკინის მადნის, ნავთობის, იშვიათი და ფერადი ლითონების დიდი მარაგი, მნიშვნელოვანი ჰიდრორესურსები.

ჩინეთის დასავლეთ ნაწილში ჰავა მეტად კონტინენტურია, ზომიერია, ტიბეტის მთიანეთში — ცივი. იანვრის საშუალო ტემპერატურა −10-დან −25°C-მდეა. ნალექები ვაკეზე და ზეგნებზე 50-250 მმ წელიწადში. ჩინეთის აღმოსავლეთ ნაწილში ჰავა მუსონურია, ზომიერი — ცინლინის ქედის ჩრდილოეთით, სუბტროპიკული — ცინლინის და ნანლინის მთებს შორის. ტროპიკული ჰავაა ქვეყნის სამხრეთ პროვინციებში. იანვრის საშუალო ტემპერატურა −24°C-დან ჩრდილოეთით 18°C სამხრეთით. ნალექები 400-800 მმ-დან ჩრდილოეთით 2000-2500 მმ-მდე და უფრო მეტი სამხრეთით, მაქსიმალური — ზაფხულში. შემოდგომაზე ხშირია ტაიფუნი.

ჩინეთის აღმოსავლეთ ნაწილში მიედინება ქვეყნის უდიდესი მდინარეები: იანძი, ხუანხე, სინძიანი, მინძიანი და სხვ., რომელთაც აქვთ მუსონური რეჟიმი, იცის ზაფხულში წყალმოვარდნები. ჩამონადენის რეგულირებისთვის აგებულია ჰიდროტექნიკური ნაგებობანი და წყალსაცავები (განსაკუთრებით მდინარე ხუანხეს აუზში). ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მიედინება მდინარეები: იარქენდი, აქსუ და სხვ. ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში და ტიბეტის მთიანეთში ბევრი ტბაა, რომელთაგან უდიდესია კუკუნორი, ლობნორი, ბაგრაშკიოლი, ნამცო, სილინგ-ცო. მდინარე იანძის ქვემო დინებაში არის ტბები დუნტინხუა, პოიანხუა, ტაიხუ.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება