ჩიკაგოს სიმფონიური ორკესტრი

სიმფონიური ორკესტრი ჩიკაგოში, ილინოისის შტატში, აშშ-ში

ჩიკაგოს სიმფონიური ორკესტრი (ინგლ. Chicago Symphony Orchestra, CSO) — ამერიკული სიმფონიური ორკესტრი, დაარსებული 1891 წელს თეოდორ ტომასის მიერ. ორკესტრი განთავსებულია ჩიკაგოს სიმფონიურ ცენტრში, ხოლო ზაფხულის სეზონზე უკრავს რავინიას ფესტივალზე. მისი მუსიკალური დირექტორია იტალიელი დირიჟორი რიკარდო მუტი, რომელიც ამ პოზიციაზე 2010 წლიდან იმყოფება. CSO ერთ-ერთია წამყვანი ამერიკული ორკესტრებიდან, რომელთაც „დიდ ხუთეულს“ უწოდებენ ხოლმე (ნიუ-იორკის ფილარმონიულ ორკესტრთან, ბოსტონის სიმფონიურ ორკესტრთან, ფილადელფიის ორკესტრთან და კლივლენდის ორკესტრთან ერთად).[1]

ჩიკაგოს სიმფონიური ორკესტრი
სიმფონიური ორკესტრი

ჩიკაგოს სიმფონიური ორკესტრის ლოგო
მშობლიური სახელი ინგლ. Chicago Symphony Orchestra
დაარსდა 1891
მდებარეობა ჩიკაგო, აშშ
საკონცერტო დარბაზი Chicago Symphony Center
მთავარი დირიჟორი რიკრდო მუტი
ვებგვერდი cso.org

ისტორია რედაქტირება

 
ჩიკაგოს სიმფონიური ორკესტრი უკრავს ჩიკაგოს სიმფონიური ცენტრის საორკესტრო დარბაზში
 
თეოდორ ტომასი, ჩიკაგოს სიმფონიური ორკესტრის დამაარსებელი და პირველი დირიჟორი

1890 წელს ჩიკაგოელმა ბიზნესმენმა ჩარლზ ნორმან ფრაიმ დირიჟორი თეოდორ ტომასი ჩიკაგოში ორკესტრის დასაფუძნებლად მიიწვია. „ჩიკაგოს ორკესტრმა“ პირველი კონცერტი 1891 წლის 16 ოქტომბერს, აუდიტორიუმის თეატრში ჩაატარა. იგი ამერიკის ერთ-ერთი უძველესი ორკესტრია ნიუ-იორკის ფილარმონიულთან, ბოსტონის სიმფონიურთან და სენტ-ლუისის სიმფონიურთან ერთად.

საორკესტრო დარბაზი, რომელიც ამჟამად სიმფონიური ცენტრის კომპლექსის ნაწილია, ჩიკაგოელი არიტექტორის დანიელ ჰ. ბერნემის დიზაინის მიხედვით 1904 წელს აშენდა და მისი ინაუგურაცია იმავე წლის 14 დეკემბერს შედგა. მაესტრო თომასი, რომელიც მუსიკალურ დირექტორად 13 წლის განმავლობაში მუშაობდა, მისი გახსნიდან ცოტა ხანში გარდაიცვალა. 1905 ორკესტრს „თეოდორ ტომასის სახელობის ორკესტრი“ ეწოდა. ორკესტრის დარბაზის ფასადზე დღესაც არის წარწერა „Theodore Thomas Orchestra Hall“ („თეოდორ ტომასის ორკესტრის დარბაზი“).

1905 წელს მუსიკალური ხელმძღვანელი ფრედერიკ შტოკი გახდა. მას პოსტი 1942 წლამდე ეჭირა. 1913 წელს ორკესტრს ჩიკაგოს სიმფონიური ორკესტრი ეწოდა.

მომდევნო მუსიკალური დირექტორები იყვნენ დეზირე დეფო, არტურ როძინსკი, რაფაელ კუბელიკი, ფრიც რაინერი, ჟან მარტინონი, გეორგ შოლტი და დანიელ ბარენბოიმი.

2008 წლის 5 მაისს, CSO ასოციაციის პრეზიდენტმა, დებორა რუტერმა განაცხადა, რომ ორკესტრმა მომდევნო, მე-10 მუსიკალურ ხელმძღვანელად რიკარდო მუტი დასახელა. მისი პირველი 5 წლიანი კონტრაქტი 2010/11 წლების სეზონით დაიწყო.[2] მოგვიანებით, კონტრაქტი 2020 წლის სეზონის ჩათვლით გაგრძელდა.[3]

ორკესტრი სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა ბევრ გამორჩეულ მოწვეულ დირიჟორთან, რომელთა შორისაც აღსანიშნავია ტომას ბიჩემი, ლენარდ ბერნსტაინი, აარონ კოპლენდი, ედვარდ ელგარი, მორტონ გულდი, პოლ ჰინდემიტი, ერიხ კუნცელი, შარლ მიუნში, იუჯინ ორმანდი, ანდრე პრევენი, სერგეი პროკოფიევი, სერგეი რახმანინოვი, მორის რაველი, არნოლდ შონბერგი, ლეონარდ სლატკინი, ლეოპოლდ სტოკოვსკი, ჯეიმზ ლივაინი, რიხარდ შტრაუსი, ჯორჯ სელი, კლაუს ტენშტეტი, მაიკლ ტილსონ ტომასი, ბრუნო ვალტერი და ჯონ უილიამსი. ბევრ მოწვეულ დირიჟორს ორკესტრთან ჩანაწერებიც აქვს გაკეთებული. CSO ერთადერთი ჩრდილეთ ამერიკული ორკესტრია, რომელთანაც კარლოს კლაიბერი მოწვეული დირიჟორის რანგში თანამშრომლობდა 1978 წლის ოქტომბერში და 1983 წლის ივნისში.

ორკესტრის სამი მთავარი მოწვეული დირიჟორი სხვადასხვა დროს იყო კარლო მარია ჯულინი, კლაუდიო აბადო და პიერ ბულეზი.

CSO ჩიკაგოს რადიოსადგურ WFMT-სთან ერთად ატარებს ყოველწლიურ საქმელმოქმედო ღონისძიებას, რომელსაც ჩიკაგოს სიმფონიური მარათონი, „რადიოთონი“ ან „Symphonython“ ეწოდება. 1986-2008 წლებში, ამ ღონისძიების ფარგლებში ორკესტრმა არაერთი საარქივო ჩანაწერი ორმაგი LP/CD კოლექციების სახით გამოსცა (CSO: The First 100 Years, 12 CDs, 1991; CSO in the 20th Century: Collector's Choice, 10 CDs, 2000).

რავინიას ფესტივალი რედაქტირება

ჩიკაგოს სიმფონიური ორკესტრის საზაფხულო რეზიდენციას წარმოადგენს რავინიას ფესტივალი ჰაილენდ-პარკში, ილინოისში. ორკესტრმა აქ პირველად 1905 წლის 20 ნოემბერს, რავინიას პარკის მეორე სეზონის ფარგლებში დაუკრა[4] და ამ სცენაზე სხვადასხვა სიხშირით 1931 წლის აგვისტომდე ჩნდებოდა. ამის შემდეგ პარკი დიდი დეპრესიის შედეგად დაიხურა. ორკესტრმა მონაწილეობა მიიღო რავინიას ფესტივალის ხელახალ ინაუგურაციაში 1936 წლის 3 ივლისს,[5] რის შემდეგაც ფესტივალში ყოველ ზაფხულს მონაწილეობს.

რავინიას ფესტივალის ფარგლებში ჩიკაგოს სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ბევრი დირიჟორის დებიუტი შედგა, რამდენიმე მათგანი კი, მოგვიანებით, ფესტივალის მუსიკალური დირექტორიც გახდა, მათ შორის სეიჯი ოზავა (1964–68), ჯეიმზ ლივაინი (1973–93) და კრისტოფერ ეშენბახი (1995–2003). 2005 წლიდან 2015 წლამდე ეს პოსტი ჯეიმზ კონლონს ეჭირა.[6] 2018-2019 წლებში ფესტივალის პირველი სამხატვრო კურატორი მარინ ალსოპი იყო, იგი 2020 წლიდან მთავარი დირიჟორის და კურატორის პოსტს დაიკავებს.

რავინიას ფესტივალმა ჯეიმზ ლივაინისთვის „საპატიო დირიჟორის“ ტიტული შემოიღო და მასთან ხუთწლიანი განახლებადი კონტრაქტი დადო, რომელიც 2018 წელს უნდა დაწყებულიყო. 2017 წლის 4 დეკემბერს, მას შემდეგ, რაც ლივაინი ოთხმა მამაკაცმა სექსუალური ხასიათის შეურაცხყოფაში დაადანაშაულა, ფესტივალმა მასთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა და გააუქმა კონტრაქტიც, რომელიც ფესტივალის ფარგლებში ჩიკაგოს სიმფონიური ორკესტრის დირიჟორობას გულისხმობდა.[7]

ჩანაწერები რედაქტირება

ჩიკაგოს სიმფონიურ ორკესტრს უზარმაზარი მოცულობის დისკოგრაფია გააჩნია. ჩანაწერებს მისი მონაწილეობით მიღებული აქვს 62 „გრემი“ ხელოვნებისა და მეცნიერების ეროვნული აკადემიისგან, მათ შორის არის რამდენიმე ჯილდო წლის კლასიკური ალბომის კატეგორიაში და ჯილდოები საუკეთესო კლასიკური პერფორმანსისთვის ვოკალურ, საგუნდო, ინსტრუმენტულ, ხმის ინჟინერიის და საორკესტრო კატეგორიებში.

1916 წლის 1 მაისს ორკესტრმა ფრედერიკ შტოკთან ერთად ჩაწერა ფელიქს მენდელსონის საქორწილო მარში ზაფხულის ღამის სიზმრიდან Columbia Records-ისთვის. ამ ლეიბლისა და RCA Victor-ისთვის შტოკმა და ჩიკაგოს სიმფონიურმა ორკესტრმა არაერთი ჩანაწერი გააკეთეს. ორკესტრის პირველი ელექტრონული ჩანაწერები სწორედ Victor-ისთვის, 1925 წლის დეკემბერში გაკეთდა, მათ შორის იყო კარლ გოლდმარკის უვერტიურა In Springtime. ეს ადრეული ელექტრონული ჩანაწერები Victor-ის ჩიკაგოს სტუდიაში გაკეთდა; ორიოდე წლის შემდეგ კი კომპანიამ ორკესტრის დარბაზში დაიწყო ჩაწერები. შტოკი ჩანაწერების გაკეთებას Columbia-ს და RCA Victor-ისთვის გარდაცალებამდე აგრძელებდა (1942).

1951 წელს რაფაელ კუბელიკმა გააკეთა პირველი თანამედროვე, მაღალი სანდოობის ჩანაწერები ორკესტრთან ერთად, მისივე დარბაზში, კომპანია Mercury-სთვის. პირველი ელექტრონული ჩანაწერების მსგავსად, ესენიც ერთი მიკროფონით იყო ჩაწერილი. ეს პერფორმანსები, Mercury-ს ორიგინალი ლეიბლითა და შენიშვნებით ხელახლა გამოსცა კომპანია Philips-მა.

 
სერ გეორგ შოლტი

1954 წლის მარტში ფრიც რაინერმა ორკესტრთან ერთად პირველი სტერეოფონული ჩანაწერი გააკეთა, კვლავ მათ დარბაზში, კვლავ RCA Victor-ისთვის. მათ შორის იყო რიხარდ შტრაუსის სიმფონიური პოემები: გმირის ცხოვრება (Ein Heldenleben) და ასე იტყოდა ზარათუშტრა (Also sprach Zarathustra). რაინერი და ორკესტრი RCA Victor-ისთვის 1963 წლამდე აკეთებდნენ ჩანაწერებს. ისინი, უმეტესად, Victor-ის სამარხიანი „Living Stereo“ პროცესით იწერებოდა. RCA-მ ამ ჩანაწერების ციფრული ვერსიებიც გამოსცა, ისევე, როგორც 1960-იან წლებში, ჟან მარტინონის დირიჟორობით გაკეთებული ჩანაწერებისა.

სერ გეორგ შოლტი ჩიკაგოს სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მეტწილად Decca Records-ისთვის წერდა. ამ ლონდონური ლეიბლისთვის გაკეთებული შოლტის დისკოგრაფია აშშ-ში გამოიცა და მოიცავს ფართოდ აღიარებულ მალერის ციკლს, რომელიც, ნაწილობრივ ისტორიულ მედინას ტაძარში ჩაიწერა (Medinah Temple, ჩიკაგო), ნაწილობრივ კი ილინოისის უნივერსიტეტის კრანერტის ცენტრში, ასევე ავსტრიაში, ვენის სოფიას დარბაზში (Sofiensaal). დანიელ ბარენბოიმის დირიჟორობით ბევრი ჩანაწერი Teldec-მა გამოსცა.

2007 წელს ჩიკაგოს სიმფონიურმა ორკესტრმა საკუთარი ლეიბლი CSO Resound© დააფუძნა. ორკესტრის მუსიკოსებთან შეთანხმების შემდეგ ახალი ჩანაწერები როგორც კომპაქტ-დისკებზე, ისე ონლაინ პლატფრმებზეც გამოიცემა.[8] 2007 წლის გაზაფხულზე გამოიცა CSO Resound-ის პირველი CD, მალერის მე-3 სიმფონია ბერნარდ ჰაიტინკის დირიჟორობით. ამას მოჰყვა იგივე დირიჟორის ხელმძღვანელობით შესრულებული ბრუკნერის მე-7, მალერის მე-6 და შოსტაკოვიჩის მე-4 სიმფონიები; შოსტაკოვიჩის მე-5 მიუნგ-ვუნ ჩუნგის დირიჟორობით, ტრადიციები და ტრანსფორმაციები: აბრეშუმის გზის ჩიკაგოს ხმები (Traditions and Transformations: Sounds of Silk Road Chicago) იო-იო მასთან ერთად, რომელმაც „გრემის“ მოიპოვა; ასევე „გრემის“ მფლობელი ვერდის რექვიემი და მისივე ოტელო, ორივე მუტის დირიჟორობით.

ჩიკაგოს სიმფონიური ორკესტრსა და გუნდს ორი ფილმისთვის აქვს ჩაწერილი საუნდტრეკი: ფანტაზია 2000 ჯეიმზ ლივაინის დირიჟორობით და 2012 წლის ფილმი ლინკოლნი ჯონ უილიამსის დირიჟორობით. ნაწყვეტები ბახის იოანეს პასიონების ჩანაწერიდან (გეორგ შოლტის დირიჟორობით) გამოყენებულია ფილმში კაზინო.

გადაცემები რედაქტირება

ჩიკაგოს სიმფონიური ორკესტრის პირველი რადიოგადაცემა 1925 წელს შედგა. მას შემდეგ რადიოგადაცემები სხვადასხვა სიხშირით გრძელდება. 1965-1966 წლების სეზონისთვის ჩიკაგოს რადიოსადგურმა WFMT ორკესტრის ჩანაწერების რეგულარული სტერეო გადაცემები დაიწყო, რაც 1968-1969 სეზონებშიც გაგრძელდა. გადაცემები განახლდა 1976 წელს და 2000-2001 წლის სეზონამდე გრძელდებოდა, როცა იგი სპონსორის არარსებობის გამო შეწყდა. 2007 წელს გადაცემები კვლავ განახლდა 52 კვირიანი სერიების სახით. გადაცემებს თავიდან British Petroleum აფინანსებდა და იგი 39 live კონცერტისგან და ორკესტრის მასშტაბური დისკოგრაფიის ნაწყვეტებისგან შედგებოდა.[9]

1953 წლიდან CSO ტელეკომპანია WGN-TV-ს ტელეგადაცემებში გამოჩნდა. 1960-იან წლებში ტელევიზიით გადაიცემოდა ვიდეო-ჩანაწერების სერია მუსიკა ჩიკაგოდან. მთავარი დირიჟორი ფრიც რაინერი იყო, ხოლო მოწვეული დირიჟორები არტურ ფიდლერი, ჯორჯ სელი, პიერ მონტე და შარლ მიუნში. 1953-1963 წლების ბევრი მსგავსი კონცერტი VAI Distribution-მა DVD-ს სახით გამოსცა.

სერ გეორგ შოლტიმ ასევე იდირიჟორა კონცერტების სერია, რომელიც ევროპულმა ფირმა Unitel-მა ჩაიწერა. 1970-იან წლებში ისინი ტელეკომპანია PBS-ის ეთერში გადაიცა, მოგვიანებით კი Decca Video-ს ლეიბლით DVD-ს სახითაც გამოიცა.

ჩიკაგოს სამოქალაქო ორკესტრი რედაქტირება

1919 წელს ფრედერიკ შტოკმა დააარსა ჩიკაგოს სამოქალაქო ორკესტრი (Civic Orchestra of Chicago), პირველი სასწავლო ორკესტრი აშშ-ში, რომელიც წამყვან სიმფონიურ ორკესტრთანაა აფილირებული. მისი მიზანია არაპროფესიონალი მუსიკოსების აყვანა და მათი გადამზადება მაღალი დონის საორკესტრო შესმრულებლებად. მისი ბევრი კურსდამთავრებული ჩიკაგოს სიმფონიურ ორკესტრში და სხვა დიდ ორკესტრებში დასაქმდა.

ჩიკაგოს სამოქალაქო ორკესტრი ერთადერთი სასწავლო ორკესტრია, რომელსაც წამყვანი სიმფონიური ორკესტრი ასპონსორებს. იგი ყოველწლიურად რამდენიმე უფასო საორკესტრო და კამერულ კონცერტს მართავს სიმფონიურ ცენტრში და ჩიკაგოს სხვა სცენებზე.

მუსიკალური დირექტორები, დირიჟორები რედაქტირება

ჯილდოები რედაქტირება

2008 წლის ნოემბერში ბრიტანული კლასიკური მუსიკის ჟურნალის Gramophone-ის რედაქტორებმა ჩიკაგოს სიმფონიური ორკესტრი აშშ-ს საუკეთესო, ხოლო მსოფლიოში მე-5 საუკეთესო ორკესტრად დაასახელეს.[10] იგივე შედეგით დასრულდა კლასიკური მუსიკის ონლაინ-ჟურნალ Bachtrack-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვა 2015 წლის სექტემბერში.[11]

გრემის ჯილდოები რედაქტირება

 
რიკარდო მუტი

ჩიკაგოს სიმფონიური ორკესტრის ჩანაწერებს 62 გრემი აქვს მოპოვებული. მუსიკალურ დირექტორს, რიკარდო მუტის ორი გრემი აქვს მოპოვებული, ორივე ჩიკაგოს სიმფონიურ ორკესტრთან და გუნდთან ერთად ვერდის რექვიემის ჩანაწერისთვის (CSO Resound). იმავე ჩანაწერისთვის აქვ მიღებული გრემი გუნდის დირექტორს, დუეინ ვოლფსაც.

ბერნარდ ჰაიტინკს, ყოფილ მთავარ დირიჟორს ორი გრემი აქვს მოპოვებული, მათ შორის ერთი ჩიკაგოს სიმფონიურ ორკესრთან შოსტაკოვიჩის მე-4 სიმფონიის ჩანაწერისთვის (CSO Resound).

პიერ ბულეზი, ყოფილი დირიჟორი ემერიტუსი და მთავარი მოწვეული დირიჟორი 26 გრემის მფლობელია, მათ შორის 8 ჩიკაგოს სიმფონიურ ორკესტრთან და გუნდთან აქვს მოპოვებული. ბულეზი მოპოვებული გრემის ჯილდოების რაოდენობით მესამე ადგილზე, სერ გეორგ შოლტის (31), ქუინსი ჯოუნსის (27) და ალისონ კრაუსის შემდეგ (27). 2015 წელს მან ეს ჯილდო განსაკუთრებული დამსახურებისთვისაც მიიღო (Lifetime Achievement Award).

სერ გეორგ შოლტი, ყოფილი მუსიკალური დირექტორი და საპატიო მუსიკალური დირექტორი 31 გრემის მფლობელია – უფრო მეტის, ვიდრე ნებისმიერი სხვა არტისტი. აქედან 7 გერემი მან ჩიკაგოს სიმფინიურ ორკესტრთან და გუნდთან ერთად მოიპოვა.

მარგარეტ ჰილისმა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იყო ჩიკაგოს სიმფონიური გუნდის ხელმძღვანელი, ამ საქმიანობისთვის 9 გრემი მოიპოვა.

მოხალისეობრივი ჯგუფები რედაქტირება

  • აფრიკულ-ამერიკული ქსელი (African American Network)
  • მმართველი წევრები (Governing Members, დაარსდა 1894 წელს)[12]
  • Latino Alliance
  • ჩიკაგოს სიმფონიური ასოციაციის ლიგა (League of the Chicago Symphony Orchestra Association, ყოფილი ქალთა ასოციაცია, დაარსდა 1934 წელს)[13]
  • Overture Council (established 2009)[14]
  • ქალთა ბორდი (Women's Board)[15]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Walsh, Michael (25 April 1983). „Which U.S. Orchestras are Best?“. Time. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-04-15. ციტირების თარიღი: 2013-09-18.
  2. Wakin, Daniel J. (5 May 2008). „And the Brass Ring Goes to Chicago Symphony: Riccardo Muti Says Yes“. The New York Times. ციტირების თარიღი: 2013-09-18.
  3. Patner, Andrew (3 February 2014). „Chicago - Chicago : News : Politics : Things To Do : Sports“. Chicago Sun-Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 February 2015. ციტირების თარიღი: 5 February 2015.
  4. https://csoarchives.wordpress.com/2016/03/10/125-moments-054-ravinia-park/
  5. https://csoarchives.wordpress.com/2016/04/12/125-moments-064-ravinia-festival/
  6. https://csoarchives.wordpress.com/2016/09/20/125-moments-116-james-conlon/
  7. [1]
  8. "Chicago Symphony Orchestra Announces Major Radio and Recording Initiaves" (Press release). Chicago Symphony Orchestra. 2006-11-30. Retrieved 2013-09-18
  9. „Chicago Symphony Orchestra Announces Major Radio and Recording Initiaves“ (პრეს-რელიზი). Chicago Symphony Orchestra. 2006-11-30. ციტირების თარიღი: 2013-09-18.
  10. Huizenga, Tom (21 November 2008). „Chicago Symphony Tops U.S. Orchestras“. Morning Edition. NPR. ციტირების თარიღი: 2013-09-18.
  11. Pullinger, Mark (3 September 2015), Chailly and the Berliner Philharmoniker: the critics’ choice for World's Best Conductor and Orchestra, https://bachtrack.com/worlds-best-orchestra-best-conductor-critics-choice-september-2015. წაკითხვის თარიღი: 2015-11-30
  12. Governing Members. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-18. ციტირების თარიღი: 2020-04-22.
  13. Chicago Symphony Orchestra. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-18. ციტირების თარიღი: 2020-04-22.
  14. Chicago Symphony Orchestra. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-07-11. ციტირების თარიღი: 2020-04-22.
  15. Women's Board. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-10-19. ციტირების თარიღი: 2020-04-22.