ჩვეულებრივი წვერა

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ წვერა (მრავალმნიშვნელოვანი).

ჩვეულებრივი წვერა (ლათ. Barbus barbus) — კობრისებრთა ოჯახის წარმომადგენელი და იგივე სახელწოდების მქონე გვარის (წვერა) ყველაზე გავრცელებული თევზის სახეობაა. ევროპაში ხშირად მირონს (მარენას) უწოდებენ, ასევე ჩვეულებრივ წვერას, ბარბს და ა.შ. გააჩნია ასევე მრავალი ქვესახეობა. წვერა ძირითადად მტკნარ წყალში ბინადრობს და მეტად მგრძობიარეა როგორც მისი დაბინძურების, ისე ტემპერატურისმი; მსოფლოს ბევრ რეგიონში ეკოლოგიური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების გამო ეს სახეობა გადაშენების ზღვარზე იმყოფება. ამის თავიდან ასაცილებლად წვერა რამდენიმე სახელმწიფოს წითელ წიგნშია შეტანილი. ზოგადად კი (ჩვეულებრივი) წვერა თითქმის მთელ მსოფლიოში არის გავრცელებული — კანადის ტბებით დაწყებული ჩინეთით დამთავრებული.

ჩვეულებრივი წვერა

ჩვეულებრივი წვერა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძვლოვანი თევზები
რიგი:  კობრისმაგვარნი
ოჯახი:  კობრისებრნი
გვარი:  წვერა
სახეობა:  ჩვეულებრივი წვერა
ლათინური სახელი
Barbus barbus
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 2561

ზოგადი დახასიათება რედაქტირება

წვერა მდინარის ტიპური ბინადარია. უყვარს ხრეშიანი, თანაც ლოდიანი ფსკერი კალაპოტის შუაგულში, სადაც დინება სწრაფია, სიღრმე კი 3 მეტრს აღწევს. ძალიან იშვიათად გვხვდება მდგარ წყალში და მდინარეების ნაპირებზე. ზრდასრული წვერა ძირითადად მარტო გადაადგილდება. ზოგჯერთ შემთხვევაში ის პატარა ჯგუფებს აფარებს თავს. წვერას არსებობისთვის ოპტიმალური ტემპერატურაა 15-22 °C.

წვერა ერთობ ძლიერი და მოუხელთებელი თევზია. გააჩნია საკმაოდ შეზნექილი და მაღალი სხეული. აქვს ძლიერი კბილები, რომელთაგან უკანა (საღეჭი) სამ რიგად არის განლაგებული. ზურგის ფარფლის უკანა ნაწილი გამსხვილებულია და კბილანებით ბოლოვდება. ეს სახეობა გამობერელი ტუჩებითაც ხასიათსება, რომელთაგან ქვედა სამ სექციად იყოფა. შუბლი ოდნავ გამოწეულია. სხეულის შეფერილობა ღია ვერცხლისფერია და წვრილი, მუქი რუხი წინწკლებით არის დახუნძლული; ზურგისკენ ფერი მუქდება და მომწვანო ტონებში გადადის.

წვერა საკმაოდ მალე იზრდება და თავის სტანდარტულ 60 სანტიმეტრს და 3 კილოგრამს რამდენიმე წელიწადში აღწევს. ზოგიერთ შემთხვევაში ამ სახეობის სიგრძე 90 სანტიმეტრს უტოლდება, წონა კი 10 კილოგრამს აჭარბებს, თუმცა ეს უფრო გამონაკლისია. სქესობრივ სიმწიფეს მდედრები 5-8 წელიწადში აღწევენ, მამრები კი 4-5-ში, ამ დროს მათი ზომა, როგორც მინიმუმ 30 სანტიმეტრია. აქედან გამომდინარე, მდედრებს ზრდისთვის მეტი დრო აქვთ და შესაბამისად, უფრო მსხვილები არიან. წვერების ცხოვრების საშუალო ხანგრძლივობა 15 წელია, თუმცა ზოგიერთი მათგანი 25 წლამდეც აღწევს.

ქვირითობა რედაქტირება

ქვირითობისთვის სასურველი ტემპერატურის დადგომისთანავე წვერა მდინარის დინებას მიუყვება მისი სათავისკენ. ეს პერიოდი მაის-ივნისით განისაზღვრება და მდინარის ხრეშიან (ან ლოდიან) ფსკერზე მიმდინარეობს, როდესაც წყლის ტემპერატურა 15 გრადუსს აღემატება. ქვირითობის თითოეული ჯგუფი დაახლოებით 20 მამრისა და ერთი მდედრისგან შედგება. ეს უკანასკნელი თავის პარტნიორისგან სხეულის დიდი ზომით გამოირჩევა. უშუალოდ ჯგუფური ქვირითობა კი შემდეგნაირად მიმდინარეობს — რამდენიმე მამრი ერთდოულად ეხახუნება მდედრს და გარკვეული რაოდენობით განმაყოფიერებელ სითხეს გამოყოფს.

მდედრების ნაყოფიერება საკმაოდ მაღალია — 15-დან 100 ათასამდე ქვირითის მარცვალი. ქვირითი წებოვანია და ქვების, ანაც ჩაძირული ხეების ზედაპირზე იდება თხელ ფენად. ტემპერატურისდა მიხედვით მისი განვითარება 8-14 დღეში ხდება. წვერას ქვირითი შხამიანია, განსაკუთრებით უშუალოდ ქვირითობის წინ. ეს თვისება ევოლუციურმა განვითარებამ განაპირობა, როდესაც წვერას ქვირითი სხვა თევზების ხელყოფისგან უნდა ყოფილიყო დაცული. საკმაოდ ხშირია წვერას ხიზილალით მოწამლვის შემთხვევები.

გავრცელება რედაქტირება

წვერა (ლათ. Barbus barbus) თითქმის მთელ მსოფლიოში არის გავრცელებული. გამონაკლისს მხოლოდ სამრეთ ამერიკის კონტინენტი და ავსტრალია წარმოადგენენ. ჩვეულებრივი წვერა ბინადრობს ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში ესპანეთის, პორტუგალიის და იტალიის გარდა, სადაც მხოლოდ მისი ქვესახეობები გვხვდებიან.

ჩვეულებრივი წვერა ასევე ყოფილი საბჭოთა კავშირის ევროპული ნაწილის ქვეყნებში არის გავრცელებული. მათ რიცხვს არ მიეკუთვნებიან ამიერკავკასიის სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო.

ქვესახეობები რედაქტირება

(ჩვეულებრივ) წვერას ძალიან ბევრი ქვესახეობა გააჩნია (არ აგერიოთ წვერას გვარის სახეობებში), რომლებიც თითქმის მთელ მსოფლიოში არის გავრცელებული. წარმოგიდგენთ მხოლოდ რამდენიმე მათგანს:

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება