ჩვეულებრივი გველთევზა

ჩვეულებრივი გველთევზა, მდინარის გველთევზა (ლათ. Anguilla anguilla) — თევზი გველთევზასნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძეა 100 სმ-მდე, მასა — 4,5–13 კგ. ფერად მურა მომწვანოა, გვერდები და მუცელი ყვითელი აქვს. სხეული გველისმაგვარი ფორმისაა.[1] მისი გრძელი ხერხემალი 110–119 მალისაგან შედგება. ქვედა ყბა ზედაზე მცირედ გრძელია და წინ არის გამოწეული. ზურგისა (სხეულის ზედა ნაწილზე) და ანალური (ქვედა ნაწილზე) ფარფლები ერთმანეთს უკავშირდება. გავრცელებულია დასავლეთ ევროპის მდინარეებში. სიცოცხლის გარკვეულ პერიოდს ატლანტის ოკეანეში ატარებს. ბინადრობს მლაშე და მტკნარ წყლებში. შეუძლია წყლიდან ამოსვლა და ხმელეთზე (ტალახში) გადაადგილება. ზრდასრული გველთევზები მდინარიდან ზღვაში გადადიან და სარგასოს ზღვისკენ მიცურავენ, რათა იქვირითონ, ამის შემდეგ ისინი იხოცებიან. ლიფსიტები, რომლებსაც მინისებრი გველთევზები ეწოდება, დინების დახმარებით უბრუნდებიან ევროპის სანაპიროებს, რასაც 3 წელს ანდომებენ. ამ პერიოდში ისინი გარეგნულად საკმაოდ იცვლებიან. სქესობრივ სიმწიფე სხვადასხვა ასაკში აღწევენ — 9–23 წელში. ცოცხლობენ 15–25 წელი; მდედრები, როგორც წესი, უფრო დიდხანს ცოცხლობენ. იკვებებიან უხერხემლოებითა და მცირე ხერხემლიანებით. ზოგიერთ ქვეყანაში გველთევზებს საკვებად იყენებენ; იჭერენ სპეციალური ხაფანგებით. ბოლო პერიოდში მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა.

ჩვეულებრივი გველთევზა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Anguilla anguilla (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
კრიტიკულ საფრთხეში მყოფი
კრიტიკულ საფრთხეში მყოფი
IUCN 3.1 Critically Endangered : 60344

ლიტერატურა რედაქტირება

  • ელდერტონი, დევიდ, „ცხოველების ენციკლოპედია“, მთარგმ. ნ. ბელთაძე, გვ. 15, თბ.: გამომც. „პალიტრა L“, 2018.

სქოლიო რედაქტირება

  1. Промысловые рыбы России. В двух томах / Под ред. О. Ф. Гриценко, А. Н. Котляра и Б. Н. Котенёва. — М.: изд-во ВНИРО, 2006. — Т. 1. — С. 90. — 624 с. — ISBN 5-85382-229-2.