ჩეკალინი (რუს. Чекалин) — ქალაქი რუსეთში, ტულის ოლქში, სუვოროვის რაიონში. 914 მცხოვრები (2018).[1] მდებარეობს მდინარე ოკის მარცხენა ნაპირზე, რკინიგზის სადგურ ჩერეპეტიდან 7 კმ-ში. საავტომობილო კვანძი.

ქალაქი
ჩეკალინი
გერბი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ფედერაციის სუბიექტი ტულის ოლქი
რაიონი სუვოროვის რაიონი
კოორდინატები 54°06′00″ ჩ. გ. 36°15′00″ ა. გ. / 54.10000° ჩ. გ. 36.25000° ა. გ. / 54.10000; 36.25000
დაარსდა XVI ს.-ის I ნახევარი
ადრეული სახელები 1944-მდე — ლიხვინი
ფართობი 5,42 კმ²
ცენტრის სიმაღლე 190
მოსახლეობა 914[1] კაცი (2018)
სასაათო სარტყელი UTC+3
სატელეფონო კოდი +7 48763
საფოსტო ინდექსი 301414
ოფიციალური საიტი https://chekalin.tulobl.ru/
ჩეკალინი — რუსეთი
ჩეკალინი

ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ნაქალაქარ კოზი-ოსტროვის ადგილზე, ჩეკალინის ახლობლად, განლაგებული იყო ძველრუსული ქალაქი კოზელსკი, რომელიც 1238 წელს, თათარ-მონღოლთა თავდასხმის დროს განადგურდა. წარმოიშვა (ან აღდგა) XVI საუკუნის I ნახევარში როგორც ქალაქი ლიხვინი. 1563/1564 წლამდე იყო თავად ოდოევსკების ლიხვინის სამფლობელოს ცენტრი. პირველად იხსენიებენ 1564 წლის ოქტომბრის თანრიგებში. მდებარეობდა ოპრიჩნინაში (1565–1572), ამ დროს აშენდა ხის სიმაგრეები. XVI–XVII საუკუნეებში შევიდა დიდი ხერგიანი ხაზის (Большая засечная черта) შემადგენლობაში, იყო ლიხვინის ხერგის ცენტრი. XVI საუკუნის მეორე ნახევრიდან მაზრის ცენტრია. 1613 წელს დაწვეს კაზაკებმა, თუმცა მალევე აღდგა. 1616 წელს გაუძლო ალექსანდრე ლისოვსკის რაზმების თავდასხმას. იყო მოსკოვის გუბერნიის სამაზრო ქალაქი (1708–1776, 1719-დან ამავე გუბერნიის კალუგის პროვინციისა). კალუგის გუბერნიის (1796-მდე კალუგის სამეფისნაცვლოს) სამაზრო (1776–1796, 1802–1929) და შტატგარეშე (1796–1802) ქალაქი. 1905 წელს გაიხსნა მოძრაობა ვიწროლიანდიან სარკინიგზო ხაზზე ტულა – ლიხვინი.

საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა 1917 წლის დეკემბერში. შედიოდა მოსკოვის ოლქის კალუგის ოკრუგის ჩერეპეტის რაიონში (1929–1930), მოსკოვის ოლქში (1930–1937), ტულის ოლქში (1937–1940). 1940–1958 წლებში იყო ტულის ოლქის ჩერეპეტის (1944-დან ჩეკალინის) რაიონის ცენტრი. დიდ სამამულო ომში 1941 წლის 19 ოქტომბრიდან 27 დეკემბრამდე იყო გერმანელ მებრძოლთა ოკუპაციის ქვეშ. 1944 წელს სახელი შეეცვალა და ჩეკალინი ეწოდა ქალაქში სიკვდილით დასჯილი პარტიზანის, ალექსანდრე პავლეს ძე ჩეკალინის (1925–1941) პატივსაცემად. 1958 წლიდან სუვოროვის რაიონის შემადგენლობაშია.

ქალაქში ძირითადად შემორჩენილია კვარტალთა სწორკუთხიანი ბადე, რომელიც 1776 წლის გენგეგმით განაშენიანდა (არქიტ. პ. რ. ნიკიტინი). შემონახულია: სამაზრო საერო კრების (1784), თავადაზნაურთა კრების (1810), სამაზრო სასამართლოს (XIX საუკუნის დასაწყ.), მაზრის სამხედრო უფროსის სამმართველოს (XIX საუკუნის I ნახევარი), პოლიციის სამმართველოს (1810-იანები) შენობები, ციხეები (1815); ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესია (1821–1835); ვაჭრების სახლები (XVIII–XIX სს.), მათ შორის ი. ა. პრონინის (XVIII საუკუნის ბოლო), ვაჭრების ნ. ი. მილენუშკინის (1810), ტერეხოვების (1815), პრონინების (1810-იანები), პ. ნ. ანასოვისა და ე. ო. მისინსკის (ორივე XIX საუკუნის I ნახევარი); საავადმყოფოს შენობა მოდერნის სტილში (1905). საბჭოთა კავშირის გმირის ა. პ. ჩეკალინის ძეგლი (1958).

ჩეკალინთან ახლოს არის ნაქალაქარი დუნა (XI–XIII საუკუნეების ძველრუსული ქალაქის დევიაგორსკის ნაშთები, იგი პირველად იხსენიება იპატიევის ხელნაწერში 1147 წელს).

ლიტერატურა რედაქტირება

რეკომენდებული ლიტერატურა რედაქტირება

  • Антонов А. В. К истории удела князей Одоевских // Русский дипломатарий. М., 2001. Вып. 7;
  • Веденин В. Л. Трагедия «Злого города»: Козелеск, Козельск, Лихвин? Калуга, 2008.

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Численность населения Российской Федерации по муниципальным образованиям на 1 января 2018 года. gks.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-26. ციტირების თარიღი: 22 ივნისი, 2020.