შოკი (ფრანგ. Chocბიძგი, დარტყმა) — მწვავე, სიცოცხლისათვის სახიფათო მდგომარეობა, რომელიც ვითარდება რაიმე ზეძლიერი ზემოქმედების შედეგად და ახასიათებს ორგანიზმის ყველა ფიზიოლოგიური სისტემის მოქმედების პროგრესიული დარღვევა. შოკი შეიძლება გამოიწვიოს ტრავმამ (ტრავმული შოკი), დამწვრობამ (დამწვრობის შოკი), ოპერაციამ (ოპერაციის შემდგომი შოკი), სისხლის შეუთავსებლობამ (ჰემოლიზური შოკი), ანაფილაქსიამ (ანაფილაქსიური შოკი), გულის ფუნქციის დარღვევამ (კარდიოგენული შოკი), ქსოვილთა და ორგანოთა იშემიამ (იშემიური შოკი), სისხლის დიდი რაოდენობით დაკარგვამ და სხვა.

შოკი პირველად აღწერა ფრანგმა ქირურგმა ა. ლედრანმა (1737), რუსეთშინ. პიროგოვმა (1870). შოკის კლინიკური გამოვლინება მრავალნაირია; ყველაზე მეტად დამახასიათებელია მწვავე სისუსტე და არტერიული წნევის პროგრესული დაქვეითება.

შოკის განვითარების მექანიზმები ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე შესწავლილი. ნეიროფლექსური კონცეფციით, შოკს იწვევს ტკივილის მძლავრი იმპულსი, რომელიც ჯერ აღაგზნებს, შემდეგ კი თრგუნავს ნერვულ სისტემას. ჰემოდინამუკური კოცეფციის მიხედვით შოკის განვითარებაში წამყვანი ფაქტორია ცირკულაციაში არსებული სისხლის მოცულობის შემცირება, რის შედეგადაც ირღვევა ქსოვილების სისხლით მომარაგება; ტოქსემიური კონცეფციის მიხედვით შოკის მიზეზია სისხლში ქსოვილოვანი წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების მოხვედრა, რის გამოც ირღვევა ადგილობრივი და სისტემური სისხლის მიმოქცევა და სხვა. როგორც ჩანს, ყველა ზემოჩამოთვლილ ფაქტორს გარკვეული მნიშვნელობა აქვს შოკის განვითარებაში.

ზეძლიერი ნერვული სტიმულებით (ან ტოქსიკური ნივთერებებით) ნერვული სისტემის პირველადი მკვეთრი გააქტივება იწვევს კატექოლამინების ჭარბი რაოდენობით გადასროლას სისხლში, რაც, თავის მხრივ, იწვევს კანის, კუნთების, თირკმელების, მუცლის ღრუს სისხლძარღვების სპაზმს და კლინიკურად ვლინდება კანის საფარვლის სიფერმკრთალითა და გაცივებით, გუგების შევიწროებით, სახეზე ცივი ოფლით და სხვა. ქსოვილებისათვის სისხლის მიწოდების შემცირება დაკავშირებულია სისხლში ანაერობული ცვლის პროდუქტების, ბიოგენური ამინების, კანინების დ ასხვათა დაგროვებასთან, რაც სხვა ჰუმორალურ ფაქტორებთან ერთად (მაგალითად, ჟანგბადის პარციალური წნევის დაქვეითება და სხვა) ხელს უწყობს ნერვული სისტემის მარეგულირებელი ფუნქციების შემდგომ მოშლას. მომდევნო სტადიებში შოკის პათოგენეზის წამყვანი ფაქტორებია ჰიპოქსია, სისხლძარღვოვანი ტონუსის დაცემა, ქსოვილთა მიკროცირკულაციის მოშლა, შემდეგ კი უჯრედოვანი მეტაბოლიზმის უხეში დარღვევა, რასაც მოსდევს უჯრედების მემბრანების დაზიანება. შოკის შემოდგომ მიმდინარეობას ართულებს წვრილ სისხლძარღვებში სისხლის შეგუბება, სისხლძარღვებში ერითროციტების შეწებება, კორონარული სისხლის ნაკადის შემცირება, გულის მწვავე უკმარისობა და სასიცოცხლო ორგანოების ფუნქციის მოშლა. დამახასიათებელია კანის ცინოზი, ძაფისებრი პულსი, არტერიული წნევის მკვეთრი დაცემა, გახშირებული ზერელე სუნთქვა, ცნობიერების დაკარგვა და სხვა.

ტერმინ „შოკს“ იყენებენ აგრეთვე ფსიქიკის განსაზღვრული მდგომარეობის, მძიმე ნერვული ტრავმის (ფსიქიკური ან ემოციური შოკი) აღსანიშნავად.

მკურნალობა რედაქტირება

ტარდება შოკის საწინააღმდეგო სასწრაფო ღონისძიებანი იმისდამიხედვით, თუ რამ გამოიწვია შოკი და განვითარების რომელ სტადიაშია; ტკივილგამაყუჩებელი საშუალებანი, სისხლისა და მისი შემცვლელების გადასხმა, ჟანგბადით თერაპია, ჰორმონები, ვიტამინები და სხვა.

ლიტერატურა რედაქტირება

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=შოკი&oldid=3610723“-დან