შვერკერ I (შვედ. Sverker I; დ. 1100 — გ. 25 დეკემბერი, 1156) — შვერკერთა დინასტიის დამაარსებელი. შვედეთის მეფე 1130 წლიდან მის 1156 წლამდე, სანამ იგი არ ჩამოაგდეს და მოკლეს.

შვერკერ I
შვედეთის მეფე
მმართ. დასაწყისი: 1130
მმართ. დასასრული: 1156
წინამორბედი: მაგნუს I
მემკვიდრე: ერიკ IX
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: დაახლ. 1100
გარდ. თარიღი: 25 დეკემბერი, 1156
მეუღლე: ულვჰილდა ჰოკონსდოტერი
რიჩეზა პოლონელი
შვილები: იოჰანი
კარლი
მამა: უცნობია
დედა: უცნობია
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია რედაქტირება

შვერკერის დაბადებისა და ბავშვობის შესახებ ცნობები ფაქტობრივად არ არსებობს. იგი დაახლოებით 1100 წელს დაიბადა შვედეთში, ოსტერგოთლენდის მხარეში. მამამისი სავარაუდოდ ადგილობრივი ფერმერი იყო, რომლის სახელიც იყო კოლი, კორნუბა, კარნუკა, ან ულაფი. დედამისის შესახებ ცნობები საერთოდ არ არსებობს. როგორც ცნობილია, შვერკერი მდაბიო წარმომავლობიდან ამაღლდა და 1130 წლამდე იგი ოსტერგოთლენდს მართავდა.

1130 წელს, შვედებმა ჩამოაგდეს დანიელი მეფე მაგნუს I და მეფედ შვერკერ I აირჩიეს, რომელიც დიდებულებში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. გამეფებისთანავე მან ცოლად შეირთო ორჯერ დაქვრივებული დედოფალი ულვჰილდა ჰოკონსდოტერი, რითაც თავისი მმართველობა გაამყარა და გადაფარა საკუთარი დაბალი წარმომავლობა. ულვჰილდა წარმოშობით ნორვეგიის მეფის ასული და შვედეთისა და დანიის მეფეების ქვრივი იყო, რითაც შვერკერმა რამდენიმე სამეფოსთან შექმნა ალიანსი. დედოფალ ულვჰილდას გარდაცვალების შემდეგ, მან სასწრაფოდ იქორწინა მაგნუს I-ის ქვრივ რიჩეზაზე, რომელიც თავის მხრივ პოლონეთის მეფის ასული იყო.

შვერკერისა და ულვჰილდას სახელს უკავშირდება შვედეთში შედარებით მწიგნობრობის შექმნა და ეკლესია-მონასტრების მშენებლობა. 1150 წლიდან შვერკერი დანიასთან ომში ჩაება, რომელიც შვედეთისათვის სავალალო აღმოჩნდა. 1153 წელს მან და მისმა მოკავშირეებმა ძლივს მოახერხეს დანიის მეფე სვენ III-ის შემოტევის მოგერიება. დანიელების განრისხება განსაკუთრებით იმან განაპირობა, რომ შვედებმა გაძარცვეს და შემდეგ სიკვდილით დასაჯეს რამდენიმე უდანაშაულო დანიელი არისტოკრატი ქალბატონი. დანიასთან განცდილმა მარცხმა მკვეთრად შეარყია მისი, როგორც მეფის ავტორიტეტი, რის გამოც დიდებულებმა ახლა უკვე შვერკერის წინააღმდეგ დაიწყეს ინტრიგების ხლართვა.

1156 წლის 25 დეკემბერს, საშობაო მესაზე მიმავალი შვერკერ I შეთქმულებმა მოკლეს. ამის შემდეგ ტახტზე ერიკ IX ავიდა, რომელიც 1160 წელს მოკლა და ტახტი დაიკავა შვერკერის ვაჟმა, კარლ VII-მ.

ოჯახი რედაქტირება

შვერკერის პირველი ცოლი იყო შვედეთის მეფე ინგე II-ისა და დანიის მეფე ნილსის ქვრივი ულვჰილდა ჰოკონსდოტერი, რომელთანაც ოთხი შვილი შეეძინა:

  1. იოჰანი, იგი დაიღუპა 1150 წლის გლეხთა აჯანყების ჩახშობისას;
  2. კარლ VII (1130-1167), შვედეთის მეფე 1161-1167 წლებში, ცოლად შეირთო კრისტინა ჰვიდი, რომელთანაც შეეძინა მომავალი მეფე შვერკერ II;
  3. ინგეგერდა (?-1204), მონაზონი;
  4. ელენა (1130-1158), ცოლად გაჰყვა დანიის მეფე კნუდ V-ს, მაგრამ შვილები არ ჰყოლია;

დაქვრივებიდან მალევე, შვერკერმა მეორედ იქორწინა შვედეთის მეფე მაგნუს I-ისა და მინსკის მთავარ ვოლოდარის ქვრივ რიჩეზა პოლონელზე, რომელიც იყო პოლონეთის მეფე ბოლესლავ III-ის ქალიშვილი. შვერკერს მასთან მხოლოდ ერთი ვაჟი შეეძინა:

  1. ბოლესლავი (?-1173), შვედეთის მეფე 1167-1173 წლებში თავის ბიძაშვილ კოლთან ერთად;

შვერკერს კიდევ ერთი ვაჟი ჰყავდა, თუმცა უცნობია იგი მას რომელიმე ცოლისგან შეეძინა თუ საყვარლისგან:

  1. სუნი (1154-?);

ლიტერატურა რედაქტირება

  • Ahnlund, Nils. "Vreta klosters äldsta donatorer", Historisk tidskrift 65, 1945.
  • Harrison, Dick. Sveriges historia 600-1350. Stockholm: Norstedts, 2009 (ISBN 978-91-1-302377-9).
  • Lagerqvist Lars O., Åberg Nils. Kings and Rulers of Sweden. Vincent Publications, 2002 (ISBN 91-87064-35-9).
  • Liljegren, Bengt. Rulers of Sweden. Historiska Media, 2004 (ISBN 91-85057-63-0).
  • Sawyer, Peter. När Sverige blev Sverige. Alingsås: Viktoria, 1991 (ISBN 91-86708-12-0).
  • Saxo Grammaticus. Danmarks kronike, Vol. I-II. Kobenhavn: Aschenfeldt's, 1985 (ISBN 87-414-4524-4).
  • Tunberg, Sven. Sveriges historia till våra dagar. Andra delen. Äldre medeltiden. Stockholm: P.A. Norstedt & Söners Förlag, 1926.