შარლოტა ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგელი

შარლოტა ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგელი (გერმ. Charlotte von Braunschweig-Lüneburg; დ. 6 მარტი, 1671, ჰანოვერი, გერმანია — გ. 29 სექტემბერი, 1710, მოდენა, იტალია) — ჰანოვერის დინასტიის წარმომადგენელი. ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის პრინცესა. მოდენისა და რეჯიოს ჰერცოგინია 1696-1710 წლებში როგორც ჰერცოგ რინალდოს მეუღლე. ჰერცოგ ფრანჩესკო III-ის დედა. საღვთო რომის იმპერატრიცა ვილჰელმინა ამალიას ღვიძლი და.

შარლოტა ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგელი
მოდენისა და რეჯიოს ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 1 თებერვალი, 1696
მმართ. დასასრული: 29 სექტემბერი, 1710
წინამორბედი: მარგერიტა მარია ფარნეზე
მემკვიდრე: შარლოტ აგლაე ორლეანელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 6 მარტი, 1671
დაბ. ადგილი: ჰანოვერი, გერმანია
გარდ. თარიღი: 29 სექტემბერი, 1710, (39 წლის)
გარდ. ადგილი: მოდენა, იტალია
მეუღლე: რინალდო, მოდენის ჰერცოგი
შვილები: ბენედეტა
ფრანჩესკო III, მოდენის ჰერცოგი
ამალია
ენრიკეტა, პარმის ჰერცოგინია
დინასტია: ჰანოვერები
მამა: იოჰან ფრიდრიხი, ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის ჰერცოგი
დედა: ბენედიქტა ჰენრიეტა კურპფალცელი
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია რედაქტირება

 
შარლოტა ბავშვობაში, ქალღმერთ დიანას ფორმაში

შარლოტა დაიბადა 1671 წლის 6 მარტს შლოს ჰარენჰაუზენში, ჰანოვერში. იგი იყო ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის ჰერცოგ იოჰან ფრიდრიხისა და მისი ცოლის, ბენედიქტა ჰენრიეტა კურპფალცელის უფროსი ქალიშვილი. მისი მშობლები 1668 წელს დაქორწინდნენ, მაგრამ შარლოტას გარდა მხოლოდ ერთი გოგონა, ვილჰელმინა ამალია შეეძინათ, რის გამოც მამამისის მემკვიდრეობა მის ძმებს დარჩათ. შარლოტას ერთი უფროსი და, პრინცესა ანა სოფია და ასევე ერთი უმცროსი და, ჰენრიეტა, ჩვილობაშივე გარდაიცვალნენ. რაც შეეხება მის ერთადერთ დას, ვილჰელმინა ამალიას, იგი 1699 წელს ცოლად გაჰყვა ავსტრიისა და საღვთო რომის იმპერატორ იოზეფ I-ს, რომელთანაც მასაც ასევე ორი გოგონა შეეძინა.

1679 წელს, იოჰან ფრიდრიხის გარდაცვალების შემდეგ, შარლოტას დედა საფრანგეთში დაბრუნდა და თავისი ქალიშვილებიც თან წაიყვანა. ამის გამო შარლოტა და მისი და პატარაობიდანვე კათოლიკური წეს-ჩვეულებებითა და მრსწამსით იზრდებოდნენ და აზროვნებითაც უფრო ფრანგები იყვნენ, ვიდრე გერმანელები. ის და მისი და კათოლიკურ განათლებას იღებდნენ თავიანთი პაპიდის, ლუიზა ჰოლანდინას ზედამხედველობის ქვეშ, რომელიც თავად მობიზონის აბატისა იყო.

1696 წლის 11 თებერვალს შარლოტა დააქორწინეს მოდენისა და რეჯიოს ჰერცოგ რინალდო დ’ესტეზე, ფრანჩესკო I-ისა და ლუკრეცია ბარბერინის ვაჟზე. აღსანიშნავია, რომ თავიდან რინალდო კარდინალი იყო, მაგრამ თავისი ძმისწულის უძეოდ დაღუპვის გამო მიატოვა სასულიერო ცხოვრება და ჰერცოგი გახდა. ეს ქორწინება მიზნად ისახავდა ერთი მხრივ შარლოტას ოჯახის დაწინაურებას ევროპელ მონარქებს შორის, მეორე მხრივ კი მისი მზითვით მოდენის ვალების გასტუმრებას, ამიტომაც იგი ორივე მხარისათვის ერთობ საჭირო იყო.

1702 წელს შარლოტა თავის ოჯახთან ერთად მოდენიდან ბოლონიაში გაიქცა, რათა თავი დაეღწია მოსალოდნელი საფრთხისაგან, რაც ესპანური მემკვიდრეობის ომში მოდენის ავსტრიის მხარეს ჩაბმამ გამოიწვია. ვინაიდან შარლოტას და ავსტრიის იმპერატრიცა იყო, ისინი ერთმანეთის მოკავშირეები იყვნენ, საფრანგეთი კი ცდილობდა ავსტრიის მოკავშირე იტალიური სამთავროების ანექსიის გზით მეტოქე დაესუსტებინა.

მართალია რინალდო შარლოტაზე თექვსმეტი წლით უფროსი იყო, თუმცა მათ მაინც მოახერხეს შვიდი შვილის გაჩენა. აღსანიშნავია, რომ შარლოტას ვაჟი მოგვიანებით თავად საფრანგეთის მეფე ლუი XV-ის ბიძაშვილზე, შარლოტ აგლაე ორლეანელზე დაქორწინდა.

თავად შარლოტა 1710 წლის 29 სექტემბერს, 39 წლის ასაკში გადაჰყვა რიგით მეშვიდე მშობიარობას, რა დროსაც მან მკვდარი ვაჟი გააჩინა. იგი დაკრძალეს წმინდა ვინჩენცოს სახელობის კათედრალში, მოდენაში. მის შემდეგ რინალდომ კიდევ 27 წელი იცოცხლა, მაგრამ მეორე ცოლი აღარ შეურთავს.

შვილები რედაქტირება

  1. ბენედეტა (1697-1777), გარდაიცვალა გაუთხოვარი;
  2. ფრანჩესკო III (1698-1780), მოდენისა და რეჯიოს ჰერცოგი, ცოლად შეირთო ფრანგი პრინცესა შარლოტ აგლაე ორლეანელი, რომელთანაც შეეძინა შვილები, მათ შორის მომავალი ჰერცოგი ერკოლე III;
  3. ამალია (1699-1778), გარდაიცვალა გაუთხოვარი;
  4. ჯანფრანჩესკო (1700-1727), გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  5. ენრიკეტა (1702-1777), ცოლად გაჰყვა პარმის ჰერცოგ ანტონიო ფარნეზეს, მაგრამ შვილები არ ჰყოლია. დაქვრივების შემდეგ მისთხოვდა ჰესენ-დარმშტადტის ლანდგრაფ ლეოპოლდს, მაგრამ შვილები არც მასთან ეყოლა;
  6. კლემენტე (1708), გარდაიცვალა ჩვილი;
  7. მკვდარშობილი ვაჟი (1710);

ლიტერატურა რედაქტირება

  • Jean Ontoro, La Famille d'Este, l'oglio editore, 1989.