შანშე ქსნის ერისთავი

შანშე ქსნის ერისთავი (დ. XVII საუკუნის მიწურული — გ. 1753) — ქართველი ფეოდალი, 1718 წლიდან ქსნის ერისთავი.

ბიოგრაფია რედაქტირება

1719 წელს აუჯანყდა ვახტანგ VI-ს. დამარცხებული შანშე ქსნის ერისთავი იმერეთში გადაასახლეს. იქიდან გაქცევის შემდეგ 1720 წელს კვლავ აჯანყდა ვახტანგის წინააღმდეგ. დამარცხებულმა შანშემ მეფეს ერთგულება შეჰფიცა, რაც ბოლომდე დაიცვა. 1723 წელს, როდესაც ქართლ-კახეთში ოსმალთა ბატონობა დამყარდა, შანშე ქსნის ერისთავი სხვა თავადებთან ერთად ოსმალებს მიუვიდა, მაგრამ მალე მათაც აუჯანყდა. 1735 წლიდან, როდესაც ოსმალობა ყიზილბაშობამ შეცვალა, შანშე ქსნის ერისთავი გივი ამილახვართან და ვახუშტი აბაშიძესთან ერთად სათავეში ჩაუდგა ანტიირანულ აჯანყებას, გაამაგრა ქსნის სარისთავოს მთავარი ციხესიმაგრეები და ხან პირდაპირი შებმით და ხან პარტიზანული თავდასხმებით სპარსელებს დიდ ზარალს აყენებდა. 1737 წელს ირანის ლაშქარმა იკორთან დაამარცხა შანშე, რომელიც იმერეთში გადაიხვეწა, შემდეგ კი რუსეთში წავიდა. მას რუსეთის ხელმწიფისათვის ბაქარ ვახტანგის ძის სამშობლოში დაბრუნება უნდა ეთხოვა. წარუმატებელი მისიის შემდეგ შანშე ქსნის ერისთავი თავის მამულში დაბრუნდა და კვლავ განაგრძო ბრძოლა ყიზილბაშთა წინააღმდეგ. 1739 წელს შანშემ თავისი ძმის, იასეს მეუღლის გაუპატიურებისათვის შური იძია არაგვის ერისთავებზე, 12000 ლეკით აიღო და გადაწვა ანანური. შანშეს მიერ ლეკების მოკავშირეებად გამოყენება მალე მიუღებელი გახდა ქართველებისთვის. შანშეს უღალატა შვილმა იოანემ, რომელიც თბილისის ხანს ეახლა, მისგან თანამდებობა და ჯამაგირი მიიღო; ასევე შანშეს წინააღმდეგ წავიდა მისი ყოფილი თანამებრძოლი გივი ამილახვარი, რომელსაც ნადირ-შაჰმა ქსნის საერისთავო უბოძა და ინდოელი და ავღანელი ჯარისკაცები მიაშველა. სპარსეთის ჯარმა ქსნის საერისთავო დაარბია და მიადგა აწერის ციხეს, სადაც შანშე ცოლ-შვილთან ერთად აფარებდა თავს. შანშეს არ ჰქონდა სამხედრო წინააღმდეგობის გაწევის საშუალება, ამიტომ ღამით ოჯახის წევრებთან ერთად გაიპარა ბორჯომის ხეობაში, იქედან კი ახალციხის ფაშას შეაფარა თავი. ნადირ-შაჰის მოთხოვნით და ოსმალეთის ხელისუფლების დავალებით ახალციხის ფაშამ შანშე ერისთავი სპარსეთს გადასცა. ნადირ-შაჰმა ის ჯერ დარუბანდის, ხოლო შემდეგ მაშათის ციხეში გამოაწყვდია და თვალები დათხარა. 1745 წელს თვალებდათხრილი შანშე თბილისში დააბრუნეს, სადაც ორი წელი დაჰყო. 1747 წელს მას კვლას მისცეს ქსნის ერისთავობა. შანშე შემდეგში მტრობდა ერეკლე II-ს და თეიმურაზ II-ს. ორგულობის გამო შეიპყრეს და მიიყვანეს თბილისს, სადაც გარდაიცვალა.

ლიტერატურა რედაქტირება