შალვა ოთარის ძე წერეთელი (დ. 1894, საჩხერე — გ. 15 ნოემბერი, 1955, თბილისი) — ქართველი სამხედრო პირი, საბჭოთა უშიშროების სამსახურების მაღალჩინოსანი, გენერალ-ლეიტენანტი (1945).

დაიბადა თავადური წარმოშობის სკოლის მასწავლებლის ოჯახში. ადრე დაობლებული მუშაობდა შავ მუშად რკინიგზაზე და ჭიათურის მაღაროებში. I მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, 1914 წელს გაიწვიეს რუსეთის იმპერიის არმიაში. მსახურობდა ორენბურგის 105-ე სათადარიგო ბატალიონში რიგითად, შემდეგ — ავსტრიის ფრონტზე მირგოროდის 168-ე ქვეითი პოლკის პრაპორშჩიკად. 1915 წლის ივლისში ტყვედ ჩავარდა. იმავე წლის დეკემბერში გერმანიის ტყვეთა ბანაკში ყოფნისას გადაიბირეს და შეუერთდა ოსმალეთის ტერიტორიაზე მოქმედ ქართული ლეგიონს (მეთაურობდა ასეულს). 1918 წელს ჯარში დესტრუქციული საქმიანობისთვის საქართველოს მთავრობამ დააპატიმრა. ციხიდან გაქცევა მოახერხა და 1920 წელს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის რიგებში ჩაირიცხა.

1921 წელს საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დაინიშნა საქართველოს 1-ლ მსროლელთა ლეგიონის მეთაურად და პოლიტხელმძღვანელად. აქტიურად მონაწილეობდა ანტისაბჭოთა მოძრაობის ჩახშობაში. 1925-1932 წლებში წერეთელი მუშაობდა საქართველოს სსრ სახალხო კომისარიატის საგანგებო კომიტეტის ორგანოებში, 1932-1938 წლებში იყო საქართველოს სსრ მუშათა და გლეხთა მილიციის სამმართველოს უფროსი. 1937-1938 წლებში, როგორც შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის განსაკუთრებული სამეულის წევრი, იყო სტალინური რეპრესიების ერთ-ერთი მთავარი აღმსრულებელი, ფარული გატაცებებისა და მკვლელობების შემოქმედი. 1939 წლიდან მსახურობდა ამიერკავკასიის სასაზღვრო ჯარების უფროსად, ასევე საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის პირველ მოადგილედ, შემდეგ საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების მინისტრის მოადგილედ. სარგებლობდა ლავრენტი ბერიას მხარდაჭერით. ბერიას სიკვდილით დასჯის შემდეგ უკვე პენსიაზე (1953 წლიდან) მყოფი წერეთელი დააპატიმრეს და დახვრიტეს. მიღებული ჰქონდა ლენინის, წითელი დროშის, ღირსების, საქართველოს სსრ შრომის წითელი დროშის, სამამულო ომის I ხარისხის ორდენები და სხვა ჯილდოები.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Donald Rayfield. Stalin and his hangmen: the tyrant and those who killed for him. 2005. Random House. ISBN 0-375-75771-6.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება