სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ღამბაშიძე.

შალვა ქსენოფონტეს ძე ღამბაშიძე (დ. 1 აგვისტო[ძვ. სტ. 20 ივლისი], 1899, ზესტაფონი — გ. 18 მაისი, 1955, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი მსახიობი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1939).

შალვა ღამბაშიძე
დაბადების სახელი შალვა ღამბაშიძე
დაბადების თარიღი 1 აგვისტო, 1899
ზესტაფონი
გარდაცვალების თარიღი 18 მაისი, 1955 (55 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
საქმიანობა მსახიობი

ბიოგრაფია რედაქტირება

1917 წელს ქუთაისის რეალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ თეატრალური განათლება მიიღო ჯაბადარის დრამატული სტუდიაში თბილისში (1918–1920). 1920 წლიდან იყო ბათუმის თეატრის მსახიობი. 1921–1928 წლებში რუსთაველის თეატრის, 1928–1955 კი მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი. 1937–1947 წლებში იყო ამ თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი.

ღამბაშიძე ქართული საბჭოთა თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელია, კოტე მარჯანიშვილის მოწაფე და მისი მხატვრული მიმართულების მიმდევარი და გამგრძელებელი. საბჭოთა ქართულ სამსახიობო ხელოვნებაში ღამბაშიძემ გააგრძელა და განავითარა ქართული რეალისტური აქტიორული სკოლის ტრადიციები. იგი იყო სასცენო ხელოვნებაში სოციალისტური რეალიზმის გამოჩენილი ოსტატი. ღამბაშიძის შემოქმედება ხასიათდება სიმართლით, კეთილშობილებით, ზომიერების გრძნობით, ქართველი კაცის ხასიათის ღრმა წვდომით, შთამბეჭდავი გამომსახველობით, მეტყველების დიდი კულტურით. სცენური სახეებიდან აღსანიშნავია: ესტევანი (ლოპე დე ვეგას „ცხვრისწყარო“), კაკუტა, მეწისქვილე (პოლიკარპე კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“), მოძღვარი (ალექსანდრე ყაზბეგის „მოძღვრის“ მიხედვით), დე სილვა (კარლ გუცკოვის „ურიელ აკოსტა“), ოტელო (უილიამ შექსპირის „ოტელო“), ბოროდინი (აფინოგენოს „შიში“), არჩილი („ჩატეხილი ხიდი“ ილია ჭავჭავაძის მოთხრობის მიხედვით), სოლომონი (ლავრენტი არდაზიანის „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“ ინსცენირება), კათალიკოსი (ლევან გოთუა „დავით აღმაშენებელი“), კუტუზოვი (სამსონიას „ბაგრატიონი“), მაკფერსონი (კონსტანტინე სიმონოვის „რუსეთის საკითხი“), კნეროვი (ალექსანდრე ოსტროვსკის „უმზითვო“), გოროდნიჩი (ნიკოლოზ გოგოლის „რევიზორი“), ანთიმოზი (ვიქტორ გაბესკირიას „უფსკურულთან“), შრუზბერი (ფრიდრიხ შილერის „მარიამ სტიუარტი“) და სხვა.

შალვა ღამბაშიძემ მთელი რიგი შთამბეჭდავი სახეები შექმნა კინოში (ბეკინა სამანიშვილი, „სამანიშვილის დედინაცვალი“, 1927; ყასაბი, „კომუნარის ჩიბუხი“, 1929; დავითი, „დარიკო“, 1936; ქარუმიძე „დიადი განთიადი“, 1938; ანდუყაფარი, „გიორგი სააკაძე“, 1942; გრამიტონი „ჭირვეული მეზობლები“, 1945; თავადი ელიზბარი, „დავით გურამიშვილი“, 1946; მაკარი „ქეთო და კოტე“, 1948; ირაკლი „ჭრიჭინა“, 1954). დაჯილდოებულია 2 ლენინის ორდენით, შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მის გვერდით პანთეონში დასაფლავებულია მისი მეუღლე — ანა (ანეტა) გიორგის ასული დონჟაშვილი (ფსევდონიმი დონჟანელი) (დ. 3 თებერვალი, 1911, ლაგოდეხი — გ. 3 დეკემბერი, 1961, თბილისი).

თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.

ფილმოგრაფია რედაქტირება

ჯილდოები, პრემიები და პრიზები რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • შალვა ღამბაშიძე, კრ., თბ., 1973;
  • ჯანელიძე დ., შალვა ღამბაშიძე, მის წგნ.: სახიობა, თბ., 1958;
  • ქარელიშვილი ე., გადამწვარი გული, თბ., 1961;
  • ჯანელიძე დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 582.
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 350, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  1. Документ:Указ Президиума ВС СССР от 24.02.1941
  2. Архивированная копия. ციტირების თარიღი: 2022-03-16