შავი ენა (ინგლ. Black speech) — ჯ.რ.რ. ტოლკინის ლეგენდარიუმში ენა, რომელიც შექმნა ბნელმა მბრძანებელმა საურონმა მეორე ეპოქის პირველ ნახევარში თავისი მსახურებისთვის.

ისტორია რედაქტირება

ორკებს არ გააჩნდათ საკუთარი ენა, არამედ ოდითგანვე განსხვავებული ენების დიალექტებზე ან განშტოებებზე ლაპარაკობდნენ, რომლებიც თავის მხრივ იმდენად სახეცვლილი იყო ხოლმე, რომ ორკთა არამონათესავე ტომები ერთმანეთს ვერაფერს აგებინებდნენ.

მზის პირველ ეპოქაში ორკები ანგბანდში იყვნენ თავმოყრილნი. ისინი სავარაუდოდ სხვადასხვა ენის დამახინჯებულ ვარიანტს იყენებდნენ, მაგრამ იმის გამო რომ მათი სამყოფელი საუკუნეების განმავლობაში ანგბანდი რჩებოდა, ამა თუ იმ ორკის მეტყველება სხვა ორკისგან არ განსხვავდებოდა. სიტუაცია შეიცვალა ანგბანდის დაცემის შემდეგ, როდესაც ორკები ბელერიანდიდან აღმოსავლეთში გაიხიზნნენ და მიმოიფანტნენ. სავარაუდოდ ამ პერიოდიდან ორკებმა დაიწყეს ვესტრონულიდან სიტყვების ათვისება და დამახინჯება, ისე, რომ საბოლოოდ მათი ენები ვესტრონულის ორკულ დიალექტებს წარმოადგენდა. სავარაუდოდ, ამ მიზეზის გამო დაიწყო საურონმა შავი ენის შექმნა მაშინ, როდესაც ორკთა უდიდესი ნაწილი მორდორში იყო თავმოყრილი. ამ დროს ბნელმა მბრძანებელმა ერთი ბეჭდის დახმარებით ბარად-დურის შენება დაიწყო.

შავ ენას იყენებდნენ თავად საურონი და მისი მთავარი მსახურები: ნაზგულები და მხედართმთავრები. ორკებმა ადრინდელივით, მხოლოდ რამდენიმე სიტყვა აითვისეს.

მესამე ეპოქის მიწურულს, ბეჭდის ომის მოვლენებისას შავი ენა გამოიყენებოდა მხოლოდ ბარად-დურში, მინას მორგულსა და დოლ გულდურში. მას ძირითადად საურონი იყენებდა მსახურებთან, ასევე ნაზგულები თავიანთ ქვეშევრდომებთან.

მაგალითები რედაქტირება

ყველაზე ცნობილი მაგალითი შავი ენისა არის წარწერა ბეჭედზე, რომელიც შედგება ოთხი სტროფისაგან და დაწერილია ტენგუარის შავ ენაზე. წარწერა ლათინური ასოებით ასეთია:

 

Ash nazg durbatulûk, ash nazg gimbatul,
ash nazg thrakatulûk agh burzum-ishi krimpatul

თარგმანი:

ერთი ბეჭედი დაჯაბნის ყველას, ერთი ბეჭედი მოძებნის ყველას,
ერთი ბეჭედი შეკრებს ბნელში და ჯაჭვად შეჰკრავს

შავი ენა ჟღერს „ორ ციხე-კოშკშიც“:

 
„Uglúk u bagronk sha pushdug Saruman-glob búbhosh skai.“

ამ სიტყვების თარგმანი ტოლკინმა სამი სხვადასხვა სახით დაწერა, და უცნობია, თუ რომელია სწორი. ენის მარაგი ძალიან მწირია.

გრამატიკა რედაქტირება

შავ ენაში ყოველი გრამატიკული მნიშვნელობა ერთი ფონეტიკური ფორმით გამოიხატება, მორფემები ფუძის შემდეგ ერთიმეორის გვერდითაა განლაგებული, ხოლო სიტყვა მარტივად იშლება შემადგენელ ნაწილებად, მაგალითად:

durbatulûk

„დასაჯაბნად“, ანუ „რომ-დაჯაბნოს-მან-ისინი“ - durb-at-ul-ûk

შავი ენის აგლუტინაციურობა პოსტპოზიციებშიც გამოიხატება:

burzum-ishi

ანუ „ბნელში“ - „ბნელი-ში“

ანალოგები რედაქტირება

გრამატიკული ხასიათით შავი ენა ჰგავს თურქულ, ფინურ-უნგრულ, იაპონურ-კორეულ, ბასკურ, ქართველურსა და სხვა კავკასიურ ენებს, რომლებიც ასევე აგლუტინაციური ენებია. რუსი ენათმეცნიერი ალექსანდრე ნემიროვსკი ვარაუდობს[1], რომ ტოლკინმა შავი ენა ძველ ხეთურსა და ჰურიტულ-ურარტუულ ენებზე დაყრდნობით შექმნა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Fauskanger, Helge K.. Orkish and the Black Speech. Ardalambion. University of Bergen. ციტირების თარიღი: 2 September 2013.