ყირხბულახის ბრძოლა

ყირბულახის ბრძოლა
თარიღი 28 ივლისი, 1751
შედეგი ქართველთა გამარჯვება
მხარეები
 ქართლის სამეფო

 კახეთის სამეფო

აზატ ხანის ჯარი
მეთაურები
ერეკლე II აზატ-ხანი
ძალები
3000 კაცი 18000 კაცი
დანაკარგები
უცნობი უცნობი

ყირხბულახის ბრძოლა — ბრძოლა ქართლ-კახეთისა და აზატ-ხანის ლაშქარს შორის. გაიმართა 1751 წელს სოფელ ყირხბულახთან, ერევნის სახანოში.

აგრის ბრძოლაში დამარცხებამ შეარყია თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის გავლენა აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში. ერევნისა და განჯის სახანოებში თავი იჩინა ქართლ-კახეთის ვასალობისგან განდგომის ტენდენციამ. ამან წაახალისა პუშტუნების სამედრო მეთაური აზატ-ხანი, რომელიც სპარსეთის შაჰობისთვის იბრძოდა. აზატ-ხანმა გადალახა არაქსი, დაარბია ნახიჩევანის სახანო და გააძევა ქართველი მეფეების მომხრე ხანი, შემდეგ შეუტია ერევნის სახანოს და ალყა შემოარტყა ერევანს. ერევნის ხანმა ქართველ მეფეებს სთხოვა დახმარება.

ქართველთა ჯარს სარდლობდა ერეკლე II, ის ბამბაკის გავლით მივიდა ერევანთან, გზაში მას შეუერთდა დაქირავებულ ოსთა ჯარი. ქართველთა ჯარის დანახვაზე აზატ-ხანმა მოხსნა ალყა და უკან დაიხია. ერეკლეს ჯარი დაეხმარა ერევნის სახანოს მოსახლეობას მოსავლის აღებაში და ციხის გამაგრებაში, ერეკლემ ასევე დააპატიმრა რამდენიმე საეჭვო პირი და ისინი თბილისში გაგზავნა. ამასობაში აზატ-ხანმა თავი მოუყარა 18 ათასამდე მეომარს. მისი ჯარი შედგებოდა შუბოსნებისა და მეთოფეებისგან, რომელთაც წინ აქლემები მიუძღოდა. ერეკლეს, რომელსაც ნაკლები სამხედრო ძალა ჰყავდა, სამხედრო საბჭომ ურჩია, უკან დახეულიყო. მაგრამ ერეკლემ იცოდა, რომ უკან დახევის შემთხვევაში აზატ-ხანი დაედევნებოდა და ბრძოლას მაინც ვერ აცდებოდა, ამიტომ ბრძოლისთვის მოემზადა.

ბრძოლა სოფელ ყირხბულახთან გაიმართა. ქართველთა წინა ხაზზე იდგნენ ქიზიყელები, ფლანგებზე ქართლებები და კახელები შერეულად, ხუთასი მუსლიმი მხედარი მან რეზერვში დააყენა. ჯარს ამირსპასალარი რევაზ ორბელიანი სარდლობდა. აზატ-ხანმა ჯარი ექვს ნაწილად დაჰყო. თავდაპირველად მან ქართველთა მარცხენა ფლანგს შეუტია და უკან დაახევინა ერთი ნასოფლარისკენ. აზატ-ხანი მთავარი ძალებით გარს შემოერტყა ქართველების დარჩენილ ჯარს. ერეკლემ რევაზ ორბელიანის მოწინავე რაზმი ძირითად ძალებთან დაბრუნა და მხედრობას დაქვეითება უბრძანა. ათასხუთასამდე მხედარი დაქვეითდა და მტრის მოახლოებისთანავე ცეცხლი გახსნა. აზატ-ხანის ჯარმა ცეცხლს ვერ გაუძლო და დაიშალა. ქართველთა ჯარის კავალერიამ მას 40 კილომეტრზე სდია და არაქსის მარცხენა სანაპირო მთლიანად გაწმნდა აზატ-ხანის ჯარებისგან. ქართველებს დიდძალი ალაფი დარჩათ.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება