ყირიმ გირეი (ყირიმ. Qırım Geray, قريم كراى‎; დ. ბახჩისარაი, ყირიმის სახანო, 1717 — გ. 1769, კეუშენი, მოლდავეთი) — ყირიმის ხანი ორჯერ: 1758–1764 და 1768–1769 წლებში, დევლეთ II გირეის უმცროსი ვაჟი, სელიმ I გირეის შვილიშვილი.

ყირიმ გირეი
Qırım Giray
ყირიმის 41-ე ხანი
მმართ. დასაწყისი: 1758
მმართ. დასასრული: 1764
წინამორბედი: ჰალიმ გირეი
მემკვიდრე: სელიმ III გირეი
ყირიმის ხანი (მეორედ)
მმართ. დასაწყისი: 1768
მმართ. დასასრული: 1769
წინამორბედი: მაქსუდ გირეი
მემკვიდრე: დევლეთ IV გირეი
სულთანი: მუსტაფა III
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1717
დაბ. ადგილი: ბახჩისარაი, ოსმალეთის იმპერია
გარდ. თარიღი: 1769
გარდ. ადგილი: კეუშენი, მოლდავეთი
შვილები: ბაჰთ გირეი
ბაჰადურ გირეი
მუჰამედ გირეი
ყაფლან გირეი
დინასტია: გირეის დინასტია
მამა: დევლეთ II გირეი
რელიგია: სუნიტური ისლამი

ბიოგრაფია რედაქტირება

ყირიმ გირეი იყო ხან დევლეთ II-ის უმცროსი შვილი. აღიზარდა უფროსი ძმის, არსლან გირეის ოჯახში. ყირიმი 1748–1750 წლებში ბუჯაკის ურდოს მმართველად იყო დანიშნული, ამავდროულად ნურედინის თანამდებობას იკავებდა. ჯერ კიდევ 1750-იანების დასაწყისში ყირიმ გირეიმ დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის გატარება დაიწყო, პირადად ელჩები გაუგზავნა პრუსიის მეფე ფრიდრიხ II-ს. გაცნობიერებული რუსეთის მხრიდან მზარდი საფრთხის შესახებ, ის ცდილობდა მოკავშირეების მოძებნას ერთობლივი თავდაცვის ორგანიზებისთვის. 1756 წელს მოუწია ყირიმის დატოვება და დასახლდა მცირე აზიაში, სადაც არ შეუწყვეტია პოლიტიკური მოღვაწეობა. მხარს უჭერდა ყირიმის ხანით, ჰალიმ გირეით უკმაყოფილო ედისან ნოღაებს. პირადად შემოიკრიბა დიდი ჯარი და ყირიმზე სალაშქროდ გაემართა. მისი სიძლიერისა და პოპულარობის გათვალისწინებით, 1758 წელს ოსმალეთის სულთანმა გადაწყვიტა ყირიმისთვის ხანის წოდების მინიჭება.

ტახტის დაკავების შემდეგ, ყირიმ გირეიმ საკმაოდ წარმატებული საშინაო პოლიტიკა გაატარა. უდიდესი წვლილი შეიტანა ქვეყნის ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების განვითარებაში. ხელი შეუწყო სოფლის მეურნეობის განვითარებას. მარცვლეულის წარმოების მოცულობა იმდენად გაიზარდა, რომ ხანმა დაისვა მარცვლეულის ექსპორტზე საკითხი დნეპრზე სპეციალური პორტის აშენების შესახებ. სახანოს ეკონომიკური დამოუკიდებლობის გზების ძიებაში მან ბრძანა გეოლოგიური კვლევების ჩატარება ყირიმის და კავკასიის მთებში მინერალებისა და ძვირფასი ლითონების მოსაძებნად.

ყირიმ გირეიმ დაიწყო დიდი პოლიტიკური ალიანსის შექმნა რუსეთის იმპერიის ექსპანსიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. საბოლოოდ პრუსიასთან მოლაპარაკება უშედეგოდ დამთავრდა, რადგან 1762 წელს დასრულდა რუსეთ-პრუსიის ომი და ფრიდრიხ II-მ მიატოვა ანტირუსული ალიანსის იდეა. ყირიმ გირეი პრუსიის შემდეგ შეეცადა რეჩპოსპოლიტასთან სამხედრო კავშირის დამყარებას, მან სულთან მუსტაფა III-ს დაუმტკიცა ოსმალეთის ნეიტრალიტეტის დესტრუქციულობა აღმოსავლეთ ევროპის საქმეებში, მაგრამ სანაცვლოდ ტახტიდან გადაყენება მიიღო. ის შეცვალა მისმა ძმისშვილმა, სელიმ III გირეიმ.

1768 წელს ყირიმ გირეი ოსმალებმა მეორედ აიყვანეს ყირიმის ტახტზე. ახლადდაწყებულ რუსეთ-ოსმალეთის ომში ყირიმ გირეის დაევალა ყირიმელი თათრებისა და ოსმალების დიდი არმიის მეთაურობა. 1769 წელს შეუტია სამხრეთ უკრაინას, მაგრამ მიტოვებული სოფლების დაწვისა და გაძარცვის გარდა, ვერაფერს მიაღწია.

ყირიმ გირეი პოლონეთის გავლით მოლდავეთში გადასვლისას, მოულოდნელად გარდაიცვალა სამხედრო ბანაკში, კეუშენში. იყო მიზანმიმართული მოწამვლის ყველა ნიშანი (ხანის სიკვდილის თვითმხილველი, ფრანგი ავანტიურისტი, ელჩი ბარონი ფრანც დე ტოტი ეჭვობდა ოსმალთა დიდ ვეზირზე), თუმცა ბეგებმა უარი თქვეს გამოძიების დაწყებაზე. ყირიმის ცხედარი ბახჩისარაიში გადაასვენეს და დაკრძალეს ხანების სასაფლაოზე.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • О. Гайворонский «Созвездие Гераев»
  • О. Гайворонский «Повелители двух материков» тома 1-2
  • Халим Гирай «Розовый куст ханов» (история крымских ханов)