ყაჩაღები (გერმ. Die Räuber) — ფრიდრიხ შილერის პირველად გამოქვეყნებული დრამის სახელწოდება. ნაწარმოები, რომელიც თავდაპირველად არა სასცენო პიესად, არამედ საკითხავ პიესად იყო ჩაფიქრებული, ხუთ აქტად იყოფა. ყოველი აქტი თავის მხრივ 2-5 სცენისაგან შედგება.

პირველი გამოცემა, 1781

ნაწარმოები შეიქმნა „ქარიშხლისა და შეტევის“ დროს და ჯერ ანონიმურად გამოქვეყნდა. მოგვიანებით, 1783 წლის 13 იანვარს პირველი პრემიერა შედგა მანჰაიმის სცენაზე. ამ პრემიერით ფრიდრიხ შილერი ცნობილი გახდა მთელი ქვეყნის მასშტაბით.

„ყაჩაღები“ დაიდგა რუსთაველის სახელმწიფო თეატრში (პირველად — 1887 წელს სათაურით „ავაზაკნი“; 1933 — რეჟისორი სანდრო ახმეტელი).

სიუჟეტი რედაქტირება

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

მოქმედება ხდება ავტორის თანამედროვე გერმანიაში, სიუჟეტი ვითარდება ორი წლის განმავლობაში. დრამას ეპიგრაფად აქვს წამძღვარებული ჰიპოკრატეს სიტყვები:

"რასაც წამალი ვერ განკურნავს, მას რკინა განკურნავს, რასაც რკინა ვერ განკურნავს, მას ცეცხლი განკურნავს"

ნაწარმოებს საფუძვლად უდევს ოჯახური ტრაგედია. ფონ მოორების საგვარეულო სახლში ცხოვრობდნენ მამა, მაქსიმილიან ფონ მოორი, უმცროსი შვილი ფრანცი და გრაფის აღზრდილი და მისი უფროსი შვილის საცოლე 一 ამალია ფონ ედერლაიხი.

მოვლენათა განვითარების დასაბამი გახდა, თითქოსდა ლაიფციგელი კორესპონდენტის მიერ, ფრანცისთვის მიწერილი წერილი, რომელშიც მოთხრობილი იყო გრაფის უფროსი შვილის, კარლ მოორის აღვირახსნილი ცხოვრების შესახებ, რომელიც იმ დროს ლაიფციგის უნივერსიტეტში სწავლობდა. თავისი საყვარელი შვილის საქციელით განადგურებულმა მამამ ნება დართო ფრანცს, რომელმაც თავად მოაწყო ყოველივე, რათა გრაფის ერთადერთი მემკვიდრე თავად დარჩენილიყო, მიეწერა ძმისთვის წერილი, რომელშიც აცნობებდა, რომ მამას მისი სახელის გაგონება აღარ უნდოდა და მემკვიდრედ აღარ აღიარებდა.

ამ დროს ლაიფციგში, ერთ-ერთ სარდაფში, სადაც სტუდენტები ჩვეულებისამებრ იკრიბებოდნენ, კარლ ფონ მოორი მამის პასუხს ელოდა წერილზე, რომელიც მან რამდენიმე დღის წინ მისწერა, სადაც თავის გზასაცდენილ ცხოვრებას ინანიებდა და ჰპირდებოდა, რომ შემდგომში სერიოზული საქმით დაკავდებოდა. მაგრამ პატიების ნაცვლად, მან ძმის მიერ დაწერილი საშინელი წერილი მიიღო. სწორედ ამ დროს სარდაფში შეკრებილი ახალგაზრდები, ერთ-ერთი მათგანის, შპილბერგის წინადადებას ისმენდნენ. იგი მათ სთავაზობდა მდიდარ ადამიანებს გზებზე დაჰხვედროდნენ, ფული წაერთმიათ, თანხა წარმოებისთვის მოეხმარათ და ქვეყნად სიმდიდრის თანასწორობა დაემყარებინათ. მეგობრებს ეს ამბავი ძალიან მომხიბვლელი ეჩვენათ და გადაწყვიტეს, შეექმნათ ყაჩაღთა ბანდა. მაგრამ მათ სჭირდებოდათ ბელადი. თუმცა შპილბერგი თავად იმედოვნებდა ბელადობას, მისდა გასაკვირად, წინამძღოლად ყველამ, ერთხმად, კარლ მოორი აირჩია. კარლს იმედი ჰქონდა, რომ სისხლი და სიკვდილი მას განვლილი ცხოვრების, მამის და საცოლეს დავიწყებაში დაეხმარებოდა, ამიტომ ის დათანხმდა და ერთგულების ფიცი მისცა მეგობრებს.

ახლა ფრანცი, რომელმაც მოახერხა, მამის მოსიყვარულე გულიდან თუ არა, მემკვიდრეების სიიდან მაინც ამოეშალა საკუთარი ძმა, ცდილობდა, დაემცირებინა იგი მისი საცოლის, ამალიას თვალშიც. ფრანცმა მას უთხრა, რომ ბრილიანტის ბეჭედი, რომელიც მან სახსოვრად კარლს აჩუქა, ამ უკანასკნელმა, ფული რომ ვერ გადაუხადა, განცდილი სიამოვნების საფასურად მეძავს მისცა.

მან ამალიას თვალწინ დახატა პორტრეტი გადაგვარებული, გზასაცდენილი, არარაობადქმნილი ადამიანისა, უთხრა, რომ მის საყვარელ კარლს სახე ჩონჩხად ქცევია, გულისამრევად გამოშვერიან ძვლები, პირიდან კი საშინელი სუნი ამოსდის, რომ მარტო ეს სუნი აქცევს ადამიანს ცოცხალ ლეშად. მაგრამ არც თუ ისე ადვილია შეყვარებული გულის გადარწმუნება 一 თავისი სიყვარულის ერთგულმა ამალიამ ფრანცის ერთი სიტყვაც არ დაიჯერა.

ფრანცი გრძნობდა, რომ მოხუც მამას მალე მოუბრუნდებოდა გული საყვარელ შვილზე და შიშობდა, ერთბაშად წყალში არ ჩაჰყროდა ამდენი წვალება, ამიტომ მან შეიმუშავა ახალი გეგმა, რაც, ბოლოს და ბოლოს, დაეხმარებოდა, ფრთა შეესხა თავისი ოცნებისათვის, გამხდარიყო გრაფი ფონ მოორის ქონების ერთადერთი მფლობელი. ამისთვის მან დაიყოლია ერთ-ერთი აზნაურის უკანონო შვილი 一 გერმანი, გადაეცვა, მოხუცი გრაფის წინაშე წარმდგარიყო და ეთქვა, რომ იცნობდა კარლს, რომელიც პრაღასთან გაცხარებული ბრძოლის დროს დაეცა. ფრანცი იმედოვნებდა, რომ ამ საშინელ ამბავს ავადმყოფი გრაფის გული ნამდვილად ვეღარ გაუძლებდა. გაწეული სამსახურის სანაცვლოდ, ის გერმანს დაჰპირდა, რომ დაუბრუნებდა ამალია ფონ ედელრაიხს, რომელიც მას ძალიან უყვარდა და ოდესღაც კარლმა წაართვა.

ყველაფერი ასეც მოხდა. მოხუცი მოორი და ამალია გრაფის უფროს ვაჟიშვილზე საუბრობდნენ, როცა მათ წინაშე გადაცმული გერმანი წარდგა. მან მოუყვა კარლზე, რომელიც მამის გადაწყვეტილების შემდეგ ლუკმა პურის გარეშე დარჩა, მოუყვა, თუ როგორ დაკარგა მისთვის ცხოვრებამ აზრი და გადაწყვიტა რუსეთ-პრუსიის ომში მიეღო მონაწილეობა, რომლის დროსაც გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე, შემდეგ მან მოხუც მოორს მისცა ხმალი 一 ვითომ კარლის უკანასკნელი სურვილი იყო, ეს ხმალი მამისთვის გადაეცათ. ხოლო სურათი, რომელიც თითქოსდა გულიდან მოიხსნა, ერთგულების ფიცთან ერთად, ამალიასთვის მიეცათ.

მოხუცმა გრაფმა შვილის სიკვდილში საკუთარი თავი დაადანაშაულა, თითქოს სინდისს ემალებაო, ბალიშში ჩაეფლო და, ამხელა დარდის ვერდამტევი, მისი გული გაჩერდა. ფრანცი ბედნიერი იყო, ბოლოს და ბოლოს, მამამისს ეწვია მის მიერ ესოდენ დიდხანს ნანატრი სიკვდილი.

ამ დროს კარლ ფონ მოორი ბოჰემიის ტყეებში ყაჩაღობდა. იგი ძალიან გამბედავი იყო და ხშირად ეგებებოდა პირისპირ სიკვდილს, რადგან ცხოვრებას დიდი ხანია მისთვის აზრი დაეკარგა, ნადავლიდან კი თავის წილს ბელადი მთლიანად ქვრივ-ობლებს ურიგებდა.

ფონ მოორის საგვარეულო სასახლეს ფრანცი მართავდა. მან მიაღწია იმას, რაც ცხოვრების მიზნად ჰქონდა დასახული, თუმცა შვებასა და კმაყოფილებას მაინც ვერ განიცდიდა, რადგან ამალია ისევ უარზე იყო, მისი ცოლი გამხდარიყო.

გერმანმა, რომელიც მიხვდა, რომ ფრანცმა მოატყუა, ამალია ფონ ედერლეიხს საშინელი საიდუმლო გაუმხილა 一 კარლი და მოხუცი ფონ მოორი ცოცხლები არიან.

კარლი, თავისი ჯგუფის წევრებთან ერთად ბოჰემიელი ცხენოსნების ალყაში მოექცა, თუმცა სიცოცხლისა და თავისუფლების სურვილით შემართულმა ჯარისკაცებმა, მართალია, ერთ-ერთი მეგობრის სიცოცხლის ფასად, მაგრამ მაინც მოახერხეს თავის დაღწევა. ბოჰემიელ ჯარისკაცთაგან კი ამ შეტაკებისას სამასი მებრძოლი დაიღუპა.

მალე ყაჩაღებს შეუერთდა ჩეხი აზნაური. ამ ადამიანმა დაკარგა ყველაფერი, რაც კი კაცს ეძვისფასება, თუმცა ყველაზე მეტად იგი თავს დაკარგულ სიყვარულზე, თავის საყვარელ ქალზე, ამალიაზე წუხდა. ახალგაზრდა კაცის ისტორიამ კარლზ მიძინებული მოგონებები გაუღვიძა და გადაწყვიტა, ერთხელ კიდევ ეხილა თავისი სახლი, მამა, თავისი ერთგული საცოლე...

მაკლებურგელი გრაფი ფონ ბრანდის სახელით, მან მოახერხა თავის საგვარეულო სასახლეში შეეღწია. ის შეხვდა ამალიას და დარწმუნდა, რომ მისი საყვარელი ქალი ბოლომდე ერთგული დარჩა „გარდაცვლილი კარლისა“. წინაპართა სურათებში მან მამამისის სევდიანი სახეც დაინახა და გულმოკლულმა ჩუმად მოიწმინდა ცრემლი. ვერავინ იცნო კარლი, მხოლოდ, ყოველთვის ყველას მიმართ ეჭვის თვალით მაცქერალმა ფრანცმა შეიცნო სტუმარში თავისი უფროსი ძმა. მაგრამ არავის არაფერი უთხრა ამის შესახებ. მან გრაფი ფონ მოორის მოხუცი მსახური აიძულა, მოეკლა სტუმარი. მაგრამ მოსამსახურემ იარით, რომელიც ხელზე ჰქონდა, გრაფ ფონ ბრენდში კარლი შეიცნო. ამ უკანასკნელს კი არ შეეძლო მოეტყუებინა მამამისის ერთგული მსახური და აღიარა, რომ მართლაც კარლია. ამის შემდეგ იგი იძულებული გახდა, სასწრაფოდ და სამუდამოდ დაეტოვებინა მამისეული სახლი. წასვლამდე მან კიდევ ერთხელ ნახა ამალია, რომელიც სტუმრის მიმართ ისეთივე ძლიერ გრძნობას განიცდიდა, როგორიც კარლთან აკავშირებდა ოდესღაც.

კარლი თავის მეგობრებს დაუბრუნდა, დილით მათ უნდა დაეტოვებინათ ეს ადგილები, მანამდე კი სიბნელეში უგზო-უკვლოდ დაიარებოდა. უცებ რაღაც ხმა შემოესმა და მიადგა აკლდამას, საიდანაც ხმა მოდიოდა.

ეს გერმანი მოსულიყო ჩუმად, რათა შენობაში დამწყვდეული პატიმარი დაეპურებინა. კარლმა კარები შეამტვრია და გაათავისუფლა მოხუცი, რომელიც სიგამხდრის გამო ჩონჩხს უფრო ჰგავდა, ვიდრე ცოცხალ ადამიანს. ძალიან მალე მოსიყვარულე შვილმა თავისი მამა იცნო. იგი, მისდა საუბედუროდ, იმ საშინელ ღამეს არ მომკვდარა, ის კუბოში იწვა, როცა გონს მოვიდა, მაგრამ ფრანცმა ეს არავის გაუმხილა, ხალხისგან მალულად მამა ამ აკლდამაში გამოკეტა და სიცივის, შიმშილისა და მარტოობისთვის გაწირა.

ამ ამბით შეძრწუნებულმა კარლმა დაივიწყა მასსა და ფრანცს შორის არსებული ძმური კავშირი, ბრძანება გასცა, შეიჭრან ციხესიმაგრეში და, რადაც არ უნდა დაუჯდეთ, ცოცხლად შეიპყრონ ფრანცი.

ღამის წყვდიადი მეფობდა ირგვლივ, მოხუცი მსახური დანიელი, ემშვიდობებოდა გრაფი მოორის სასახლეს, სადაც მან მთელი ცხოვრება გაატარა. ფრანცი სულის სიმშვიდეს ვერ პოულობდა და აქეთ-იქით აწყდებოდა.

ის-ის იყო საშინელი ზმანება ეხილა, თითქოს თავისი ცოდვების გამო სამსჯავროზე იდგა და მონანიებას სთხოვდნენ. ის დანიელს ევედრებოდა, ვინმე გაეგზავნა მღვდლის მოსაყვანად, თუმცა მთელი თავისი ცხოვრება ღვთის ნების წინააღმდეგ იყო მიმართული და არც არასდროს უღიარებია ღმერთის სიდიადე. ახლაც კი, მღვდლის წინაშე, იგი ვერ ახერხებდა გულახდილ საუბარს, მას არ გააჩნდა მონანიების ნიჭი და ცდილობდა, მხოლოდ კამათი წარემართა რელიგიურ თემებზე. მაგრამ ერთი კი ცხადი იყო, ამჯერად ისე გულგრილად ვეღარ ისმენდა მღვდლის საუბარს სულის უკვდავების შესახებ, როგორც აქამდე ახერხებდა ამას. მღვდელმა უთხრა, რომ ცოდვათა შორის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ძმისა და მამის მკვლელობაა. ფრანცი შიშმა შეიპყრო, იგრძნო, რომ მის სულს ჯოჯოხეთში ელოდა სამარადისო ტანჯვა.

ფონ მოორების სასახლეს კარლის მიერ გაგზავნილი ყაჩაღები დაესხნენ თავს, მათ გადაწვეს ის, მაგრამ ფრანცი შეპყრობა ვერ მოახერხეს, რადგან მან თავად გამოუტანა საკუთარ თავს სასიკვდილო განაჩენი...

ბრძანების შესრულების შემდეგ, ყაჩაღთა ბანდის წევრები ტყეში დაბრუნდნენ, სადაც მათ კარლიც ელოდებოდათ, რომელიც ჯერ კიდევ ვერ ეცნო საკუთარ მამას.

მათ მოჰყვათ ამალია, იგი ყაჩაღი მოორისაკენ გაიქცა, ყელზე მოეხვია, ატირდა და მას თავისი საქმრო უწოდა. მაშინ შეძრწუნებულმა მოხუცმა გრაფმა ყაჩაღთა ბელადში თავისი საყვარელი შვილი შეიცნო და სულიც განუტევა. ამალია კი მზად იყო, ყველაფერი ეპატიებინა კარლისთვის და მასთან ერთად ახალი ცხოვრება დაეწყო, მაგრამ მათ სიყვარულს ყაჩაღებისთვის მიცემული ფიცი ეღობებოდა. ამალია მიხვდა, რომ რაღაც წუთების წინ ნაპოვნი ბედნიერება კვლავ უსხლტებოდა ხელიდან და სიკვდილზე დაიწყო ოცნება, რადგან ფიქრობდა, რომ მხოლოდ ამ გზით აიცილებდა ამ საშინელ ტანჯვას, რომელიც საქმროსთან კვლავ განშორებისას ელოდა. კარლმა მას ოცნება აუსრულა.

ყაჩაღმა მოორმა ბოლომდე გამოსცალა თავისი ცხოვრების ფიალა, მიხვდა, რომ ისედაც ცოდვებით სავსე ქვეყანას, ბოროტების წილ ბოროტებით, ვერ გამოასწორებდა და გადაწყვიტა, მართლმსაჯულებას ჩაჰბარებოდა. ჯერ კიდევ თავისი სახლისკენ მიმავალ გზაზე, ის შეხვდა ერთ ღარიბ კაცს, რომელსაც ძალიან დიდი ოჯახი ჰქონდა.

ჰოდა, ახლა კარლი სწორედ იმ კაცთან მიდიოდა, რათა მას ხელისუფლებისთვის ჩაებარებინა ცნობილი ყაჩაღი და ამის საფასურად დიდი თანხა მიეღო...

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: