ქრისტეს სუდარა (აგრეთვე ცნობილი როგორც ტურინის სუდარა) — ქსოვილის ნაჭერი (სუდარა), რომელშიც გადმოცემით იესო ნაზარეველი გაახვიეს გარდაცვალებისას. ამჟამად ინახება ტურინის საკათედრო ტაძარში. ახალ აღთქმაში ქრისტეს მოციქულები ადასტურებენ, რომ იოსებ არიმათიელმა, ქრისტეს (საიდუმლო) მოწაფემ და ნიკოდემოსმა ჩამოხსნეს ქრისტეს სხეული ჯვრიდან, განბანეს ნელსაცხებლებით, გაახვიეს სუდარაში და დამარხეს კლდეში ახლადგამოკვეთილ სამარხში, ისე, როგორც ებრაელები ჩვეულებისამებრ მარხავდნენ გარდაცვლილებს. იოანე ღვთისმეტყველი მოგვითხრობს, რომ იგი პეტრესთან ერთად შევიდა სამარხში, მაგრამ ჯვარცმული ქრისტეს სხეული ვერ იპოვნა. ე.წ. ტურინის სუდარა არის გრძელი ნაჭერი (4,36X1,1) ძველებური, განსაკუთრებულად ნაქსოვი მატერია, რომელზეც აღბეჭდილია ორი მთლიანი სიგრძის ნაწამები ადამიანის გამოსახულება. მოოქროსფრო-მოყავისფრო ანაბეჭდებს აქვთ ფოტოგრაფიული ნეგატივის ყველა დამახასიათებელი თვისება. შემდგომი გამოკვლევებისას დადგინდა, რომ გამოსახულება 3 განზომილებიანია. ანაბეჭდები სუდარაზე თავით თავზეა გადაბმული, რადგან სუდარა სხეულს ქვემოთ ჰქონდა დაგებული, თავზე გადადიოდა და მთლიანად ფარავდა სხეულს.

ქრისტეს სახის თანამედროვე ფოტო: მარცხნივ - პოზიტივი, მარჯვნივ - ნეგატივი.

ისტორია რედაქტირება

გადმოცემის თანახმად, თავდაპირველად სუდარა ინახებოდა წმინდა პეტრე მოციქულთან, შემდგომში კი გადაეცემოდა მოციქულებს. ქრისტიანების დევნის პერიოდში სუდარას მალავდნენ, რადგან ებრაელები და რომაელები ცდილობდნენ გაენადგურებინათ ქრისტიანული რელიკვიები. ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადების შემდეგ სუდარა კონსტანტინოპოლში გადაიტანეს. V ს. სუდარა გადაიტანეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ბაზილიკაში ქ. ვლახერნში. ხატთმებრძოლთა რეაქციის პერიოდში სუდარა იერუსალიმში გადაიტანეს. შემდგომში კი კვლავ კონსტანტინოპოლში, სადაც სპეციალურად განკუთვნილ დღეებში გამოჰქონდათ ხალხის წინაშე. სუდარა სურნელოვან არომატს გამოსცემდა. მოშორებიდან სუდარაზე აღბეჭდილი გამოსახულება მამაკაცის სხეულს ჩამოჰგავდა, ახლოდან კი ეს ეფექტი იკარგებოდა. ჯვაროსნების მიერ კონსტანტინოპოლის აღების და გაძარცვის შემდეგ, სუდარა ევროპაში აღმოჩნდა (1353 წ.). სუდარა ჯერ ინახებოდა საფრანგეთში, პარიზთან ახლოს, შემდგომში კი გადაიტანეს იტალიაში, ქ. ტურინის საკათედრო ტაძარში, სადაც ის დღემდე ინახება. თავდაპირველად, სუდარის სინამდვილეში, ბევრს შეჰქონდა ეჭვი. იმის დასამტკიცებლად, რომ გამოსახულებანი სუდარაზე არ იყო დახატული, 1508 წ. ის დიდხანს ადუღეს ზეთში, შემდეგ გაიტანეს მოედანზე და ხალხის თანდასწრებით გარეცხეს და გახეხეს. მიუხედავად ამისა, ადამიანის სხეულის ანაბეჭდები სუდარაზე არ გამქრალა. სუდარა 3-ჯერ მოჰყვა ხანძარში - ერთხელ კონსტანტინოპოლში და ორჯერ ევროპაში, მაგრამ მნიშვნელოვნად არ დაზიანებულა.

მეცნიერული კვლევები რედაქტირება

 
ქრისტეს სუდარის ორმხრივი ფოტო

1898 წ. 28 მაისს სუდარა გამოიტანეს რელიგიური ხელოვნების გამოფენაზე ქ. ტურინში, სადაც ის გადაიღო იტალიელმა ადვოკატმა და ფოტომოყვარულმა სეკონდო პიამ. მან გააკეთა ორი ფოტო დიდი ზომის ფურცლებზე (50X60 სმ). ფირის გამჟღავნებისას კი მოხდა იმ დროისთვის მეცნიერულად აუხსნელი და წარმოუდგენელი მოვლენა: ნეგატივზე გამოჩნდა მშვიდი და კეთილშობილი სახის მამაკაცის პოზიტიური ფოტოგრაფიული გამოსახულება. ამ უჩვეულო მოვლენის შემდგომ სუდარით განსაკუთრებულად დაინტერესდნენ სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები. თანამედროვე ფოტოგრაფიებზე ძალზედ მკაფიოდ ჩანს სისხლჩაქცევები, ამოგლეჯილი წვერი თუ სხვა დანარჩენი ჭრილობები. მრავალრიცხოვანმა ექსპერიმენტებმა დაამტკიცეს, რომ სმირნისა და ალოესაგან დამზადებულ ნელსაცხებელს თუ წავუსვამთ მიცვალებულს, ანაბეჭდები მართლაც გადავა სუდარაზე, მაგრამ ასეთ ანაბეჭდებს არ ექნებათ სხეულის კონტურის სწორი მოხაზულობა. ასეთი ანაბეჭდები დაემსგავსებიან ლაქებს და კარიკატურულ სილუეტებს, რაც დამოკიდაბული იქნება იმაზე, თუ სად შეეხება ტილო სხეულს. თანამედროვე ეპოქაში დაიწყო სუდარის აუტენტიფიკაცია, მისი შესწავლა-გამოკვლევა ყველაზე დახვეწილი მეთოდებით. ექსპერტებმა უპირველეს ყოვლისა დაადგინეს დამზადების დრო. პირველი დამადასტურებელი ეს არის თავად სუდარა. აღმოჩნდა, რომ ეს არის ძალიან ძველი და განსაკუთრებულად ნაქსოვი ტილო ე.წ. "დამასკო", რომელიც მზადდებოდა მხოლოდ I საუკუნემდე; მეორე დამადასტურებელია პილატეს მონეტა, რომელიც თვალებზე ჰქონდა დადებული სხეულს. მონეტა ძალზედ მკაფიოდ არის აღბეჭდილი სუდარაზე, იმდენად მკაფიოდ, რომ მეცნიერებმა შესძლეს გრავიურაზე ორთოგრაფიული შეცდომის აღმოჩენა. ნუმიზმატებმა რამდენიმე ასეთი მონეტა მოიძიეს, რომლებიც ზუსტად ადასტურებენ დამზადების დროს - I ს. ქრისტეშობიდან. დადგინდა ასევე გეოგრაფიული მდებარეობა. ექსპერტებმა გამოიკვლიეს ქსოვილზე არსებული ნივთიერებები. დადგინდა, რომ სულ 49 მცენარის ნაშთია შემორჩენილი; მათში 12 ენდემური მცენარის, რომლებიც მხოლოდ სამხრეთ პალესტინაში იზრდება, მკვდარი ზღვის უდაბნოს აუზში. მეცნიერებმა აღმოაჩინეს მათრახის 98 კვალი, რომელსაც იყენებდნენ რომაელები 1 ს.-ში; ხელ-ფეხზე ლურსმნის 4 ნაიარევი და სხვ. მეცნიერებმა განსაზღვრეს წონა: დაახ. 79 – 80 კგ. სიმაღლე: 180 სმ.; სისხლი: IV ჯგუფი, რეზუს-უარყოფითი.

დათარიღების პრობლემები და სკეპტიციზმი რედაქტირება

XX ს.-ში სუდარის გამოკვლევებში თითქმის ყველა მოწინავე ქვეყნის მეცნიერული საზოგადოებები ჩაებნენ. 1988 წელს აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის და შვეიცარიის ლაბორატორიებში ჩატარდა რადიო-იზოტოპური ანალიზი ნახშირბადის იზოტოპის C14-ის გამოყენებით. სამმა დამოუკიდებელმა გამოკვლევამ დაადგინა სუდარის ასაკი - დაახ. 700-800 წ. ამ გამოკვლევათა საფუძველზე ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა ედვარ ჰილმა გამოთქვა ვარაუდი, რომ გამოსახულება სუდარაზე დახატულია. ტურინის კარდინალმა ანასტასიო ბალლესტრერომ ზოგიერთ მეცნიერთა ვარაუდიდან გამომდინარე დასაშვებად მიიჩნია სუდარის სიყალბე. ცალკეულ მეცნიერთა სკეპტიკურმა დამოკიდებულებამ დიდი რეზონანსი გამოიწვია მსოფლიოს მეცნიერულ წრეებში. მეცნიერთა სხვადასხვა ჯგუფმა შემდგომი კვლევების საფუძველზე გამოთქვა მოსაზრება, რომელიც მართლაც დადასტურდა: 1988 წ. სუდარიდან ნიმუშები აღებული იყო შუა საუკუნეებში ჩაკერებული ფრაგმენტებიდან. იგივე დაადასტურა წამყვანმა ამერიკელმა მეცნიერმა რ. როჯერსმა (აშშ ტურინის სუდარის შემსწავლელი ცენტრის ქიმიური კვლევების განყოფილების ხელმძღვანელი) თავის ცნობილ გამოკვლევებში. რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის (ФСБ) კრიმინალისტიკის ინსტიტუტის მკვლევართა ჯგუფმა ანატოლი ფესენკოს ხელმძღვანელობით დაადასტურა 1988 წლის გამოკვლევათა უზუსტობა. რუსმა კრიმინალისტებმა დაადგინეს, რომ სუდარა ნამდვილად I საუკუნეს განეკუთვნება და მასზე აღბეჭდილი გამოსახულება არ არის დახატული.

თანამედროვე კვლევები რედაქტირება

2008 წ. ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორებმა კრისტოფერ რამსის ხელმძღვანელობით ჩაატერეს სუდარის გამოკვლევა, რომელმაც გაამყარა რუსეთის ფედერაციის ფედერალური უშიშროების სამსახურის დასკვნები. კვლევებმა დაადასტურა, რომ სუდარაზე არსებული გამოსახულება არ არის დახატული. სუდარაზე შემონახულია ადამიანის სისხლის ლაქები. მეცნიერებმა გამოიკვლიეს სისხლი და აღმოაჩინეს მისი კომპონენტები: ჰემოგლობინი, ბილირუბინი და ალბუმინი. ალბუმინის მომატებული რაოდენობა მეცნიერთა მტკიცებით მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ადამიანი გარდაიცვალა სტრესულ მდგომარეობაში, წამებისას. ლეიკოციტებში ქრომოსომათა განლაგებით განისაზღვრა მამრობითი სქესი. ვატიკანის თანხმობით სუდარის გამოკვლევა კვლავ გრძელდება. 2008 წ. მეცნიერებმა პირველად შესძლეს გაეკეთებინათ სუდარის უზუსტესი ციფრული ფოტო. მაურო გავინელლის განცხადებით ციფრული ფოტოს გარჩევადობა 12,8 მილიარდი პიქსელია, რაც თითქმის 1300 ჯერ აღემადება აქამდე არსებულ ციფრულ ფოტოს 10 მილიონი პიქსელის გარჩევადობით. უახლესი ფოტო 1600 კადრისგან შედგება და საშუალებას გვაძლევს დავინახოთ ქრისტეს გამოსახულების უმცირესი დეტალებიც. მეცნიერები გეგმავენ ამ უნიკალური ციფრული ფოტოს ინტერნეტში განთავსებას.

ქრისტეს გამოსახულება რედაქტირება

მეცნიერებისთვის უმთავრესი გამოცანად რჩება სუდარაზე ქრისტეს 3 განზომილებიანი გამოსახულება. თანამედროვე ფიზიკისთვის უცნობმა გამოსხივებამ, რომელიც წამის მემილიონედების განმავლობაში გრძელდებოდა სუდარაზე დატოვა უზუსტესი ფოტოგრაფიული გამოსახულება, რომლის სისქე სულ რამდენიმე მიკრონია. ჯერ კიდევ 1978 წ. ცნობილ გამოკვლევებისას (სუდარის აუტენტიფიკაციაში საბჭოთა მეცნიერებიც იღებდნენ მონაწილეობას, მაგრამ მათ, თავი შეიკავეს სუდარაზე გამოსახული ადამიანის შესახებ კომენტარისგან). მეცნიერებმა გამოთქვეს აზრი, რომ ანაბეჭდები სუდარაზე გადავიდა თერმობირთვული აფეთქების მსგავსად მომხდარი ზემძლავრი განათების შედეგად ქრისტეს აღდგომის მომენტში. მეცნიერთა აზრით მსგავს მოვლენას ადგილი აქვს ხიროსიმაში და ნაგასაკიში, სადაც ატომური ბომბების აფეთქების შედეგად შენობებზე დაფიქსირადა ე.წ. "მუდმივი ჩრდილები". რუსეთის და ევროპის წამყვანმა მეცნიერებმა ვარაუდი გაქმოთქვეს, რომ გამოსახულება წარმოიქმნა მძლავრი სპეციფიკური გამოსხივების შედეგად. შემდგომმა კვლევებმა დაამტკიცეს, რომ გამოსხივება არ ემორჩილებოდა ჩვენთვის ცნობილ ფიზიკის კანონებს. ცნობილმა რუსმა ფიზიკოსმა ა. ბელიაკოვმა დაამუშავა თეორია, რომელსაც ”ცეცხლოვანი სხეულის თეორია” ეწოდა. აღდგომის მომენტში ქრისტეს სხეული სინათლედ გარდაისახა და ქსოვილზე მეცნიერებისათვის წარმოუდგენლად ზუსტი გამოსახულება დატოვა, ისე, რომ მიმხმარი სისხლის და სხვა გვამური სითხეების ლაქები უვნებლად დატოვა. მეცნიერთა მტკიცებით, სუდარის გვამიდან აცლის შემთხვევაში აუცილებლად დარჩებოდა ნაკვალევი. ქრისტეს სხეული აღდგომისას სინათლედ გარდაისახა. მეცნიერთა მტკიცებით სუდარა წარმოადგენს იესო ქრისტეს აღდგომის უდავო ფიზიკურ მტკიცებულებას. ქრისტეს სუდარას XX ს. ეწოდა აგრეთვე ”მეხუთე სახარება”.

სუდარის ასლები რედაქტირება

ალბრეხტ დურერის ასლი - 1516 რედაქტირება

გვადელუპას ასლი - 1568 რედაქტირება

1620 წლის ასლი რედაქტირება

1644 წლის ასლი რედაქტირება

1652 წლის ასლი რედაქტირება

1653 წლის ასლი რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება