ქისტაური

სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში

ქისტაურისოფელი საქართველოში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთის ძირში, ახმეტა-თელავის საავტომობილო გზაზე. თემის ცენტრი (სოფლები: არაშენდა, ახალშენი, ახშანი, ახშნისველები, ინგეთი, კოჯორი, ოსიაური, საჩალე). ზღვის დონიდან 540 მეტრი, ახმეტიდან 7 კილომეტრი, თბილისიდან 170 კმ. თელავიდან 27 კმ.

სოფელი
ქისტაური

ქისტაურის წმინდა ნინოს ეკლესია
ჯაბა ლაბაძის ფოტო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ახმეტის მუნიციპალიტეტი
თემი ქისტაური
კოორდინატები 41°59′33″ ჩ. გ. 45°17′15″ ა. გ. / 41.99250° ჩ. გ. 45.28750° ა. გ. / 41.99250; 45.28750
ადრეული სახელები მუქუეთი
ცენტრის სიმაღლე 540
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1729[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,1 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ქისტაური — საქართველო
ქისტაური
ქისტაური — კახეთის მხარე
ქისტაური
ქისტაური — ახმეტის მუნიციპალიტეტი
ქისტაური
ახმეტის მუნიციპალიტეტი

დემოგრაფია რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1729 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 2284 1097 1187
2014[1]   1729 856 873

ისტორია და ღირსშესანიშნაობა რედაქტირება

სოფლის მახლობლად ადგილ ბადაანსა და კალაპნებში, მიწის ზედაპირზე მოპოვებულია შუა პალეოლითის ხანის სხვადასხვა ტიპის ნუკლეუსები, ანატკეც-ლამელები და მათ საფუძველზე ნაკეთები იარაღი.

სოფელში მდებარეობს რაფიელ ერისთავის სახლ-მუზეუმი.

სოფელი ქისტაური ახმეტის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ულამაზესი სოფელია. იგი ღირსშესანიშნავია რაფიელ ერისთავის სახლ-მუზეუმით, საუკუნოვანი სკოლით, შრომითი და კულტურული ტრადიციებით. სოფელი მდებარეობს ალაზნის ველის დასავლეთით – ცივ-გომბორის მთების კალთების გაგრძელებაზე: კავკასიონის მთებისა და ცივ-გომბორის მთების განშტოების დასაწყისში. სოფლიდან იშლება ალაზნის ველის შესანიშნავი ხედი.

ქისტაური წარმოიშვა სოფელი მუქუეთის მიგრაციის შედეგად. მუქუეთის მიგრაციის მიზეზი იყო მოსახლეობაზე ლეკების ხშირი თავდასხმები, რაც გამანადგურებელი იყო სოფლისთვის. ცოცხლად გადარჩენილი მოსახლეობის ნაწილმა დატოვა სოფელი და გადაინაცვლა მუქუეთიდან 1 კმ-ის დაშორებულ ტერიტორიაზე, სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით (ტყესთან ახლოს, ტყე თავშესაფრად გამოადგებოდათ საჭიროების შემთხვევაში). გადმოცემის თანახმად, პირველი მოსახლეები ვინმე ქისტაურები იყვნენ, ამიტომ შეერქვა სოფელს ქისტაური.

ქისტაურის განვითარების ისტორია პირდაპირ კავშირშია არაგვის ერისთავების ისტორიასთან. სოფლის საგანმანათლებლო-კულტურულ განვითარებაზე განსაკუთრებით დიდი როლი ითამაშა XIX საუკუნის პოეტისა და ერისკაცის რაფიელ ერისთავის პიროვნებამ და ოჯახმა.

რაფიელ ერისთავი იმ ზვიადი არაგვის ერისთავების შთამომავალია, რომელთა ფეოდალური სამფლობელო დიდ როლს თამაშობდა საუკუნეების განმავლობაში საქართველოს ისტორიაში. XIX საუკუნის 50-იანი წლებისთვის ბეჟან ერისთავის მემკვიდრეობა საკმაოდ დიდი ორი შტო იყო ქისტაურში, გენერალი კიაზო ერისთავისა და დიდი პოეტისა და ერისკაცის რაფიელ ერისთავის ოჯახების სახით. ამ ორი პიროვნების თუ ოჯახის წყალობით დაუდგამს ფეხი ქისტაურის მიწაზე ბევრ უცხოელ თუ ქართველ საზოგადო მოღვაწეს, მარი ბროსესა თუ აკაკი წერეთელს, ვაჟა-ფშაველასა თუ ილია ჭავჭავაძეს.

იმ დროისთვის, წლების მანძილზე ერისთავების სახლი ლიტერატურის მოყვარულთა თავშეყრის ადგილს წარმოადგენდა. ამ ლიტერატურულ სალონში ხშირად იკრიბებოდნენ მაყაშვილები – იყალთოდან, ჩოლოყაშვილები – ახმეტიდან, სულხანიშვილები – აწყურიდან, „ცისკრის“ რედაქტორი ივანე კერესელიძე და სხვა.

ქისტაურში რაფიელ ერისთავს ხშირად სტუმრობდნენ ცნობილი ქართველი მწერლები და მოღვაწეები, აქ ყოფილან ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ალექსანდრე ყაზბეგი და სხვ. როდესაც ქაქუცა ჩოლოყაშვილი ტყეში იყო გასული და ბოლშევიკებს ეომებოდა, ყოფილა შემთხვევა, როდესაც ის ერისთავებს სწვევია და საჭმელ-სასმელი წაუღია.

რაფიელ ერისთავის შემოქმედების ხალხურობამ, ქართული ზეპირსიტყვიერების საღამოებმა სოფელში, ამ განათლებულ ოჯახებთან ურთიერთობამ, გაშაირებებმა გლეხებთან, წარუშლელი კვალი დააჩნია იქაურ მკვიდრთ და მათ შთამომავალთ.

XX საუკუნე რედაქტირება

1917-1921 წწ. რევოლუცია—სოფელი ქისტაური რევოლუციური იყო. მეორე მსოფლიო ომში წავიდა 489 კაცი, უკან დაბრუნდა 220 მათგანი. სოფელს მიგრაცია არ განუცდია, პირიქით XX საუკუნის 50-იან წლებში სოფელი გაიზარდა მთიანი სოფლებიდან ჩამოსახლებული ხევსურებით, ჩამოსახლება მოხდა ბაკანიდან, ახსაბრიდან და მთის სხვა სოფლებდან. არაბულები დასახლდნენ სოფლის თავში, ხოლო ქიბიშაურები და სხვა გვარის წარმომადგენლები სოფლის ბოლოში.

ქისტაურში კოლმეურნეობა შეიქმნა 1933 წელს. პირველი თავმჯდომარე იყო გიორგი ღადალაშვილი. 1972 წელს კოლმეუნრეობა გადაკეთდა მეურნეობად.

1940 წელს ქისტაურის მკვიდრმა სტახანოველმა მეაბრეშუმე ქალმა ოსანა აივაზაშვილმა აღმოაჩინა აბრეშუმის მურის მოყვანის ჩქაროსნული მეთოდი, რის გამოც სტალინური პრემიის ლაურეატობა მიიღო.

სწავლა-განათლება რედაქტირება

მიუხედავად იმისა, რომ რაფიელ ერისთავი ბავშვობიდან წასული იყო სოფლიდან, იგი დღენიადაგ ზრუნავდა მასზე. 1886 წელს მან მიმართა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ქისტაურში სკოლის გახსნის თაობაზე. ამავე წელს ქისტაურში გაიხსნა ორწლიანი სასწავლებელი, რომელიც რამდენიმე წელში ოთხწლიანად გადაკეთდა და ეწოდა პირველი საფეხურის სკოლა, ხოლო 1933 წელს კოლმეურნე-ახალგაზრდობის შვიდწლიან სკოლად გადაკეთდა და იგი გადაიტანეს ერისთავების სასახლეში, რომელიც ეკუთვნოდა თავად კიაზო ერისთავს, სკოლა მოათავსეს მეორე სართულზე, პირველ სართულზე მდებარეობდა კიაზოს ცნობილი ღვინის მარანი.

1941 წელს სკოლა სრულ საშუალო სკოლად გადაკეთდა, რ. ერისთავის სახელი მიენიჭა და სკოლის ეზოში დაიდგა მისი ძეგლი.

1976 წელს ქისტაურის საშუალო სკოლასთან შეიქმნა ქიმიის სკოლა – კლუბი, რაიონის ქიმიით განსაკუთრებულად დაინტერესებული მოსწავლეთა და კურსდამთავრებულთათვის.

1984 წელს მოსწავლეთა კომიტეტის ინიციატივით სკოლაში გაიხსნა საბრძოლო დიდების მუზეუმი.

2007 წელს სკოლამ მოიპოვა გამარჯვება ნიკო ნიკოლაძის პროექტში „ღია სპორტული მოედნების მოწყობა“- კეთილმოეწყო სკოლის სპორტული მოედანი, შემოღობილ იქნა 1 ჰა ფართობი სპორტული მოედნისა.

ღირსშესანიშნაობები რედაქტირება

გალერეა რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.