ქეთრინ პარი (ინგლ. Catherine Parr; დ. 1512 — გ. 7 სექტემბერი, 1548) — ინგლისისა და ირლანდიის დედოფალი 1543-47 წლებში როგორც ჰენრი VIII-ის უკანასკნელი — მეექვსე ცოლი, ასევე ტიუდორთა დინასტიის უკანასკნელი დედოფალი. 1543 წლის 12 ივლისს იგი იძულებით დაქორწინდა მეფეზე და მხოლოდ ერთი წელი იცხოვრა მასთან ერთად. იგი სულ ოთხჯერ იყო გათხოვილი და ჰენრი მისი მესამე ქმარი იყო.

ქეთრინ პარი
Catherine Parr
ინგლისისა და ირლანდიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 12 ივლისი, 1543
მმართ. დასასრული: 28 იანვარი, 1547
წინამორბედი: კათრინ ჰოვარდი
მემკვიდრე: ანა დანიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1512
დაბ. ადგილი: ლონდონი, ინგლისი
გარდ. თარიღი: 7 სექტემბერი, 1548, (35-36 წლის)
გარდ. ადგილი: გლოსტერშირი, ინგლისი
მეუღლე: 1. სირ ედუარდ ბურგი
(ქ. 1529 - გარდ. 1533)
2. ჯონ ნევილი, ლეტიმერის ბარონი
(ქ. 1534 - გარდ. 1543)
3. ჰენრი VIII, ინგლისის მეფე
(ქ. 1543 - გარდ. 1547)
თომას სეიმური, სადლის ბარონი
(ქ. 1547)
შვილები: მერი სეიმური
მამა: სირ თომას პარი
დედა: მაუდ გრინი
რელიგია: ჯერ კათოლიციზმი, შემდეგ ანგლიკანიზმი
ხელმოწერა:

ქეთრინს ძალიან ახლო და თბილი ურთიერთობა ჰქონდა ჰენრის სამივე შვილთან. იგი მონაწილეობას იღებდა ქვეყნის მართვაში ედუარდ VI-ის მეფობისას და ასევე უვლიდა და პატრონობდა პატარა ელიზაბეთს. მან დიდი როლი ითამაშა ჰენრის ანდერძის წერისას, როცა მას ედუარდთან ერთად ტახტის მემკვიდრეებად მერიც და ელიზაბეთიც აცნობინა.

დედოფალი ქეთრინი 1544 წლიდან რეგენტად მუშაობდა, მაშინ როცა ჰენრი საფრანგეთში იმყოფებოდა. მიუხედავად ამისა, მას ამ პერიოდში ქვეყნის მართვაზე დიდი გავლენა არ ჰქონია. 1543 წელს ანონიმურად გამოაქვეყნა ლოცვანის წიგნი. ქეთრინი პროტესტანტიზმისკენ იყო მიდრეკილი, რის გამოც სამეფო საბჭოსა და პარლამენტში კათოლიკეთა რაოდენობა ძალიან შეამცირა, რომლებიც ჰენრის ძველ რელიგიაზე დაბრუნებას ცდილობდნენ. 1545 წელს შეადგინეს ქეთრინის დაპატიმრების ორდენი, თუმცა ის და მეფე შერიგდნენ და ამრიგად გადარჩა დატუსაღებას. მისი ლოცვანი გახდა პირველი საღმრთო წიგნი, რომელიც ინგლისურ ენაზე იქნა დაწერილი. მან ჰენრის გარდაცვალების შემდეგ ელიზაბეთის მეურვეობა მიიღო და გამოაქვეყნა თავისი მეორე წიგნი "ცოდვილთა გოდება".

1547 წლის 28 იანვარს ჰენრი გარდაიცვალა, რის შემდეგაც ქეთრინის მდგომარეობა გაუმჯობესდა. მისი გერი, მეფე ედუარდ VI დიდ პატივს სცემდა მას, რის გამოც მან ქეთრინს ახალი სასახლე, მამულები და სამკაულები აჩუქა.

ჰენრის გარდაცვალებიდან ექვს თვეში ქეთრინი დაქორწინდა ჰენრის მესამე ცოლის, დედოფალ ჯეინ სეიმურის ძმაზე, სადლის ბარონ თომას სეიმურზე. ქორწინება ბედნიერი, მაგრამ ხანმოკლე აღმოჩნდა. მალევე ქეთრინი თავის პირველ მშობიარობას გადაჰყვა საშინელი გართულებების გამო.

ადრეული ცხოვრება რედაქტირება

ქეთრინ პარი დაიბადა 1512 წელს, სავარაუდოდ აგვისტოში. იგი იყო მენორისა და კენდელის ლორდის, სირ თომას პარისა და მისი ცოლის, ლედი მაუდ გრინის უფროსი ქალიშვილი. სირ თომას პარი ინგლისის მეფე ედუარდ III-ის შთამომავალი იყო და წარმოადგენდა პართა ძლიერ საგვარეულოს, რომელთაც ინგლისის ჩრდილოეთში საკმაოდ ვრცელი მამულები და დიდი გავლენები ჰქონდათ. ქეთრინს მხოლოდ ორი უმცროსი და-ძმა ჰყავდა, მოგვიანებით ნორთჰემპტონის მარკიზი უილიამ პარი და მოგვიანებით პემბროკის გრაფინია ანა პარი . პარების ოჯახს ძალიან ახლო და თბილი ურთიერთობა ჰქონდათ სამეფო ოჯახთან. სირ თომასი მეფე ჰენრი VIII-ის ახლო მეგობარი იყო, რისთვისაც ჰენრიმ იგი უამრავჯერ დააჯილდოვა კიდეც. ქეთრინის დედა, ლედი მაუდ გრინი კი ჰენრი VIII-ის პირველი ცოლის, დედოფალ კატალინა არაგონელის უახლოესი მეგობარი და მისი ფრეილინა იყო. სწორედ კატალინას პატივსაცემად დაარქვეს მას ქეთრინი (ვინაიდან ინგლისელები კატალინას ქეთრინს ეძახდნენ).

ზოგიერთი ისტორიკოსი თვლის, რომ ქეთრინი კენდელის ციხესიმაგრეში დაიბადა, თუმცა ამ დროს ის უკვე საშინელ მდგომარეობაში იყო და იქ აღარავინ ცხოვრობდა. მაუდ გრინი ორსულობისას სამეფო კარზე ცხოვრობდა და სწორედ იქ იგეგმებოდა მისი მშობიარობა, რის გამოც ივარაუდება, რომ იგი ლონდონშია დაბადებული. მაგრამ სწორედ ორსულობის ბოლო თვეში იყო მაუდი, როდესაც მისმა ქმარმა სამეფო კარი დატოვა და ჩრდილოეთში გაემგზავრა, სადაც გზად ცუდი ამინდების გამო მაუდს მშობიარობა დაეწყო და იქვე ახლოს მდგარ კენდელის ციხესიმაგრეს შეაფარეს თავი. ასეა თუ ისე, ზუსტად არავინ იცის სად დაიბადა ქეთრინი. სირ თომას პარი მისი დაბადებიდან მალევე გარდაიცვალა და ბავშვები მაუდმა მარტომ აღზარდა.

ქეთრინის განათლება თავდაპირველად ისეთივე საშუალო დონის იყო, როგორიც სხვა დიდგვაროვან ქალბატონებს ჰქონდათ, თუმცა თანდათან მასში სწავლის დაუცხრომელმა წყურვილმა გაიღვიძა, რაც მთელი მისი ცხოვრება არ დამცხრალა. იგი თავისუფლად საუბრობდა ფრანგულ, ესპანურ, იტალიურ და ლათინურ ენებზე. ასევე ცნობილია, რომ ქეთრინი ბავშვობიდანვე ძალიან ამბიციური იყო. ჩვენთვის ცნობილია, რომ მან ერთხელ დედამისს განუცხადა: "ჩემი ხელები შექმნილია იმისათვის, რომ მეჭიროს გვირგვინი და სკიპტრა, და არა იმისთვის, რომ ნემსები ვატრიალო !".

ლედი ბურგი რედაქტირება

1529 წელს ჩვიდმეტი წლის ქეთრინი ცოლად შერთეს სირ ედუარდ ბურგს, ბურგის ბარონ სირ თომას ბურგის შვილიშვილს. ზოგიერთი წყარო იტყობინება, რომ იგი მის ბაბუაზე დააქორწინეს და არა ედუარდზე, თუმცა ეს მცდარი ინფორმაციაა. ქორწინებამდე ერთი წლით ადრე, 1528 წელს სირ თომასი გარდაიცვალა და შესაბამისად ქეთრინი მასზე ვერანაირად ვერ იქორწინებდა.

ქეთრინის პირველი ქმარი ქორწინებისას ოცი წლის იყო და საშინლად შერყეული ჯანმრთელობა ჰქონდა. ქორწინებაში ბავშვები არ გაჩენილა. ედუარდი ძირითადად სამეფო კარზე მთავარ მოსამართლედ მუშაობდა მამასთან ერთად და ცდილობდა სამართლიანობა აღედგინა, რაც არ დასცალდა. 1533 წლის გაზაფხულზე სირ ედუარდ ბურგი გარდაიცვალა. მის ახალგაზრდა, მომხიბვლელ და უშვილო ცოლს კი ცხადია მეორე ქორწინება ელოდა წინ.

ლედი ლეტიმერი რედაქტირება

პირველი ქმრის დაკარგვის შემდეგ, ქეთრინ პარი ძალიან დაუახლოვდა ასევე ახლად დაქვრივებულ ბიძაშვილს, სტრიკლენდის ქვრივ ლედის ქეთრინ ნევილს, რომელთან ერთადაც თითქმის მთელს თავის დროს ატარებდა უესტმორლენდის სასახლეში. 1534 წლის გაზაფხულზე ქეთრინი მეორედ დაქორწინდა ქეთრინ ნევილის ძმაზე, ლეტიმერის ბარონ ჯონ ნევილზე. ამ ქორწინებით ქეთრინი პარების საგვარეულოში პირველი ქალი გახდა, რომელიც მეორედ გათხოვდა.

ორჯერ დაქვრივებული ჯონ ნევილი ქეთრინზე ორჯერ უფროსი იყო. მისი პირველი ცოლი იყო დოროთეა დე ვერე, ოქსფორდის ერლ ჯონ დე ვერეს და, რომელთანაც ორი შვილი ჰყავდა — ჯონი და მარგარეტი. მიუხედავად იმისა, რომ ჯონ ნევილი შედარებით ფინანსურ კრახს განიცდიდა ვინაიდან მისი ძმები ვორვიკის წოდებაზე ედავებოდნენ, იგი მაინც უძლიერეს და მდიდარ დიდგვაროვნად რჩებოდა. ამ ქორწინებით ქეთრინი მთელს ჩრდილოეთ ინგლისში ყველაზე გავლენიან ქალად იქცა, ცხადია დედოფლის შემდეგ.

 
სნეპის სასახლე, ჯონ ნევილის რეზიდენცია

ჯონ ნევილი კათოლიკური ეკლესიის ერთგული იყო და კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა მეფის ქორწინების გაუქმებას, რის შემდეგაც იგი ანა ბოლეინზე იქორწინებდა, კათოლიკური ეკლესიიდან განდგომის ხარჯზე. 1536 წლის ოქტომბერში კათოლიკე დიდგვაროვნებმა ანგლიკანიზმის წინააღმდეგ ამბოხება მოაწყვეს და ჯონსაც შესთავაზეს მონაწილეობა, რაზეც მან თავიდან უარი თქვა. მართალია მას რომთან კავშირის აღდგენა სურდა, თუმცა არ უნდოდა ეს მეფესთან ურთიერთობის გაფუჭების ხარჯზე მომხდარიყო. საბოლოოდ ლორდებმა მოახერხეს და ჯონი ამბოხებაში ჩაითრიეს. 1536 წლის ოქტომბრიდან 1537 წლის აპრილამდე ქეთრინი სნეპის სასახლეში მარტო ცხოვრობდა შეშინებული და ელოდა აჯანყების დასრულებას. 1537 წლის იანვარში ჩრდილოეთის აჯანყების დროს პროტესტანტებმა სნეპის სასახლეში ქეთრინი და მისი გერები მძევლებად აიყვანეს. პროტესტანტებმა სასახლეში ყველანაირი ნივთი დალეწეს და ჯონს წერილი გაუგზავნეს, რომ თუ იგი აჯანყებას თავს არ დაანებებდა მის ოჯახს ამოხოცავდნენ. ჯონ ნევილი სასწრაფოდ დაბრუნდა და ოჯახი დაიხსნა, თუმცა ამის შემდეგ ურჩობისთვის მეფემ მას გადასახადები გაუორგმაგა.

მეფე და თომას კრომველი დაწვრილებით განიხილავდნენ ჯონ ნევილის საქმეს, იყო იგი ნამდვილი მეამბოხე, რისთვისაც მას ციხე ელოდა, თუ უბრალოდ ჩაითრიეს ამ ამბავში. საბოლოოდ ჰენრიმ და თომასმა გადაწყვიტეს, რომ ჯონი მოღალატე იყო, მისი დაპატიმრება და სიკვდილით დასჯა განიზრახეს. მას მთელი ქონება ჩამოართვეს და დაპატიმრებული ლონდონში ჩაიყვანეს, სადაც მას თავის მოკვეთა ელოდა. ამ დროს საქმეში ქეთრინის ძლევამოსილიი ნათესავები ჩაერივნენ და ჯონი სიკვდილისგან იხსნეს, მალე კი მას მთელი ტიტულები და ქონება აღუდგინეს.

მიუხედავად იმისა, რომ ჯონ ნევილი სიკვდილით დასჯას გადაურჩა, ამან დამღუპველად იმოქმედა მათ იმიჯსა და რეპუტაციაზე, განსაკუთრებით ძვირად კი ეს ქეთრინს დაუჯდა. მომდევნო შვიდი წლის მანძილზე ისინი სამხრეთში, სამეფო კართან ახლოს გადასახლდნენ, რადგან ცდილობდნენ მეფის გული კვლავ მოეგოთ. 1540 წელს, მას შემდეგ რაც თომას კრომველი გარდაიცვალა ჯონ ნევილმა და მისმა ოჯახმა გარკვეულწილად ძველი ღირსება აღიდგინა. 1542 წლიდან ისინი ლონდონში გადასახლდნენ, სადაც ჯონ ნევილი პარლამენტის წევრი გახდა. ქეთრინმა მოინახულა თავისი ძმა უილიამი და და ანა. სწორედ აქ გაიცნო მან თავისი მომავალი, მეოთხე ქმარი — თომას სეიმური. სამეფო კარზე ცხოვრება რადიკალურად განსხვავდებოდა აქამდე არსებული ქეთრინის სოფლის ცხოვრებისგან. აქ მან აითვისა უამრავი ახალი ტენდენცია, მათ შორის როგორც რელიგიურ, ისე მოდის საკითხებში.

1542 წლის ზამთრიდან ჯონ ნევილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ჯონმა იცოდა, რომ მისი აღსასრული ახლოვდებოდა, ამიტომაც ყველა საქმის მოგვარება გადაწვიტა. მან თავისი უმცროსი ქალიშვილის, ლედი მარგარეტის მეურვედ ქეთრინი დაასახელა და მას მიანდო მარგარეტის გათხოვების საკითხიც. მან ასევე მთელი თავისი ქონება ქეთრინსა და უფროს ვაჟს გაუნაწილათ. ასევე მისი ანდერძის მიხედვით, თუ მარგარეტი ხუთი წლის მანძილზე არ გათხოვდებოდა, ქეთრინი ვალდებული იყო მისთვის ყოველწლიურად 30 000 გირვანქა სტერლინგი ეხადა. 1543 წელს ჯონ ნევილი გარდაიცვალა, ქეთრინი კი მდიდარ ქვრივად იქცა.

იქიდან გამომდინარე, რომ ქეთრინის დედა, მაუდ გრინი ჰენრი VIII-ის პირველი ცოლის, დედოფალ კატალინა არაგონელის ახლო მეგობარი იყო, ქეთრინს შანსი ჰქონდა დამეგობრებულიყო ჰენრისა და კატალინას ქალიშვილთან — ლედი მერი ტიუდორთან. 1543 წლის 16 თებერვალს მერის სურვილით მისი მეგობარი, ქეთრინ პარი სამეფო კარზე გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მეფე ჰენრი VIII-ის ყურადღების ცენტრში მოექცა. მიუხედავად ამისა ქეთრინმა ძალიან ახლო და რომანტიკული ურთიერთობა დაამყარა სირ თომას სეიმურთან, რომელიც ჰენრის მესამე ცოლის, დედოფალ ჯეინ სეიმურის ძმა იყო. ჰენრიმ კარგად იცოდა, რომ თომასთან შანსი არ ჰქონდა, ამიტომაც სირ თომასი ბრიუსელში გაუშვა, რათა სამეფო კარზე კონკურენტები აღარ ჰყოლოდა ქეთრინთან მიმართებაში.

ინგლისისა და ირლანდიის დედოფალი რედაქტირება

 
დედოფალი ქეთრინ პარი

ჰენრი VIII ახალი გაცილებული იყო თავის მეხუთე ცოლთან, დედოფალ კათრინ ჰოვარდთან (რომელიც მალევე სიკვდილით დასაჯა), ამიტომაც მას ქორწინების პრობლემა არ ჰქონდა. ქეთრინმა ჰენრის, როგორც მეფეს უარი ვერ შეჰკადრა, თუმცა მას დასანახადაც ვერ იტანდა. ქეთრინ პარი და ჰენრი VIII 1543 წლის 12 ივლისს დაქორწინდნენ ჰემპტონის სამეფო სასახლეში. იგი გახდა ინგლისის დედოფალი და ასევე ისტორიაში ირლანდიის პირველი დედოფალი. ქეთრინსა და ჰენრის მრავალი საერთო წინაპარი ჰყავდათ. დედების ხაზით ისინი მესამე თაობის, ხოლო მამების ხაზით მეოთხე თაობის ბიძაშვილები იყვნენ.

დედოფლად გახდომის შემდეგ, ქეთრინმა თავისი გერი, მარგარეტ ნევილი დანიშნა სასახლის დიასახლისად. გარდა ამისა ქეთრინმა ჰენრისთან ქორწინების შემდეგ კიდევ სამი გერი შეიძინა — მერი (რომელიც ჰენრის პირველ ცოლთან ჰყავდა), ელიზაბეთი (რომელიც ჰენრის მეორე ცოლთან ჰყავდა) და ედუარდი (რომელიც ჰენრის მესამე ცოლთან ჰყავდა). ქეთრინს სამივე მათგანთან ძალიან ახლო და თბილი ურთიერთობა ჰქონდა, განსაკუთრებით კი ედუარდთან, რომლის ტახტზე ასვლის შემდეგაც ქეთრინი მისი უახლოესი მრჩეველი გახდა.

1544 წელს ჰენრი საფრანგეთში საომრად წავიდა, რის დროსად ივლისიდან სექტემბრამდე რეგენტად ქეთრინ პარი დანიშნა. თუმცა ვინაიდან სამეფო საბჭოში ბევრი მისი ახლობელი იყო, მან ქვეყნის მართვა მთლიანად მათ მიანდოთ. ქეთრინს ებარა ფინანსები და საშინაო და საგარეო პოლიტიკაც. ჩრდილოეთიდან მემეზობლე შოტლანდიაში არეულობა მძვინვარებდა და საფრთხეს უქადდა ინგლისს. ამას დაემატა ჰენრის სრული მარცხი საფრანგეთში. თუმცა რეგენტობისას მან უამრავი ინგლისელი მოაქცია ანგლიკანობაზე, რითაც დაამახსოვრა თავი ინგლისის ისტორიას. სწორედ ამის გამო იგი ძალიან დაახლოვდა თავის გერთან, პრინცესა ელიზაბეთთან.

 
დედოფალ ქეთრინ პარის გერბი

დედოფლის რელიგიური შეხედულებების წინააღმდეგ ამხედრდნენ რამდენიმე ანტი-პროტესტანტული პოლიტიკის გამტარებელი ინგლისელი დიდგვაროვანი. მიუხედავად იმისა, რომ ქეთრინი კათოლიკედ აღიზარდა, მან მოგვიანებით ანგლიკანიზმი მიიღო. 1540-იან წლებშ იგი ეჭვქვეშ იყო, ნამდვილად ანგლიკანი იყო თუ არა. ამ თვალსაზრისით დედოფალს მხარს უჭერდნენ რეფორმატორები, რომლებმაც ჰენრის გარდაცვალების შემდეგ ხელი შეუწყვეს ქეთრინის მეორე წიგნის გამოცემას. წიგნში ნათლად ეწერა, რომ ჭეშმარიტი რელიგია პროტესტანტიზმი იყო, ხოლო კათოლიკური ეკლესია მხოლოდ ერესს წარმოადგენდა. ქეთრინმა კარგად იცოდა, რომ ეს ბევრად უფრო მეტი იყო, ვიდრე საძაგელი ახალი რელიგია.

1546 წელს უინჩესტერის ეპისკოპოსმა და ლორდმა უერიოთესლეიმ დედოფალ ქეთრინთან ერთად ჰენრის დამხობა სცადეს, თუმცა მეფემ ისინი გამოააშკარავა. მათთვის დაპატიმრების და სიკვდილით დასჯის ორდერები უკვე მზად იყო. მთელს ევროპაში ხმა დაირხა, რომ ჰენრი მეექვსე ცოლსაც წინების მსგავსად მოიშორებდა. ისედაც, უკვე დიდი ხანი იყო გასული რაც ჰენრი ქეთრინს ყურადღებას აღარ აქცევდა და სუფოლკის ჰერცოგინიით იყო დაინტერესებული. როდესაც ქეთრინს დაპატიმრების ორდერი წარუდგინეს მაშინვე მეფესთან გაიქცა და პატიება სთხოვა, გაახსენა მისი ერთგულება, რელიგიისადმი სიყვარული, შემდეგ კი აკოცა. ამის შემდეგ ჰენრიმ ცოლს მიუტევა და ორდერიც გააუქმა.

საბოლოო ქორწინება და გარდაცვალება რედაქტირება

 
ქეთრინ პარი

გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, ჰენრიმ ქეთრინს ყოველთვიური პენსიის სახით 7 000 გირვანქა სტერლინგი დაუნიშნა. შემდგომში როდესაც ტახტზე ედუარდ VI ავიდა, მან ეს თანხა გაუზარდა და ახალი მამულებიც უბოძა. ჰენრი VIII 1547 წლის 28 იანვარს გარდაიცვალა, 31 იანვარს კი შედგა ედუარდ VI-ის მეფედ კურთხევა.

ჰენრის გარდაცვალებიდან ერთ წელიწადში თომას სეიმური ინგლისში დაბრუნდა და დაიბრუნა ძველი დიდება, მალე როგორც ბიძა, ედუარდის რეგენტი გახდა. 1547 წლის გაზაფხულზე თომასმა ქეთრინს ხელი სთხოვა. ქეთრინი სიხარულით დასთანხმდა ვინაიდან მას თომასისადმი ძველი გრძნობები განუახლდა, თუმცა ორივემ იცოდა, რომ მათ ქორწინების ნებართვას სამეფო საბჭო არ მისცემდათ. ამავე წლის მაისში ქეთრინ პარი და თომას სეიმური მალულად დაქორწინდნენ. ქორწინების შესახებ ზაფხულში გახდა ცნობილი, რამაც სამეფო კარზე სკანდალი გამოიწვია. ამან საშინლად განარისხა ღრმადმორწმუნე მერი ტიუდორი, ქეთრინის გერი, რომელმაც სამუდამოდ შეიძულა ქეთრინიც და მისი მომხრე ელიზაბეთიც.

სკანდალმა მალე გადაიარა და ყველაფერი ძველებურ კალაპოტს დაუბრუნდა. თომასი ინგლისის დე-ფაქტო მმართველი და მაშასადამე ქვეყანაში ყველაზე ძლევამოსილი კაცი იყო. მალევე სეიმურების ოჯახში პატარა კონფლიქტი წარმოიშვა. ქეთრინი და მისი რძალი, მისი მაზლის მეუღლე გარკვეულ სამკაულებზე წაკამათდნენ, რაც შემდგომში დიდ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ამის შემდეგ ქეთრინმაც და თომასმაც სამუდამოდ გაწყვიტეს ურთიერთობა თომასის და-ძმებთან.

1547 წელს ქეთრინმა თავისი მეორე წიგნი გამოაქვეყნა, სახელწოდებით "ცოდვილთა გოდება", რომელმაც მალევე დიდი გამოხმაურება ჰპოვა. 1548 წლის გაზაფხულზე ქეთრინმა თავისთან საცხოვრებლად გადაიყვანა პრინცესა ელიზაბეთ ტიუდორი და მისი მამიდაშვილი, ლედი ჯეინ გრეი, რომლებიც სადლის სასახლეში დააბინავათ და საუკეთესო განათლებით უზრუნველყო. მან შეასრულა ჰენრისთვის მიცემული პირობა და ორივე განათლებულ და გონიერ ქალებად აქცია.

1547 წლის მარტში 35 წლის ქეთრინს ორსულობა დაუდგინდა. ეს მისთვის ნამდვილი სიურპრიზი იყო, რადგან სამჯერ იყო დაქორწინებული და არცერთ ქმართან შვილი არ ჰყოლია. ამ დროს გავარდა ხმა, რომ თომას სეიმური ელიზაბეთით იყო დაინტერესებული და ტახტზე ასვლის მიზნით მასზე ქორწინებას გეგმავდა. თუმცა ამის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება არ არსებობს. საბოლოოდ იმდენად გამძვინვარდა ეს ჭორი, რომ ქეთრინს შეეშინდა თომასი ელიზაბეთთან არ დაწოლილიყო, ამიტომაც მისი და ელიზაბეთის რეპუტაციის დაცვის მიზნით იგი ირლანდიაში გააგზავნა. მათ ამის შემდეგ ერთმანეთი აღარ უნახავთ, თუმცა ცხოვრების ბოლომდე სწერდნენ ერთმენეთს წერილებს.

1548 წლის 30 აგვისტსოს ქეთრინმა გოგონა გააჩინა, სახელად მერი სეიმური. პატარა მერი დაბადებიდან ექვს დღეში დაიღუპა ცხელებით. ქეთრინი მშობიარობიდან მალევე გარდაიცვალა. ცნობილია, რომ იგი გართულებულ მშობიარობას გადაჰყვა, თუმცა ბევრი ისტორიკოსი ვარაუდობს, რომ იგი თომასმა მოწამლა რადგან ელიზაბეთზე ექორწინა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Martienssen, Anthony (1973). Queen Catherine Parr. London: Secker & Warburg. ISBN 0-436-27328-4.
  • Parr, Katherine (2011). Mueller, Janel, ed. Katherine Parr: Complete Works and Correspondence. Chicago: University of Chicago Press. ISBN 978-0-226-64724-1.
  • Norton, Elizabeth (2011). Catherine Parr. Chalford: Amberley. ISBN 1445603837.
  • Withrow, Brandon (2009). Katherine Parr: The Life and Thought of a Reformation Queen. Phillipsburg: P&R. ISBN 1-59638-117-5.
  • Williamson, David (2010). Kings & Queens (new ed.). London: National Portrait Gallery Publications. ISBN 1855144328.
  • Starkey, David (2004). Six wives: The Queens of Henry VIII / David Starkey. New York: HarperCollins. ISBN 069401043.
  • Jones, Philippa (2010). Elizabeth: Virgin Queen. London: New Holland Publishers Ltd. ISBN 1-84773-515-0.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება