ქართული სუფრა - ტრადიცია წარმოადგენს ქართული საზოგადოების ყოველდღიური კულტურის ნაწილს. ის სოციალური პრაქტიკა და ქართული ყოფის შემადგენელი ნაწილია, რამაც განაპირობა ამ მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის დღემდე შენარჩუნება. ქართული სუფრის ტრადიცია ასევე წარმოადგენს საშემსრულებლო ხელოვნებას. სუფრის შემადგენელი ნაწილია პოეტური დეკლამაცია, სიმღერა და ცეკვა. სუფრის პროცესი აღვივებს ურიერთპატივისცემის, თანასწორობის, ღირსების გრძნობას. სუფრის ტრადიცია მომდინარეობს ქართველი ერის ისტორიულ -კულტურულ წარსულიდან.განასხვავებენ სარიტუალო (ლხინისა და ჭირის, სადღესასწაულო-სალხინო და ა.შ,) და საერო პურობას. სუფრის ტიპოლოგია საზოგადოების ყოფა-ცხოვრებასა და ტრადიციებს ეფუძნება. მისი შემადგენელია სუფრის ეტიკეტი, პურობის რიგითობა, სანახაობითობა, თამადობისა და სადღეგრძელოების კულტურა, სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია. ქართული სუფრის კულტურა მოიცავს სუფრის სამზადისს, სუფრის დაწყებას, განვითარებას, კულმინაციას და სუფრის დასრულებას.[1]

ქართული სუფრა

ქართული სუფრის წარმოშობის დათარიღება საკმაოდ ძნელია, რადგან ამ კულტურის ფესვები საუკუნეების სიღრმეში მიდის. ვანში, 2006 წელს აღმოჩენილი ბრინჯაოს მცირე ზომის ქანდაკება ძველი წელთაღრიცხვის მე-7 საუკუნეს განეკუთვნება. მინიატურული ზომების მიუხედავად, მამაკაცის ქანდაკება ყანწით ხელში თანამედროვე თამადის ისტორიულ წინაპრად არის მიჩნეული. სუფრის სამზადისში მონაწილეობენ ქალბატონები და მამაკაცები, რომლებიც ამზადებენ წინასწარ შერჩეულ კერძებს. სუფრის ეტიკეტი გულისხმობს თამადის, მერიქიფის (ღვინის სასმისების შევსებაზე პასუხისმგებელი) და სხვა დამხმარე პერსონალის განსაზღვრულ უფლება-მოვალეობებს, სადღეგრძელოების თანმიმდევრობას, მომზადებული კერძების სუფრაზე შემოტანის რიგითობას, სხვადასხვა საკითხებზე მსჯელობის შესაძლებლობას, ლხინის სუფრაზე გართობას (ლექსი, შაირი, კაფიობა, ცეკვა, სიმღერა, თამაშობები). სამგლოვიარო სუფრა 2 საათამდე გრძელდება (ისმევა 7-9 სადღეგრძელო). ლხინისა და სხვა სუფრები შეიძლება 4-5სთ და მეტიც გაგრძელდეს. სუფრა ღიად თუ ფარულად, მონაწილეობს ჩვენი ყოფის თითქმის ყველა საფეხურზე, დაწყებული დაბადების სიხარულიდან, დამთავრებული გარდაცვალების რიტუალამდე.[2]

პურობა იწყება სუფრის წარმმართველის - თამადის არჩევით. თამადა წარმოთქვამს სადღეგრძელოებს, რომელთა თანმიმდევრობა სუფრის ტიპზეა დამოკიდებული: რწმენა, ოჯახი, სამშობლო და წინაპრები ქართული სუფრის უცვლელი თემებია. სადღეგრძელოებს თამადის შემდეგ რიგ-რიგობით წარმოთქვამენ სუფრის წევრები და აგემოვნებენ ღვინოს. განსხვავებული სასმისით (ყანწი, ბადია, თასი, რელიქვიური სასმისი) ისმება განსაკუთრებული სადღეგრძელოები და ხელიდან ხელში გადაეცემა სუფრის წევრებს. სუფრის მსვლელობის დროს თამადა სუფრის წევრს “ალავერდს"- სადღეგრძელოს თქმის უფლებას” გადასცემს. მიმღები განავრცობს სადღეგრძელოს და სხვას გადასცემს. ასეთი წესრიგი სუფრის წევრებს ერთიანი პროცესის შემოქმედათ აქცევს. [3]

სადღეგრძელოები გაჯერებულია ლექსებით, მოგონებებით, იუმორით, მსჯელობით. სუფრის მსვლელობისას მღერიან, ცეკვავენ, შაირობენ... (გამონაკლისია სამგლოვიარო სუფრა). სუფრის ეტიკეტი ქალბატონების მიმართ გასაკუთრებულ მოპყრობას გულისხმობს, რაც სადღეგრძელოებში, სიმღერებსა თუ ზეპირსიტყვიერებაში გამოიხატება. დასასრულს, თამადა ადღეგრძელებს მასპინძელ ოჯახს და მადლობას უხდის დიასახლისს, ხოლო სუფრის წევრები წარმოთქვამენ თამადის და ყველაწმინდას სადღეგრძელოს. თამადა პატივცემული და განსაკუთრებულად დაფასებული პიროვნებაა. საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში, თემში, სოფელში ცნობილი არიან თამადები, რომლებსაც სუფრის წარმართვისათვის სპეციალურად იწვევენ ოჯახებსა თუ სარიტუალო დაწესებულებებში. ისტორიამ გაზეთ ივერიაში (მე-19სკ) ასეთი ჩანაწერიც კი შემოგვინახა: „ბახუტაშვილს თამადობის 50 წლის იუბილე გადაუხადეს“. [4]

ეტიმოლოგია რედაქტირება

ქართული ტრადიციული სუფრის კულტურა თავის დასაბამს საუკუნეების სიღრმეში იღებს. სიტყვა „სუფრა“ სპარსული წარმოშობისაა (სოფრე). სულხან-საბა ორბელიანის მიხედვით იგი ტაბლას აღმნიშვნელია, ხოლო არნოლდ ჩიქობავას მიხედვით, მისი პირველადი მნიშვნელობა მაგიდის გადასაფარებლია, მესამე პუნქტად არის განმარტებული როგორც პურობა. თანამედროვე ცხოვრებაში, ამ ტერმინმა მკვეთრად დაიმკვიდრა მაგიდასთან მჯდომი საზოგადოების ერთად სადილობის, მოლხენის და ა. შ. მნიშვნელობა.[5]

სუფრის შესახებ მნიშვნელოვან ცნობებს იძლევა ადრეული, შუა და გვიანი პერიოდის წერილობითი წყაროები, როგორიცაა: „შუშანიკის წამება“, „ვეფხისტყაოსანი“, „ქართლის ცხოვრება“, „ხელმწიფის კარის გარიგება“, „დასტურლამალი“, იესე ბარათაშვილის „ცხოვრება-ანდერძი“, „კალმასობა“. უნდა აღინიშნოს XV-XIX სს. მოგზაურთა: ამბროზიო კონტარინის, დიონიჯი კარლის, ჟან შარდენის, არქანჯელო ლამბერტის, ასევე რუსი ელჩების — ნიკიფორე ტოლოჩანოვისა და ალექსი იევლევის ჩანაწერები და სხვა მასალები. თუმცა, ქართული სუფრის დღევანდელი სახე ყველაზე მეტად XIX ს-ის ტრადიციებიდან მომდინარეობს, რომელიც, თავის მხრივ წინარე პერიოდის უწყვეტი განვითარების ლოგიკური შედეგი იყო.

სტატუსი რედაქტირება

2020 წლის 18 თებერვალს, საქართველოს მთავრობის პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ბრძანებით, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს — ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურას (ქართულ სუფრას) განესაზღვროს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭა[6].

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. იველიშვილი თ., ჯანაშია ს.,, ქართული სუფრის ეტიკეტი, შრომები ტ.4., თბილისი, „მშრომები“, 1968.
  2. გოცირიძე, გიორგი (2007). კვების ხალხური კულტურა და სუფრის ტრადიციები საქართველოში. თბ.: ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, გვ. 183. ISBN 978-99940-58-22-8. 
  3. თოფჩიშვილი, როლანდ (2018). გეოგრაფიული გარემო და კავკასიელთა ეთნიკური კულტურა. თბ.: ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, გვ. 111. ISBN 978-9941-26-223-4. 
  4. ოჩიაური, ალექსი (1980). სტუმართ-მასპინძლობა ხევსურეთში. თბ.: ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, გვ. 16-57. 
  5. ჩუბინიშვილი, დავით (1887). ლექსიკონი. თბ.: მოკლე ქართული გრამატიკა, გვ. 19. 
  6. https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/4801519?publication=0 საქართველოს პრემიერ მინისტრის ბრძანების ტექსტი]


ლიტერატურა რედაქტირება