ქართული ნეკერჩხალი

ქართული ნეკერჩხალი (ლათ. Acer ibericum) — ტანდაბალი, 10 მეტრამდე სიმაღლის ხე ნეკერჩხლისებრთა ოჯახისა.[1] პატარა ლამაზი ვარჯით, ყლორტები მოყავისფროა, მეჭეჭებით აღჭურვილი, ტოტები და ღერო დაფარულია მუქი ნაცრისფერი ქერქით. ფოთლები ხორციანი და წვრილია, 25-40 მმ სიგრძისა და 35-70 მმ სიგანის, სამნაკვთიანი, ზედა მხრიდან მუქი მწვანე და მბრწყინავი, ქვედა მხრიდან კი — ბაცი მწვანე. ფოთლის ყუნწი მოწითალოა 20-40 მმ-მდე. წვრილი მოყვითალო-მწვანე ფერის ყვავილები შეკრებილია მცირერიცხვოვან (6-8), აღმამდგომ მტევნისებრ ყვავილედებში. ნაყოფი ორმაგი ფრთიანი კაკალია. ფრთები თითქმის ურთიერთპარალელურია. ნორჩობაში ფრთები მოწითალოა. თესლები მომრგვალო წახნაგოვანი. ქართული ნეკერჩხალი ძლიერ სიმშრალის ამტანი მცენარეა, რის გამოც კარგია აღმოსავლეთ საქართველოს მშრალი ადგილების გატყიანებისთვის. იგი სიცივის ამტანია, გავრცელებულია როგორც დაბლობ ადგილებში ისე მთებში.

ქართული ნეკერჩხალი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  Sapindales
ოჯახი:  ნეკერჩხლისებრნი
გვარი:  ნეკერჩხალი
სახეობა:  Acer ibericum
ლათინური სახელი
Acer ibericum

ქართული ნეკერჩხალი ველურადაა გავრცელებული ამიერკავკასიის აღმოსავლეთ ნაწილის ტყეებში და ძირითადად ტყისპირებსა და ღია ადგილებში. საქართველოში იგი ჩვენი ნათელი ტყეების ერთ-ერთი ძირითადი მცენარეა. განსაკუთრებით ხშირია შირაქიდან ალაზნისკენ დაქანებულ ფერდობთა ხევებში და სხვა. მდინარის კანიონებით (ხრამი, მაშავერა, ბოლნისისწყალი) შეჭრილია მთების შუა სარტყელშიც. აღნიშნულ ნეკერჩხალთან ძალიან ახლოს დგას მონპელიეს ნეკერჩხალი (ლათ. Acer monspessulanum), რომელიც დასავლეთ ევროპის სამხრეთ ქვეყნებშია გავრცელებული.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ი. აბაშიძე. დენდროლოგია, ნაწილი 2. გვ. 176. თბ., 1985.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Acer ibericum ინგლისური. Zipcodezoo. ციტირების თარიღი: 13 ნოემბერი, 2010.