ქართული ენის დიალექტები

(გადამისამართდა გვერდიდან ქართული დიალექტები)

ქართული ენის დიალექტებიქართული ენის სახესხვაობები, რომელთა შესახებ ცნობები გვხვდება ჯერ კიდევ XVIII საუკუნის მიწურულსა და XIX საუკუნის უცხოელ მოგზაურთა და მეცნიერთა ნაშრომებში. აღსანიშნავია ალტერის, იოჰან გიულდენშტედტის, მარი ბროსეს, ვიქტორ როზენის, რიხარდ ერკერტის, ჰუგო შუხარდტისა და სხვათა შრომები ამ მიმართულებით.

ქართული დიალექტების მეცნიერული შესწავლა XX საუკუნის დამდეგიდან დაიწყო. 1910 წელს ნიკო მარმა სამხრეთ საქართველოში შეისწავლა იმერხეული მეტყველება და 1911 წელს გამოსცა ტექსტები, რომლებსაც დაურთო შენიშვნები და ლექსიკონი. მისივე ხელმძღვანელობით პეტერბურგის უნივერსიტეტსა და მეცნიერებათა აკადემიაში მტკიცე საფუძველი ჩაეყარა დიალექტოლოგიურ კვლევას, შედგა ინსტრუქცია-პროგრამა, გაიშალა საექსპედიციო საქმიანობა, გამოიცა სალექსიკონო მასალა და მისთანა (იოსებ ყიფშიძე, აკაკი შანიძე, ვუკოლ ბერიძე).

1913 წელს კრებულ „ძველ საქართველოში“ დაიბეჭდა მოსე ჯანაშვილის ვრცელი ნაშრომი ინგილოურის შესახებ. დიალექტების გეგმაშეწონილი და სისტემატური შესწავლა პირველად თბილისის უნივერსიტეტში დაიწყო. აკაკი შანიძემ დასაბამი მისცა „მთის კილოების“ ფუნდამენტურ კვლევას. ოციან წლებში გამოქვეყნდა აკაკი შანიძის, არნოლდ ჩიქობავას, ვარლამ თოფურიას ფუძემდებლური დიალექტოლოგიური ნაშრომები, რომლებმაც განსაზღვრეს ამ დარგის განვითარება. ფართოდ გაიშალა აგრეთვე კვლევა-ძიება ჯერ ნიკო მარის სახელობის ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტში, ხოლო მოგვიანებით — მისგან გამოყოფილ ენათმეცნიერების ინსტიტუტში.

ქართულ დიალექტოლოგიაში მუშაობა იმთავითვე რამდენიმე მიმართულებით წარიმართა. ამოცანად დაისახა: 1) დიალექტთა ყოველმხრივი და ამომწურავი შესწავლა (ტექსტების შეკრება-გამოცემა, ცალკეული დიალექტების ფონეტიკურ-გრამატიკული თავისებურებების სრული დახასიათება); 2) დიალექტიკური ლექსიკონების შედგენა; 3) ისტორიული დიალექტოლოგიის პრობლემების კვლევა; 4) მწერლის ენის შესწავლასთან ერთად პერსონჟთა მეტყველების თავისებურებათა შესწავლა; 5) დიალექტთა საერთო მოვლენების წარმოშობა-განვითარების ძიება ქართული ენის განვითარების საერთო ფონზე და ქართული ენის დიალექტთა მასალის ანალიზის საფუძველზე ზოგადმეცნიერული საკითხების გაშუქება; 6) გამოქვეყნებულია მონოგრაფიული გამოკვლევები და დიდი რაოდენობით ცალკეული სტატიები; 7) სპეციალურად შესწავლილია რამდენიმე დიალექტის ლექსიკა; 8) დაბეჭდილია დიალექტოლოგიური ტექსტები და სხვა. საფუძველი ჩაეყარა დიალექტოლოგიური ატლასის შექმნას.

დიალექტიკური თავისებურებანი გამოვლენილია ძველი საუკუნეების წერილობით ძეგლებში — ძველ ქართულ თარგმანებში, ორიგინალურ მხატვრულ ლიტერატურაში, ისტორიულ საბუთებში და სხვა. მოგვეპოვება წინა საუკუნეებში ფიქსირებული ცოცხალი მეტყველების ტექსტებიც, რომლებიც დაცულია ნეაპოლის ეროვნულ ბიბლიოთეკაში (XVIII საუკუნე).

ქართული ენა იყოფა მეტ-ნაკლებად განსხვავებულ დიალექტურ ერთეულებად. ისინი ტრადიციულად ერთიანდებიან აღმოსავლურ და დასავლურ ჯგუფებში (გამოყოფენ სამხრეთულ ჯგუფსაც), რასაც საფუძვლად უდევს უმთავრესად ეთნიკური და გეოგრაფიული საკლასიფიკაციო პრინციპი. დიალექტთა კლასიფიკაციის ლინგვისტური კრიტერიუმი კი კილო-თქმათა განმასხავებელი ნიშნების ერთობლიობაში მდგომარეობს.

ქართულ ენას გააჩნია გარდამავალი, ანუ ნარევი დიალექტები, მაგ., ლიხის ქედის მიმდებარე სოფლებში ქართლურ და ზემოიმერულ კილოთა ნარევი მეტყველებაა გავრცელებული, იგივე შეიძლება ითქვას ცხენიწყლის ხეობაში ქვემოიმერულ და ლეჩხუმურ დიალექტებზე. იმერულისა და ქართლურის ნარევია ბორჯომის ხეობის მცხოვრებთა მეტყველება. საქართველოს ისტორიული ტერიტორიის გარეთ არსებული ქართველთა კილოებია: ფერეიდნული, „ჩვენებურების ქართული“ (ბურსა-ინეგოლში, ადაფაზარ-იზმითში, გონენსა და კაიზერში გადასახლებულ ქართველ მუჰაჯირთა მეტყველება) და მკვდარი ყიზლარ-მოზდოკურ-პლასტუნკური ქართული.

დიალექტების კლასიფიკაცია რედაქტირება

აკაკი შანიძემ გამოყო ექვსი დიალექტური ჯგუფი: 1. ფხოური — ხევსურული, მოხეური და თუშური; 2. მთიულური და ფშაური, რომელთაც ზოგი ნიშნის მიხედვით უახლოვდება ზემორაჭული; 3. ქართლ-კახური. ქართლურთან ახლოს დგას მესხურ-ჯავახური, კახურთან — ქიზიყური; 4. დასავლური დიალექტები: ზემო, შუა და ქვემო იმერული, გურული და ქვემორაჭული; 5. სამხრეთ-დასავლური ჯგუფი: ზემოაჭარული და იმერხეული; 6. ინგილოური, რომელზეც ძლიერი ზეგავლენა იქონიეს ხუნძურმა და აზერბაიჯანულმა ენებმა.

განსხვავებული პრინციპით აჯგუფებს ქართული ენის დიალექტებს არნოლდ ჩიქობავა, რომელიც გამოყოფს შვიდ დიალექტურ წრეს: 1. ქართლურს მესხურ-ჯავახურითურთ; 2. კახურს ქიზიყურით, ინგილოურითა და ფერეიდნულითურთ; 3. იმერულს ლეჩხუმურითურთ; 4. გურულს, 5. აჭარულს; 6. იმერხეულს; 7. მთის კილოებს: ხევსურულს, თუშურს, ფშაურს, მთიულურს (გუდამაყრულითურთ), მოხეურსა და რაჭულს. თავის მხრივ, ყველა ეს დიალექტი ორ დიდ ჯგუფად განიყოფება: ბარის კილოებად (პირველი ექვსი ჯგუფი) და მთის კილოებად (მეშვიდე ჯგუფი).

ქართული ენის დიალექტების კლასიფიკაციას სპეციალურად შეეხო შოთა ძიძიგური, რომელმაც გამოყო ხუთი ჯგუფი: 1. ინგილოური და ფერეიდნული; 2. თუშური, ფშაური, ხევსურული, მოხეური, მთიულური, მთარაჭული; 3. კახური, ქართლური, მესხური: 4. ზემოიმერული, ქვემოიმერული, ქვემორაჭული; 5. გურული, აჭარული, იმერხეული.

ბესარიონ ჯორბენაძის მიერ ქართული ენის კილოები დაყოფილია აღმოსავლეთ საქართველოსა და დასავლეთ საქართველოს კილოებად. აღმოსავლეთ საქართველოს დიალექტებში სამი ქვეჯგუფი გამოიყოფა: ა) მთის დიალექტები: ხევსურული, ფშაური, თუშური, მოხეური, მთიულურ-გუდამაყრული, ბ) ბარის დიალექტები: ქართლური, კახური, ინგილოური, ფერეიდნული, გ) სამხრეთ-დასავლური დიალექტი — მესხურ-ჯავახური; დასავლეთ საქართველოს კილოები სამ ზონად იყოფა: ა) ზემო ზონის დიალექტი — რაჭული, ბ) შუა ზონის დიალექტები — იმერული და ლეჩხუმური, გ) ქვემო ზონის დიალექტები — გურული და აჭარული.

ტარიელ ფუტკარაძე თვლის, რომ სამწიგნობრო ქართულსა და კილოებს შორის სხვაობა მატულობს დედაქალაქთან (სასულიერო-კულტურულ და მმართველობით ცენტრთან) კილოს დაშორების პროპორციულად. სამწიგნობრო ქართულის გავლენის კლების შესაბამისად, ქართველთა თანამედროვე საშინაო-სამეტყველო ერთეულებს იგი ჰყოფს ცენტრალურ, განაპირა და საქართველოს ისტორიული ტერიტორიის გარეთ არსებულ დიალექტებად.

ზოგადი ხასიათება რედაქტირება

ქართველურ ენათა დიალექტების გამოყოფას ლინგვისტური (კომპლექსური) პრინციპი უდევს საფუძვლად — დიალექტების დახასიათებისას გათვალისწინებულია ფონეტიკური, მორფოლოგიური, სინტაქსური და ლექსიკური თავისებურებანი თითოეული დიალექტისა. გეოგრაფიული თვალსაზრისით ქართულში დიალექტების ორი დიდი ჯგუფი გამოიყოფა: აღმოსავლეთ საქართველოს და დასავლეთ საქართველოს დიალექტები. მათში შედის ის დიალექტებიც, რომლების დღესდღეისობით საქართველოს ფარგლებს გარეთაა გავრცელებული. აღმოსავლეთ საქართველოს დიალექტი თავის მხრი იყოფა: აღმოსავლეთ საქართველოს ბარის დიალექტებად და აღმოსავლეთ საქართველოს მთის დიალექტებად.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარის დიალექტები რედაქტირება

აღმოსავლეთ საქართველოს ბარის დიალექტებში გამოიყოფა: ქართლური დიალექტი, კახური დიალექტი, ინგილოური დიალექტი, ფერეიდნული დიალექტი და მესხური დიალექტი.

აღმოსავლეთ საქართველოს მთის დიალექტები რედაქტირება

აღმოსავლეთ საქართველოს მთის დიალექტებში გამოიყოფა: ხევსურული დიალექტი, ფშაური დიალექტი, თუშური დიალექტი, მოხეური დიალექტი და მთიულურ-გუდამაყრული დიალექტი.

დასავლეთ საქართველოს დიალექტები რედაქტირება

დასავლეთ საქართველოს დიალექტებში გამოიყოფა: რაჭული დიალექტი, იმერული დიალექტი, ლეჩხუმური დიალექტი, გურული დიალექტი, აჭარული დიალექტი და იმერხეული დიალექტი.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ძიძიგური შ., ქართული დიალექტოლოგიური ძიებანი, თბილისი : განათლება, 1970;
  • ძიძიგური შ., სიტყვის ცხოვრება [რედ.: ს. ცაიშვილი]. თბილისი : მერანი, 1988.
  • თოფჩიშვილი რ.. „საქართველოს ეთნოგრაფია/ეთნოლოგია“ გვ. 92–95 — თბილისი, „უნივერსალი“ 2010, ISBN 578-9941-12-882-0;
  • ჯორბენაძე ბ., ქართული დიალექტოლოგია, I, თბ., 1989.