ქაბუს ბინ საიდ ალ საიდი

ქაბუს ბინ საიდ ალ საიდი (არაბ. قابوس بن سعيد آل سعيد; დ. 18 ნოემბერი 1940 — გ. 10 იანვარი, 2020, მასკატი) — ომანის სულთანი 1970 წლის 23 ივლისიდან გარდაცვალებამდე, 2020 წლის 10 იანვრამდე.

ქაბუს ბინ საიდ ალ საიდი
არაბ. قابوس بن سعيد آل سعيد

ქაბუს ბინ საიდ ალ საიდი
ომანის სულთანი
მმართ. დასაწყისი: 23 ივლისი, 1970
მმართ. დასასრული: 10 იანვარი, 2020
წინამორბედი: საიდ ბინ თაიმური
მემკვიდრე: ჰაითემ ბინ თარიქ ალ საიდი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 18 ნოემბერი, 1940
დაბ. ადგილი: სალალა, ომანი
გარდ. თარიღი: 10 იანვარი, 2020 (79 წლის)
გარდ. ადგილი: მასკატი, ომანი
დინასტია: ალ-საიდი
მამა: საიდ ბინ თაიმური
დედა: აზუნ ალ-მაშანი

ომანი აბსოლუტური მონარქიაა ქვეყანაში მოქმედი 1996 წელს მიღებული კონსტიტუციის მიხედვით. 1970 წლიდან მისი უდიდებულესობა სულთანი ქაბუსი, სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურია, სწორედ მის ხელშია მთელი ძალაუფლება. სულთანი ქვეყნის თავდაცვის, ფინანსთა და საგარეო საქმეთა მინისტრია და სათავეში უდგას ქვეყნის ცენტრალურ ბანკს. განსხვავებით სხვა არაბული მონარქიული ქვეყნებისაგან, სადაც ქვეყნის ხელისუფლება გადანაწილებულია სამეფო ოჯახის წევრებს შორის, ომანში ხელისუფლება კონცენტრირებულია სულთნის ხელში.

ქაბუსი მეფობს 1970 წლის 23 ივლისიდან, მამამისის ტახტიდან ჩამოგდების შემდეგ. იგი ალ-ბუსაიდთა დინასტიის მე-14 წარმომადგენელი და დამოუკიდებელი ომანის პირველი მონარქია. ქაბუსი დაიბადა 1940 წლის 18 ნოემბერს ქალაქ სალადაში, ომანის სიდიდით მეორე ქალაქში. ის თავისი მშობლების ერთადერთი ვაჟია. მან დაწყებითი და საშუალო განათლება ომანსა და ინდოეთში მიიღო, ხოლო 16 წლის ასაკში სწავლის გაგრძელების მიზნით გაემგზავრა გაერთიანებულ სამეფოში, სადაც მიიღო უმაღლესი სამხედრო განათლება სენდჰასის სამეფო აკადემიაში. მოგვიანებით მსახურობდა ბრიტანეთის ჯარში. სამხედრო განათლების მიღების შემდეგ სწავლა გააგრძელა ინგლისში. მოგვიანებით, მოგზაურობდა მსოფლიოს გარშემო. ომანში დაბრუნების შემდეგ კარგად დაეუფლა ისლამისა და სამშობლოს ისტორიას.

ტახტზე ასვლამდე 6 წლის განმავლობაში, ქაბუსი შინაპატიმრობაში იმყოფებოდა სალალაჰის სამეფო რეზიდენციაში. 1970 წელს სამხედროების დახმარებით დაამხო მამამისის ხელისუფლება — ის ტახტიდან გადადგა. ქაბუსს ხელისუფლების აღებაში მხარს უჭერდა ბრიტანეთი. ტახტზე ასვლისთანავე, იგი გადმოვიდა ქვეყნის დედაქალაქ მასკატში, შეცვალა ქვეყნის სახელწოდება და უწოდა ომანის სასულთნო. მმართველობის პირველსავე წლებში ქაბუსი ისეთი პრობლემის წინაშე დადგა, როგორიც იყო სამხრეთ იემენიდან კომუნისტების შემოტევა. მათ მოგერიებაში მას დიდი დახმარება გაუწია დიდმა ბრიტანეთმა.

ქაბუსის ტახტზე ასვლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში. გაუმჯობესდა ქვეყნის განათლებისა და ჯანდაცვის სისტემა, განვითარდა მომსახურების სფეროს დარგები და ა.შ. მნიშვნელოვნად გაიზარდა მისი საერთაშორისო ავტორიტეტი, გაუმჯობესდა ურთიერთობა მეზობელ და მუსლიმანურ ქვეყნებთან. ომანს მეგობრული ურთიერთობა აქვს აშშ-სა და დიდ ბრიტანეთთან. სულთნის დაბადების დღე — 18 ნოემბერი, ქვეყანაში აღინიშნება, როგორც ეროვნული დღესასწაული.

განსხვავებით მისი მეზობლებისაგან, ქაბუსს არ დაუსახელებია თავისი მემკვიდრე — ტახტის ვაკანსიის შემთხვევაში, ქვეყნის კონსტიტუციის მე-6 მუხლის შესაბამისად, მემკვიდრეს ასახელებს მმართველი ოჯახის საბჭო.

ქაბუსი აბადიტი მუსლიმანი იყო. ის 1975 წელს დაქორწინდა თავის ახლო ნათესავზე, ქამილზე, მაგრამ ეს ქორწინება ბედნიერი არ აღმოჩნდა და ისინი მალევე დაშორდნენ ერთმანეთს. სულთანს ამ ქორწინებიდან მემკვიდრე არ ჰყავს. ის მეორედაც დაქორწინდა, თუმცა ვრცელდებოდა ინფორმაცია მისი ჰომოსექსუალურობისაკენ გადახრის შესახებ.

ლიტერატურა რედაქტირება

  • გ. ჭანტურია, ს. ჭანტურია, მსოფლიოს მონარქები, თბ., 2008