ფრიდრიხ I (ვიურტემბერგი)

ფრიდრიხ I (გერმ. Friedrich I; დ. 6 ნოემბერი, 1754, ტრეპტოვ-ან-დერ-რეგა, პრუსიის სამეფო — გ. 30 ოქტომბერი, 1816, შტუტგარტი, ვიურტემბერგის სამეფო) — ვიურტემბერგის მმართველი 1797 წლიდან. იგი 1797-1803 წლებში იყო ვიურტემბერგის ჰერცოგი, შემდეგ, 1803-1806 წლებში ვიურტემბერგის კურფიურსტი, საბოლოოდ კი ნაპოლეონ I-ის დახმარებით 1806 წელს იგი მეფე გახდა. იგი ასევე ცნობილია მისი განსაკუთრებული ზომების გამოც, რამეთუ ფრიდრიხი სიმაღლეში 2,12 მეტრი იყო და 200 კილოგრამს იწონიდა.

ფრიდრიხ I
ვიურტემბერგის მეფე
კორონაცია: 1 იანვარი, 1806
მმართ. დასაწყისი: 22 დეკემბერი, 1797
მმართ. დასასრული: 30 ოქტომბერი, 1816
წინამორბედი: ფრიდრიხ II ევგენი როგორც ჰერცოგი
მემკვიდრე: ვილჰელმ I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 6 ნოემბერი, 1754
დაბ. ადგილი: ტრჟებიატოვი, პოლონეთი
გარდ. თარიღი: 30 ოქტომბერი, 1816, (61 წლის)
გარდ. ადგილი: შტუტგარტი, გერმანია
მეუღლე: ავგუსტა ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელი
(ქ. 1780 - გარდ. 1788)
შარლოტა ბრიტანელი
(ქ. 1797)
შვილები: ვილჰელმ I, ვიურტემბერგის მეფე
კათარინა, ვესტფალიის დედოფალი
პაული
მამა: ფრიდრიხ II, ვიურტემბერგის ჰერცოგი
დედა: ფრედერიკა დოროთეა ბრანდენბურგ-შვედტელი
რელიგია: ლუთერანიზმი

ადრეული ცხოვრება რედაქტირება

პრუსია რედაქტირება

ფრიდრიხი დაიბადა 1754 წლის 6 ნოემბერს ტრეპტოვ-ან-დერ-რეგაში, პრუსიაში, თანამედროვე ტრჟებიატოვში, პოლონეთში. იგი იყო ვიურტემბერგის ჰერცოგ ფრიდრიხ II ევგენისა და მისი მეუღლის, სოფია დოროთეა ბრანდენბურგ-შვედიტელის უფროსი ვაჟი. მართალია ფრიდრიხის მამა ჰერცოგ კარლ ალექსანდერის მესამე ვაჟი იყო, თუმცა მისი ორივე უფროსი ძმა უმემკვიდრეოდ აღესრულა, რის გამოც ვიურტემბერგის ტახტი საბოლოოდ მას დარჩა, ფრიდრიხი კი მისი პირველი მემკვიდრე გახდა. ფრიდრიხის მრავალი დედმამიშვილიდან აღსანიშნავია რუსეთის იმპერატრიცა მარია ფიოდოროვნა, ოლდენბურგის დიდი ჰერცოგინია ფრედერიკა და ასევე ავსტრიის ერცჰერცოგინია ელიზაბეთი.

მიუხედავად იმისა, რომ იგი მემკვიდრე იყო, მისი ყმაწვილობის პერიოდში ტახტი ჯერ კიდევ მის ბიძებს ეკავათ და იყო იმის შანსი, რომ მემკვიდრე დაეტოვებინათ, რის გამოც ფრიდრიხმა არჩია პრუსიაში დარჩენილიყო და ფრიდრიხ II დიდის არმიაში აეწყო კარიერა. მოგვიანებით მისი კავშირები პრუსიის სამეფო ოჯახთან ვიურტემბერგელებმა კარგად გამოიყენეს დინასტიური ქორწინებებისთვის. სწორედ პრუსიელთა დახმარებით დაქორწინდა ფრიდრიხის და, სოფია დოროთეა (შემდგომში მარია ფიოდოროვნა) რუსეთიც ცარევიჩ პავლე პეტროვიჩზე, იმპერატრიცა ეკატერინე II-ის ერთადერთ ვაჟზე. რუსეთთან და პრუსიასთან დაახლოვებამ ვიურტემბერგს ხელი შეუწყო შემდგომში ვენის კონგრესზე კარგად დაეცვა თავი და შეენარჩუნებინა მონაპოვარი.

 
ფრიდრიხის პირველი ცოლი, ავგუსტა ბრაუნშვაიგელი

1774 წლის ივლისში ფრიდრიხი პრუსიულ არმიაში ჩაირიცხა, 1776 წლის დეკემბერში კი კომანდირიც გახდა. ამ პერიოდში იგი პრუსიელთა მხარეს იბრძოდა ბავარიის მემკვიდრეობის ომში. ამის შემდეგ, 1780 წელს ფრიდრიხმა ცოლად შეირთო 16 წლის გერმანელი პრინცესა — ავგუსტა ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელი. იგი იყო ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის ჰერცოგ კარლ ვილჰელმ ფერდინანდისა და ავგუსტა ბრიტანელის ასული, დედამისი თავის მხრივ იყო დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ III-ის ასული. აღსანიშნავია ისიც, რომ ავგუსტა ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელი იყო დიდი ბრიტანეთის დედოფალ კაროლინა ბრაუნშვაიგელის და და მეფე ჯორჯ IV-ის ცოლისდა. მათი ქორწინება უიღბლო აღმოჩნდა და ჯერ კიდევ 1781 წელს, პირველივე ორსულობისას სურდა ავგუსტას განქორწინება. მათ საბოლოოდ ოთხი ბავშვი შეეძინათ. მათი ქორწინების ძირითად პრობლემას ფრიდრიხის ბისექსუალობა წარმოადგენდა.

ფრიდრიხს კარგი ურთიერთობა ჰქონდა პრუსიის მეფესთან და ხშირად მონაწილეობდა მისი სამეფო საბჭოს კრებებშიც. თუმცა ეს უფრო მისი დის, ელიზაბეთის გავლენით იყო გამოწვეული, რომელიც ავსტრიის პირველ იმპერატორ ფრანც II-ზე იყო დაქორწინებული და დიდი ძალაუფლებაც ჰქონდა. ფრიდრიხ დიდი შიშობდა, რომ ავსტრია-რუსეთის დაახლოვება პრუსიას პოლიტიკურ იზოლაციამდე მიიყვანდა, მათ დაახლოვებას კი ფრიდრიხის დები განაპირობებდნენ, რომლებიც ამ ქვეყნების მმართველებზე იყვნენ დაქორწინებულნი. პარალელურად, მისი დები სწორედ პრუსიის მეფეს სდებდნენ ბრალს მათი ძმის წარუმატებელ ქორწინებაში.

რუსეთი რედაქტირება

1781 წელს უკვე გენერლის ჩინის მქონე ფრიდრიხი გადადგა პრუსიის სამხედრო სამსახურიდან თავის დას, მარია ფიოდოროვნას გაჰყვა რუსეთში, რომელიც ქმართან ერთად ბრუნდებოდა ევროპაში მოგზაურობის შემდეგ. ეკატერინე II მალევე კარგად განეწყო თავდაჯერებული ახალგაზრდა ფრიდრიხისადმი, რის გამოც იგი აღმოსავლეთ ფინეთის გენერალ-გუბერნატორად დანიშნა და ვიიპურში მამულებიც მისცა. 1783 წელს ასევე ფრიდრიხმა უსარდლა 15,000-20,000-ისგან შემდგარ რუსულ ლაშქარს ხერსონში, რუსეთ-თურქეთის ომის პირობებში, თუმცა საბრძოლო მოქმედებებში მნიშვნელოვანი მონაწილეობა არ მიუღია.

 
ფრიდრიხისა და შარლოტას „საპატარძლო ღამე“, შესრულებულია ჯეიმზ გილრეის მიერ.

ამ პერიოდში ფრიდრიხის და ავგუსტას ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა. როგორც აღმოჩნდა, ფრიდრიხი მასზე ფიზიკურად ძალადობდა, რაც მას შემდეგ გამჟღავნდა, რაც ავგუსტამ 1786 წლის დეკემბერში, პეტერბურგში ვიზიტისას ეკატერინე II-ს დაცვა სთხოვა. ამის გამო იმპერატრიცამ ავგუსტას თავშესაფარი მისცა, ხოლო ფრიდრიხს რუსეთის დატოვება უბრძანა. ძმის გაძევება მარია ფიოდოროვნამ მაშინვე გააპროტესტა და დედამთილს მისი სამკურნალო მიზნებით დატოვება სთხოვა, რაზეც ეკატერინემ მიუგო: „ვიურტემბერგის პრინცის ოპიუმით უზრუნველყოფა არ შედის ჩემს მოვალეობებში. პირიქით, მე ვარ ის, ვინც ადგილი უნდა მიუჩინოს მოძალადეებს და ჩემი მოვალეობაა, რომ აღვკვეთო ის“. ამის შემდეგ ფრიდრიხს ურთიერთობა თავის სიძესთან, პავლე პეტროვიჩთანაც გაუფუჭდა, რადგან იგი დედის გავლენის ქვეშ იყო. იმპერატრიცამ ავგუსტა დასავლეთ ესტონეთში, ლოდის სასახლეში გააგზავნა, სადაც იგი 1788 წელს, უკანონო ბავშვის გაჩენისას გართულებული მშობიარობის გამო.

ამასობაში ფრიდრიხი უფრო მიუახლოვდა ვიურტემბერგის ტახტს. 1789 წლის ივნისში იგი პარიზში ჩავიდა, რათა ენახა საფრანგეთის რევოლუციის პირველი ეტაპი, რასთან დაკავშირებითაც ბიძამისმა, კარლ ევგენმა, რომელიც ჯერ კიდევ ტახტზე იჯდა, უკმაყოფილება გამოთქვა. 1795 წელს, ვიურტემბერგის ტახტი საბოლოოდ დაიკავა ფრიდრიხის მამამ, რის შემდეგაც მან თავისი ნანატრი პოლიტიკური გავლენა მოიპოვა. მისმა ყოფილმა სიმამრმა, ბრაუნშვაიგის ჰერცოგმა ფრიდრიხს ბრიტანეთის სამეფო ოჯახთან დაახლოებაში დიდად შეუწყო ხელი, რის შემდეგაც 1797 წელს მან ცოლად შეირთო თავისი პირველი ცოლის ბიძაშვილი შარლოტა ბრიტანელი, მეფე ჯორჯ III-ის ასული.

მმართველობა რედაქტირება

ჰერცოგი და კურფიურსტი რედაქტირება

 
ფრიდრიხი 1806 წელს

ფრიდრიხის მამის მმართველობა არც ისე ხანგრძლივი აღმოჩნდა. ტახტზე ასვლიდან ორ წელიწადში, 1797 წლის 22 დეკემბერს ფრიდრიხ II ევგენი გარდაიცვალა, რის გამოც ტახტი ფრიდრიხმა დაიკავა. თუმცაღა, იგი მალევე მიეჩვია მმართველად ყოფნას და ეს მისთვის სასიამოვნო სულაც აღარ იყო. 1800 წელს ფრანგულმა არმიამ დაიპყრო ვიურტემბერგი, რის გამოც ფრიდრიხი ცოლ-შვილთან ერთად ვენაში გაიქცა. 1801 წლიდან იგი ფრანგების მხარეს გადავიდა.

როდესაც ფრიდრიხი საფრანგეთის მხარეს გადავიდა ფრანგებს უკვე მთელი რაინის ხეობა ჰქონდათ ანექსირებული. 1803 წლის 25 თებერვალს ერთგულების სანაცვლოდ ფრანგებმა გაათავისუფლეს ვიურტემბერგი და მეტიც, ფრიდრიხი კურფიურსტის ხარისხშიც კი აიყვანეს. თუმცა მისი კურფიურსტობა ერთობ ხანმოკლე იყო, რამეთუ 1806 წელს უკვე იმპერატორმა ნაპოლეონ I-მა საღვთო რომის იმპერია დაშლილად გამოცხადდა და მანაც დაკარგა წოდება, თუმცა იმავე წელს ფრანგებმა მას ვიურტემბერგის მეფობა უბოძეს. ასევე მათ მხარეს გადასვლის გამო ვიურტემბერგის ფართობი საგრძნობლად გაიზარდა საიმპერიო დომენის ხარჯზე.

მეფე რედაქტირება

დიდი სამხედრო დახმარების სანაცვლოდ ნაპოლეონმა ფრიდრიხ I-ს ნება დართო თავად ემართა საკუთარი სამეფო. 1806 წლის 1 იანვარს შტუტგარტში იგი ვიურტემბერგის მეფედ ეკურთხა. მან სწორედ ამ დღისთვის ჩამოასხმევინა ვიურტემბერგის სამეფო გვირგვინი. პარალელურად ვიურტემბერგის სამეფო საგრძნობლად ფართოვდებოდა და მალევე მიაღწია შვეიცარიის საზღვარს და გადაიჭიმა ბავარიიდან ბადენამდე, ჰესენიდან შვეიცარიამდე. სულ მალე, ნაპოლეონთან კიდევ უფრო დასაახლოვებლად ფრიდრიხმა თავისი ერთადერთი ქალიშვილი კათარინა ცოლად შერთო მის ძმას, ვესტფალიის მეფე ჟერომ ბონაპარტს.

 
ფრიდრიხი 1808 წელს

მიუხედავად აშკარად დიდი სარგებლისა, ფრანგების მხარეს გადასვლით ფრიდრიხი ერთიანად დაუპირისპირდა სიმამრსა (დიდი ბრიტანეთის მეფეს) და სიძეებს (რუსეთისა და ავსტრიის იმპერატორებს). 1810 წელს ფრიდრიხმა გააძევა კომპოზიტორი კარლ მარია ფონ ვებერიც, რომელიც მის ძმასთან, პრინც ლუდვიგთან 1807 წლიდან მდივნად მუშაობდა.

მას შემდეგ, რაც ნაპოლეონი რუსეთში დამარცხდა ფრიდრიხმა მეორე მხარეს გადასვლაზე დაიწყო ფიქრი. უკვე 1813 წელს, გერმანიის კამპანიის პირობებში იგი სასწრაფოდ გადავიდა მეორე, მოკავშირეების მხარეს, რომლის მეთაურებიც დიდი ბრიტანეთის პრინცი ჯორჯი (ფრიდრიხის ცოლისძმა) და რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე I (ფრიდრიხის დისწული) იყვნენ. 1814 წელს, ნაპოლეონის დაცემის შემდეგ იგი დაესწრო ვენის კონგრესს. ვენაში ფრიდრიხი და მისი მინისტრები მთლიანად მიმართულნი იყვნენ მოპოვებული ტერიტორიების შენარჩუნებაზე. საბოლოოდ, მისმა ნათესაურმა კავშირებმა კარგად იმუშავა და კონგრესმა შეუნარჩუნა მას როგორც მეფის ტიტული, ისე დაპყრობილი მიწები. ამასთან, მისი სამფლობელოები გერმანიის კონფედერაციაში შეიყვანეს.

ვენის კონგრესიდან დაბრუნების შემდეგ ფრიდრიხ დიდ ხანს აღარ უცოცხლია. იგი 1816 წლის 30 ოქტომბერს, 61 წლის ასაკში გარდაიცვალა შტუტგარტში. მის შემდეგ ტახტი მისმა ვაჟმა, მეფე ვილჰელმ I-მა დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ მისი სიმაღლისა და ჭარბი წონის გამო ზურგს უკან ფრიდრიხი „დიდმუცლიანი მმართველის“ სახელით იყო ცნობილი. როგორც ნაპოლეონმა მასზე განაცხადა, ღმერთმა ფრიდრიხი იმის დემონსტრაციისათვის შექმნა, თუ რამდენად შეუძლია ადამიანის კანს „გაჭიმვა“. ამის საპასუხოდ კი ფრიდრიხმა იკითხა, თუ რამდენი შხამი შეიძლება მოთავსდეს ისეთ პატარა თავში, როგორიც „ნაპოლეონისაა“.

ქორწინებები და შვილები რედაქტირება

ფრიდრიხი სულ ორჯერ იყო დაქორწინებული. 1780 წლის 15 ოქტომბერს მან ცოლად შეირთო ავგუსტა ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელი, რომელთანაც ოთხი შვილი შეეძინა:

  1. ვილჰელმ I (1781-1864), ვიურტემბერგის შემდეგი მეფე. პირველად იქორწინა კაროლინა ავგუსტა ბავარიელზე, რომელსაც მალევე გაეყარა და ცოლად ეკატერინე პავლოვნა რომანოვა შეირთო, რომლის გარდაცვალების შემდეგაც საბოლოოდ დაქორწინდა პაულინა ვიურტემბერგელზე. შვილები II-III ცოლებთან ჰყავდა, რომელთაგან აღსანიშნავია ნიდერლანდების დედოფალი სოფია და ვიურტემბერგის მეფე კარლ I;
  2. კათარინა (1783-1835), ცოლად გაჰყვა ნაპოლეონის ძმას, ვესტფალიის მეფე ჟერომ ბონაპარტს, რომელთანაც შეეძინა სამი შვილი;
  3. სოფია (1783-1784), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  4. პაული (1785-1852), ცოლად შეირთო შარლოტა საქსენ-ჰილდბურგჰაუზენელი. მათი შვილიშვილები იყვნენ შვედეთის დედოფალი სოფია ნასაუელი და ვიურტემბერგის მეფე ვილჰელმ II;

1788 წელს ფრიდრიხი დაქვრივდა, 1797 წლის 18 მაისს კი ცოლად შეირთო შარლოტა ბრიტანელი, დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ III-ისა და დედოფალ შარლოტას უფროსი ასული, რომელიც იყო ჯორჯ IV-ისა და უილიამ IV-ის უფროსი და და დედოფალ ვიქტორიას მამიდა. ფრიდრიხს მასთან შვილები არ ჰყოლია.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Sauer, Paul. Der schwäbische Zar. Friedrich – Württembergs erster König. Stuttgart 1984.
  • Paul, Ina Ulrike. Württemberg 1797–1816/19. Quellen und Studien zur Entstehung des modernen württembergischen Staates (Quellen zu den Reformen in den Rheinbundstaaten, Vol. 7). Munich 2005.
  • "Frederick I., William Charles" . New International Encyclopedia. 1905.
  • Genealogie ascendante jusqu'au quatrieme degre inclusivement de tous les Rois et Princes de maisons souveraines de l'Europe actuellement vivans [Genealogy up to the fourth degree inclusive of all the Kings and Princes of sovereign houses of Europe currently living] (in French). Bourdeaux: Frederic Guillaume Birnstiel. 1768. p. 111.
  • David, Saul (1998). Prince of Pleasure. New York: Atlantic Monthly Press. pp. 200.