ფრიდრიხ შლეგელი (დ. 10 მარტი, 1772, ჰანოვერი — გ. 12 იანვარი, 1829, დრეზდენი) — გერმანელი კრიტიკოსი, ფილოსოფოსი, ენათმეციერი და პოეტი. ავგუსტ შლეგელის ძმა. თავის ძმასთან ერთად იენაში გამოსცემდა ჟურნალს „ათენუმი“. იყო რომანტიზმის ესთეტიკის ფუძემდებელი და თეორეტიკოსი. მისი ძირითადი ნაშრომია „საუბარი პოეზიაზე“ (1800). ფრიდრიხ შლეგელს ეკუთვნის დაუმთავრებელი ფრაგმენტული ფორმით დაწერილი რომანი „ლუცინდე“ (1799), დრამა „ალარკოსი“ (1802). მისი პოეტური ნაწარმოებები 1809 წელს გამოქვეყნდა. მნიშვნელოვანია მისი „ძველი და ახალი ლიტერატურის ისტორია“ (ტომი 1-2, 1813-1815).

ფრიდრიხ შლეგელი 1801 წელს, ფრანც გარეის პორტრეტი

ფრიდრიხ შლეგელმა საფუძველი ჩაუყარა სანსკრიტის შესწავლას გერმანიაში. ნაშრომში „ინდოელთა ენისა და სიბრძნის შესახებ“ (1808) იგი განიხილავდა სანსკრიტის ნათესაობის საკითხს ლათინურთან, ბერძნულთან, გერმანულთან და სპარსულთან. ამასთან დაკავშირებით მან მოგვცა ენათა მორფოლოგიური კლასიფიკაციის პირველი მონახაზი, სადაც გამოყოფილია ენათა ორი ტიპი: 1. ფლექსიური და 2. არაფლექსიური ენები, რომლებიც თავის მხრივ, სამ ქვეჯგუფად იყოფა: ა) უაფიქსო (მაგალითად, ჩინური), ბ) მირთვითი (მაგალითად, ბასკური, კოპტური, ამერიკის ინდიელთა ენები) და გ) მოჩვენებით ფლექსიური (მაგალითად, სემიტური ენები). ფლექსიურობა ფრიდრიხ შლეგელს ინდოევროპულ ენათა ნათესაობის ერთ-ერთ მაჩვენებლად მიაჩნდა.

შლეგელი ავითარებდა უნივერსალური „ქრისტიანული ფილოსოფიის” იდეას, აკრიტიკებდა სხვადასხვა ტრადიციულ და თანამედროვე ფილოსოფიურ სისტემებს, განსაკუთრებით კი — გერმანულ კლასიკურ იდეალიზმს. მიაჩნდა, რომ ქრისტიანულ „სპირიტუალიზმზე“ დაფუძნებული ნამდვილი „სიცოცხლის ფილოსოფიის“ წინამძღვარია ადამიანის ცნობიერების შინაგანი მთლიანობის აღდგენა, მისი ყველა სულიერი უნარის (გონება, ფანტაზია, ნებელობა) გაერთიანება.

ლიტერატურა რედაქტირება