ფრთაშავი თოლია

ფრინველი თოლიასებრთა ოჯახისა

ფრთაშავი თოლია[1] (ლათ. Larus fuscus) — ფრინველი თოლიასებრთა ოჯახისა.

ფრთაშავი თოლია

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Larus fuscus (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22694373
გავრცელების არეალი

  გამრავლება
  მთელი წლის განმავლობაში
  გამრავლების პერიოდის გარდა

მისი სხეულის სიგრძეა 55–58 სმ, მასა 0,5–1,0 კგ; მამალი დედალზე დიდია. მოზრდილ ფრინველებს (4 წელზე უფროსებს) ზაფხულში ზურგი, წელი და ფრთები ზემოდან მუქი რუხი ან შავი აქვთ; მომქნევი ბუმბულების მუქ ბოლოებზე თეთრი ლაქები და არშიებია; დანარჩენი სხეული თეთრადაა შეფერილი. ფეხები, ნისკარტი და თვალის ფერადი გარსი ღია ყვითელია; ქუთუთოები და ქვედა ნისკარტზე არსებული ლაქა წითელი. ახალგაზრდა ფრინველებს მუქ მურა ზურგზე ღია ფხაჭები აყრია, სხეულის ქვედა ნაწილი თეთრია მუქი ლაქებით, ნისკარტი შავი.

ბინადრობს ევროპის ზღვების, დიდი ტბებისა და მდინარეების სანაპიროებზე ისლანდიიდან კოლის ნახევარკუნძულსა და ონეგის ტბამდე. ზამთარში ფართოდ მომთაბარეობს; გვხვდება ჩრდილოეთ ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროდან ტროპიკულ აფრიკამდე და ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთამდე.

ყოვლისმჭამელია, ძირითადად თევზით იკვებება, საკვებად აგრეთვე იყენებს მღრღნელებს, მცირე ზომის ფრინველებსა და მათ კვერცხებს, ჭიებს, მწერებს, კენკრას, ნარჩენებსა და მძორს.

უპირატესად ბუდობს სანაპიროების კლდეებსა და პატარა კუნძულებზე კოლონიებად, რომელშიც რამდენიმე ათასიდან 17 ათასამდე მობუდარი წყვილი შეიძლება იყოს გაერთანებული. ბუდე წარმოადგენს მცენარეული მასალისაგან აგებულ პლატფორმას 15 მეტრამდე სიმაღლეზე. დედალი დებს 1–4 (უფრო ხშირად 2–3) კვერცხს, ინკუბაცია 24–27 დღე-ღამე გრძელდება, კრუხობს ორივე მშობელი. ბარტყები 30–40 დღის ასაკში ფრენის უნარს ეუფლებიან.

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 40, 117, 200.