ფოთის ტროლეიბუსი — ტროლეიბუსის გაუქმებული სისტემა ქ. ფოთში. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ახალი ტროლეიბუსის სისტემა საქართველოში, რომელიც გაიხსნა 1981 წლის 9 აპრილს. ფოთში მოძრაობდა რუსული წარმოების ტროლეიბუსები ЗиУ-9 და ჩეხური წარმოების Škoda 14Tr. სისტემა შედგებოდა ორი მარშრუტისგან:

  • № 1 — ნაბადას დასახლებიდან საზღვაო პორტის გავლით, მალთაყვის მიმართულებით. ეს იყო ტროლეიბუსის ერთ-ერთი ყველაზე გრძელი მარშრუტი საქართველოში და მისი სიგრძე 12 კმ-ს შეადგენდა.
  • № 2 — წრიული მარშრუტი ქალაქის ცენტრში, რომელიც მიმართული იყო ასევე მალთაყვისკენ და ჰქონდა ერთი ბოლო გაჩერება ტროლეიბუსების დეპოსთან.

ტროლეიბუსების დეპო მდებარეობდა წერეთლის ქუჩაზე, ოქროს ტბის მახლობლად. ის მოიცავდა სადგომ მოედანს და სარემონტო ზონას.

1991 წელს სისტემამ განვითარების პიკს მიაღწია, ამ დროს მისი 2 მარშრუტის ჯამური სიგრძე 18 კილომეტრი იყო და ხაზებზე 12 ტროლეიბუსი მოძრაობდა. 90-იან წლებში ფოთის ტროლეიბუსს მძიმე დრო დაუდგა, რადგან სამოქალაქო ომის პერიოდში ადგილი ჰქონდა საკონტაქტო სადენების მოპარვასა და მოძრავი შემადგენლობის ძარცვა-დაზიანებას. აღნიშნული პროცესების გამო 1999 წლისთვის 2 მარშრუტზე მხოლოდ 2 გადარჩენილი ტროლეიბუსიღა მოძრაობდა. ამავე წელს ფოთმა თბილისისგან შეისყიდა ჩამოწერილი ტროლეიბუსი Škoda 9Tr. 2003 წელს ქალაქმა ათენიდან მიიღო 3 მეორადი ტროლეიბუსი ЗиУ-682.

დენის ხშირი გათიშვის გამო ტროლეიბუსები ხშირად იდგა ქუჩაში. 2005 წელს ფოთის ტროლეიბუსის სისტემა გაუქმდა და მისი მოძრავი შემადგენლობა გადაეცა ოზურგეთსა და ჭიათურას.

საქართველოს ტროლეიბუსის სისტემების სია რედაქტირება