ფლუვიოგლაციალური ნალექები

ფლუვიოგლაციალური ნალექები, მდინარეულ-მყინვარული ნალექები (ლათ. fluvius — დინება და glacialis — ყინული) — შრეებრივი ნალექები, შექმნილი მყინვარის დნობით გაჩენილი წყლების მიერ. დამახასიათებელია ფენობრივი, შედარებით უხეში შედგენილობა. ძირითადად აგებულია ღორღ- და რიყნარნარევი ქვიშებით. ფლუვიოგლაციალური ნალექები მყინვარების დნობით წარმოქმნილი ნაკადების მიერ დალექილი შრეებრივი ნაფენებია — კაჭარშერეული ქვიშა, კენჭნარი, რიყნარი, აგრეთვე ქვიშები.[1]

კამური ტერასები
ოზები

განარჩევენ მყინვარისპირა (პერიგლაციალურ) და შიგამყინვარულ (ინტრაგლაციალურ) ნაფენებს. პირველი მათგანი ილექება მყინვარის შუბლის წინ, მისი კიდეებიდან გამომდინარე ნაკადებიდან და წარმოქმნის ზანდრებს, ფლუვიოგლაციალურ ტერასებს; მეორე ილექება მყინვარში ან ყინულქვეშ ნაკადების კალაპოტში და აჩენს რელიეფის თავისებურ ფორმებს: ოზებს, კამებს და სხვა.[2]

ფლუვიოგლაციალურ ნალექებს ახასიათებს ირიბი შრეებრიობა, მასალა სუსტადაა დახარისხებული და ნაკლებადაა დამრგვალებული. გავრცელებულია ძველი კონტინენტური გამყინვარების არეებსა და მთებში. მთის პირობებში ძნელი გამოსაყოფია ალუვიონისაგან.[1]

თანამედროვე და ძველი გამყინვარების მდინარეთა ხეობებში მეტწილად ფლუვიოგლაციალური ნალექებით (ძირითადად ბოლო მორენებით) აგებულ ტერასებს ფლუვიოგლაციალური ტერასები ეწოდებათ, რომელთა არსებობა მყინვარული აკუმულაციისა და მდინარეული ეროზიის გააქტიურების პერიოდების მონაცვლეობის მაჩვენებელია.[3]

ხმელეთის ზედაპირზე (უშუალოდ მყინვარის მოსაზღვრე ზოლში) ან მყინვარის შიგნით მდნარი ყინულის წყლების ზემოქმედებით მიმდინარე პროცესებს ფლუვიოგლაციალური პროცესები ეწოდება.[3]

ფლუვიოგლაციალური ნალექები ინტერესს წარმოადგენენ როგორც ბუნებრივი სამშენებლო მასალები.[4]

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 ზოგადგეოგრაფიულ ტერმინთა ენციკლოპედიური ლექსიკონი. თბ., თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2014, გვ. 360.
  2. გეომორფოლოგიური ლექსიკონი, თბ., ნეკერი, 1996, გვ. 203
  3. 3.0 3.1 Гляциологический словарь / Под ред. В. М. Котлякова. — Л.: Гидрометеоиздат, 1984. — 527 с.
  4. Флювиогляциальные отложения | Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-23. ციტირების თარიღი: 2021-05-04.