ფლორენციის რესპუბლიკა

ქალაქი სახელმწიფო აპენინის ნახევარკუნძულზე 1115-1532 წლებში

ფლორენციის რესპუბლიკა (იტალ. Repubblica Fiorentina ან Repubblica di Firenze) — შუა საუკუნეებისა და რენესანსის პერიოდის სახელმწიფო, რომლის ცენტრიც მდებარეობდა ფლორენციაში.[1][2] რესპუბლიკის ჩამოყალიბება მოხდა 1115 წელს, როდესაც ფლორენციელი ხალხი მატილდა ტოსკანელის გარდაცვალების შემდეგ აჯანყდა ტოსკანის მარკის წინააღმდეგ, რომელიც მოიცავდა ვრცელ ტერიტორიებს ფლორენციის ჩათვლით. ნაცვლად იმისა, რომ მატილდას მემკვიდრეს დამორჩილებოდნენ, ფლორენციელებმა შექმნეს კომუნა.[3] რესპუბლიკას მართავდა ფლორენციის სინიორიის სახელით ცნობილი საბჭო. სინიორიას ირჩევდა გონფალონერი (ქალაქის ტიტულოვანი მმართველი), რომელიც, თავის მხრივ, ყოველ ორ თვეში ერთხელ აირჩეოდა ფლორენციის გილდიის წევრთა მიერ.

ფლორენციის რესპუბლიკა
Repubblica Fiorentina


 

11151532
დროშა გერბი

ფლორენციის რესპუბლიკა 1494 წელს.
ენა ტოსკანური, იტალიური, ლათინური
რელიგია რომის კათოლიკური ეკლესია
ფულის ერთეული ფლორინი (1252–1533 წწ.)
მმართველობის ფორმა ოლიგარქიული რესპუბლიკა
დღეს მისი ტერიტორიაზე მდებარეობს იტალიის დროშა იტალია

რესპუბლიკის ისტორია აჭრელებულია სხვადასხვა ფრაქციების წინააღმდეგ მიმართული გადატრიალებებითა და კონტრ-გადატრიალებებით. 1434 წელს კოზიმო მედიჩის ხელმძღვანელობით ქალაქზე მმართველობა მედიჩების ფრაქციამ მოიპოვა. მედიჩები ფლორენციაზე კონტროლს 1494 წლამდე ინარჩუნებდნენ. ჯოვანი მედიჩიმ (შემდეგში პაპი ლეო X) რესპუბლიკა ხელახლა დაიპყრო 1512 წელს.

ფლორენციამ მედიჩების მმართველობა კიდევ ერთხელ დაამხო 1527 წელს კონიაკის ლიგის ომის მსვლელობისას. 1531 წელს ქალაქის 11 თვიანი ალყის შემდეგ მედიჩებმა კიდევ ერთხელ აიღეს ხელში ძალაუფლება. რესპუბლიკური მთავრობა 1532 წელს დაიშალა, როდესაც პაპმა კლემენტ VII-მ ალესანდრო მედიჩი „ფლორენციის რესპუბლიკის ჰერცოგად“ დანიშნა, რამაც „რესპუბლიკა“ მემკვიდრეობით მონარქიად აქცია.[4]

ისტორია რედაქტირება

ფონი რედაქტირება

 
იტალია 1084 წელს, ნაჩვენებია ტოსკანის მარკა.

ქალაქი ფლორენცია ძვ. წ. 59 წელს დააარსა იულიუს კეისარმა. 1115 წელს მატილდა ტოსკანელის გარდაცვალებამდე ქალაქი 846 წელს დაარსებული ტოსკანის მარკის შემადგენლობაში შედიოდა. ფლორენცია არ დამორჩილდა მატილდას მემკვიდრე რაბოდოს (ზეობდა 1116-1119 წლებში), რომელიც ქალაქთან დავაში მოკლეს. უცნობია თუ ზუსტად როდის ჩამოაყალიბა ქალაქმა მარკისაგან დამოუკიდებელი საკუთარი ხელისუფლების ორგანოები. ფლორენციის რესპუბლიკა პირველად ნახსენებია 1138 წელს, როდესაც ტოსკანის ირგვლის მდებარე რამდენიმე ქალაქმა კავშირი შეკრა ჰენრი X ბავარიელის წინააღმდეგ. ქვეყანა, ფორმალურად, საღვთო რომის იმპერიის ნაწილი იყო.[3]

ფლორენციის უნივერსტიტის პროფესორის, ენრიკო ფაინის კვლევის თანახმად,[5] 1000-დან 1100 წლამდე ფლორენციაში დაახლოებით 15 ძველი არისტოკრატიული საგვარეულო გადასახლდა: ამიდეები, არდინგები, ბრუნელესკები, ბუონდელმონტები, კაპონსაჩები, დონატები, ფიფანტები, ჯერარდინები, გვიდები, ნერლები, პორცელები, საჩეტები, სკოლარები, უბერტები და ვისდომინები.

მე-12 საუკუნე რედაქტირება

სხვა ქვეყნებთან აქტიური ვაჭრობის გამო მე-12 საუკუნეში ფლორენცია მნიშვნელოვნად აყვავდა, რამაც ქალაქის დემოგრაფიული ზრდის საფუძველი შექმნა, რომელმაც, თავის მხრივ, გამოიწვია ეკლესიებისა და პალაცოების მშენებლობა. ქალაქის აყვავება და განვითარება შეაფერხა 1185 წელს იმპერატორ ფრიდრიხ I ბარბაროსას მიერ აპენინის ნახევარკუნძულზე შემოჭრამ. შედეგად, ტოსკანის მარკამ ხელახლა დაიმორჩილა ფლორენცია და მისი მიწები. 1197 წელს საღვთო რომის იმპერატორ ჰაინრიხ VI-ის გარდაცვალების შემდეგ ფლორენციელებმა კვლავ აღიდგინეს დამოუკიდებლობა.[3]

მე-13 საუკუნე რედაქტირება

მე-13 საუკუნეში ფლორენციის მოსახლეობა ზრდას განაგრძობდა და 30 000-ს მიაღწია. როგორც ამბობდნენ, ჭარბი მოსახლეობა ხელს უწყობდა ქალაქის ვაჭრობას და პირიქით. აშენდა რამდენიმე ახალი ხიდი და ეკლესია, რომელთაგან განსაკუთრებით მნიშვნელოვნის, სანტა მარია დელ ფიორეს მშენებლობა 1294 წელს დაიწყო. ამ პერიოდის შენობები ფლორენციული გოთიკის საუკეთესო ნიმუშებია. პოლიტიკური თვალსაზრისით, ფლორენცია ძლივს ახერხებდა დაპირისპირებულ ფრაქციებს შორის მშვიდობის შენარჩუნებას. მყიფე მშვიდობა, რომელიც ქალაქში საუკუნის დასაწყისში სუფევდა 1216 წელს დაირღვა, როდესაც გველფებისა და გიბელინების სახელით ცნობილმა ფრაქციებმა ომი წამოიწყეს. გიბელინები ფლორენციის წარჩინებულ მმართველებს უჭერდნენ მხარს, ხოლო გველფები - უბრალო ხალხს.

გიბელინები, რომლებიც ქალაქს 1244 წლიდან მოყოლებული ფრედერიკ ანტიოქიელის ხელმძღვანელობით მართავდნენ, 1250 წელს გველფებმა დაამხეს. გველფებმა ხელი შეუწყეს ფლორენციის კიდევ უფრო მეტად აყვავებას. მათი უპირველესად მერკანტილური ორიენტაცია მალევე გახდა აშკარა 1252 წელს მათი ერთ-ერთი ადრეული მიღწევით - ახალი მონეტის, ფლორინის შექმნით. ფლორინი ფართოდ გამოიყენებოდა ფლორენციის საზღვრებს მიღმაც მისი სანდო, მყარად განსაზღვრული ოქროს შემცველობის გამო და სულ მალე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საგადამხდელო საშუალება გახდა ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში. იმავე წელს აიგო პალაცო დელ პოპოლოც.[6] 1260 წელს სიენის რესპუბლიკასთან გამართულ მონტაპერტის ბრძოლაში კატასტროფული მარცხის შემდეგ გველფებმა მართვის სადავეები დაკარგეს. გიბელინებმა აღიდგინეს ძალაუფლება და გველფების მრავალი მიღწევა გაანადგურეს. დაანგრიეს მრავალი კოშკი, სახლი თუ სასახლე. მათი მმართველობის არამყარმა მდგომარეობამ გიბელინები აიძულა არბიტრი მოეძებნათ რომის პაპ კლემენტ IV-ის სახით, რომელიც ღიად უჭერდა მხარს გველფებს და ისინი დააბრუნა კიდევაც ხელისუფლებაში.

ფლორენციის ეკონომიკამ ზენიტს მე-13 საუკუნის მეორე ნახევარში მიაღწია და მისი წარმატება აირეკლა არნოლფო დი კამბიოს მიერ დაპროექტებულ პალაცო დელა სინიორიაში. 1292 წელს ფლორენციის მიწები ადმინისტრაციულ ერთეულებად დაიყო. 1293 წელს გამოქვეყნდა იუსტიციის ორდონანსები, რომლებიც იტალიური რენესანსის განმავლობაში ფლორენციის რესპუბლიკის კონსტიტუციის როლს ასრულებდა.[7] ქალაქის მრავალი მდიდრული სასახლის ირგვლივ სულ უფრო მრავლდებოდა ჯერ არნახულად გამდიდრებული ხელოსანთა კლასის სახლები.[3] 1298 წელს გაკოტრდა სიენის ბონსინიორების ოჯახი, ერთ-ერთი უმთავრესი ბანკირთა ოჯახი მთელ ევროპაში და სიენამ მთავარი საბანკო ცენტრის სტატუსი ფლორენციას დაუთმო.[8]

მე-14 საუკუნე რედაქტირება

1304 წელს გველფებსა და გიბელინებს შორის მიმდინარე ომმა დიდი ხანძარი გამოიწვია, რომელმაც ქალაქის უმეტესი ნაწილი შეიწირა.

 
ფლორენციული ფლორინის წინა და უკანა მხარე.

ფლორენციის რესპუბლიკის ოქროს ფლორინი იყო პირველი ევროპული ოქროს მონეტა, რომელიც საკმარისი რაოდენობით იყო მოჭრილი, რომ მნიშვნელოვანი როლი ეთამაშა კონტინენტის ფინანსურ ცხოვრებაში მე-7 საუკუნის შემდეგ. რამდენადაც ფლორენციული ბანკები საერთაშორისო კომპანიები იყო, რომელთაც ევროპის მასშტაბით ჰქონდათ ფილიალები, ფლორინი მალევე გახდა დომინანტი სავაჭრო მონეტა დასავლეთ ევროპაში დიდი მოცულობით ანგარიშსწორებისას.

ფაქტობრივად, ბონსინიორის ოჯახის გაკოტრების შემდეგ ფლორენციაში ბანკირთა რამდენიმე ახალი ოჯახი გაჩნდა: ბარდები, პერუცები და აჩაოილები.[8] გველფებსა და გიბელინებს შორის კონფლიქტი არ შეწყვეტილა, ხელისუფლება კვლავაც ხშირად გადადიოდა ერთის ხელიდან მეორეში. ფლორენციის, როგორც ევროპის მოწინავე საბანკო ქალაქის ზეობა დიდხანს არ გაგრძელებულა. ზემოთხსენებული საბანკო ოჯახები 1340 წელს გაკოტრდნენ, თუმცა არა იმიტომ, რომ ინგლისის მეფე ედუარდ III-მ ვალების გადახდაზე უარი განაცხადა, როგორც ეს ხშირადაა ხოლმე მითითებული, არამედ კონტინენტური მასშტაბის ეკონომიკური დაღმავლობის გამო. აღსანიშნავია, რომ ბანკების მდგომარეობის გართულების პირობებში ფლორენციული ლიტერატურა აღორძინდა. ფლორენცია იქცა იტალიის ისტორიაში ზოგიერთი ისეთი უდიდესი მწერლის სახლად, როგორებიც იყვნენ დანტე, პეტრარკა და ბოკაჩო. ეს მწერლები პირველები იყვნენ ევროპაში, რომელთაც წერა მშობლიურ ენაზე დაიწყეს — მათ ლათინურის ნაცვლად იტალიურის ტოსკანური დიალექტის (რომელიც შედეგად, ჩვეულებრივ იტალიურ ენად ჩამოყალიბდა) გამოყენება დაიწყეს.[9]

ფლორენციას დიდი დარტყმა მიაყენა შავმა სიკვდილმა. აღმოსავლეთში გაჩენილი ჭირი 1347 წელს მესინაში გავრცელდა. ჭირმა ააოხრა ევროპა და მისი მოსახლეობის დაახლოებით 1/3 იმსხვერპლა.[10] ამან ეკონომიკურ დაღმავლობასთან ერთად უარყოფითად იმოქმედა ქალაქ-სახელმწიფოზე. შედეგად დაწყებულმა ფეოდალური სისტემის რღვევამ ევროპის სოციალური შემადგენლობა სამუდამოდ შეცვალა. ეს იყო შუა საუკუნეებიდან გამოსვლის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი.

 
ფლორენციის ტერიტორიის ზრდა 1300-დან 1500 წლამდე.

ავინიონის პაპობის ომმა ცუდად იმოქმედა რეჟიმზე. 1378 წელს უკმაყოფილო მატყლის მუშები აჯანყდნენ. კიომპის რევოლუციამ, რა სახელითაც ეს მოვლენაა ცნობილი, რევოლუციური კომუნა დააფუძნა. 1382 წელს მდიდარმა კლასებმა აჯანყების ჩანასახები ჩაახშეს.[11] 1397 წლის ოქტომბერში ჯოვანი დი ბიჩი დე' მედიჩიმ დააფუძნა სახელგანთქმული მედიჩის ბანკი.[12] ბანკი არსებობას განაგრძობდა (თუმცაღა უაღრესად შემცირებული ფორმით) ფერდინანდო II მედიჩის დრომდე მე-17 საუკუნეში.[13]

1389 წლიდან დაწყებული მილანის ჰერცოგმა ჯან გალეაცო ვისკონტიმ გააფართოვა თავისი სამფლობელოების საზღვრები ვენეტოში, ემილია-რომანიაში, პიემონტსა და ტოსკანაში. ამ პერიოდის განმავლობაში ფლორენცია მაზო დეგლი ალბიცისა და ნიკოლო და უცანოს მეთაურობით სამ ომში ჩაება მილანის წინააღმდეგ (1390–92, 1397–98, 1400–02). პირველ ომში ფლორენციის არმია, რომელსაც ჯონ ჰოკვუდი მეთაურობდა, მილანელებსაც შეიცავდა.[14] მეორე ომი 1397 წლის მარტში დაიწყო. მილანის ძალებმა გაანადგურეს ფლორენციული კონტადო, თუმცა იმავე წლის აგვისტოში შეაკავეს. ომის ხარჯებმა მილიონ ფლორინს გადააჭარბა და აუცილებელი გახადა გადასახადების გაზრდა და სესხის აღება. 1398 წლის მაისის სამშვიდობო შეთანხმება ვენეციამ დაარღვია, თუმცა ეს დაპირისპირება გადაუჭრელი დარჩა.[15] მომდევნო ორ წელიწადში ფლორენციამ ტოსკანასა და უმბრიაზე კონტროლი დაკარგა. პიზა და სიენა, ისევე, როგორც მრავალი სხვა პატარა ქალაქი, ჯან გალეაცოს მიემხრნენ; ლუკა ანტი-ვისკონტურ ლიგას გამოეთიშა და ერთადერთ მთავარ მოკავშირედ ბოლონიაღა რჩებოდა.

1400 წლის ნოემბერში გამჟღავნდა შეთქმულება, რომელშიც მონაწილეობდნენ როგორც გაძევებულები, ასევე შიდა ოპონენტები. რიჩის ოჯახის ორი წარმომადგენელი მიჩნეულ იქნა შეთქმულების მეთაურებად, რომელიც მიზნად ისახავდა რეჟიმის შიდა წრის განადგურებასა და მილანელთათვის კარის გაღებას. აღიარებები აჩვენებდა, რომ გეგმას ფართო მხარდაჭერა ჰქონდა ელიტაში, მათ შორის მედიჩებსა და ალბერტებში.[15]

რესპუბლიკამ დააფინანსა გერმანიის მეფე რუპერტი, თუმცა იგი 1401 წლის შემოდგომაზე დაამარცხეს მილანელებმა. ვისკონტი ბოლონიისაკენ შემოტრიალდა. 1402 წლის 26 ივნისს ბოლონია-ფლორენციის გაერთიანებული ძალები ბოლონიასთან, კაზალეკოს ბრძოლაში დამარცხდნენ. ბოლონია 30 მაისს დაეცა. მილანელებს ტოსკანისაკენ მიმავალი გზა გაეხსნათ, თუმცა ფლორენცია ტოსკანიდან ემილიასა და ლომბარდიაში გავრცელებულმა ჭირმა იხსნა: ჯან გალეაცო 1402 წლის 3 სექტემბერს ჭირით გარდაიცვალა.[14][15]

მე-15 საუკუნე რედაქტირება

 
ფლორენციის რესპუბლიკა და მეზობელი სახელმწიფოები 1494 წლისათვის.

ვისკონტის დომენები სამ მემკვიდრეს შორის განაწილდა. გაბრიელე მარია ვისკონტიმ პიზა ფლორენციას 200 000 ფლორინად მიჰყიდა. რამდენადაც პიზელებს არ სურდათ საკუთარი ნებით დამორჩილებოდნენ დიდი ხნის მეტოქეებს, 1406 წლის 9 ოქტომბერს ფლორენციის არმიამ მასო დეგლი ალბიცის სარდლობით ხანგრძლივი ალყის შემდეგ აიღო ქალაქი, რასაც თან ახლდა მრავალი საშინელება.[14]

1422 წელს ფლორენციის ხელმძღვანელებს მილანის საჰერცოგომ ხელშეკრულების დადება შესთავაზა, რომელიც აკრძალავდა ფლორენციის ჩარევას მილანის მოახლოებულ ომში გენუის რესპუბლიკასთან.[16] ფლორენცია დათანხმდა, თუმცა მილანმა თავად დაარღვია საკუთარი ხელშეკრულების პირობები და დაიკავა ფლორენციის დაქვემდებარებაში მყოფი პატარა სასაზღვრო ქალაქი. კონსერვატიულ ხელისუფლებას ომის წამოწყება სურდა, თუმცა ხალხი შეწუხებული იყო იმ ფაქტით, რომ ომისათვის საჭირო ფინანსებისათვის გადასახადები მკვეთრად გაიზარდებოდა. რესპუბლიკა მილანთან ომში ჩაება და მის მხარეზე ვენეციის ჩაბმის შემდეგ გამარჯვებასაც მიაღწია. ომი 1427 წელს დასრულდა და მილანის ვისკონტი იძულებული გახდა ხელი მოეწერა არასახარბიელო ზავისათვის.

ფლორენციის მიერ ომის მსვლელობისას აღებული ვალი უზარმაზარი იყო და დაახლოებით 4 200 000 ფლორინს შეადგენდა.[17] ვალის გადასახდელად სახელმწიფოს საგადასახადო სისტემის შეცვლა მოუწია. არსებული სისტემა ესტიმო ჩაანაცვლა კატასტომ. კატასტო დაფუძნებული იყო მოქალაქის მთლიან ქონებაზე, მაშინ, როდესაც ესტიმო მხოლოდ საშემოსავლო გადასახადის ფორმას წარმოადგენდა. გარდა ომისა, აღსანიშნავია, რომ ფილიპო ბრუნელესკიმ აღადგინა მიერ სანტა-მარია-დელ-ფიორეს ტაძრის გუმბათი, რომელიც აღტაცებაში მოჰყავდა როგორც მაშინდელი, ასევე, თანამედროვე დამთვალიერებლები.

მედიჩები რედაქტირება

ჯოვანი დი ბიჩი დე’ მედიჩი მედიჩის ბანკის ხელმძღვანელის ადგილზე ვაჟმა, კოზიმო მედიჩიმ შეცვალა. იგი მნიშვნელოვანი როლ ასრულებდა ფლორენციის მართვაში სანამ 1433 წელს არ გააძევეს ტოსკანის მეზობელ ლუკის რესპუბლიკასთან ომში განცდილი კატასტროფული მარცხის შემდეგ.[17] კოზიმოს გადასახლება ვენეციაში წელიწადზე ნაკლები გაგრძელდა, რადგანაც ფლორენციელებმა კოზიმოს გადასახლების გადაწყვეტილება შეცვალეს დემოკრატიული კენჭისყრის გზით. კოზიმო დაბრუნდა ქალაქში და განდევნა ალბიცის ოჯახი, რომელმაც გააძევა იგი.

კოზიმო მედიჩი რედაქტირება

რენესანსი, რომლის ჩანასახებიც, სავარაუდოდ, ევროპაში შავი ჭირის გავრცელებამდე არსებობდა, ფლორენციაში კაზიმოს დე ფაქტო მმართველობისას დაიწყო. ნიკოლო ნიკოლი იმ პერიოდის ფლორენციის წამყვანი ჰუმანისტი მეცნიერი იყო. 1397 წელს მან ფლორენციის უნივერსიტეტში დანიშნა ბერძნულის პირველი პროფესორიმანუელ ქრისოლორასი, იტალიაში ბერძნული კულტურის კვლევის ფუძემდებელი.[18] ნიკოლი ანტიკური ხელნაწერების აქტიური შემგროვებელი იყო. ეს ხელნაწერები მან 1437 წელს სიკვდილის წინ კოზიმოს უანდერძა.[19] ნიკოლის გარდაცვალების შემდეგ ფლორენციის მთავარი ჰუმანისტის ადგილი პოჯო ბრაჩოლინიმ დაიკავა. ბრაჩოლინი 1380 წელს დაიბადა არეცოში. იგი ევროპაში მოგზაურობდა და ნიკოლისათვის ანტიკური პერიოდის ბერძნულ და რომაულ ხელნაწერებს ეძებდა. დამსაქმებლისაგან განსხვავებით, ბრაჩოლინიმ საკუთარი ნაშრომებიც შექმნა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე კოზიმომ, რომელიც მისი საუკეთესო მეგობარი იყო, ბრაჩოლინი ფლორენციის მრჩევლად დანიშნა.[20]

 
კოზიმო მედიჩი, მედიჩების საგვარეულოს დამაარსებელი

1439 წელს ფლორენციამ უმასპინძლა დიდ ეკუმენურ კრებას. ეს კრება მიზნად ისახავდა ბიზანტიური მართლმადიდებლობისა და რომაული კათოლიციზმის შერიგებას. პაპმა ევგენი IV-მ კრება დახმარებაზე ბიზანტიის იმპერატორის, იოანე VIII პალეოლოგოსის მუდარის საპასუხოდ მოიწვია. ამ პერიოდისათვის ბიზანტიის იმპერიას ნელ-ნელა იპყრობდნენ ოსმალები.[21] კრებამ საგრძნობლად გაზარდა ფლორენციის საერთაშორისო პრესტიჟი. კრებამ 1439 წლის ივლისამდე გასტანა. ორივე მხარე შეთანხმდა კომპრომისზე და პაპმაც თნხმობა განაცხადა ბიზანტიისათვის სამხედრო დახმარების გაწევაზე, თუმცა იოანე VIII-ის კონსტანტინოპოლში დაბრუნებისას ბერძნებმა შეთანხმება უარყვეს და ბიზანტიის იმპერიის ნარჩენებში ამბოხებები დაიწყო. იოანე VIII იძულებული გახდა მეამბოხეთა დასაშოშმინებლად უარი ეთქვა შეთანხმებაზე. შედეგად, იმპერიას დასავლეთისაგან დახმარება აღარ მიუღია. 14 წლის შემდეგ, 1453 წელს კონსტანტინოპოლი ოსმალებმა აიღეს.[22]

კოზიმოს მხურვალე პატრონაჟმა ხელოვნებისადმი ფლორენცია ნამდვილ რენესანსულ ქალაქად აქცია. იგი შეკვეთებს აძლევდა დონატელოს, ბრუნელესკისა და მიკელოცოს, რაც მას საბოლოო ჯამში, 600 000 ფლორინზე მეტი დაუჯდა.[23]

საგრეო ურთიერთობებში, როგორც კოზიმოს ძალაუფლებისაკენ აღზევებისას, ასევე მისი მმართველობის პირველი ოცი წლის განმავლობაში, დომინირებდა ლომბარდიის ომები. ჩრდილოეთ იტალიაში გაბატონებისათვის ვენეციის რესპუბლიკასა და მილანის საჰერცოგოს შორის არსებული კონფლიქტების ამ სერიამ 1423 წლიდან 1454 წლამდე გასტანა და მასში ჩართულნი იყვნენ სხვადსხვა იტალიური სახელმწიფოები, რომლებიც საკუთარი ცვალებადი ინტერესების მიხედვით ხან ერთ მხარეს იბრძოდნენ და ხან — მეორეს მხარეს. 1430-იან წლებში მილანის ჰერცოგმა ფილიპო მარია ვისკონტიმ ორჯერ ილაშქრა ფლორენციაში და კიდევ ერთხელ 1440 წელს, თუმცა მისი არმია საბოლოოდ დამარცხდა ანგიარის ბრძოლაში. მილანის თავდასხმები ძირითადად, წაქეზებული იყო გადასახლებაში მყოფი ალბიცის ოჯახის მიერ.[24] 1447 წელს ფილიპო მარიას გარდაცვალებამ ძალთა გადანაწილებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. 1450 წელს კოზიმოს მოკავშირე ფრანჩესკო სფორცამ მილანის ჰერცოგის ტახტი დაიკავა. ფლორენციის სავაჭრო ინტერესებმა იგი სფორცას მილანის მხარდამჭერად აქცია ვენეციის წინააღმდეგ ომში, ხოლო კონსტანტინოპოლის დაცემამ 1453 წელს მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა ვენეციის ფინანსებს. საბოლოოდ, ლოდის ზავით აღიარებულ იქნა ვენეციისა და ფლორენციის საზღვრების გაფართოება და ლეგიტიმაცია მიენიჭა სფორცას მმართველობას მილანში.[25] შემდეგი 40 წლის განმავლობაში მილანისა და ფლორენციის კავშირმა მთავარი როლი ითამაშა ნახევარკუნძულზე სტაბილურობის შენარჩუნებაში.

1458 წლის პოლიტიკური კრიზისი მედიჩების მმართველობის პირველი სერიოზული გამოწვევა იყო. ომის ხარჯები ფლორენციის წარჩინებული ოჯახების მიერ ფინანსდებოდა, თუმცა არაპროპორციულად დიდი წილი მედიჩის ოპონენტებზე მოდიოდა. მათგან ზოგიერთი (სერაგლი, ბარონჩელი, მანჩინი, ჯიანი) განსაკუთრებით დაზარალდა და იძულებული გახდა საკუთარი ქონება გაეყიდა, რომელიც მედიჩების მომხრეებმა სარფიან ფასად იყიდეს. ოპოზიციამ ისარგებლა რესპუბლიკის ინსტიტუტებზე მედიჩების კონტროლის ნაწილობრივი შესუსტებით[26] და მოითხოვა პოლიტიკური რეფორმები, სიტყვის თავისუფლება საბჭოებში და მეტი წონა გადაწყვეტილებების მიღებაში. მედიჩების პასუხი იყო კერძო არმიებისა და მილანის ძალების გამოყენების მუქარა და სახალხო კრების მოწვევა, რომელშიც კოზიმოს მომხრეები დომინირებდნენ. კრებამ გააძევა რეჟიმის ოპონენტები და დაადგინა საბჭოებში ღია კენჭისყრის ფორმა, „რათა ნიღაბი ჩამოეხსნათ მედიჩების მოწინააღმდეგე მეამბოხეთათვის.“[25][27]

1458 წელს კოზიმომ ფორმალურად დატოვა ყოველგვარი პოლიტიკური თანამდებობა, თუმცა მისი კონტროლი ფლორენციაზე ახლა უფრო მყარი იყო, ვიდრე ოდესმე. 1459 წლის გაზაფხულზე კოზიმომ უმასპინძლა ახალ პაპს, პიუს II-ს, რომელიც ფლორენციაში შეჩერდა მანტუას კრებისაკენ მიმავალ გზაზე, რათა გამოეცხადებინა ჯვაროსნული ლაშქრობა ოსმალების წინააღმდეგ. თავის მოგონებებში პიუსის ამბობს, კოზიმო „მიჩნეულ იყო ომისა და მშვიდობის მსაჯულად, სამართლის რეგულატორად; არა იმდენად მოქალაქე, რამდენადაც მბრძანებელი თავისი ქალაქისა. პოლიტიკური თათბირები იმართებოდა მის სახლში; მაგისტრატებს, რომელთაც იგი შეარჩევდა ირჩევდნენ კიდევაც; ყველა თვალსაზრისით, გარდა სახელისა და სამართლებრივი სტატუსისა, იგი მეფე იყო... ზოგიერთის მტკიცებით, მისი ტირანია გაუსაძლისი იყო.[28]

პიერო მედიჩი რედაქტირება

პიერო კოზიმოს უფროსი ვაჟი იყო. პიერო, როგორც მისი მეტსახელიდანაც პოდაგრიანი ჩანს, პოდაგრით იტანჯებოდა და ცუდი ჯანმრთელობით გამოირჩეოდა. ლუკრეცია ტორნაბუონისაგან პიეროს ჰყავდა უფროსი ვაჟი, ლორენცო.[29] პიეროს მმართველობისას გაგრძელდა ტრადიციული პოლიტიკური დაპირისპირება ფლორენციის ფრაქციებს შორის. აღსანიშნავია ლუკა პიტის შეთქმულება პიეროს წინააღმდეგ. 1466 წელს გარდაიცვალა მილანის ჰერცოგი ფრანჩესკო სფორცა და ჰერცოგის ტახტი მისმა ვაჟმა, გალეაცო მარია სფორცამ დაიკავა. ფრანჩესკოს გარდაცვალებით ფლორენციამ ღირებული მოკავშირე დაკარგა.

1466 წელს შეთქმულებმა მოქმედება დაიწყეს. მათ მხარს უჭერდა ფერარის ჰერცოგი, რომელიც თავისი არმიით ფლორენციის გარეუბნებს მიადგა პიეროს დამხობის განზრახვით. გადატრიალება ჩაიშალა, რადგანაც ფლორენციელებმა მას მხარი არ დაუჭრიეს და მოსვლიდან მალევე, ფერარის ჯარმა ქალაქი დატოვა.[30] შეთქმულებს სიკვდილამდე გადასახლება მიესაჯათ.[31] სანამ ფლორენცია საშინაო პრობლემების მოგვარებით იყო დაკავებული, ვენეციამ შექმნილი მდგომარეობით ისარგებლა და 1467 წელს ფლორენციის ტერიტორიაზე შეიჭრა. პიერომ ურბინოს მთავარს, ფედერიკო III და მონტეფელტროს დაავალა დაქირავებული ძალების წინამძღოლობა. ბრძოლაში ვენეციელები დამარცხდნენ და უკან დაიხიეს.[32] პიერო 1469 წლის ზამთარში გარდაიცვალა.

ლორენცო მედიჩი რედაქტირება
 
ლორენცო მედიჩი

პიერო მისმა ვაჟმა, ლორენცომ შეცვალა. ლორენცო, როგორც მემკვიდრე, იმთავითვე ჰყავდა მამას შემზადებული ფლორენციის სამართავად. აღსანიშნავია, რომ ლორენცო მედიჩი რენესანსის პერიოდის ხელოვნების უდიდესი ქომაგი იყო.[33] სხვა მრავალთა შორის, იგი მფარველობდა ლეონარდო და ვინჩის, მიქელანჯელოსა და ბოტიჩელის. მისი მმართველობისას ფლორენცია რენესანსის ცენტრად იქცა. ლორენცომ ხელოვნების მრავალი შესანიშნავი ნიმუშის შეკვეთა გასცა და აგრეთვე, აგროვებდა ძვირფას ქვებს. მეუღლესთან, კლარისა ორსინისთან ლორენცოს მრავალი შვილი ჰყავდა, მათ შორის მომავალი პაპი ლეო X და მისი საბოლოო შემცვლელი ფლორენციის მმართველად — პიერო უიღბლო.

1478 წელს ლორენცოს ძმა ჯულიანო პაცის შეთქმულებისას მის თვალწინ მოკლეს. შეთქმულება პაცის ოჯახის მიერ იყო მოწყობილი. გადატრიალება წარუმატებლად დამთავრდა და შეთქმულები უაღრესად სასტიკი ფორმით იქნენ დასჯილნი სიკვდილით. შეთქმულებას მხარს უჭერდა პიზის მთავარეპისკოპოსი ფრანჩესკო სალვიატი, რომელიც ასევე სიკვდილით დასაჯეს მის ცერემონიულ შესამოსელში. ამბავმა ამ მკრეხელობის შესახებ პაპ სიქსტუს IV-მდეც მიაღწია, რომელიც ასევე უჭერდა მხარს შეთქმულებას მედიჩების წინააღმდეგ. პაპი საშინლად იყო „აღშფოთებული“ და ეკლესიიდან განკვეთა ყველა ფლორენციელი. მან აგრეთვე პაპის დელეგაცია გაგზავნა ფლორენციაში ლორენცოს დასაპატიმრებლად.[34] პაპის ქმედებებმა აშკარად განარისხა როგორც ფლორენციელი ხალხი, ასევე ადგილობრივი ღვთისმსახურებიც. მოსახლეობამ უარი განუცხადა დელეგაციას ლორენცოს გადაცემაზე. პაპმა წამოიწყო ომი, რომელიც ორი წელი გაგრძელდა, თუმცა ლორენცომ დიპლომატიური ნიჭის წყალობით, ტაქტიანად შეძლო მშვიდობის დამყარება.[35] იგი 1492 წელს გარდაიცვალა და რესპუბლიკის მმართველის თანამდებობაზე შვილმა, პიერომ შეცვალა.

პიერო უიღბლო რედაქტირება

პიერო მედიჩი, მეტსახელად უიღბლო ფლორენციას მხოლოდ ორი წელი მართავდა.[36] 1494 წლის სექტემბერში იტალიაში საფრანგეთის მეფე შარლ VIII შეიჭრა. მან ფლორენციის გავლით ნეაპოლისაკენ გავლა მოითხოვა, სადაც იგი საკუთარი თავისათვის ტახტის გამტკიცება სურდა. პიერო მოსალაპარაკებლად შეხვდა შარლს, თუმცა საბოლოოდ კაპიტულაცია გამოაცხადა და საფრანგეთის მეფის ყველა მოთხოვნა მიიღო. ნოემბერში უკან, ქალაქში დაბრუნებისას იგი მოღალატედ გამოაცხადეს. პიერო იძულებული გახდა რესპუბლიკიდან ოჯახთან ერთად გაქცეულიყო.

სავონაროლა რედაქტირება

 
ჯიროლამო სავონაროლა

მედიჩების დამხობის შემდეგ სახელმწიფოს ჯიროლამო სავონაროლა მართავდა.[37] სავონაროლა ფერარელი ბერი იყო. იგი ფლორენციაში 1480-იან წლებში ჩამოვიდა. წინასწარმეტყველებებითა და ენერგიული ქადაგებებით მან ხალხის გული დაიპყრო. სავონაროლამ დემოკრატიული რეფორმების გატარება დაიწყო. მან მედიჩების მიერ მრავალ განდევნილს ფლორენციაში დაბრუნების უფლება მისცა. მიუხედავად ამისა, სავონაროლას ფარული მიზანი ფლორენციის „ღვთის ქალაქად“ გადაქცევა იყო.[37] ფლორენციელები აღარ იმოსებოდნენ ხასხასა ფერის ტანსაცმლით, მრავალმა ქალმა კი მონაზვნობის აღთქმა დადო.[38] სავონაროლა ყველაზე ცნობილი მაინც თავისი „ამაოების კოცონით“ გახდა, როდესაც მისი ბრძანებით ყველა „ამაოება“ ერთად შეაგროვეს და დაწვეს. მათ შორის იყო პარიკები, პარფიუმერია, ნახატები და ანტიკური ხელნაწერები.[39] სავონაროლას მმართველობას ფლორენციაში ერთი წლის შემდეგ დაესვა წერტილი. 1497 წლის ბოლოს პაპმა ალექსანდრე VI-მ იგი ეკლესიიდან განკვეთა. იმავე წელს ფლორენციამ წამოიწყო ომი პიზის წინააღმდეგ, რომელიც შარლ VIII ლაშქრობის შემდეგ დე ფაქტო დამოუკიდებელი იყო. ფლორენციის მონდომება სავსებით უშედეგო აღმოჩნდა, რამაც საკვების ნაკლებობა გამოიწვია. ამან, თავის მხრივ, ჭირის ცალკეული შემთხვევები გამოიწვია. ხალხი თავიანთ უბედურებაში სავონაროლას ადანაშაულებდა, საბოლოოდ, 1498 წელს იგი პიაცა დელა სინიორიაზე აწამეს და სიკვდილით დასაჯეს.[40]

მე-16 საუკუნე რედაქტირება

სავონაროლას დამხობის დროისათვის ქალაქი ძონძებში იყო. სახელმწიფოს სათავეში პიერო სოდერინი ჩაუდგა, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე მმართველად აირჩიეს.[41] ამ პერიოდის ფლორენციაში არსებობდა დემოკრატია ძალიან მცირე კორუფციით. რესპუბლიკურმა მთავრობამ წარმატებას მიაღწია იქ, სადაც სავონაროლა დამარცხდა, როდესაც სამხედრო მრჩეველმა, ნიკოლო მაკიაველიმ პიზა აიღო. სწორედ ამ დროს წარმოადგინა მაკიაველიმ რეგულარული არმია, რომელმაც ტრადიციული, დაქირავებული არმია ჩაანაცვლა.[42]

1512 წელს, როდესაც კამბრიის ლიგის ომისას კარდინალმა ჯოვანი მედიჩიმ პაპის ჯარის დახმარებით ფლორენცია აიღო, სოდერინი გადააყენეს. ქალაქში მედიჩების მმართველობა აღდგა.[43]

 
საღვთო რომის იმპერატორი კარლ V

ფლორენციაში ჩამოსვლიდან მალევე კარდინალი ჯოვანი მედიჩი რომში გამოიძახეს. პაპი იულიუს II გარდაიცვალა და პაპის კონკლავის გამართვა იყო საჭირო. ჯოვანი პაპად აირჩიეს და სახელად ლეო X ეწოდა. ამ ფაქტმა პაპის ოლქი და ფლორენცია პერსონალურ კავშირში გააერთიანა.[44] ლეო X ფლორენციას წარმომადგენლის მეშვეობით მართავდა და თავის ნაცვლად, ქალაქის მართვა ძმას, ჯულიანო მედიჩის დაავალა.

ჯულიანო ფლორენციას სიკვდილამდე, 1516 წლამდე მართავდა, რის შემდეგაც იგი ლორენცომ, ურბინოს ჰერცოგმა შეცვალა.[45][46]

ლორენცოს შეეძინა ქალიშვილი, ეკატერინე მედიჩი. ლორენცო 1519 წელს, თავისი ერთადერთი შვილის დაბადებიდან მალევე გარდაიცვალა სიფილისით. მედიჩებმა მთელი თავიანთი ძალისხმევა პაპობისაკენ მიმართეს. პაპის ტახტს 1513-1521 წლებში ლეო X ფლობდა, მისი სიკვდილის შემდეგ პაპად ადრიანე VI აირჩიეს, რომელიც 1523 წლამდე იყო. მის შემდეგ კი კარდინალი ჯულიო მედიჩი კლემენტ VII-ის სახელით აირჩიეს პაპად.[47] ამ დროისათვის ფლორენციას იპოლიტო მედიჩი და ალესანდრო მედიჩი მართავდნენ კარდინალ პაზერინის დაცვის ქვეშ. იპოლიტო ჯულიანო მედიჩის ვაჟი იყო, ხოლო ალესანდრო — კლემენტ VII-ის უკანონო შვილი.

 
ლეო X

1527 წლის მაისში კონიაკის ლიგის ომის მსვლელობისას საღვთო რომის იმპერიამ რომს ალყა შემოარტყა. ქალაქი გაძარცვეს და ააოხრეს. პაპის სახელმწიფოს მარცხის ამბის გაგებისთანავე, ანტი-მედიჩურმა ფრაქციებმა მედიჩები კიდევ ერთხელ განდევნეს ფლორენციიდან. ქალაქი პურიტანიზმის ახალმა ტალღამ მოიცვა. იესო ქრისტე ფლორენციის მეფეც გამოაცხადეს. გამოიცა მრავალი ახალი ფუნდამენტალისტური შეზღუდვების დამდგენი კანონები.[48] კლემენტ VII-მ კარლ V-თან ბარსელონის ზავს მოაწერა ხელი. პაპის დალოცვის სანაცვლოდ კარლმა ალყა შემოარტყა ფლორენციას, აიღო და მედიჩების მმართველობა აღადგინა.[49]

რესპუბლიკის დასასრული რედაქტირება

1533 წელს პაპმა კლემენტ VII-მ ალესანდრო მედიჩი ფლორენციის ჰერცოგად გამოაცხადა. ამ ფაქტმა წერტილი დაუსვა ფლორენციის რესპუბლიკას, რასაც მოსახლეობის განრისხება მოჰყვა. იყო აჯანყებების შემთხვევებიც.[50] 1569 წელს მედიჩებმა არისტოკრატიულ კიბეზე კიდევ უფრო ზევით აინაცვლეს, როდესაც ალესანდროს მემკვიდრე ტოსკანის დიდი ჰერცოგი გახდა. მედიჩები დიდი ჰერცოგის ტიტულს 1737 წლამდე ატარებდნენ.

მმართველობა რედაქტირება

ფლორენციას მართავდა სინიორიის სახელით ცნობილი საბჭო, რომელიც ცხრა კაცისაგან შედგებოდა. სინიორიის თავი იყო გონფალონერი, რომელიც ყოველ ორ თვეში ერთხელ ლატარეაში აირჩეოდა, ისევე, როგორც მისი სინიორია. სინიორიის წევრობა რომ შეძლებოდა, კანდიდატს კარგი ფინანსური მდგომარეობა უნდა ჰქონოდა; არ უნდა ჰქონოდა ვალები და არ უნდა ყოფილიყო გაკოტრებული; უნდა ყოფილიყო 30 წელზე უფროსი და უნდა ყოფილიყო ფლორენციის შვიდი ძირითადი გილდიიდან (ხელოსნები, ვაჭრები, ბანკირები, სამოსის ორი გილდია და მოსამართლეები) ერთ-ერთის წევრი. ლატარეა ხშირად წინასწარ იყო განსაზღვრული ძირითადად, გავლენიანი ოჯახების სასარგებლოდ.[51] ლატარეის სია ყოველ 5 წელიწადში ერთხელ იცვლებოდა.[52]

ხელისუფლების მთავარ ორგანოებს უწოდებდნენ ტრე მაჯორს. ესენი იყო: 12 ღირსეული კაცი, გონფალონერის ტიტულის ჩვეულებრივი მატარებლები და სინიორია. პირველი ორი განიხილავდა და ამტკიცებდა საკანონმდებლო აქტებს, თუმცა მათი ინიციირების უფლება არ ჰქონდათ. გონფალონერის თანამდებობის თავდაპირველი ორთვიანი ვადა სავონაროლას დამხობის შემდეგ სიკვდილამდე გახანგრძლივდა ვენეციის დოჟის მსგავსად.[53] სინიორია ყოველდღე მართავდა შეხვედრებს პალაცო დელა სინიორიაში. ხელისუფლების ცალკეულ ასპექტებს განაგებდა მრავალი სხვადასხვა კომიტეტი, მაგალითად, ომის კომიტეტი და ა. შ. ადმინისტრაციული მიზნებისათვის ფლორენცია დაყოფილი იყო ოთხ რაიონად, რომლებიც, თავის მხრივ, კიდევ ოთხ ერთეულად იყოფოდნენ. ამ დაყოფის მთავარ მიზანს ადგილობრივი მილიციის შეკრების გაიოლება წარმოადგენდა.[54]

იმისათვის, რომ პირს არჩევითი თანამდებობა დაეკვებინა, იგი უნდა ყოფილიყო ოჯახიდან, რომელსაც მანამდე ეკავა ეს თანამდებობა.[41] მედიჩების ოჯახი ეფექტურად მართავდა ფლორენციას მემკვიდრეობით საწყისებზე 1434-1494, 1512–1527, 1531-1533 წლებში, სანამ ალესანდრო მედიჩი ფლორენციის ჰერცოგად არ გამოცხადდა და ამით წერტილი არ დაესვა ფლორენციის რესპუბლიკის არსებობას მემკვიდრეობითი მონარქიის სასარგებლოდ.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. G. Brucker, Florence:The Golden Age, 1138–1737 (University of California Press, Berkeley CA, 1998) ISBN 0-520-21522-2
  2. J. M. Najemy, A History of Florence:1200–1575, (Blakwell, Malden, MA, 2006) ISBN 978-1-4051-1954-2
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 History of Florence. Aboutflorence.com. ციტირების თარიღი: 2009-05-26.
  4. Strathern, Paul: Medici: "Godfathers of the Renaissance" (Vintage Publishers) ISBN 978-0-099-52297-3 p 321
  5. See: Jean-Claude Maire Vigueur and Andrea Zorzi (“Il gruppo dirigente fiorentino nell'età consolare” n "Archivio Storico", CLXII (2004), p. 210)
  6. Attractions in San Gimignano, Italy en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-17. ციტირების თარიღი: 2020-04-16
  7. Kenneth Bartlett, The Italian Renaissance, Chapter 7, p. 37, Volume II, 2005.
  8. 8.0 8.1 Strathern, p. 18
  9. Strathern, p. 19
  10. Strathern, p. 20
  11. Strathern, pp. 20–21
  12. Strathern, p. 26
  13. Strathern, p. 301
  14. 14.0 14.1 14.2 Brucker, p. 252
  15. 15.0 15.1 15.2 Najemy, pp. 193–194
  16. Strathern, p. 41
  17. 17.0 17.1 Strathern, p. 42
  18. Strathern, p. 83
  19. Strathern, p. 84
  20. Strathern, pp. 88–89
  21. Strathern, p. 90
  22. Strathern, p. 94
  23. Strathern, p. 106
  24. Strathern, p. 117
  25. 25.0 25.1 Brucker, p. 253
  26. Najemy, p. 293
  27. Najemy, pp. 293–296
  28. Najemy, pp. 296–298
  29. Strathern, p. 127
  30. Starthern, p. 133
  31. Strathern, p. 134
  32. Strathern, pp. 134–135
  33. Strathern, p. 145
  34. Strathern, pp. 161–165
  35. Strathern, pp. 166–168
  36. Strathern, p. 213
  37. 37.0 37.1 Strathern, p. 220
  38. Strathern, p. 223
  39. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-17. ციტირების თარიღი: 2008-08-01.
  40. Strathern pp. 226–269
  41. 41.0 41.1 Strathern, p. 249
  42. Strathern, p. 257
  43. Strathern, p. 261
  44. Strathern, pp. 266–268
  45. Strathern, p. 280
  46. Peter Barenboim, Sergey Shiyan, Michelangelo: Mysteries of Medici Chapel, SLOVO, Moscow, 2006. ISBN 5-85050-825-2
  47. Strathern, p. 292
  48. Strathern, pp. 308–309
  49. Strathern, pp. 311–315
  50. Strathern, p. 321
  51. Strathen, p 15
  52. Hale, pp. 17–18
  53. Strathern, p 235
  54. Hale, J.R.: Florence and the Medici, Orion books, London, ISBN 1-84212-456-0 pp. 15–16