ფერდინანდ IV (უნგრეთი)

ფერდინანდ IV (გერმ. Ferdinand IV., უნგრ. IV. Ferdinánd, ჩეხ. Ferdinand IV.; დ. 8 სექტემბერი, 1633, ვენა, ავსტრია — გ. 9 ივლისი, 1654, ვენა, ავსტრია) — ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. საღვთო რომის იმპერატორ ფერდინანდ III-ისა და დედოფალ მარია ანა ესპანელის უფროსი ვაჟი. უნგრეთისა და ხორვატიის მეფე 1647-1654, ბოჰემიის მეფე 1646-1654 და გერმანიის მეფე 1653-1654 წლებში, როგორც მამის თანამმართველი.

ფერდინანდ IV
უნგრეთისა და ხორვატიის მეფე
მმართ. დასაწყისი: 16 ივნისი, 1647
მმართ. დასასრული: 9 ივლისი, 1654
წინამორბედი: ფერდინანდ III
მემკვიდრე: ფერდინანდ III
ბოჰემიის მეფე
მმართ. დასაწყისი: 5 აგვისტო, 1646
მმართ. დასასრული: 9 ივლისი, 1654
წინამორბედი: ფერდინანდ III
მემკვიდრე: ფერდინანდ III
გერმანიის მეფე
მმართ. დასაწყისი: 31 მაისი, 1653
მმართ. დასასრული: 9 ივლისი, 1654
წინამორბედი: ფერდინანდ III
მემკვიდრე: ფერდინანდ III
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 8 სექტემბერი, 1633
დაბ. ადგილი: ვენა, ავსტრია
გარდ. თარიღი: 9 ივლისი, 1654, (20 წლის)
გარდ. ადგილი: ვენა, ავსტრია
დინასტია: ჰაბსბურგები
მამა: ფერდინანდ III, საღვთო რომის იმპერატორი
დედა: მარია ანა ესპანელი
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია რედაქტირება

 
1 წლის ფერდინანდი დედასთან ერთად.

ფერდინანდი დაიბადა 1633 წლის 8 სექტემბერს ვენაში. იგი იყო საღვთო რომის იმპერატორ ფერდინანდ III-ისა და მისი პირველი ცოლის, დედოფალ მარია ანა ესპანელის უფროსი ვაჟი. დედის მხრიდან იგი იყო ესპანეთის მეფე ფილიპე III-ის შვილიშვილი და ასევე ესპანეთის მეფე ფილიპე IV-ისა და საფრანგეთის დედოფალ ანა ავსტრიელის დისწული, რაც მას საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ისა და ესპანეთის მეფე კარლოს II-ის ბიძაშვილად აქცევდა. ტრადიციის თანახმად, ფერდინანდს დაბადებისთანავე მიენიჭა ავსტრიის ერცჰერცოგის წოდება და კათოლიკედ მოინათლა ფერდინანდ ფრანცის სახელით.

უკვე 1646 წლის აგვისტოდან ფერდინანდ III-მ იგი ბოჰემიის მეფედ გამოაცხადა და თავის თანამმართველად დაინიშნა. იმავდროულად ფერდინანდ IV-მ მამასთან ერთად მიიღო ციეშინის ჰერცოგის წოდება, რამეთუ მისი ჰერცოგინია ელიზაბეტა უშვილოდ აღესრულა და საჰერცოგოს ჰაბსბურგები დაეპატრონნენ. ამ ამბიდან ერთ წელიწადში, 1647 წლის ივნისში ფერდინანდ IV უნგრეთისა და ხორვატიის მეფეც გახდა, მისი კორონაცია კი 16 ივნისს შედგა ქალაქ პრესბურგში, თანამედროვე სლოვაკეთის ტერიტორიაზე.

იმის გამო, რომ ფრანგები გამალებით ცდილობდნენ ჰაბსბურგებისათვის გერმანიის ტახტის წართმევას, ფერდინანდ III-მ ამ ტახტის შესანარჩუნებლად ჯერ კიდევ თავის სიცოცხლეში, 1653 წლის 31 მაისს რეგენსბურგში ფერდინანდ IV გერმანიის მეფედ აკურთხა, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ ჰაბსბურგები ტახტის მემკვიდრეობით გადაცემას განაგრძობდნენ. მიუხედავად ამისა, ფერდინანდ IV სულ მალე, 1654 წლის 9 ივლისს, 20 წლის ასაკში გარდაიცვალა ყვავილით, დაუქორწინებელი და უშვილო. გერმანიის ტახტზე იგი მალევე შეცვალა მისმა ძმამ, ლეოპოლდ I-მა, რომელმაც ცოლად ფერდინანდის საცოლე და თავისი დისწულ-ბიძაშვილი, ინფანტა მარგარიტა ტერეზა ესპანელი შეირთო.

წინაპრები რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • Bernard Bolingbroke Woodward; William Leist Readwin Cates (1872). Encyclopedia of Chronology: Historical and Biographical. Longmans, Green and Company. p. 512.
  • The Annals of Europe, Or Regal Register; Shewing the Succession of the Sovereigns, ... Together with the Bishops and Popes of Rome, Etc. F. Newbery. 1779. p. 165.
  • J. P. Cooper (20 December 1979). The New Cambridge Modern History: Volume 4, The Decline of Spain and the Thirty Years War, 1609-48/49. CUP Archive. p. 419. ISBN 978-0-521-29713-4.
  • Eder, Karl (1961), "Ferdinand III.", Neue Deutsche Biographie (NDB) (in German), 5, Berlin: Duncker & Humblot, pp. 85–86;
  • Wurzbach, Constantin, von, ed. (1861). "Habsburg, Philipp III." . Biographisches Lexikon des Kaiserthums Oesterreich [Biographical Encyclopedia of the Austrian Empire] (in German). 7. p. 120
  • Sigmund Ritter von Riezler (1897), "Wilhelm V. (Herzog von Bayern)", Allgemeine Deutsche Biographie (ADB) (in German), 42, Leipzig: Duncker & Humblot, pp. 717–723
  • Cartwright, Julia Mary (1913). Christina of Denmark, Duchess of Milan and Lorraine, 1522-1590. New York: E. P. Dutton. pp. 536–539.
  • Kurth, Godefroid (1911). "Philip II" . In Herbermann, Charles (ed.). Catholic Encyclopedia. 12. New York: Robert Appleton Company.
  • Wurzbach, Constantin, von, ed. (1860). "Habsburg, Anna von Oesterreich (Königin von Spanien)" . Biographisches Lexikon des Kaiserthums Oesterreich [Biographical Encyclopedia of the Austrian Empire] (in German). 6. p. 151