ფელიქს ძერჟინსკი (რუს. Фе́ликс Эдму́ндович Дзержи́нский, პოლ. Feliks Dzierżyński) პარტიული მეტსახელები: იაცეკ, იაკუბ, ფრანეკი, ასტრონომი, იუზეფ, დომანსკი; დ. 11 სექტემბერი, 1877 — გ. 20 ივლისი, 1926) — პოლონური წარმოშობის რევოლუციონერი, საბჭოთა კავშირის პოლიტიკური მოღვაწე, ჩეკას ხელმძღვანელი.

ფელიქს ძერჟინსკი 1918 წელს

"პროფესიონალი რევოლუციონერი" რედაქტირება

ფელიქს ძერჟინსკი დაიბადა 1877 წლის 30 აგვისტოს საგვარეულო სახლში ვილენის გუბერნიაში (ახლა მინსკის ოლქი), წვრილი აზნაურის ოჯახში. იგი სწავლობდა გიმნაზიაში, თუმცა სწავლა არ დაუმთავრებია. თვრამეტი წლის ასაკში იგი გახდა სოციალურ-დემოკრატიული წრის წევრი, შემდეგ კი გაწევრიანდა "პოლონეთისა და ლიეტუვის სამეფოს სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში". ამ დროიდან 1917 წლამდე ძერჟინსკი მხოლოდ პარტიული სამუშაოთი იყო დაკავებული. მაშინ ასეთ ხალხს "პროფესიონალ რევოლუციონერებს" უწოდებდნენ.

1897 წელს ძერჟინსკი პირველად დააპატიმრეს და სამი წლით ვიატკის გუბერნიაში გადაასახლეს, ერთი წლის შემდეგ იგი გაიქცა და ვილნოში დაბრუნდა, საიდანაც შემდეგ ვარშავაში გადავიდა.

1900 წლის დასაწყისში ძერჟინსკი კიდევ დააპატიმრეს. იგი ვარშავის ციტადელში იჯდა. 1902 წელს იგი ხუთი წლით ციმბირში გადაასახლეს. გზაში იგი გაიქცა და საზღვარგარეთ გაიპარა, რაც იმ დროს ადვილი იყო. იგი მალევე დაბრუნდა. 1905 წლის ივლისში ფელიქსი კიდევ დააპატიმრეს, მაგრამ ამ დროს დაიწყო პირველი რევოლუცია და ოქტომბერში იგი ამნისტიით გამოუშვეს, 1906 წლის ბოლოს იგი კვლავ დააპატიმრეს და შემდეგ თავდებით გამოუშვეს. 1908 წელს ახალი დაპატიმრება, სასამართლო და გადასახლება ციმბირში, ენისეის გუბერნიაში. ძერჟინსკი მალე გაიქცა და პოლონეთში დაბრუნდა.

1912 წელს ძერჟინსკი კვლავ დააპატიმრეს და სამი წელი კატორღა მიუსაჯეს. ამჯერად მან გაქცევა ვეღარ მოახერხა. 1916 წელს იგი მოსკოვში გადაიყვანეს, სადაც ძველი დანაშაულებებისთვის გაასამართლეს და ექვსი წელი კატორღა მიუმატეს. თებერვლის რევოლუციამ, იგი როგორც სხვა პოლიტპატიმრები განთავისუფლებულ იქნა.

ძერჟინსკი მონაწილეობას იღებდა 1917 წლის 10 ოქტომბერს მონაწილეობდა ცკ-ს ისტორიულ სხდომაზე პეტროგრადში, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შეიარაღებული აჯანყების დაწყებაზე. სწორედ ძერჟინსკის შემოთავაზებით შეიქმნა პოლიტბიურო, რომელმაც 1991 წლამდე იარსება.

ოქტომბრის რევოლუციის დროს ძერჟინსკის დაევალა ფოსტის და ტელეგრაფის ხელში ჩაგდება. რევოლუციის შემდეგ კი ძერჟინსკის სმოლნის დაცვა დაევალა.

ჩეკა რედაქტირება

20 დეკემბერი ძერჟინსკიმ მიიღო მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი დავალება — შეექმნა "ჩეკა" (ВЧК) – Всероссийская чрезвычайная комиссия). ძერჟინსკიმ 11 წელი გაატარა ციხეებსა და კატორღებში, ამიტომ საკუთარი გამოცდილებიდან იცოდა თუ როგორ მუშაობს რეპრესიული აპარატი. პოლიტიკურ საქმეებზე ძიება, როგორც ასეთი არ ხდებოდა, ამისთვის მათ არც დრო და არც უნარები არ გააჩნდათ. ფართოდ გამოიყენებოდა დასმენები და პროვოკატორი აგენტების მიგზავნა. საჭირო იყო მხოლოდ დამნაშავისგან აღიარების მიღება.

ვჩკ არსებობის პირველივე დღეებიდან მოწოდებული იყო მოსახლეობის ყველა ფენისთვის ეთვალთვალა და გამოევლინა ანტისაბჭოთა ელემენტები, რომლებიც უნდა განადგურებულნიყვნენ.

1918 წლის 29 აგვისტოს მოკლეს საბჭოთა პოლიტიკური მოღვაწე მოსე ურიცკი, მეორე დღეს ფანია კაპლანმა ლენინს ესროლა, რის შემდეგაც დაიწყო წითელი ტერორი, რომლის დროსაც პეტროგრადში 500 ადამიანი დახვრიტეს.

როდესაც ტროცკი ხელმძღვანელობდა გერმანიასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს და ლენინს უნდოდა რაც შეიძლება მალე დაესრულებინა ომი, ძერჟინსკი ბრესტ-ლიტოვსკის შეთანხმების კატეგორიული წინააღმდეგი გამოვიდა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება