ფედორ ფონ ბოკი (გერმ.: Fedor von Bock) (დ. 3 დეკემბერი, 1880, კიუსტრინი, გერმანიის იმპერია — გ. 4 მაისი, 1945, ოლდენბურგ-ინ-ჰოლშტაინი, გროსდოიჩეს რაიხი) — გერმანელი სამხედრო მოღვაწე, „ვერმახტის“ გენერალ-ფელდმარშალი და მეორე მსოფლიო ომის დროს არმიათა და არმიათა ჯგუფის მთავარსარდალი.

ფედორ ფონ ბოკი

ბიოგრაფია რედაქტირება

წარმომავლობა რედაქტირება

ფედორ ფონ ბოკი დაიბადა პრუსიელი გენერალ-მაიორის მორიც ფონ ბოკისა და მისი მეუღლის ოლგა ფონ ფალკენჰაინის ოჯახში. დედამისი ცნობილი გერმანელი სამხედრო მოღვაწის, იმპერიის გენშტაბის შეფის ერიხ ფონ ფალკენჰაინის ნათესავი იყო.

პირველი ნაბიჯები რედაქტირება

1898 წელს კადეთთა სკოლის დამთავრების შემდეგ ფედორ ფონ ბოკმა ლეიტენანტის ჩინით სამხედრო სამსახური დაიწყო ინფანტერისთა მე-5 გვარდიულ პოლკში. 1905 წელს იგი ბატალიონის მეთაურის ადიუტანტი და 1907 წელს კი პოლკის მეთაურის ადიუტანტი გახდა. 1910–1912 წლებში ფონ ბოკი კვალიფიკაციას გადიოდა გენერალ შტაბში. 1912 წელს იგი დიდ გენერალურ შტაბში იქნა გადაყვანილი სამუშაოდ.

პირველ მსოფლიო ომში რედაქტირება

პირველ მსოფლიო ომში ფედორ ფონ ბოკი გენერალურ შტაბში ოფიცრის თანამდებობაზე მსახურობდა და შემდგომში გადაიყვანეს ბატალიონის მეთაურად. 1916 წელს მას მაიორის წოდება მიენიჭა, ხოლო 1918 წლის აპრილში ბრძოლაში გამოჩენილი მამაცაობისათვის დაჯილდოებულ იქნა გერმანიის იმპერიის უმაღლესი სამხედრო ორდენით „პურ ლე მერიტი“.

მსოფლიო ომებს შორისი ხანა რედაქტირება

1919 წელს ფედორ ფონ ბოკმა სამხედრო სამსახური განაგრძო ახალდაარსებულ რაიხსვერში. 1929 წლის თებერვალში მას გენერალ-მაიორის, ხოლო 1931 წლის თებერვალში გენერალ-ლეიტენანტის წოდება მიენიჭა.

1931 წელს ფონ ბოკი დაინიშნა II სამხედრო ოლქის მთავარსარდლად ქალაქ შტეტინში. 1936 წელს მან იქორწინა ვილჰელმინე ფონ დერ ოსტენზე, რომელთანაც ერთი ქალიშვილი შეეძინა. 1938 წლის 1 მარტს ფედორ ფონ ბოკს გენერალ-პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა და იმავე წელს მონაწილეობა მიიღო ზუდეტების ოკუპაციაში. 1938 წლის 12 მარტს ავსტრიის ანშლუსის დროს იგი მე-8 არმიის მთავარსარდალი იყო და პირველი შეიჭრა ავსტრიაში. იმავე წლის 1 ნოემბერს ფედორ ფონ ბოკი „არმიათა ჯგუფ 1“-ის მთავარსარდლად დაინიშნა ბერლინში, ხოლო 1939 წლის 26 აგვისტოს გადაყვანილ იქნა „არმიათა ჯგუფი ჩრდილოეთის“ მთავარსარდლის პოსტზე.

მეორე მსოფლიო ომი რედაქტირება

1939 წლის 1 სექტემბრიდან ფედორ ფონ ბოკი პოლონეთის წინააღმდეგ ომში მონაწილეობდა. იგი სარდლობდა პომერანიიდან და აღმ. პრუსიიდან პოლონეთის ტერიტორიაზე შეჭრილ არმიათა ჯგუფ „ჩრდილოეთს“ და იმავე წლის 30 სექტემბერს დაჯილდოებულ იქნა რკინის ჯვრის რაინდის ჯვრის ორდენით. 1939 წლის 3 ოქტომბერს იგი გადაყვანილ იქნა არმიათა ჯგუფ „ბ“-ს მთავარსარდლის თანამდებობაზე.

დასავლეთ ფრონტზე იგი ხელმძღვანელობდა არმიათა ჯგუფ „ბ“-ს ოპერაციებს და მონაწილეობა მიიღო ნეიტრალურ ქვეყნებზე — ბელგიასა და ნიდერლანდებზე თავდასხმაში. პარიზის აღების შემდეგ ფედორ ფონ ბოკმა 1940 წლის 14 ივნისს ტრიმფალურ თაღის ქვეშ „ვერმახტის“ არმიათა პარადი ჩაიბარა და 19 ივლისს გენერალ-ფელდმარშლის კვერთხი მიიღო.

1941 წელს სსრკ-ზე გერმანიის თავდასხმის შემდეგ ბოკი არმიათა ჯგუფი „ცენტრი“ ჩაიბარა. მიუხედავად იმისა, რომ იგი საბჭოთა მშვიდობიანი მოსახლეობის ბარბაროსული განადგურების მკაცრი მოკრიტიკე იყო არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ არ ილაშქრებდა. მისმა დისშვილმა ჰენინგ ფონ ტრესკომ ვერ შეძლო ბიძის „ვიდერშტანდის“ შემადგენლობაში ჩათრევა. ფედორ ფონ ბოკი მხოლოდ პროტესტის გამოხატვას სჯერდებოდა, რაზეც მეტყველებს ერთი ცნობილი ფაქტიც. ერთ-ერთი ასეთი პროტესტის დროს მან თავის შტაბს განუცხადა: „ბატონებო, მე ვადასტურებ: ფელდმარშალმა ფონ ბოკმა პროტესტი გამოხატა!“ (გერმ.: „Meine Herren, ich stelle fest: Der Feldmarschall von Bock hat protestiert!“).

მას შემდეგ რაც ფონ ბოკმა მისი ჯარების გადაღლილობის გამო აღმოსავლეთ ფრონტზე შეტევა შეწყვიტა და ტაქტიკური მიზეზების გამო უკან დაიხია თანამდებობიდან იქნა გადაყენებული. 1942 წლის 18 იანვარს ვალტერ ფონ რაიხენაუს გარდაცვალების შემდეგ იგი არმიათა ჯგუფ „სამხრეთის“ მთავარსარდლად დაინიშნა, მაგრამ მალე ოპერაცია „ბრაუნშვაიგის“ ჩავარდნის გამო განტევების ვაცად შერაცხეს და ჰიტლერმა ყველა მის მიერ დაკავებული თანამდებობებიდან გაათავისფლა. ფედორ ფონ ბოკი პენსიაში გაუშვეს.

შემდგომ წლებში ფედორ ფონ ბოკი კარჩაკეტილად ცხოვრობდა ბავარიაში. ჰიტლერის თვითმკვლელობის შემდეგ მან თავისი სამსახური შესთავაზა კარლ დენიცს. 1945 წლის 3 მაისს ლენსანის მახლობლად იგი ბრიტანული ავიაციის დაბომბვის შედეგად მძიმედ დაიჭრა და მომდევნო დღეს ოლდენბურგ-ინ-ჰოლშტაინის სამხედრო საზღვაო ლაზარეთში გარდაიცვალა.

ჯილდოები რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ციტატები რედაქტირება

  • „ჩვენი პროფესია ყოველთვის ბრძოლის ველზე გმირული სიკვდილით უნდა გვირგვინდებოდეს“[1]

წყაროები რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • Turney, Alfred W., Disaster at Moscow: Von Bock’s Campaigns 1941–1942, Cassell (1971)
  • Gerbet, Klaus and Johnston, David. Generalfeldmarschall Fedor von Bock: The War Diary 1939–1945. Schiffer Publishing. 1 January 2000
  • Horner, D. M., Jukes, Geoffrey. The Second World War — The Eastern Front 1941–1945. Osprey Publishing (25 July 2002)
  • Helden der Wehrmacht — Unsterbliche deutsche Soldaten (in German). München, Germany: FZ-Verlag GmbH, 2004. ISBN 3-924309-53-1.

სქოლიო რედაქტირება

  1. „Two Men, Two Faces“. Time Magazine. 1942-09-21. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-05. ციტირების თარიღი: 2007-05-16.