ფარვანასებრნი (ლათ. Faboideae) — მცენარეთა ქვეოჯახი პარკოსანთა ოჯახისა. ცნობილია დაახლოებით 440 გვარი და 12 ათასამდე სახეობა. ფართოდ არიან გავრცელებული არამარტო ეკვატორულ, არამედ ზომიერ და ცივ ოლქებშიც. მრავლადაა მდელოებზე, ველებზე, ტყეებში, გზისპირა მდელობებზე. ხშირია ფოთლების ან მისი ნაწილების სახეცვლა პწკალებად (ღობის ცერცველა), ყლორტებისა კი — ეკლებად (ინგლისური კურდღლისცოცხა). ყვავილის ჯამი შეზრდილფოთლიანია; გვირგვინს 5, ჩვეულებრივ თავისუფალი ფურცელი აქვს. მათგან ზედა, ყველაზე დიდ ფურცელს აფრა ან დროშა ეწოდება, 2 გვერდითას — ფრთა ან ნიჩაბი, 2 ქვედას (წინას) კი — კილი ან ნავი. მტვრიანა 10 ცალია, ისინი (9 ცალი) ხშირად ძირებით ერთმანეთს ეზრდება და ერთგვარ მილს წარმოქმნის, რომელიც ნასკვზეა გარშემორტყმული, ერთი ცალი მტვრიანა კი თავისუფალი რჩება. თითქმის ყველა ფარვანასებრი გამოირჩევა ცილების მაღალი შემცველობით (განსაკუთრებით თესლი), რომლებიც მდიდარია შეუცვლელი ამინომჟავებით (მ.შ. ლიზინით, მეთიონინითა და ტრიპტოფანით). მრავალი მათგანი (ბარდა, ოსპი, ლობიო, არაქისი, სოია, მუხუდო, ცერცვი და სხვ.) კულტურაში ერთ-ერთი პირველი იყო შეტანილი როგორც ძვირფასი საჭმელი მცენარე. ძველი მიწათმოქმედებისთვის და ტროპიკებსა და სუბტროპიკებში მცხოვრები მრავალი თანამედროვე ხალხისათვის ამ მცენარეთა თესლი ცილების მთავარი წყაროა. მიწისზედა ყლორტები ცხოველების შესანიშნავი საკვებია. სამყურას, იონჯას, ესპარცეტს, ცერცველას სპეციალურად თესენ სათივედ. ხანჭკოლას ზოგიერთ სახეობას ამუშავებენ როგორც „მწვანე სასუქს“, რომელიც ნიადაგის ნაყოფიერებას ამაღლებს, — მათ არ თიბავენ, არამედ მთელ მწვანე მასას ნიადაგში ჩახნავენ. ფარვანასებრთა მრავალი კულტურული სახეობა თესლბრუნვის აუცილებელი კომპონენტია.[1]

ფარვანასებრნი

ბარდა

კროტალარია
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  პარკიანები
ოჯახი:  პარკოსნები
ქვეოჯახი:  ფარვანასებრნი
ლათინური სახელი
Faboideae Rudd, 1968

ამ ქვეოჯახს მიეკუთვნება ტროპიკული და სუბტროპიკული ოლქების ძვირფასმერქნიანი ჯიშები: Dalbergia latifolia, D. nigra, D. melanoxylon, Pterocarpus santalinu, გვარი Erythrina (მისი დიდი ყვავილები ფრინველების დახმარებით იმტვერება). ფარვანასებრთა შორისაა: მიროქსილონის გვარის (Myroxylon) წარმომადგენლები, რომლებიც ე.წ. პერუულ ბალზამს იძლევიან, იაპონური სტიფნოლობიუმი (Stypnolobium japonica) — ფლავონოიდ რუტინის სამრეწველო წყარო, საღებავი ინდიგოფერა (Indigofera tinctoria) — ღრმა ლურჯი ფერის საღებავის წყარო, ძირტკბილა და თერმოფსისი — სამკურნალო მცენარეები. ქვეოჯახში შედის ყვავილოვან მცენარეთა ყველაზე მრავალრიცხოვანი გვარი — გლერძი და მასთან ახლოს მდგომი ოქსიტროპისი, ასევე გვარები ყვავისფრჩხილა, კრიალოსანა, ფუჭფუჭა, უძრახელა და სხვ. ესპანური კურდღლისცოცხა (Spartium junceum) გამოიყენება მთის ფერდობთა გასამაგრებლად.[1]

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Сытин А. К. Бобовые // Большая российская энциклопедия. т. 3. — М., 2005. — стр. 621–622.