ურო (მცენარე)

მცენარეთა გვარი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ურო.

ურო (ლათ. Andropógon) — მარცვლოვანთა ოჯახის მრავალწლოვანი ბალახების 3 გვარი: Andropogon (150 სახეობა), Bothriochloa (25 სახეობა) და Dichan thium (15 სახეობა). სამივე უმეტესად გავრცელებულია ორივე ნახევარსფეროს ტროპიკებსა და სუბტროპიკებში.

ურო

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანნი
კლასი:  ერთლებნიანები
ოჯახი:  მარცვლოვანნი
გვარი:  ურო
ლათინური სახელი
Andropógon

პირველი ორი — ორსავე ნახევარსფეროში, მესამე — აღმოსავლეთ ნახევარსფეროში. საქართველოში ბუნებრივად იზრდება Bothriochloa-ს 2 სახეობა: ჩვეულებრივი ურო (Bothriochloa ischaemum, სინონიმი Andropogon ischaemum) გვხვდება მთელ საქართველოში მთის შუა სარტყლამდე, უფრო მშრალ ადგილებში. აღმოსავლეთ საქართველოში, ისევე როგორც აღმოსავლეთ და სამხრეთ ამიერკავკასიაში, ქმნის მთისწინეთის ზონალურ მცენარეულობას — უროიანს, დასავლეთ საქართველოში გავრცელებულია მთა-ტყის სარტყლის ნატყევარ ადგილებში.

კავკასიური ურო (Bothriochloa caucasiicus, სინონიმი Andropogon caucasicus) ასევე ყველგანაა გავრცელებული, მაგრამ უფრო მცირე რაოდენობით. ჩრდილოამერიკული ვირჯინიული ურო (Andropogon virginicus) გზადმოყოლილ სარეველად გავრცელდა აფხაზეთში. უროს ზოგან იყენებენ საკვებ და დეკორატიულ მცენარედ.

ლიტერატურა რედაქტირება