ტრამალის მგელი (გერმ. Der Steppenwolf) — ჰერმან ჰესეს რომანი, რომელშიც “ მწერალი აღწერს პირველი მსოფლიო ომის შემდეგომი პერიოდის გერმანიაში გამეფებულ განწყობილებას და საყოველთაოდ მიღებულ სულიერ ფასეულობათა გადაფასების რთულ პროცესებს. ავტორი აღწერს ტრაგედიას პიროვნებისა, რომელიც ვერც დამყაყებულ ბიურგერულ ყოფას შეჰგუებია და არც მაღალი იდეალებისაკენ სწრაფვისათვის საჭირო სასიცოცხლო ძალები შერჩენია. პიროვნების გაორებით გამოწვეული ეს ტრაგედია დასაბამს მწერლის იმჟამინდელ გუნება-განწყობაში იღებს და, ამდენად, ნაწარმოებში უხვადაა გამოყენებული ავტობიოგრაფიული მომენტები.

„ტრამალის მგელი“
Der Steppenwolf

პირველი გამოცემის გარეკანი
ავტორი ჰერმან ჰესე
ქვეყანა შვეიცარია
ენა გერმანული
ჟანრი ავტობიოგრაფიული რომანი
გამომცემელი S. Fischer Verlag
გამოცემის თარიღი 1927
ქართულად გამოიცა 1985
გვერდი 237
მომდევნო ნარცისი და ოქროპირი
ISBN ISBN 0-312-27867-5

„ტრამალის მგელი“ ქართულად სამჯერაა გამოცემული.

სიუჟეტი რედაქტირება

რომანი წარმოადგენს ჰარი ჰალერის ჩანაწერებს, რომლებიც მის ოთახში აღმოაჩინეს. ისინი სახლის მეპატრონის ძმისწულმა გამოაქვეყნა და წინასიტყვაობაც დაურთო. აქ აღწერილია ჰალერის ცხოვრების წესი და ფსიქოლოგიური პორტრეტი. ის მშვიდ და კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწევა, ერთდროულად ველურიცაა და მოკრძალებულიც, საკუთარ თავს ტრამალის იმ გზააბნეულ მგელს ადარებს, ცივილიზაციისა და მეშჩანური ყოფის გაუვალ ტყეში რომ დაიკარგა.

თავიდან მთხრობელის დამოკიდებულება გმირისადმი არც თუ ისე მეობრულია, შეიძლება ითქვას მტრულიცაა, რადგან ჰალერი მკვეთრად განსხვავდება სხვებისგან, ის ჩვეულ ჩარჩოებში ვერ თავსდება. მოგვიანებით ანტიპათია სიმპათიით იცვლება ამ არაორდინალური და მარტოსული ადამიანის მიმართ, რომელსაც ვერაფრით უპოვია საკუთარი თავი ამ უცნაურ სამყაროში, იქ, სადაც ყველაფერი პიროვნული თავისუფლების წინააღმდეგაა მიმართული.

ჰალერისთვის უცხოა პრაქტიციზმი. ის არსად მუშაობს, შუადღემდე ლოგინიდან არ დგება 一 კითხულობს. ყველა მწერალი აინტერესებს 一 გოეთედან დაწყებული და დოსტოევსკით დამთავრებული. ზოგჯერ აკვარელით ხატავს. ნახატებიც მისი სულიერი სამყაროს ანარეკლია. არ სურს, რაიმე საერთო ჰქონდეს იმ მეშჩანურ ყოფასთან, ირგვლივ რომ სუფევს. მთხრობელიც ჰარის ტრამალის მგელს ადარებს, შემთხვევით რომ ამოჰყო თავი ქალაქში, სადაც ხალხი ცხვრის ფარას დამსგავსებია. სხვას ვერაფერს შეადარებ ამ ადამიანს, მის უდრტვინველ სიმარტოვეს, ხან უკარებას, ხანაც თანაგრძნობით აღსავსეს, სამშობლოს მონატრება რომ არ ასვენებს.

ჰალერი თავის თავში აერთიანებს კაცსაც და მგელსაც, ოღონდ, სხვებისგან განსხვავებით, საკუთარ არსებაში მხეცის მოთოკვა რომ შეძლეს, „ჰალერში კაცი და მგელი ერთმანეთს ვერაფრით ეგუება, მით უმეტეს ეხმარება. პირიქით, მუდმივ ჭიდილში არიან და როდესაც ერთ სულსა და სხეულში ორი მოსისხლე მტერი შეიყრება, ცხოვრება ჯოჯოხეთს ემსგავსება“.

ჰარი ჰალერი ხალხთან საერთო ენის გამონახვას ცდილობს, მაგრამ ამაოდ. ინტელექტუალებიც კი ისეთივე საზოგადოებრივ ნორმებს მოკლებულნი არიან, როგორიც სხვები. ქუჩაში, შემთხვევით, ნაცნობ პროფესორს ხვდება, რომელიც თავისთან ეპატიჟება. იქაც ნაცნობი სიტუაციაა: გოეთეს უგემოვნოდ შესრულებული პორტრეტი, ნებისმიერის ოჯახს რომ ამშვენებს, და გაუთავებელი საუბრები კაიზერზე.

გაციოფებული ჰალერი მთელი ღამე ქუჩაში დახეტიალობს და ხვდება, რომ ეს ბოლო ეპიზოდი იყო  ერთგვარი დამშვიდობებისა ვიწრო თვალსაზრისის მქონე ყოფასთან, მასში კვლავ ტრამალის მგელი იღვიძებს. ამ სამყაროში დარჩენა აღარ სურს, მაგრამ სიკვდილის ეშინია. შემთხვევით რესტორან „შავ არწივში“ აღმოჩნდება, სადაც ახალგაზრდა გოგონას 一 ჰერმინას გაიცნობს. მათ შორის რაღაც რომანის მსგავსი ყალიბდება, თუმცა ეს უფრო ორი მარტოსული ადამიანის ურთიერთობას ჰგავს. ჰერმინა უფრო პრაქტიკული ქალია, ცდილობს, ჰარის ცხოვრებისეული სირთულეების დაძლევაში დაეხმაროს. დადიან კაფეებსა და რესტორნებში, უსმენენ ჯაზს. ჰარი საბოლოოდ რწმუნდება, რომ, უნდა თუ არ უნდა, ისიც მისთვის მიუღებელი სამყაროს ნაწილია: ის გონიერებას და კაცთმოყვარეობას მიესალმება, მისთვის მიუღებელია ომის სისასტიკე, თუმცა თავად კომპრომისზე წასვლაც მოახერხა და საკუთარი თავის გადარჩენაც. ის ძალაუფლებისა და ექსპლუატაციის წინააღმდეგია, მაგრამ სამრეწველო საწარმოთა აქციებს ფლობს და პროცენტებით უზრუნველად ცხოვრობს.

კლასიკური მუსიკის როლზე საუბრისას ჰალერი აღნიშნავს: იმის ნაცვლად, რომ ცხოვრებისეულ ჭეშმარიტებას ჩასწვდეს, გერმანელი ინტელიგენტი „მუსიკის ჰეგემონიას“ ემორჩილება, ოცნებობს ენაზე სიტყვების გარეშე, რაც ამოუთქმელის ამოთქმის საშუალებას აძლევს, სურს რომ მომაჯადოვებელი მუსიკის ჰანგებში ჩაიძიროს. შედეგად, „გერმანული აზროვნება მის მთავარ მისიას ვეღარ ასრულებს. ამიტომაცაა, რომ ჩვენს ისტორიაში, პოლიტიკასა და საზოგადოებრივ აზროვნებაში ინტელექტს სათანადო დაფასება არასოდეს ჰქონია. დღევანდელობას გენერლები და მეწარმეები განსაზღვრავენ, მათთვის კი ინტელიგენტი ერთი უხერხემლო მოლაყბეა, რომელსაც ბევრი არაფერი ეკითხება“. გმირისა და ავტორის ამ ნააზრევში ალბათ გერმანული საზოგადოებისთვის აქტუალურ არაერთ კითხვაზეა პასუხი გაცემული, კერძოდ, იმაზე, თუ რატომ აღმოჩნდა ერთ-ერთი ყველაზე ცივილიზებული და კულტურული ერი ორი მსოფლიო ომის ინიციატორი, ომებისა, კაცობრიობას დაღუპვით რომ ემუქრებოდნენ.

რომანის ბოლოს მთავარი გმირი ბალ-მასკარადზე ხვდება, სადაც ეროტიკისა და ჯაზის სტიქიაში იძირება. ჰარი ჰერმინას ეძებს, ის კი, ვაჟის სამოსში გამოწყობილი, ლესბოსურ სიყვარულს მისცემია. ჰალერი რესოტნის სარდაფში აღმოჩნდება 一 „ჯოჯოხეთში“, სადაც ეშმაკები 一 მუსიკოსები უკრავენ. მასკარადის ატმოსფერომ მას ვალპურგის ღამე გაახსენა გოეთეს ფაუსტიდან (ეშმაკის ნიღბები, ჯადოქრები, შუაღამე) და კიდევ ჰოფმანის ზღაპრული მოჩვენებები, უფრო სწორად პაროდია  ჰოფმანიანაზე, რომელშიც სიკეთესა და ბოროტებას, ზნეობასა და უზნეობას ძნელად თუ გაარჩევ. „მთვრალ ნიღბოსანთა ფერხული თანდათან შეშლილ ფანტასტიკურ სამოთხეს ემსგავსება, ყვავილთა სურნელება და არომატი მათრობს, ფოთოლთა მწვანე ჩრდილიდან გველები მაცდურად მიმზერენ, შავი ჭაობის თავზე ლოტოსის ყვავილი ლივლივებს, ტოტებზე შემომსხდარი ფასკუნჯები თავისთან მიხმობენ“. ამ სამყაროდან გაქცევის ნმოსურნე რომანტიკული გმირი გაორებულია; მასში ფილოსოფოსს მეოცნებე ენაცვლება, მუსიკის მოყვარულს 一 მკვლელი. ეს „მაგიურ თეატრში“ ხდება, სადაც ჰალერი ჰერმინას მეგობრის, საქსოფონისტ პაბლოს წყალობით ხვდება.

ფანტაზია და რეალობა ერთმანეთში ირევა: ჰარი ჰერმინას კლავს, რომელიც მისთვის გარყვნილი დედაკაციცაა და მუზაც, შეხვდება გენიალურ მოცარტს, რომელიც ცხოვრების საიდუმლოს უმხელს: „უბრალოდ, უნდა იცხოვროთ და ცოტა მსუბუქად შეხედოთ ყველაფერს.. ამ წყეული ცხოვრების რადიომუსიკის მოსმენა უნდა ისწავლოთ“. იუმორი ჩვენი ცხოვრების მუდმივი თანმდევი უნდა იყოს, რათა განსაცდელის ჟამს გაგვამხნევოს და ადამიანებისადმი რწმენა არ დაგვაკარგვინოს. შემდეგ მოცარტი პაბლოდ გადაიქცევა და მთავარ გმირს არწმუნებს, რომ ცხოვრება თამაშია და მის წესებს უნდა დაემორჩილოს. მთავარი გმირიც თავს იმით იმშვიდებს, რომ ოდესმე კვლავაც შეძლებს თამაშს.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Cornils, Ingo and Osman Durrani. 2005. Hermann Hesse Today. University of London Institute of Germanic Studies. ISBN 90-420-1606-X.
  • Freedman, Ralph. 1978. Hermann Hesse: Pilgrim of Crisis: A Biography. New York: Pantheon Books. ISBN 0-394-41981-2.
  • Halkin, Ariela. 1995. The Enemy Reviewed: German Popular Literature Through British Eyes Between the Two World Wars. Greenwood Publishing Group. ISBN 0-275-95101-4.
  • Mileck, Joseph. 1981. Hermann Hesse: Life and Art. University of California Press. ISBN 0-520-04152-6.
  • Poplawski, Paul. 2003. Encyclopedia of Literary Modernism. Westport, CT: Greenwood Publishing Group. ISBN 978-0-313-01657-8.
  • Ziolkowski, Theodore. 1969. Foreword of The Glass Bead Game. New York: Henry Holt and Company. ISBN 0-8050-1246-X.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება