ტოტონაკებიინდიელი ხალხი, რომელიც მექსიკის აღმოსავლეთ სანაპირო მთიან რეგიონებში სახლობდა 1519 წელს ამ ტერიტორიაზე ესპანელთა მოსვლისას. ამჟამად ისინი ცხოვრობენ ვერაკრუსის, პუებლისა და იდალგოს შტატებში. ისინი ერთ-ერთი შესაძლო აღმშენებლები არიან კოლუმბამდელ ქალაქ ელ-ტახინისა, გარდა ამისა, ისინი საცხოვრებელ უბნებს ინარჩუნებდნენ ტეოტიუაკანშიც. XIX საუკუნემდე, ტოტონაკები ვანილის მთავარი მწარმოებელბი იყვნენ მსოფლიოში.

ქალაქ პაპანტლის (ვერაკრუსის შტატი) ტოტონაკები ასრულებენ ვოლადორესის რიტუალს.
ტოტონაკის ხალხის დედაქალაქის — სემპოალის მთავარი მოედნის ნანგრევები.

ეტიმოლოგია რედაქტირება

ტერმინი „ტოტონაკა“ აღნიშნავს ხალხს, რომელიც ტოტონაკაპანში ცხოვრობს. ზოგიერთი ავტორი ტერმინს მოიხსენიებს როგორც „ტოტონაკოს“, რაც ნაჰუატლის ენაზე „ცხელი მიწის ხალხს“ ნიშნავს. თავად ტოტონაკის ენაზე კი სიტყვა „ტოტონაკუ“ ნიშნავს „სამ გულს“, რაც მათ სამ ძირითად ქალაქს აღნიშნავს: სემპოალას, ტახინსა და ტეაიოს.

 
კერამიკა.

გეოგრაფია და ცხოვრების სტილი რედაქტირება

XV საუკუნეში, ტოტონაკებით დასახლებულ რეგიონს აცტეკები „ტოტონაკაპანს“ უწოდებდნენ, რომელიც ქალაქ პაპანტლიდან ქალაქ სემპოალამდე ვრცელდებოდა. ტოტონაკაპანი ძირითადად ცხელი და ტენიანი იყო. ტოტონაკებს მოჰყავდათ სიმინდი, მანიოკი, ციტრუსები, მარცვლეული, გოგრა და წიწაკა; რეგიონი განთქმული იყო თხევადი ქარვისა და ბამბის წარმოებით. მიუხედავად 1450-1454 წლებში ცენტრალურ მექსიკაში მძვინვარე შიმშილობისა, რეგიონი მაინც მნიშვნელოვან სასოფლო-სამეურნეო ცენტრად რჩებოდა. ამ დროისათვის, ბევრი აცტეკა იძულებული იყო საკუთარი თავი ან ოჯახის წევრი ტოტონაკებისათვის მონად მიეყიდა საარსებო სიმინდის სანაცვლოდ.

ისტორია რედაქტირება

XV საუკუნეში, ესპანელთა მოსვლამდე, ტოტონაკაპანის რეგიონს ხშირად ესხმოდნენ თავს აცტეკები. ტოტონაკთა მთავარი ცენტრები იყო პაპანტლა, სადაც 1519 წლისთვის 60 000 ადამიანი ცხოვრობდა, ხალაპა (დაახლოებით 120 000 კაცი) და სემპოალა (80 000 კაცი). აღსანიშნავია, რომ სემპოალა პირველი ადგილობრივი ქალაქი იყო ამერიკაში, რომელსაც ერნან კორტესი ესტუმრა, რის შემდეგაც იგი აცტეკების დედაქალაქ ტენოჩტიტლანისკენ გაუყვა გზას.[1]:107-110 სემპოალას მაცხოვრებელი ტოტონაკები, ასევე ტლასკალის ინდიელები,[1]:113 კორტესს შეუერთდნენ და მნიშვნელოვანი წვილი შეიტანეს ესპანელთა მიერ ტენოჩტიტლანის დაპყრობაში. ამის შემდეგ, ტოტონაკაპანი ესპანურ რეჟიმთან მოთანამშრომლე რეგიონი გახდა, სადაც მათი მხრიდან შედარებით ნაკლები იყო ძალადობა, თუმცა რეგიონი ესპანელთა მიერ მოტანილმა ეპიდემიებმა გაანადგურა. ამჟამად, რეგიონში ტოტონაკის ენაზე მოსაუბრე დაახლოებით 90 000 ადამიანი ცხოვრობს.

ენა რედაქტირება

ტოტონაკის ხალხი ტოტონაკის ენაზე საუბრობს, რომელიც ტოპეჰუას ენასთან ერთად ენათა იზოლირებულ ოჯახს ქმნის. ეს ენები კავშირში არაა არც ერთ სხვა ენასთან ან ენათა ოჯახთან.

რელიგია რედაქტირება

დღეისათვის, ტოტონაკთა უმრავლესობა კათოლიკეა. თუმცა, მათი ქრისტიანული რწმენა ხშირად ერწყმის მათივე ტრადიციულ რელიგიას.[2]

აღნიშნული ტრადიციული რელიგია 1960-იან წლებში ფრანგმა ეთნოგრაფმა ალენ იშონმა აღწერა.[3] მათ რწმენაში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ დედა-ღვთაებები, რომელთა შექმნილადაც მიიჩნეოდა თითოეული ადამიანის სული.[4]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Diaz, B., 1963, The Conquest of New Spain, London: Penguin Books, ISBN 0140441239
  2. Catholic Encyclopedia. http://www.newadvent.org/cathen/14794a.htm
  3. Ichon 1973
  4. Alfredo López Austin (transl. by Ortiz de Montellano) : Tamoanchan, Tlalocan. University Press of Colorado, 1997. p. 161, citing Inchon, p. 46