ტელე სანტანა და სილვა (პორტ. Telê Santana da Silva; დ. 26 ივლისი, 1931, იტაბირიტუ, მინას-ჟერაისი, ბრაზილია — გ. 21 აპრილი, 2006, ბელუ-ორიზონტი, მინას-ჟერაისი, ბრაზილია) — ბრაზილიელი ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი.[2] თამაშობდა ნახევარმცველის და თავდამსხმელის პოზიციაზე. იყო ბრაზილიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი 1982 წლის ესპანეთის და 1986 წლის მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატებზე. ბრაზილიური ფეხბურთის ისტორიაში ერთადერთი მწვრთნელია, ვისაც საფეხბურთო თვალსაზრისით ბრაზილიის ოთხივე წამყვანი შტატის — სან-პაულუს, მინას-ჟერაისის, რიუ-გრანდი-დუ-სულის და რიო-დე-ჟანეიროს ჩემპიონატები აქვს მოგებული. ბრაზილიური სპორტული პრესის შეფასებით, ბრაზილიაში მოღვაწე მწვრთნელებს შორის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად და ფეხბურთის სპეციალისტადაა მიჩნეული.[3][4][5][6]

ტელე სანტანა
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ტელე სანტანა და სილვა [1]
დაბადების
თარიღი
26 ივლისი, 1931
დაბადების
ადგილი
იტაბირიტუ,
მინას-ჟერაისი, ბრაზილია
გარდაცვალების
თარიღი
21 აპრილი, 2006 (74 წლის)
გარდაცვალების
ადგილი
ბელუ-ორიზონტი,
მინას-ჟერაისი, ბრაზილია
სიმაღლე 176 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი,
თავდამსხმელი
ახალგაზრდული კარიერა
1947 ბოტაფოგო
1948 იტაბირენსე
1949–1950 ამერიკა
1950–1951 ფლუმინენსე
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1951–1960 ფლუმინენსე 557 (162)
1960–1962 გუარანი
1962 მადურეირა
1962–1963 ვასკო და გამა
სამწვრთნელო კარიერა
1969–1970 ფლუმინენსე
1970–1972 ატლეტიკო მინეირო
1973 სან-პაულუ
1973–1975 ატლეტიკო მინეირო
1976 ბოტაფოგო
1976–1978 გრემიო
1979–1980 პალმეირასი
1980–1982 ბრაზილია
1983–1985 ალ-აჰლი
1985–1986 ბრაზილია
1987–1988 ატლეტიკო მინეირო
1988–1989 ფლამენგო
1989 ფლუმინენსე
1990 პალმეირასი
1990–1996 სან-პაულუ
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

საკლუბო კარიერა რედაქტირება

ტელე სანტანას საფეხბურთო კარიერა კლუბ „ბოტაფოგოში“ იწყება. თუმცა, იმის გამო, რომ კლუბის ახალგაზრდული გუნდის ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება, მშობლიურ ქალაქში დაბრუნება უწევს, სადაც ჯერ „იტაბირენსეს“, ხოლო შემდეგ სან-ჟუან-დელ-რეის „ამერიკაში“ გამოდის. ორმოციანი წლების ბოლოს იგი კვლავ ცდილობს „ბოტაფოგოს“ შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრებას და ამჯერადაც უშედეგოდ. 1950 წელს მისი თამაში სან-ჟუან-დელ-რეის „ამერიკას“ შემადგენლობაში „ფლუმინენსეს“ სკაუტების ყურადღებას იპყრობს. აღსანიშნავია, რომ ამ კლუბს სანტანა ბავშვობიდან გულშემატკივრობს. „ფლუმინენსეში“ მისი გასინჯვის შემდეგ, თვით ზეზე მორეირა,[7] რომელიც ესწრება მის გასინჯვას, თანხმობას აცხადებს კლუბში მის ჩარიცხვაზე. „ფლუმინენსეს“ ახალგაზრდული გუნდის შემადგენლობაში გამოსვლის პირველივე სეზონში რიო-დე-ჟანეიროს ჩემპიონატს იგებს, რის შემდეგაც მას პირველ პროფესიონალურ კონტრაქტს სთავაზობენ. კიდევ უფრო მეტად წარმატებულია „ფლუმინენსეს“ ძირითადი გუნდის შემადგენლობაში მისი სადებიუტო სეზონი; იგი ერთდროულად ორი ტურნირის — კარიოკას ჩემპიონატის და რიოს თასის გათამაშების გამარჯვებული ხდება.

„ფლუმინენსეში“ ზეზე მორეირა სანტანას სათამაშო პოზიციას უცვლის და თავდასხმის ცენტრიდან მარჯვენა ფლანგზე გადაყავს, სადაც ის თავისი კარიერის ბოლომდე თამაშობს. ამ ამპლუაში ის საკმაოდ დიდი მოცულობის სამუშაოს ასრულებს და ფაქტობრივად მთელი ფლანგის ჩაკეტვას ახერხებს. „ფლუმინენსეში“ სანტანა ცხრა წლის განმავლობაში გამოდის, რა დროსაც რიოს საერთაშორისო თასს და ორჯერ შტატის ჩემპიონის ტიტულს იგებს. ამას გარდა იგი ორჯერ ინსინიოს ტურნირის და ასევე, ორჯერ რიო-სან-პაულუს ტურნირის გამარჯვებული ხდება. „ფლუმინენსეს“ რიგებში სანტანა 557 მატჩში იღებს მონაწილეობას და 162 გოლი გააქვს.

1960 წელს კამპინასის „გუარანის“ მწვრთნელი ტიმი — სანტანას თავის გუნდში იწვევს, რაც პრესისა და კლუბის ფანატების კრიტიკის საბაბი ხდება; ისინი თვლიან, რომ სანტანა უკვე ასაკოვანი ფეხბურთელია და ამდენად, კლუბისთვის საჭიროებას არ წარმოადგენს. თუმცა ტიმი უკან არ იხევს და აცხადებს, რომ „მისთვის აუცილებელია გუნდში ისეთი ფეხბურთელი, რომელიც თანაგუნდელებს იმის გაკეთებას „აიძულებს“, რასაც მწვრთნელი ჩათვლის საჭიროდ“. ამგვარად, მომდევნო ორი სეზონი იგი კამპინასის „გუარანის“ შემადგენლობაში რჩება, რის შემდეგაც კარიერას რიო-დე-ჟანეიროს „მადურეირას“ რიგებში აგრძელებს. საინტერესოა, რომ „მადურეირას“ და „ფლუმინენსეს“ შორის გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაში, როდესაც სანტანას თავისი ყოფილი გუნდის კარში გოლი გააქვს, მატჩის ბოლოს ემოციებს ვერ ფარავს და ხმამაღლა აცხადებს, რომ მიუხედავად ყველაფრისა — „ფლუმინენსე“ სამუდამოდ მის გულში რჩება. სანტანა თავის საფეხბურთო კარიერას 1963 წელს — რიო-დე-ჟანეიროს „ვასკო და გამას“ რიგებში ასრულებს.

სამწვრთნელო კარიერა რედაქტირება

სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ სამწვრთნელო კარიერას „ფლუმინენსეს“ ახალგაზრდულ შემადგენლობასთან მუშაობით იწყებს. 1968 წელს მისი ხელმძღვანელობით გუნდი რიოს ჩემპიონი ხდება. ამ წარმატების შემდეგ, მომდევნო წელსვე „ფლუმინენსეს“ ძირითადი შემადგენლობის მთავარ მწვრთნელად ინიშნება. მასთან ერთად გუნდი პირველივე სეზონში ჯერ გუანაბარას თასის გათამაშებას, ხოლო შემდეგ შტატის ჩემპიონატს იგებს.

თავიდანვე ცხადი ხდება, რომ მისი მიდგომა სამწვრთნელო პროცესის მიმართ განსხვავდება იმ დროისთვის საყოველთაოდ დამკვიდრებული პრინციპებისა და მეთოდებისაგან. კერძოდ, იგი არ ცდილობს სხვადასხვა ტაქტიკური სქემების მარწუხებში მოთამაშეების მოქცევას. პირიქით, მეტ სააზროვნო სივრცეს და შემოქმედებით თავისუფლებას აძლევს მათ, რაც ეხმარება ფეხბურთელებს საკუთარი პოტენციალის უკეთ გახსნაში, თავისი საუკეთესო თვისებებისა და შესაძლებლობების უკეთ გამოვლენასა და რეალიზებაში. ამასთან, ის არასოდეს უშვებს თავის ნებაზე სამწვრთნელო პროცესს, რაც განსაკუთრებით მატჩის წაგების შემთხვევაში მისი უფრო მწვავე, სათანადოდ მკაცრი და უკომპრომისო რეაქციით გამოიხატება. ასეთ დროს მოთამაშეების მიმართ, როგორც შედეგის, ისე, თამაშის ხარისხის თვალსაზრისით, უფრო მომთხოვნი ხდება. მეტი სათამაშო კლასისა თუ დისციპლინის გამოვლენასთან ერთად მათგან ითხოვს, კიდევ უფრო მეტ მობილიზებას და ძალების სრული დაძაბვით ვარჯიშს. თუმცა, ამასთან ერთად განსაკუთრებით ზრუნავს ფეხბურთელთა განწყობაზე და სათანადო ატმოსფეროს შენარჩუნებაზე, რადგან მან, როგორც ყოფილმა ფეხბურთელმა და შესანიშნავმა ტაქტიკოსმა, კარგად იცის მწვრთნელისა და ფეხბურთელის ურთიერთობის როგორც ფსიქოლოგიური ნიუანსები, ასევე, თეორიული და პრაქტიკული ასპექტები — თუ რამდენად მნიშვნელოვანია ფიზიკურ და ტაქტიკურ მომზადებასთან ერთად, თითოეული ფეხბურთელის ფსიქოლოგიური მდგომარეობა.

ფეხბურთის სპეციალისტების უმრავლესობის და განსაკუთრებით, ბრაზილიური ფეხბურთის ისტორიის მცოდნეთა აზრით სანტანამ, როგორც თავისი დროის ერთ-ერთმა ნოვატორმა, სამწვრთნელო კარიერის დასაწყისშივე მიაქცია ყურადღება ფეხბურთელთა დამოუკიდებელი აზროვნებისა და პიროვნული განვითარების დიდ მნიშვნელობას. კერძოდ, ის მიიჩნევდა, რომ მწვრთნელის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა მოთამაშისთვის პასუხისმგებლობის გრძნობის არა მარტო ჩამოყალიბება, არამედ, იმ დონეზე აყვანა, რომ ფეხბურთელმა დამოუკიდებლად შეძლოს საკუთარი, როგორც ძლიერი, ასევე, სუსტი მხარეების არა მხოლოდ დანახვა და შეფასება, არამედ, მათზე მუშაობა, მათი კორექტირება და რაც მთავარია, პიროვნული და პროფესიონალური თვითგანვითარებისა და თვითსრულყოფის, როგორც უწყვეტი პროცესის აღქმა, ათვისება და გაცნობიერებულად წარმართვა. ცნობილია, რომ სხვა მწვრთნელების დიდი უმრავლესობისგან განსხვავებით, იგი თვისობრივად სხვა დამოკიდებულებით გამოირჩეოდა მოთამაშეთა მიმართ, კერძოდ, მისთვის მიუღებელი იყო ფეხბურთელებთან რაიმე სახის დაპირისპირება და მით უფრო სიტუაციის დაძაბვა. პირიქით, იგი თავიდანვე ყოველთვის განსაკუთრებულ, როგორც სპორტულ, ასევე, პიროვნულ პატივისცემას იჩენდა თითოეული ფეხბურთელის მიმართ. წლების მერეც, როდესაც მასთან, წარმატებებთან და გამოცდილებასთან ერთად, კოლეგების და ზოგადად, სპორტული სამყაროს საყოველთაო აღიარებაც მოვიდა, სანტანას არასოდეს იპყრობს „ყოვლისმცოდნეობის“ მანია, ხოლო მისი პრინციპულობა, მისი ყოფილი შეგირდების აღიარებით, არასოდეს გადაზრდილა დიქტატორულ ჩვევებში.

„ფლუმინენსეს“ გუნდში მიღწეული პირველი წარმატებების და კლუბში მისი სამწვრთნელო მოღვაწეობის გაგრძელების პერსპექტივას აფერხებს და ხელს უშლის მოთამაშეთა ყიდვა-გაყიდვის და ამ საქმიანობიდან პროცენტების მიღების დამკვიდრებული არაჯანსაღი პრაქტიკა. მოთამაშეების უმრავლესობის როგორც კლუბში ჩარიცხვის, ისე, კლუბის დატოვების პროცესი მწვრთნელისგან დამოუკიდებლად, მისი აზრის გაუთვალისწინებლად ხდება, რაც სანტანას სამართლიან გულისწყრომასა და აღშფოთებას იწვევს. იგი მიდის კლუბის პრეზიდენტთან და ცდილობს მისთვის იმ მარტივი ჭეშმარიტების ახსნას, რომ გუნდში მოთამაშეთა როგორც მოსვლის, ასევე, გუნდიდან მათი წასვლის საკითხი — მწვრთნელის პრეროგატივაა და რომ, მხოლოდ მწვრთნელმა იცის ყველაზე უკეთ, თუ რომელი ფეხბურთელი სჭირდება მის გუნდს. ამ საუბრიდან მალევე, 1970 წელს, მას გუნდიდან უშვებენ.

იმავე, 1970 წელს, იგი იღებს „ატლეტიკო მინეიროს“ პრეზიდენტის ნელსონ კამპოსის მიწვევას. იმ დროისთვის, კამპოსი, გუნდში შექმნილი სპეციფიკური პრობლემების გადასაჭრელად ძლიერი ნებისყოფისა და მტკიცე ხასიათის მწვრთნელს ეძებს, ვინც — როგორც გუნდში მოთამაშე „ვარსკვლავების“ „დამორჩილებას“, ასევე, მათთან მეგობრული ურთიერთობის დამყარებას და ჯანსაღი ატმოსფეროს შენარჩუნებას შეძლებს. სანტანა თანხმდება მის წინადადებას გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავების თაობაზე. უნდა ითქვას, რომ სანტანას (პრინციპულ და მტკიცე ხასიათთან ერთად) მოთამაშეების მიმართ სამართლიანი, შეიძლება ითქვას, ხაზგასმით სამართლიანი დამოკიდებულება ხდება მისი, როგორც მწვრთნელის და ზოგადად, როგორც ფეხბურთის სპეციალისტის ერთგვარი სავიზიტო ბარათი. სწორედ იგი, ასეთი ხაზგასმით სამართლიანი დამოკიდებულება, არა მხოლოდ ფეხბურთელების, არამედ, მთლიანად, საფეხბურთო სამყაროში მიმდინარე პროცესების მიმართ, იქცევა მისი მოღვაწეობის მთავარ ქვაკუთხედად, მთელი მისი ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამწვრთნელო კარიერის მანძილზე.

მისი ხელმძღვანელობით „ატლეტიკო მინეირო“, პირველივე სეზონში მინას-ჟერაისის შტატის ჩემპიონი ხდება, ხოლო ერთი წლის შემდეგ ბრაზილიის ჩემპიონატსაც იგებს. ამ გამარჯვების შემდეგ, სანტანა იტყვის: „მადლობა „ატლეტიკოს“ იმისთვის, რომ მან ისტორიაში შესვლის შესაძლებლობა მომცა“.

მიღწევები რედაქტირება

 
ტელე სანტანა 1971 წელს.

სათამაშო რედაქტირება

  ფლუმინენსე

სამწვრთნელო რედაქტირება

  ფლუმინენსე
  ატლეტიკო მინეირო
  გრემიო
  ალ-აჰლი
  • სამეფო თასი: 1983
  • საუდის არაბეთის ჩემპიონატი: 1983
  • სპარსეთის ყურის ჩემპიონთა ლიგა: 1985
  ფლამენგო
  • გუანაბარას თასი: 1989
  სან-პაულუ

ინდივიდუალური რედაქტირება

  • სამხრეთ ამერიკის საუკეთესო მწვრთნელი: 1992 [8][9]

საინტერესო ფაქტები რედაქტირება

2022 წლის ივლისში წამყვანი ბრაზილიური მედია კონგლომერატის Grupo Globo-ს ორგანიზებით ჩატარდა გამოკითხვა, რომლის მიზანი იყო ბრაზილიური ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო საფეხბურთო მწვრთნელის გამოვლენა. გამოკითხვაში სულ 103-მა ფეხბურთის სპეციალისტმა და მოქმედმა თუ ყოფილმა მწვრთნელმა მიიღო მონაწილეობა. მათ უნდა დაესახელებინათ სამი საუკეთესო მწვრთნელი. ხმების დათვლისას პირველი ადგილის მფლობელს ენიჭებოდა სამი ქულა, მეორეადგილოსანს — ორი, ხოლო მესამეადგილოსანს — ერთი ქულა. ასევე შესაძლებელი იყო ბრაზილიაში მომუშავე უცხოელი სპეციალისტებისთვისაც ხმის მიცემა. გამოკითხვის შედეგად 158 ქულით გამარჯვებული გახდა ტელე სანტანა, რომელიც ბრაზილიის ნაკრებს მსოფლიოს 1982 და 1986 წლების ჩემპიონატებზე ხელმძღვანელობდა. პირველ შემთხვევაში ბრაზილია მეორე ჯგუფური ეტაპიდან გამოეთიშა ბრძოლას, ოთხი წლის შემდეგ კი მეოთხედფინალში წააგო საფრანგეთთან. ამ წარუმატებლობების მიუხედავად, ტელე სანტანას ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა გულშემატკივრები სანახაობრივი თამაშით მოხიბლა. მეორე ადგილზე 146 ქულით აღმოჩნდა მარიო ზაგალო — ერთადერთი ადამიანი, რომელიც ოთხჯერ იყო მსოფლიო ჩემპიონი: ორჯერ ფეხბურთელის რანგში (1958, 1962), შემდეგ როგორც მთავარი მწვრთნელი (1970) და მთავარი მწვრთნელის ასისტენტი (1994). მესამე ადგილზე გავიდა ლუის ფელიპე სკოლარი (53 ქულა), რომელმაც 2002 წელს ბრაზილიის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონის ტიტულამდე მიიყვანა.[10][11]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. Telê Santana (1931–2006) — Brazilian football manager and former player (right winger). წაკითხვის თარიღი: 8 იანვარი, 2020.
  2. Telê Santana — Telê Santana da Silva (Itabirito, 26 de julio de 1931 - Belo Horizonte, 21 de abril de 2006) fue un futbolista y entrenador brasilero. წაკითხვის თარიღი: 8 იანვარი, 2020.
  3. The Telegraph (29 აპრილი, 2006). Telê Santana — „Telê Santana, who has died aged 74, was revered by his countrymen as the saviour of Brazil's own art form, free-spirited attacking football; he coached the national side at the 1982 and 1986 World Cups, in which his teams' cavalier refusal to defend arguably cost them the trophy“. telegraph.co.uk დაარქივებული 2018-01-25 საიტზე Wayback Machine. წაკითხვის თარიღი: 5 თებერვალი, 2018.
  4. Brazman (26 აპრილი, 2006). Telê Santana da Silvatorcida.com.ru წაკითხვის თარიღი: 5 თებერვალი, 2018.
  5. Vickery, Tim. (24 აპრილი, 2006) Football is the poorer for the passing last week of Tele Santana. BBC.co.uk. ციტატა: „But the death of Brazil's 1982 World Cup coach has given the game an opportunity to reflect on one of its most important but least fashionable themes: it ain't what you do, it's the way that you do it.“ ციტირების თარიღი: 27 ივლისი, 2018.
  6. Desmistificando Telê Santana. წაკითხვის თარიღი: 8 იანვარი, 2020.
  7. João Máximo (17 ივლისი, 2012). Zezé Moreira, um estrategista marcado pela derrota em 1954. oglobo.globo.com. წაკითხვის თარიღი: 25 თებერვალი, 2018.
  8. José Luis Pierrend (27 იანვარი, 2001). South American Coach of the Year 1992 — Telê Santana (Brazil, São Paulo FC). By the Uruguayan newspaper El País. Only coaches from American clubs or national teams are eligible, no matter their country of origin. — RSSSF. წაკითხვის თარიღი: 5 თებერვალი, 2018.
  9. José Luis Pierrend (18 იანვარი, 2018). South American Coach and Player of the Year. — RSSSF. წაკითხვის თარიღი: 5 თებერვალი, 2018.
  10. Telê Santana é eleito o maior treinador da história do futebol brasileiro // gazetasp.com.br
  11. Santana elected best Brazilian coach of all time // globalhappenings.com