ტეატრო-ოლიმპიკო (იტალ. Teatro Olimpico) — თეატრი ვიჩენცაში, იტალია.

ოლიმპიკო

ისტორია რედაქტირება

აღორძინების ხანაში თვალსაჩინო არქიტექტურულ ნიმუშს წარმოადგენდა „ოლიმპიური თეატრი" ვიჩენცაში. ანდრეა პალადიოს პროექტის საფუძველზე აგებული შენობა 1000-მდე მაყურებელს იტევდა. ანტიკური ტრადიციის შესაბამისად მაყურებელთა დარბაზს ამფითეატრის ფორმა ჰქონდა. ის 13 საფეხურად იყო განაწილებული და დიდებული კოლონადით იყო მორთული, რომელთა შორის არსებული სივრცე ნიშებით და ქანდაკებით იყო დეკორირებული და ლოჟების ფუნქციას ასრულებდა. თეატრის ხის სახურავი ძველრომაული ველარიუმის იმიტაციას წარმოადგენდა. ფართო პროსკენიუმის ორივე მხარეს დატანებული კარის ღიობების ზემოთ აკადემიის წევრებისათვის განკუთვნილი ლოჟები იყო განთავსებული. პროსკენიუმი კორინთული კოლონებით, რელიეფებით, სკულპტურებით მორთული ორიარუსიანი კედლით იყო შემოსაზღვრული, სადაც სამი პორტალური ღიობის მიღმა ქალაქის ხედი იშლებოდა. ოლიმპიკო მხოლოდ ტრაგედიული ჟანრის პიესებისთვის იყო განკუთვნილი. ამიტომ ვიჩენცე სკამოჩის მიერ დამზადებული მობათქაშებული ხის დეკორაციები არასოდეს არ იცვლებოდა. თეატრი „ოლიმპიკო" 1585 წელს გაიხსნა სოფოკლეს პიესით „მეფე ოიდიპოსი". XVII საუკუნეში ამ შენობაში ბაროკალურმა თეატრმა დაისადგურა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება