ტაშკენტი

უზბეკეთის დედაქალაქი

ტაშკენტი (უზბეკ. Тошкент; რუს. Ташкент – „ქვის ქალაქი“) — უზბეკეთისა და ტაშკენტის პროვინციის დედაქალაქი. 2023 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა 2 955 700 ადამიანს შეადგენს. მისი კოორდინატებია 41°16′N 69°13′E, ხოლო დროის სარტყელი - UTC/GMT +5 სთ.

ქალაქი
ტაშკენტი
Toshkent, Тошкент
დროშა გერბი

ქვეყანა უზბეკეთის დროშა უზბეკეთი
დაქვემდებარება დედაქალაქი
რეგიონი ტაშკენტის პროვინცია
შიდა დაყოფა Bektemir, Chilanzar, Yashnobod, Mirobod, Mirzo Ulugbek district, Sergeli District, Shaykhontohur, Almazar (town), Uchtepa, Yakkasaray და Yunusabad District
კოორდინატები 41°16′00″ ჩ. გ. 69°13′00″ ა. გ. / 41.26667° ჩ. გ. 69.21667° ა. გ. / 41.26667; 69.21667
მერი ხავკატ უმურზაკოვი
დაარსდა 1865 ახ. წ.
პირველი ხსენება II საუკუნე ძვ. წ.
ადრეული სახელები ჩაჩი, შაში (მადინა-აშ-შაში), ბინკენტი, ბინკეტი (ბინკატი)
ფართობი 435 კმ²
ცენტრის სიმაღლე 455 მეტრი
მოსახლეობა 2 955 700 კაცი (2023)
სიმჭიდროვე 7994 კაცი/კმ²
აგლომერაცია 5 000 000
სასაათო სარტყელი UTC+5
საფოსტო ინდექსი 100000
საავტომობილო კოდი 01—09, (10 და 30 — старые)
ოფიციალური საიტი tashvil.gov.uz
ტაშკენტი — უზბეკეთი
ტაშკენტი

სანამ ისლამური გავლენა დაიწყებოდა ჩვ.წ მე-8 საუკუნეში, ქალაქზე ზეგავლენას სოგდიანელი და თურქულენოვანი ხალხების კულტურა ახდენდა. მას შემდეგ რაც ქალაქი ჩინგიზ-ყაენმა დაანგრია 1219 წელს, ის თავიდან იქნა აშენებული და აბრეშუმის დიდი გზიდან სარგებელსაც ნახულობდა. მე-18 საუკუნიდან მე-19 საუკუნემდე, კოკანდის სახანოს მიერ ქალაქის ხელმეორედ დაპყრობამდე, ტაშკენტი დამოუკიდებელი ქალაქი-სახელმწიფო გახდა. 1865 წელს ტაშკენტი რუსეთის იმპერიამ დაპყრო და რუსული თურქისტანის დედაქალაქად აქცია. საბჭოთა პერიოდში ქალაქი ძალიან გაფართოვდა და მთელი საბჭოთა კავშირიდან ნაძალადევი გადმოსახლებებით დემოგრაფიაც შეიცვალა. 1966 წელს საშინელმა მიწისძვრამ ქალაქი თითქმის მთლიანად დაანგრია, თუმცა ის ხელახლა აშენდა როგორც სანიმუშო საბჭოთა ქალაქი. იმ დროისათვის ტაშკენტი იყო სიდიდით მეოთხე ქალაქი საბჭოთა კავშირში მოსკოვის, სანქტ-პეტერბურგისა და კიევის შემდეგ.

დღესდღეობით, როგორც დამოუკიდებელი უზბეკეთის დედაქალაქი, ტაშკენტი ინარჩუნებს მულტიეთნიკურ მოსახლეობას, ეთნიკური უზბეკების უმრავლესობით.

ისტორია რედაქტირება

 
ტაშკენტის გეგმა 1865 წელს

ტაშკენტი უძველესი ქალაქია, რომელიც სავაჭრო ქარავანთა მნიშვნელოვან გზისგასაყარსა და აბრეშუმის გზაზე მდებარეობდა. თავადპირველად მცირე ოაზისი იყო ჩირკუკის მდინარესთან, დასავლეთ ტიან-შანის მთების ძირას. უძველეს დროში ეს არემარე ჩაჩთა სამეფოს ეკუთვნოდა, რომელთა დედაქალაქ კანკას მართკუთხა ციტადელი ერტყა გარს, აშენებული ძვ. წ. მე-5 და მე-3 საუკუნეებშ შორის, მდ. სირ-დარიას სამხრეთით 8 კმ-ში. ჩვ. წ. მე-7 საუკუნისთვის ჩაჩს უკვე 30-მდე ქალაქი და 50-ზე მეტი არხის ქსელი აქვს, რაც სავაჭრო ცენტრს ქმნიდა დოგდიანთა და თურქ მომთაბარე ტომთათვის. დედაქალაქს მინგ-ურუკი („ათასი ატმის ბაღი“) ერქვა და ეს არემარე განთქმული იყო ცხენებით, ნახირით, ოქროთი და ძვირფასი თვლებით. 751 წელს სამეფოს ჩინეთი შემოესია, იმსხვერპლა რა ჩაჩთა უფლისწული, რამაც თავის მხრივ არაბების შემოსავას მისცა გასაქანი. თალასის ბრძოლაში არაბებმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვეს და რეგიონი შესაბამისად ისლამის გავლენის ქვეშ მოექცა.

სამანიდთა დინასტიის მმართველობის პერიოდში ქალაქი ცნობილი იყო სახელით ბინკათი. თუმცა არაბებმა სამეფოს სახელი შეუნარჩუნეს ოდნავ სახეცვლილი გამოთქმით - შაში. ტაშკენტის თანამედროვე თურქული სახელი მომდინარეობს მე-10 საუკუნის მარა-ხანიდთა მმართველობიდან.

1219 წელს ქალაქს ჩინგის ყაენი ანადგურებს, თუმცა დიდმა დამპყრობმა აღმოაჩინა რომ მანამდე 1214 წელს ქალაქი ხორეზმშაჰს გაუძარცვავს. ტიმურიდთა და შემდგომში შაიბანიდთა დინასტიების ქვეშ ქალაქი ისევ აყვავდა უზბეკთა, ყაზახთა, სპარსთა, მონღოლთა და ყალმიხთა დროგამოშვებითი შემოსევების მიუხედავად.

1809 წელს ტაშკენტი კოკნადის სახანომ დაიპყრო. ამ დროისთვის ტაშკენტში უკვე დაახ. 100.000-მდე მცხოვრები იყო და ცენტრალური აზიის უმდიდრეს ქალაქად ითვლებოდა. სიმდიდრის ძირითადი წყარო რუსებთან ვაჭრობიდან მომდინარეობდა, თუმცა კოკანდთა მაღალმა ბეგარამ ქალაქი ისევ დააძაბუნა. ტაშკენტის მღვდელმთავრები ბუხარას უფრო სწყალობდნენ ვიდრე კოკანდას, თუმცა ვიდრე ბუხარა ამ უკმაყოფილებით ისარგებლებდა რეგიონში რუსეთის არმია შემოვიდა.

ცარისტული ერა რედაქტირება

1865 წლის მაისში, მიხაილ ჩერნიაევმა მეფის პირდაპირი ბრძანების მიუხედავად, იერიში მიიტანა 25 კილომეტრი სიგრძის ქალაქის კედელზე, რომელსაც 11 ჭიშკარი ჰქონდა და 30 000 მებრძოლი იცავდა. როდესაც მცირე ლაშქარი ყურადღების გადასატან იერიშს ახორციელებდა, მთავარმა ძალებმა რუსი მღვდლის წინამძღოლობით ქალაქის კედლები შეანგრიეს. მიუხედავად იმისა, რომ მცველები მედგრად იდგნენ, რუსებმა ქალაქი 2 დღიანი მძიმე ბრძოლების შედეგად აიღეს. მათი დანაკარგი მხოლოდ 25 კაცი იყო, რამდენიმე ათასი ქალაქის მცველის საპირწონედ. ჩერნიაევი „ტაშკენტის ლომად“ მონათლეს უხუცესებმა და მანაც ხალხის გულის მოსაგები კამპანია წამოიწყო. მან ერთი წლით გააუქმა გადასახადები, დადიოდა ქალაქში აღჭურვილობის გარეშე და ხვდებოდა უბრალო მოსახლეობას. ჩერნიაევმა საკუთარი თავი „ტაშკენტის სამხედრო მმართველად“ დანიშნა და ალექსანდრე II-ს რუსეთის მფარველობის ქვეშ ქალაქის დამოუკიდებლობა შესთავაზა.

მეფემ თავდაპირველად ლმობიერება გამოიჩინა. გენერალი და მისი მეომრები მედლებითა და სხვადასხვა ბონუსებით დააჯილდოვა, თუმცა შემდეგ იმპულსური და უკონტროლო ჩერნიაევი სხვა გენერლით ჩაანაცვლა. დამოუკიდებლობის ნაცვლად ტაშკენტი ახალი ტერიტორიის, რუსული თურქისტანის დედაქალაქად იქცა და მისი პირველი მმართველი, გენერალი კონსტანტინ კაუფმანი გახდა. აშენდა სამხედრო ბარაკები და რუსული საცხოვრებელი სახლები, რუსმა ვაჭრებმა იწყეს დინება. ტრანს-კასპიურ რკინიგზას ქალაქში მისი მუშახელიც ჩამოყვა, რომელთაც თან ბოლშევიკური რევოლუციის თესლი ჩამოიტანეს.

რუსეთის რევოლუციის შედეგები რედაქტირება

რუსეთის იმპერიის დაცემის შემდეგ, რუსეთის დროებითმა მთავრობამ მოხსნა ყოველგვარი სოციალური შეზღუდვები, რომლებიც რელიგიასა და ეროვნულობაზე იყო დაფუძნებული. დაარსდა ე.წ. „საბჭოთა ტაშკენტი“, საზოგადოებრივი ორგანიზაცია ჯარისკაცთა და მუშათა წარმომადგენლებისთვის, თუმცა თავდაპირველად ძირითადად რუსებით იყო წარმოდგენილი, რომლებიც ქალაქის მოსახლეობის მეხუთედს შეადგენდნენ. მუსულმანმა ლიდერებმაც სასწრაფოდ შექმნეს „ტაშკენტის მუსულმანური საბჭო“, რომელიც ქალაქის ძველ ნაწილში მდებარეობდა. 1917 წლის 10 მარტს, ქალაქში მოეწყო დიდი პარადი. რუსი მუშები მარშითა და წითელი დროშების ფრიალით დადიოდნენ, რუსი ჯარისკაცები კი მარსელიოზას მღეროდნენ. აქვე იყვნენ ათასობით ადგილობრივი ცენტრალურ აზიელები. სხვადასხვა სიტყვით გამოსვლების შემდეგ, მმართველ-გენერალმა ალექსეი კუროპატკინმა ღონისძიება დახურა სიტყვებით „გაუმარჯოს დიდებულ, თავისუფალ რუსეთს“.[1]

1930 წელს, ტაშკენტი უზბეკეთის სოციალისტური რესპუბლიკის ტერიტორიის შიგნით მოხვდა და გახდა კიდეც მისი დედაქალაქი, შეცვალა რა სამარყანდი.

საბჭოთა ერა რედაქტირება

1920-ან და 1930-ან წლებში ქალაქში ინდუსტრიალიზაცია დაიწყო.

მიუხედავად მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტისა, ნაცისტური გერმანია 1941 წლის ივნისში საბჭოთა კავშირში შემოიჭრა. მთავრობა ამუშავდა რათა უკრაინისა და დასავლეთ რუსეთის ქარხანა-ფაბრიკები ტაშკენტში გადაეტანა და ამით საბჭოთა ინდუსტრიული შესაძლებლობები შეენარჩუნებინა. ამის შედეგად მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში, ტაშკენტის ინდუსტრიული შესაძლებლობები გაიზარდა.

 
ტაშკენტის კონსერვატორია, 1995წ

ტაშკენტში თავი მოიყარეს, როგორც გერმანელმა პოლიტიკურმა ემიგრანტებმა[2] ასევე საომარი ზონებიდან ევაკუირებულმა უამრავმა ადამიანმა. ამ ყველაფერმა ტაშკენტის მოსახლეობა მილიონამდე გაზარდა, რუსები და უკრაინელები კი ამ მაჩვენებლის ნახევარს შეადგენდნენ.[3] ომის შემდეგ უამრავი ლტოლვილი დარჩა ტაშკენტში საცხოვრებლად და თავის მშობლიურ ადგილს აღარ დაუბრუნდა.

ომის შემდგომ პერიოდში, საბჭოთა კავშირმა მრავალი სამეცნიერო და საინჟინრო დაწესებულება დააარსა ქალაქში.

ქალაქის ძველი ნაწილი თითქმის მთლიანად განადგურდა 1966 წლის საშინელი მიწისძვრის შედეგად. 300 000-ზე მეტი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა, 78 000 სახლი კი დაინგრა.[4] საბჭოთა რესპუბლიკებმა და კიდევ რამდენიმე სხვა ქვეყანამ, მაგალითად ფინეთმა, გამოაგზავნეს „მოძმე ხალხთა ბატალიონები“ და ქალაქის მგეგმავები განადგურებული ტაშკენტის აღსადგენად.

ტაშკენტი აღდგა როგორც სანიმუშო საბჭოთა ქალაქი ფართო ქუჩებითა და პარკებით, უზარმაზარი მოედნებით პარადებისთვის, შადრევნებით, მონუმენტებით და აკრობით საცხოვრებელი ბლოკებით. ამ პერიოდში აშენდა ტაშკენტის მეტროც. ასევე 1970 წლისთვის, 100 000 ახალი სახლი აიგო,[4] თუმცა მათი უმეტესობა ისევ მუშებმა დაიკავეს და არა ტაშკენტელმა უსახლკაროებმა.

საბჭოთა კავშირის დაშლისას 1991 წელს, ტაშკენტი იყო სიდიდით მეოთხე ქალაქი მთელს სსრკ-ში, ასევე სამეცნიერო და საინჟინრო სწავლებათა ცენტრი.

უზბეკეთის დედაქალაქი რედაქტირება

ტაშკენტი უზბეკეთის დედაქალაქი და ყველაზე კოსმოპოლიტური ქალაქია. აღსანიშნავია მისი სამზოლიანი ქუჩები, უამრავი შადრევანი და სასიამოვნო პარკები.

1991 წლის შემდეგ, ქალაქი შეიცვალა ეკონომიკურად, კულტურულად და არქიტექტურულად. ახალმა მშენებლობებმა დაჩრდილა ან სრულიად შეცვალა საბჭოთა პერიოდის სიმბოლოები. ყველაზე დიდი ქანდაკება, რომელიც ლენინის საპატივცემულოდ იყო აღმართული, გლობუსის ფორმის უზბეკეთის გეოგრაფიულმა რუკამ შეცვალა. საბჭოთა პერიოდის ნაგებობები ახალმა და თანამედროვე შენობებმა ჩაანაცვლა. ქალაქის საქმიან ნაწილში 22-სართულიანი „უზბეკეთის ეროვნული ბანკია“, ასევე საერთაშორისო სასტუმროები და ბიზნეს ცენტრები.

 
ქალაქის საქმიანი ნაწილი

2007 წელს, „მოსკოვ ნიუსმა“, რომელიც ყველაზე ძველი ინგლისურენოვანი საგაზეთო გამომცემლობაა რუსეთში, ტაშკენტი ისლამური სამყაროს დედაქალაქად დასახელდა. აქ უამრავ ისტორიულ მეჩეთსა და მნიშვნელოვან ისლამურ ადგილს შეხვდებით, მათ შორის ისლამურ უნივერსიტეტს. ტაშკენტი ფლობს ე.წ. „სამარყანდის კოდექსს“, რომელიც ყურანის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ხელნაწერია და რომელიც ქალაქში 1924 წლის შემდეგ ინახება.

ტაშკენტი ყველაზე მეტ ვიზიტორს იზიდავს მთელი ქვეყნის მასშტაბით და შავკათ მირზიიოევის რეფორმების შემდეგ, რომელიც უცხოელებისთვის ვიზების გამარტივებულ გაცემას გულისხმობს, ტურისტული სექტორიც უფრო დიდ ზრდას განაგრძობს.

გეოგრაფია და კლიმატი რედაქტირება

გეოგრაფია რედაქტირება

ტაშკენტი მდებარეობს წყლით კარგად მომარაგებულ დაბლობზე, გზად სამარყანდსა (უზბეკეთის სიდიდით მეორე ქალაქი) და შიმქენთს (ყაზახეთის საზღვრის გასწვრივ) შორის. ტაშკენტს ყაზახეთის საზღვრის გადასაკვეთ ორ წერტილამდე სულ რაღაც 13 კილომეტრი აშორებს. ახლოს მდებარე ქალაქები ერთ მილიონზე მეტი მოსახლით არიან: შიმქენთი (ყაზახეთი), დუშანბე (ტაჯიკეთი), ბიშკეკი (ყირგიზეთი), კაშგარი (ჩინეთი), ალმათი (ყაზახეთი), ქაბული (ავღანეთი) და პეშავარი (პაკისტანი).

ტაშკენტი აშენებულია მდინარე ჩირჩიქისა და მისი შენაკადების შეერთების ადგილას. ის აქტიურ სეისმურ ზონაში მდებარეობს სადაც ხშირია რყევები და მიწისძვრები.

კლიმატი რედაქტირება

ტაშკენტი ხმელთაშუა ზღვის ჰავასა და ნოტიო კონტინენტურ კლიმატს მოიცავს.[5] ამის შედეგად, ტაშკენტში ხშირად გვხვდება ცივი და ხშირად თოვლიანი ზამთარი. ნალექის უმეტესობა სწორედ ამ თვეებში (დეკემბერი, იანვარი, თებერვალი) მოდის და თოვლის სახით გვევლინება. ქალაქში ნალექიანობის ორი პიკი აღინიშნება, ზამთრის დასაწყისსა და გაზაფხულზე. მცირედ უჩვეულო ნალექიანობის მიმდინარეობა ნაწილობრივ ზღვის დონიდან მისი სიმაღლითაა (500 მეტრი) განპირობებული. ტაშკენტში ზაფხული დიდხანს გრძელდება, როგორც წესი მაისიდან სექტემბრამდე. ივლისში და აგვისტოში კი შესაძლოა უსაშველოდ ჩამოცხეს. ივნისიდან სექტემბრამდე ქალაქში ძალიან მცირე რაოდენობით მოდის ნალექი.

დემოგრაფია რედაქტირება

1983 წელს ტაშკენტის მოსახლეობა, 256 კვადრატულ კილომეტრზე მცხოვრებ 1 902 000 ადამიანს ითვლიდა. საბჭოთა კავშირის დაშლისთვის (1991 წელი) ქალაქის მუდმივ მაცხოვრებელთა რიცხვი 2 136 600-მდე იყო გაზრდილი. ტაშკენტი სიდიდით მეოთხე ქალაქი იყო ყოფილ საბჭოთა კავშირში მოსკოვის, სანქტ-პეტერბურგისა (მაშინდელი ლენინგრადი) და კიევის შემდეგ. ტაშკენტი რჩება სიდიდით მეოთხე ქალაქად დსთ-სა და ბალტიის ქვეყნებში. 2023 წლისთვის ქალაქში 3 995 700 კაცი ცხოვრობდა.

2008 წლის ტაშკენტის დემოგრაფიული სტრუქტურა ასე გამოიყურება:

• 71% - უზბეკები

• 14% - რუსები

• 4.5% - თათრები

• 3.2% - კორეელები

• 2.1% - ყაზახები

• 2.1% - ტაჯიკები

• 1.2% - უიღურები

• 6% - სხვა ეთნიკური უმცირესობები

რუსული და უზბეკური ორივე ძირითადი ენებია ტაშკენტში. როგორც მთლიანად უზბეკეთში, აქაც საგზაო ნიშნები და ტრაფარეტები ლათინურსა და კირილიცაზეა დაწერილი. [6][7]

სპორტი რედაქტირება

 
უზბეკი გულშემატკივრები ეროვნული დროშით

ტაშკენტში ყველაზე პოპულარული სპორტი ფეხბურთია. ყველაზე გამორჩეულ საფეხბურთო კლუბებს მიეკუთვნება ტაშკენტის ფახთაქორი და ბუნიოდკორი, რომლებიც უზბეკეთის სუპერ ლიგაში ასპარეზობენ. ფახთაქორს 12-ჯერ აქვს ლიგის ტიტული მოპოვებული, 6-ჯერ კი გუნდი ვერცხლის მედლებს დასჯერდა. რაც შეეხება ბუნიოდკორს, მათ შიდა პირველობაში გამარჯვება 5-ჯერ მოახერხეს, 2-ჯერ კი ვერცხლის მედლებით დაასრულეს ასპარეზობა. ბოლო წლებში კიდევ ერთი ტაშკენტური გუნდი იბრძვის საპრიზო ადგილებისთვის. ტაშკენტის ლოკომოტივი, რომელიც 2002 წელს დაარსდა და რომლის სპონსორიც უზბეკეთის რკინიგზაა, ზედიზედ სამჯერ გახდა უზბეკეთის ჩემპიონი 2016-დან 2018 წლამდე.

ფეხბურთელები მაქსიმ შაცკი, პიტერ ოდემვინგი და ვასილის ჰათციპანგისი ტაშკენტში არიან დაბადებული.

ჰუმო ტაშკენტი, პროფესიონალური ყინულის ჰოკეის გუნდი 2019 წელს დაარსდა. მისი სახელი სპარსული მითოლოგიური ფრინველიდან ჰუმადან მოდის, რომელსაც ლეგენდის თანახმად მიწაზე არასდროს დაუდგამს ფეხი და მთელი ცხოვრება დედამიწიდან ძალიან მაღლა, ფრენაში გაატარა.[8]


დამეგობრებული ქალაქები რედაქტირება

ტაშკენტი დამეგობრებულია შემდეგ ქალაქებთან:

ლიტერატურა რედაქტირება

  • Stronski, Paul, Tashkent: Forging a Soviet City, 1930–1966 (Pittsburgh, University of Pittsburgh Press, 2010).
  • Jeff Sahadeo, Russian Colonial Society in Tashkent, 1865–1923 (Bloomington, IN, Indiana University Press, 2010).

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. Jeff Sahadeo, Russian Colonial Society in Tashkent, Indiana University Press, 2007, p188
  2. https://digitalcommons.unl.edu/modlanggerman/3/ Encyclopedia of German Literature, Chicago and London: Fitzroy Dearborn Publishers, 2000, by permission at Digital Commons, University of Nebraska, accessed 3 February 2013
  3. https://books.google.ge/books?id=X2XpddVB0l0C&pg=PA102&dq=&hl=en&redir_esc=y#v=onepage&q&f=false Duke University Press, p. 102. ISBN 0-8223-1521-1
  4. 4.0 4.1 Sadikov, A C; Akramob Z. M.; Bazarbaev, A.; Mirzlaev T.M.; Adilov S. R.; Baimukhamedov X. N.; et al. (1984). Geographical Atlas of Tashkent (Ташкент Географический Атлас) (in Russian) (2 ed.). Moscow. pp. 60, 64.
  5. https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/f/f0/Asia_K%C3%B6ppen_Map.png
  6. https://eurasianet.org/uzbekistan-a-second-coming-for-the-russian-language eurasianet. Retrieved 30 October 2019.
  7. http://chalkboard.tol.org/uzbekistan-dead-letter/ Chalkboard. 23 July 2007. Retrieved 30 October 2019.
  8. http://uihf.uz/news#tab115 დაარქივებული 2019-07-20 საიტზე Wayback Machine. (in Russian). 22 July 2019.
  9. Seoul -Sister Cities [via WayBackMachine]. Seoul Metropolitan Government (archived 2012-04-25). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-25. ციტირების თარიღი: 2013-08-23.
  10. International Cooperation: Sister Cities. Seoul Metropolitan Government. www.seoul.go.kr. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 დეკემბერი 2007. ციტირების თარიღი: 26 January 2008.

3. https://web.archive.org/web/20080415014911/http://mnweekly.ru/world/20070524/55252222.html