ტაშისკარის ბრძოლა

ტაშისკარის ბრძოლა
თარიღი 16 ივნისი, 1609
მდებარეობა ტაშისკარი
შედეგი ქართლის სამეფოს გამარჯვება
მხარეები
ქართლის სამეფო ოსმალეთის იმპერია, ყირიმის სახანო
მეთაურები
გიორგი სააკაძე ფერად ფაშა

ტაშისკარის ბრძოლა — 1609 წლის 16 ივნისის ბრძოლა ქართლის სამეფოსა და ოსმალთა და ყირიმელ თათართა ლაშქარს შორის.

ისტორია რედაქტირება

1609 წლის ივნისში ქართლში შეიჭრა ოსმალების მრავალრიცხოვანი ჯარი, რომელმაც რამდენიმე სოფელი ააოხრა და გაძარცვა, მოსახლეობის ნაწილი დაატყვევა და სწრაფად მიადგა მანგლისს. ოსმალებმა აქედან გაჭრა სცადეს სოფ. ცხირეთისაკენ (შიდა ქართლი), სადაც მეფე ლუარსაბ II ეგულებოდათ. თევდორე კვეთელმა მოატყუა მტერი და სხვა მიმართულებით წაიყვანა. ამასობაში ქართველებმა ლაშქარი შეკრიბეს და გიორგი სააკაძისა და ზაზა ციციშვილის სარდლობით სოფელ ნიაბის (ახლანდელი კასპის მუნიციპალიტეტი) ბოლოს, სხერტის ჭალაზე, მტერი უკუაქციეს. გორისაკენ გაბრუნებულთ მდინარე მტკვარზე ხიდი აყრილი დახვდათ. მაშინ მათ ახალციხისაკენ იბრუნეს პირი. სოფელ ბრბონასთან მდ. მტკვარი გადალახეს და სოფელ ტაშისკართან (ახლანდელი ხაშურის მუნიციპალიტეტი) დაბანაკდნენ. ქართველთა ლაშქარი სოფელ ახალდაბასთან (ახლანდელი ბორჯომის მუნიციპალიტეტი) მდინარე მტკვარზე გადავიდა და მოწინააღმდეგეს ახალციხისაკენ გასასვლელი გზა გადუჭრა. სამხედრო თათბირზე გიორგი სააკაძის გეგმა მიიღეს და სარდლობაც მასვე დაევალა. ქართველთა ლაშქარი განთიადისას მოულოდნელად დაესხა თავს მტერს და თითქმის მთლიანად გაანადგურა, მხოლოდ მცირე ნაწილმა უშველა გაქცევით თავს. ქართველებს დიდძალი ნადავლი და ტყვე დარჩათ. ამ ბრძოლაში განსაკუთრებით გამოიჩინა თავი გიორგი სააკაძემ.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • გუჩუა ვ., ქართველი ხალხის ბრძოლა დამოუკიდებლობისა და პოლიტიკური მთლიანობის აღდგენისათვის XVI საუკუნეში, წგნ.,: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973;