სწორი ნაწლავი (Intestinum rectum), მსხვილი ნაწლავის ბოლო ნაწილი, რომელიც უკანა გასავლით (ყითით) თავდება. მოზრდილი ადამიანის სწორი ნაწლავის სიგრძეა 14-18 სმ, სანათურის დიამეტრი ზემო ნაწილში - 4 სმ, ქვემოთ კი - 7,5 სმ-მდე ფართოვდება და წარმოქმნის ამპულას.

სწორ ნაწლავში განარჩევენ ზემო (მენჯის, 12-15 სმ) და ქვემო (ანალურ, 2,5-3,7 სმ) ნაწილებს. ქალის სწორი ნაწლავი საშვილოსნოს უკანაა, ხოლო კაცისა შარდის ბუშტის უკან. სწორი ნაწლავის მენჯის ნაწილი მეტნაკლებად დაფარულია პერიტონეუმით, ანალური ნაწილი კი მოკლებულია ამ საფარველს. კუნთოვანი გარსის გარეთა ბოჭკოები არ ჯგუფდება სამ გასწვრივ ზონრად, როგორც ეს აღინიშნება კოლინჯში, იგი მთლიანად შრის სახით ეკვრის გარს სწორ ნაწლავს. ყითის მიდამოში შიგნითა ცირკულარული შრის კუნთოვანი ბოჭკოები მსხვილდება და წარმოქმნის ყითის შიგნითა ანუ უნებლიე სფინქტერს, ხოლო კანის ქვეშ მდებარე შორისის კუნთი - ყითის გარეთა ანუ ნებით სფინქტერს. ლორწოვანი გარსი, კარგად განვითარებული ლორწქვეშა შრის მეშვეობით, ქმნის მრავალ ნაოჭს. სწორ ნაწლავში უხვად არის განვითარებული ვენური წნულები.

ლიტერატურა რედაქტირება