სტოლიპინის აგრარული რეფორმა

სტოლიპინის აგრარული რეფორმა დაიწყო 1906 წლის 9 ნოემბერს და შეწყდა 1917 წლის 28 ივნისს (ახ. სტ. 11 ივლისი) დროებითი მთავრობის გადაწყვეტილებით. სახელწოდება მომდინარეობს პეტრე სტოლიპინის გვარიდან, რომელიც რეფორმის ინიციატორი და ხელმძღვანელი იყო.

1905–1907 წლების რევოლუციის დამარცხებით ცარიზმსა და მემამულეებს საშუალება მიეცათ რეფორმის გზით აღმოეფხვრათ ბატონყმობის ნაშთები გლეხთა სანადელო მიწათმფლობელობაში, ამასთანავე, ისე, რომ მემამულეთა მიწათმფლობელობა შეენარჩუნებიათ. მათი მიზანი იყო გლეხ ბურჟუაზიასთან კავშირის განმტკიცება, ხოლო მთავარი შინაარსი — თემის დანგრევა და გლეხურ მიწათმფლობელობაში კერძო საკუთრების დამკვიდრება. გლეხებს სანადელო მიწების ყიდვა-გაყიდვის ნება დართეს, რამაც დააჩქარა სოფლის ღარიბთა სანადელო მიწებიდან წასვლა და მიწების თავმოყრა კულაკთა ხელში. თემიდან გამოყოფილ გლეხობას მიწა ერთ ადგილას ეძლეოდა, რის შედეგადაც იქმნებოდა ხუტორები და ოტრუბები. თემს ძალდატანებით არღვევდნენ, ამასთან კულაკებს გლეხების საუკეთესო მიწებს აძლევდნენ. ამ საქმეში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საგლეხო ბანკმა. სესხი ძირითადად მიეცათ ცალკეულ მეპატრონეებს, ე. ი. უპირატესად კულაკებს, მ. შ. ხუტორებისა და ოტრუბების მფლობელებს — შეღავათით. საკუთარი მიწის ფონდიდან 3/4 ბანკმა სწორედ მათ მიჰყიდა.

სტოლიპინის აგრარული რეფორმა ითვალისწინებდა რუსეთის ცენტრალური რაიონებიდან ღარიბი გლეხობის გადასახლებას განაპირა მხარეებში, განსაკუთრებით — ციმბირში. მთავრობა აქტიურად ერეოდა ამ პროცესში. 1906–1916 წლებში გადაასახლეს 3 მილიონი გლეხი, უკან დაბრუნდა 18% (548 ათ. სული). 1916 წლის 1 იანვრისთვის თემიდან გავიდა 2478 ათ. გლეხური მეურნეობა და თან გაიტანა 16 919 ათ. დესეტინა მიწა, რაც შეადგენდა სათემო მეურნეობების 26%-ს და სათემო მფლობელობაში არსებული მიწების 15%-ს. რეფორმამ დააჩქარა და გააადვილა სანადელო მიწების სავაჭრო ბრუნვაში მოქცევა, რის შედეგადაც დაჩქარდა და გაიზარდა გლეხთა კლასობრივი დიფენციაცია. 1079,9 ათ. გლეხმა (თემიდან გამოსულთა 53%) 1908–1915 წლებში გაყიდა 3776,2 ათასი დესეტინა მიწა (სანადელო მიწების 22,4%). მიწის გამყიდველთა უმრავლესობა პარტახდებოდა, მათი მიწები კი კულაკთა ხელში იყრიდა თავს. არ გამართლდა მეფის მთავრობის იმედი ხუტორებისა და ოტრუბების საფუძველზე სოფელში დასაყრდენი ბაზის შექმნისა. 1907–1916 წლებში სანადელო მიწებზე შეიქმნა 1317 ათ. ასეთი ახალი მეურნეობა, რომლის მიწის ფონდი 12 777 ათ. დესეტინას შეადგენდა. საგლეხო ბანკის მეშვეობით 339 ათ. მეურნეობამ შეისყიდა 4137 ათ. დესეტინა მიწა, სახაზინო მიწებზე 13 ათ. მეურნეობამ — 224 ათ. დესეტინა, ე. ი. სულ მათი რაოდენობა 1670 ათასს უდრიდა, ხოლო მიწა 17 138 ათ. დესეტინას. ხუტორებსა და ოტრუბებში მეურნეობათა მოწყობა დიდ სახსრებს მოითხოვდა და ამიტომ მათი უმრავლესობა ღატაკდებოდა, შეძლებულთა რიცხვი კი მცირე იყო. რეფორმის ჩავარდნის მიზეზად შესაძლოა მივიჩნიოთ აგრეთვე 1911 წლის შიმშილობა, რომელმაც რუსეთის ძირითად სამიწათმოქმედო რაიონებში 30 მილიონი კაცი მოიცვა.

სტოლიპინის აგრარულმა რეფორმამ ქვეყანა ვერ მიიყვანა სოციალურ-ეკონომიკურ დარგში ძირფესვიან ცვლილებებამდე, ვერ აღმოფხვრა ახალი ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუციის მომწიფების მიზეზები. პირიქით, რეფორმის გატარების წლებში განვითარდა გლეხთა მასობრივი რევოლუციური მოძრაობა, რომელიც ძირითადად მემამულეთა მიწათმფლობელობის წინააღმდეგ იყო მიმართული, გაძლიერდა სოფლის ღარიბთა ბრძოლა სოფლის ბურჟუაზიის, კულაკების, მ. შ. ხუტორებისა და ოტრუბების მფლობელთა წინააღმდეგ. ამასთანავე, რამდენადაც რეფორმა ხელს უწყობდა რუსეთში კაპიტალიზმის განვითარებას, მას პროგრესული მნიშვნელობა ჰქონდა.

სტოლიპინის აგრარული რეფორმის გატარება საქართველოში რედაქტირება

სტოლიპინის აგრარული რეფორმის გატარება საქართველოში განსხვავებული პირობების მიუხედავად, ძირითადად იმავე მიზანს ისახავდა: დროებით ვალდებულთა ინსტიტუტის ლიკვიდაცია და ნადელების სავალდებულო გამოსყიდვის მეშვეობით მიწების გლეხთა საკუთრებად დამტკიცება; საგლეხო ბანკის საშუალებით სანადელო მიწების შესყიდვა და კულაკებისადმი დახმარება; რუსეთიდან კოლონიზაციის გაძლიერება. 1912 წლის 20 დეკემბერს კანონით უქმდებოდა დროებით ვალდებულ გლეხთა ინსტიტუტი (გლეხთა მიერ მიწების სავალდებულო გამოსყიდვით). სესხის დაფარვის ვადებად დაწესდა 56, 41 ან 28 წელი. მიუხედავად ამისა, დროებით ვალდებულთა ინსტიტუტი ფაქტობრივად 1917 წლის რევოლუციამდე შემორჩა. საგლეხო ბანკის ამიერკავკასიის განყოფილების ხელში მოქცეული მიწის ფონდიდან დროებით ვალდებულმა გლეხებმა უმნიშვნელო დახმარება მიიღეს. მაგ., ქუთაისის გუბერნიაში 1906–1914 წლებში გლეხებმა სულ ამ გზით შეისყიდეს 2068 დესეტინა მიწა, აქედან, 62,6% — ამხანაგობებმა, 3,7% — ცალკე ოჯახებმა. ამავე დროს, ბანკის მიერ შესყიდული ათიათასობით დესეტინა მიწა ძირითადად კოლონიზაციის ფონდში შევიდა. ამგვარად რეფორმამ ამ მხრივაც კრახი განიცადა.

რაც შეეხება კოლონიზაციას, აქ წარმატებით სრულდებოდა ცარიზმის გეგმები. იმ დროს, როდესაც ადგილობრივი გლეხები უკიდურეს მცირემიწიანობას განიცდიდნენ, მათ ხარჯზე უხვად ხდებოდა კოლონისტებისათვის მიწების გაცემა. მაგ., 1908 წელს საქართველოში საკოლონიზაციო ფონდი შეადგენდა 258 580 დესეტინას. 1908–1915 წლებში ამ ფონდს შეემატა 285 287 დესეტინა. სულ 1915 წლისათვის 80 786 კოლონისტისათვის გამოყვეს 543 867 დესეტინა მიწა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Ленин В. И., „Крестянская реформа“ и пролетарски-крестянская революция, Полн. собр. соч., 5 изд., т. 20;
  • მისივე, Переселенческий вопрос, იქვე, ტ. 21;
  • Оброз переселенческого дела на Кавказе за пятилетие 1908—1912 гг., СПб., 1913;
  • Сидельников С. М., Аграрная реформа Столыпина, М., 1973;
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 6, თბ., 1972;

სქოლიო რედაქტირება