სტატეირა I (სპარს. استاتیرا; დ. ძვ. წ. 370 — გ. ძვ. წ. 332) — აქემენიანთა დინასტიის წარმომადგენელი და სპარსეთის დედოფალი როგორც თავისი ძმის, მეფე დარიოს III-ის მეუღლე. დედოფალ სტატეირა II-ის დედა და ალექსანდრე მაკედონელის სიდედრი.

სტატეირა I

ალექსანდრე მაკედონელს შეწყალებას სთხოვს დედოფალი სტატეირა (წინა პლანზე), მის უკან კი მისი ქალიშვილი და დედა-დედამთილი დგანან.
წოდებები
სპარსეთის დედოფალი
დაიბადა ძვ. წ. 370
გარდაიცვალა ძვ. წ. 332
საგვარეულო აქემენიდები
მეუღლე(ები) დარიოს III
შვილ(ებ)ი სტატეირა II
დრიპეტისი
მამა არსამესი
დედა სისიგამბისი
რელიგია ზოროასტრიზმი

ბიოგრაფია რედაქტირება

სტატეირა დაიბადა ძვ. წ. 370 წელს სპარსეთში. მიიჩნევა, რომ იგი იყო სპარსეთის მეფე დარიოს II-ის ვაჟის, პრინც არსამესისა და მისი მეუღლის, სპარსეთის მეფე არტაქსერქსე II-ის ქალიშვილ სისიგამბისის ასული, თუმცაღა ეს ფაქტი დღემდე სადავოა.

მოგვიანებით, ძვ. წ. 336 წელს სტატეირა დააქორწინეს თავის ღვიძლ ძმაზე, სპარსეთის მეფე დარიოს III-ზე, რითაც იგი სპარსეთის დედოფალი გახდა. რამდენადაც ცნობილია იგი ქმართან ძალიან ახლოს იყო და მასზე გავლენაც ჰქონდა, რაზეც ის ფაქტი მოწმობს, რომ სტატეირა დარიოსს ბრძოლაში ყოველთვის თან დაჰყვებოდა. დედოფალმა სტატეირამ ორი გოგონა გააჩინა: სტატეირა II და დიპეტისი.

მისი და დარიოსის მმართველობა მეტად ხანმოკლე აღმოჩნდა, ვინაიდან ძვ. წ. 333 წელს სპარსეთში ალექსანდრე მაკედონელი შეიჭრა. მან ისოსის ბრძოლაში სასტიკად დაამარცხა დარიოს III-ის ლაშქარი, რის შემდეგაც იგი თავის მხლებლებთან ერთად გაიქცა და ოჯახი ბედის ანაბარად დატოვა. ბერძნები სპარსელ ქალებს საშინლად ეპყრობოდნენ, რის გამოც დედოფალი სტატეირა თავის ქალიშვილებთან და დედა-დედამთილ სისიგამბისთან ერთად ეახლა ალექსანდრეს და მუხლმოყრილმა სთხოვა შეწყალება. რამდენადაც ცნობილია, თხოვნისას ქალებმა ვერ იცნეს მეფე და შეცდომით მის მეგობარ ჰეფესტიონს დაუჩოქეს, თუმცა ალექსანდრემ ეს ხუმრობით მიიღო და შეიწყალა ისინი. მეტიც, სტატეირამ და მისი ოჯახის ქალებმა შეძლეს ძველი სტატუსის შენარჩუნება და კვლავ დიდი პატივით სარგებლობდნენ.

გაქცეული დარიოსი ყველანაირად ცდილობდა თავისი ოჯახის ქალების ტყვეობიდან გამოხსნას, მაგრამ სულ ამაოდ. აღსანიშნავია ისიც, რომ დედოფალი სტატეირა ამ პერიოდში მესამე ბავშვზე იყო ორსულად, რის გამოც მეფე განსაკუთრებულად ცდილობდა მის დახსნას. აღსანიშნავია, რომ დარიოსმა ალექსანდრეს თავისი ქალიშვილის ხელი შესთავაზა და მზითევში ნახევარ სპარსეთსაც დაჰპირდა, მაგრამ არც ამან გაჭრა.

დედოფალი სტატეირა ძვ. წ. 332 წელს გარდაიცვალა მშობიარობისას. მან მკვდარი ბავშვი გააჩინა და შემდგომ წარმოქმნილ გართულებას თავადაც გადაჰყვა. ზოგიერთი ისტორიკოსის მტკიცებით იგი ორსულად ალექსანდრესგან იყო და არა დარიოსისგან, მაგრამ ეს ოფიციალურად დადასტურებული არაა.

მომდევნო წელს, ძვ. წ. 331 წელს გავგამელას ბრძოლაში ალექსანდრემ კვლავ დაამარცხა დარიოსი, რომელიც ისევ გაიქცა, თუმცა ამჯერად იგი თავისმა მხლებლებმა მოკლეს. ამის შემდეგ ტახტი საბოლოოდ გადავიდა ალექსანდრეს ხელში, რომელმაც ძვ. წ. 324 წელს დარიოსისა და სტატეირას ქალიშვილ სტატეირა II-ზე იქორწინა, თუმცა მალევე, ძვ. წ. 323 წელს გარდაიცვალა. მისი გარდაცვალებით გამოწვეულმა მწუხარებამ შეიწირა სტატეირას დედა, დედოფალი სისიგამბისი. ამავე წელს, ალექსანდრე მაკედონელის პირველმა ცოლმა, დედოფალმა როქსანამ, იმის შიშით, რომ იგი ორსულად იქნებოდა, სტატეირა II სიკვდილით დასაჯა. ასე დასრულდა აქემენიანების რამდენიმე საუკუნოვანი მმართველობა სპარსეთში.

ლიტერატურა რედაქტირება

  • A Dictionary of Greek and Roman biography and mythology, Vol III, edited by William Smith, 1872 p.901
  • Quintus Curtius Rufus, Historiae Alexandri Magni Macedonis, 3.12.17.
  • Arrian, Anabasis 4, 19, 5f.; vgl. Curtius Rufus 4, 10, 24; Plutarch, Alexander 30.
  • Curtius Rufus 3, 11, 24; 3, 12, 22; Plutarch, Alexander 30; u. a.
  • So Plutarch, Alexander 30; ähnlich Iustinus 11, 12, 6; Diodor 17, 54; Curtius Rufus 4, 10, 23f.; u. a.