ძველმართლმადიდებლები

(გადამისამართდა გვერდიდან სტაროვერები)

ძველმართლმადიდებლები — მიმდინარეობა მართლმადიდებლობაში. ცნობილია სხვა სახელებითაც, როგორც „სტაროვერები“ (ძველმორწმუნეები), „სტაროობრიადცები“ (ძველმოწესეები) ან „რასკოლნიკები“ (სქიზმატები). მიმდინარეობა წარმოიშვა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში XVII საუკუნის შუა წლებში და ჩამოყალიბდა არამხოლოდ რელიგიურ, არამედ რუსების ეთნოგრაფიულ ჯგუფად. დამაარსებლები იყვნენ დეკანოზი აბაკუმი და ეპისკოპოსი პავლე კოლომნელი. რუსეთის ეკლესიამ ის დაგმო, როგორც სქიზმა. მოსკოვის საპატრიარქო და სხვა მართლმადიდებელი ეკლესიები მას არ აღიარებენ. ძველმართლმადიდებლები ავლენენ განსაკუთრებულ ერთგულებას ძველი წეს-ჩვეულებებისა და მოძღვრებისადმი. მიმდინარეობას ახასიათებს მძაფრი ესქატოლოგიური მოლოდინი, მეტწილად კონკრეტულ თარიღზე მინიშნებით.

ძველმართლმადიდებლური წიგნი

ძველმართლმადიდებლების საერთო რიცხვი 2 მილიონამდეა. ძირითადად ცხოვრობენ რუსეთში (1,7 მილიონი), თუმცა არიან სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის საქართველოში. რუსეთში ძველმართლმადიდებლები არიან პერმის, დონის, სარატოვის, მოსკოვის, ტომსკის, სამარის ოლქებში, განსაკუთრებით ამურის მხარეში. ძველმართლმადიდებლური ეკლესია იყოფა სამიტროპოლიტო და საარქიეპისკოპოსო ეკლესიებად. სამიტროპოლიტო ეკლესიის წევრები ცხოვრობენ რუსეთში, უკრაინასა და მოლდოვეთში, მათ 150 სამრევლო და 3 მონასტერი აქვთ. საარქიეპისკოპოსო ეკლესიის სამრევლოები ძირითადად აღმოსავლეთ რუსეთშია და მათ რიცხვი 30-მდეა.

ლიტურგია რედაქტირება

ძველმართლმადიდებლების სპეციფიური ნიშნებია ნათლისღება წყალში სამჯერ შთაფლვით და არა შესხურებით, ნათლობის შესრულება დაბადებიან მე-7 დღეს, ნათლობისას მზის მიმართულებით სვლა, პირჯვრის ორი თითით გადაწერა, ორჯერ „ალილუია“, „იესუს“ ნაცვლად ძველი ფორმა „ისუს“ გამოყენება, რვაბოლოიანი ჯვარი ოთხბოლოიანის ნაცვლად, თავის მიწამდე დახრით თაყვანისცემა. სხვა ნიშნებით ძველმართლმადიდებლების პრაქტიკა მართლმადიდებლობისგან არ განსხვავდება. დღესასწაულებს აღნიშნავენ ძველი სტილით, იულიუსის კალენდრით.

ძველმართლმადიდებელი მამაკაცები უშვებენ წვერ-ულვაშს, აცვიათ მეტწილად თეთრი სამოსი, ატარებენ ქამარს, რომელიც ფარავს ჭიპს. ქალები თმას არ იჭრიან, ატარებენ გრძელ კაბას და მანდილს. ძველმართლმადიდებლები იცავენ ზნეობის მკაცრ ნორმებს და ძველ ადათ-წესებს. გამოირჩევიან შრომისმოყვარეობით, შედეგად ასრულებენ მნიშვნელოვან როლს სოფლის მეურნეობაში.

ისტორია რედაქტირება

 
პავლე კოლომნელის დასჯა, XVIII საუკუნის ნახატი

XVI-XVII საუკუნეების რუსულ საზოგადოებაში გამოიკვეთა მესიანისტური იდეები. განმტკიცდა აზრი, რომ რუსეთის სამეფო მსოფლიო მართლმადიდებლობის ბურჯია. მიაჩნდათ, რომ ყველაზე წმინდად მართლმადიდებლობა რუსეთში იყო დაცული, ხოლო სხვა ქვეყნებში იგი შეირყვნა კათოლიციზმისა და პროტესტანტობის გამო. ამიტომ გაჩნდა იზოლაციისკენ მიდრეკილება, რაც წინააღმდეგობაში მოდიოდა სახელმწიფოს და რუსი უმაღლესი სასულიერო იერარქების პოლიტიკასთან. მეფე ალექსი Iდა პატრიარქი ნიკონი თავს ბიზანტიისა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მემკვიდრეებად მიიჩნევდნენ, ჰქონდათ კონსტანტინოპოლის აღების გეგმა და რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ყველა მართლმადიდებლის მფარველად მოიაზრებდნენ.

1653 წელს პატრიარქმა ნიკონმა განიზრახა წმინდა წერილის ხელახალი თარგმნა, X-XII საუკუნეებში ძველ საეკლესიო სლავურზე შესრულებული თარგმანების გასწორება და კორექტირება. რეფორმებს წინააღმდეგობა გაუწია სასულიერო პირების ნაწილმა. დეკანოზი ამბაკუმის პეტროვისა და კოლომნის ეპისკოპოსის პავლეს ინიციატივით შეიქმნა „ღვთისმოსაობის დამცველთა საზოგადოება“. მისი წევრები იყვნენ მღვდლები ლაზარე, დანიელი და ლონგინი, დიაკონი ფეოდორ ივანოვი. მათ ნიკონის რეფორმები ერესად მონათლეს და აპოკალიფსის მოახლოებად მიიჩნიეს. 1666-1667 წლებში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კრებამ მოიწონა ნიკონის რეფორმები, დასაჯა და მესამედ გადაასახლა ძველმართლმადიდებლების ლიდერი აბაკუმი. დაიწყო სხვა ძველმართლმადიდებლების დევნა. მათ სჯიდნენ გადასახლებით, დაპატიმრებით, ენის ამოგლეჯით, სხეულის დასახიჩრებითა და ჩამოხრჩობით. 1654 წელს ნოვგოროდში ცეცხლზე დაწვეს პავლე კოლომნელი, ხოლო 1682 წელს ცეცხლზე დაწვეს აბაკუმი სხვა ლიდერებთან, ლაზარესთან, ეპიფანესა და ფეოდორთან ერთად. რეპრესიებმა ვერ შეაჩერა წინააღმდეგობა, მოხდა სოლოვეცის მონასტრის, დონის, მოსკოვის აჯანყებები. ძველმართლმადიდებლებს დევნიდა როგორც ოფიციალური ეკლესია, ასევე მეფის ხელისუფლება. ჯარი ალყაში აქცევდა იმ მონასტრებს, რომლებიც ახალი წიგნების მიღებაზე უარს აცხადებდნენ. საბოლოოდ განხორციელდა სქიზმა (რუსულად „რასკოლ“) და წარმოიქმნა ძველმართლმადიდებლების ეკლესია, რომელიც რუსეთის ეკლესიას დღემდე ნიკონის ეკლესიად იხსენიებს და მის საიდუმლოს ძალადაკარგულად მიიჩნევს. ძველმართლმადიდებლების დევნა შენელდა პეტრე I-ის დროს. 1705 წლის შემდეგ მათ მიეცათ უფლება, ეტარებინათ მოუვლელი წვერი, თუმცა ამისთვის დაწესდა გადასახადი. გადასახადები დაუწესდათ ასევე ეკლესიების აშენებისა და ქადაგების უფლების მოპოვებისთვის. ძველმართლმადიდებლების დევნამ პეტრე I-ის შემდეგ ახალი ძალით იფეთქა და მეტნაკლები სიმწვავით გაგრძელდა 1885 წლამდე.

 
ძველმართლმადიდებელი ქალები

მოგვიანებით ძველმართლმადიდებლები დაიყვნენ ფრაქციებად: მღვდლიან და უმღვდლო ეკლესიებად. პავლე კოლომნელის სიკვდილით დასჯის შემდეგ მათ მხარეს არ იყო არცერთი ეპისკოპოსი და მღვდლად ხელდასხმა ვერ ხდებოდა, ხოლო ძველი მღვდლები გარდაიცვალნენ. ძველმართლმადიდებლების ნაწილმა შესაძლებლად მიიჩნია ეკლესიური ცხოვრების გაგრძელება მღვდლების გარეშე. ასე შეიქმნა უმღვდელოთა, ბეზპოპოვცების ეკლესია. ის ასევე ორ დასად გაიყო ქორწინების საკითხზე უთანხმოების გამო. ერთი ნაწილი მღვდლის გარეშე ქორწინებაზე უარს ამბობდა. ესენი იყვნენ „ფილიპოვცები“, ისინი ვერ მრავლდებოდნენ და მათი რიგების შევსება მხოლოდ მოქცევით ხდებოდა, თუმცა 1920-იან წლებამდე ვერ მიაღწიეს. მეორე ნაწილმა, „ფედოსევცებმა“ დასაშვებად მიიჩნია სამოქალაქო ქორწინება. ძველმართლმადიდებლების ერთმა ნაწილმა მღვდლის გარეშე არსებობა დაუშვებლად მიიჩნია და დაიწყო ოფიციალურად მღვლად კურთხეული პირების გადაბირება და მოქრთამვა. 1848 წელს ავსტრიელმა „პოპოვცებმა“ მიიმხრეს ერთ-ერთი ეპისკოპოსი და ამ გზით აღადგინეს სასულიერო იერარქია. დღეისთვის „ბეზპოპოვცების“ რიცხვი ძალიან მცირეა და ძველმართლმადიდებლების ძირითად ნაწილს „პოპოვცები“ შეადგენენ.

1885 წელს ძველმართლმადიდებლებმა მიიღეს რუსეთის იმპერიის სახელმწიფო სამსახურში მუშაობის უფლება, გაუქმდა მათი დისკრიმინაცია. 1897 წლის აღწერით რუსეთის იმპერიაში 2 240 556 ძველმართლმადიდებელი იყო. რუსეთის სამოქალაქო ომის დროს ძველმართლმადიდებლების დიდმა ნაწილმა მხარი თეთრ მოძრაობას დაუჭირა. მათ ანტონ დენიკინისა და ალექსანდრე კოლჩაკის არმიებში საგანგებო პოლკები ჩამოაყალიბეს. ბოლშევიკური ხელისუფლების პირველ წლებში ლენინმა დაიწყო ძველმართლმადიდებლების მიმხრობის პოლიტიკა. ძველმართლმადიდებლები ძირითადად ვაჭრები იყვნენ და ისინი გამოსადეგნი იყვნენ ლენინის ნეპის პოლიტიკისთვის. 1921 წლის 5 ოქტომბერს ლენინმა გამოაქვეყნა მშვიდობიანი მოწოდება ძველმართლმადიდებლებისადმი. მიუხედავად ამისა, მოგვიანებით, ძველმართლმადიდებლები კულაკებად მიიჩნიეს და კოლექტივიზაციის დროს რეპრესიები განიცადეს. მათი დიდი ნაწილი წავიდა ემიგრაციაში, მათ შორის ჩინეთსა და რუმნეთში. საბჭოთა კავშირში დაიკეტა ძველმართლმადიდებლების მონასტრები, მოხდა ქონების კონფისკაცია, დაიჭირეს და გაასამართლეს მღვდლები და ეპისკოპოსები. ეკლესიამ რეგისტრაციის უფლება მიიღო მეორე მსოფლიო ომის დროს. 1952 წელს შედგა მორიგების კრება, რომელმაც სხვადასხვა ჯგუფები ერთმანეთთან დააზავა.

 
ძველმართლმადიდებლური მონასტერი

ძველმართლმადიდებლები საქართველოში რედაქტირება

რუსეთის იმპერიაში დევნის გამო ძველმართლმადიდებლების ნაწილი ამიერკავკასიაში სახლდებოდა. 1897 წლის აღწერით კავკასიის სამეფისნაცვლოში 65 123 ძველმართლმადიდებელი იყო, რაც მოსახლეობის 1,23%-ს შეადგენდა. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ რუსეთში რწმენის თავისუფლება გამოცხადდა, რის გამოც დევნილმა რუსებმა სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა ბოლშევიკების გამარჯვების გამო ყველამ დაბრუნება ვერ გაბედა და რუსეთისკენ მიმავალი ერთი ჯგუფი 1918 წელს გურიაში ზღვის სანაპირო სოფლებში შეკვეთილში, გრიგოლეთსა და მალთაყვაში დასახლდა.

საქართველოში დასახლებული ძველმართლმადიდებლები ჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდნენ და გარდა სავაჭრო ურთიერთობებისა, სხვა ურთიერთობებში არ შედიოდნენ, თუმცა, გამოირჩეოდნენ სტუმართმოყვარეობით. მათი დღესასწაულები გამოირჩეოდა არა სუფრის გაშლით, არამედ საღვთო წერილის კითხვით და მოწყალების გაცემით. 1980-იანი წლებიდან ძველმართლმადიდებლურ ქადაგებას ეწეოდა მღვდელი მურთაზ ჩახავა. 1989 წელს შეიქმნა საქართველოს ძველმართლმადიდებელთა საღვთო კავშირი. ამავე წელს გამოიცა მურთაზ ჩახავას წიგნი „ერი, ღმერთი და კანონი“. თავდაპირველად ქართული სამრევლო ექვემდებარებოდა რუსეთის არქიეპიკოპოსს, მაგრამ 1991 წელს მურთაზ ჩახავა პერმის ეპისკოპოსმა ეპისკოპოსად აკურთხა იონას სახელით. იონამ 1994 წელს გამოსცა ნაშრომი „იოანე-იონა, რა უნდა ვაკეთოთ, იბერია“. ნაშრომის მიხედვით 2000 წლისთვის ივარაუდებოდა მეორედ მოსვლა. 1995 წლის 5 აგვისტოს თბილისის ზღვის მიდამოებში იკურთხა ძველმართლმადიდებლური გუმბათოვანი ტაძარი. 2003 წელს გარდაიცვალა ეპისკოპოსი იონა. მის შემდეგ ქართველ ძველმართლმადიდებელთა წინამძღვარია 1997 წელს ხელდასხმული ეპისკოპოსი ავთანდილ ხორავა. საქართველოში მცხოვრები ძველმართლმადიდებლების რიცხვი 1000-ს არ აღემატება, 200-მდე ადამიანი ცხოვრობს ფოთში, გრიგოლეთსა და შეკვეთილში.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება