სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი

სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი (რუს. Президиум Верховного Совета СССР) — 1938-1989 წლებში სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს მუდმივმოქმედი დ მის წინაშე ანგარიშვალდებული კოლეგიური ორგანო, რომელიც სსრკ-ის კონსტიტუციით გათვალისწინებულ ფარგლებში ახორციელებდა სსრკ სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს ფუნქციებს უმაღლესი საბჭოს სესიათა შუა პერიოდში. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს ირჩევს სსრკ უმაღლესი საბჭო (პირველ სესიაზე) დეპუტატებისაგან პალატების გაერთიანებულ სხდომაზე თავჯდომარის, მისი პირველი მოადგილისა და 15 მოადგილის (თითოეული ყოველი მოკავშირე რესპუბლიკისაგან), მდივნისა და 21 წევრის შემადგენლობით.

კომპეტენცია რედაქტირება

უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის კომპეტენცია სსრკ-ის კონსტიტუციით განისაზღვრებოდა (მმ. 119-124). იგი მოიცავდა სსრკ უმაღლესი საბჭოს ორგანიზაციისა და საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს, ფართო უფლებამოსილებას სახელმწიფოებრივი, სამეურნეო და სოციალურ-კულტურული მშენებლობის, მშენებლობის, თავდაცვისა და საერთაშორისო ურთიერთობათა სფეროში. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ნიშნავდა სსრკ უმაღლესი საბჭოს არჩევნებს; იწვევდა მის სესიებსა და კოორდინაციას უწევდა პალატების მუდმივი კომისიების საქმიანობას; კონტროლს უწევდა სსრკ კონსტიტუციის დაცვას; უზრუნველყოფდა საკავშირო კონსტიტუციასა და კანონებთან მოკავშირე რესპუბლიკების კონსტიტუციებისა და კანონების შესაბამისობას; აუქმებდა სსრკ და მოკავშირე რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოების კანონშეუსაბამო დადგენილებებსა და განკარგულებებს; განმარტავდა სსრკ კანონებს; ახორციელებდა ამნისტიასა და შეწყალებას; აძლევს სსრკ მოქალაქეობას, წყვეტს მისგან გასვლისა და მისი ჩამორთმევის, თავშესაფრის უფლებების მიცემის საკითხებს; აწესებდა სსრკ ორდენებსა და მედლებს, საპატიო წოდებებს და ანიჭებდა ამ ჯილდოებს; ქმნიდა სსრკ თავდაცვის საბჭოსა და ამტკიცებდა მის შემადგენლობას, ნიშნავდა და ცვლიდა სსრკ შეიარაღებული ძალების უმაღლეს სარდლობას; აცხადებდა საერთო ან ნაწილობრივ მობილიზაციას, სამხედრო წესებს ცალკეულ ადგილებში ან მთელ ქვეყანაში სსრკ დაცვის ინტერესებისათვის, ომის მდგომარეობას კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევებში; აწესებდა სამხედრო წოდებებს, დიპლომატიურ რანგებსა და სხვა სპეციალურ წოდებებს, ანიჭებდა უმაღლეს სამხედრო წოდებებს და სხვა; ახდენდა სსრკ საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიკაციასა და დენონსაციას, ნიშნავდა და იწვევდა სსრკ დიპლომატიურ წარმომადგენლების რწმუნებულებისა და გაწვევის სიგელებს.

უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს, უმაღლეს საბჭოს მორიგ სესიაზე დასამტკიცებლად შემდგომი წარდგენის პირობით, შეჰქონდა ცვლილებები სსრკ მოქმედ საკანონმდებლო აქტებში, სამინისტროებისა და სახელმწიფო კომიტეტების ნუსხასა და მთავრობის შემადგენლობაში, ამტკიცებდა მოკავშირე რესპუბლიკებს შორის საზღვრების შეცვლას.

ლიტერატურა რედაქტირება