სპარტაკი თბილისი (საფეხბურთო კლუბი)

სპარტაკი თბილისიქართული საფეხბურთო კლუბი ქალაქ თბილისიდან. დაარსდა 1946 წელს.[კომ. 1]

სპარტაკი თბილისი
სრული სახელი საფეხბურთო კლუბი „სპარტაკი“ თბილისი
დაარსდა 15 მაისი, 1946; 77 წლის წინ (1946-05-15)
მეორედ დარეგისტრირდა 19 სექტემბერი, 2002; 21 წლის წინ (2002-09-19)
სტადიონი შევარდენი
თბილისი, საქართველო
(ტევადობა: 4 000)

1947 წლამდე კლუბი რესპუბლიკის პირველობაზე ასპარეზობდა. 1948 წლიდან საკავშირო ჩემპიონატში განაგრძო გამოსვლა, სადაც მეორე ჯგუფის სამხრეთ ზონაში მე-3 ადგილი დაიკავა. 1949 წელს „სპარტაკმა“ მეორე ჯგუფის ცენტრალური ზონის ფინალური ეტაპის დამატებითი ტურნირის მოგების შემდეგ საკავშირო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა, სადაც მხოლოდ ორი სეზონი ითამაშა. 1950 წელს მან ჩემპიონატში მე-9 ადგილი, ხოლო 1951 წელს — მე-14 ადგილი დაიკავა და ლიგა დატოვა. ამის შემდეგ „სპარტაკმა“ საკავშირო ჩემპიონატში ორჯერ ითამაშა — 1953 წელს მან „ბ“ კლასის I ქვეჯგუფის პირველობა მოიგო,[1] თუმცა გადამწყვეტ ფინალურ ტურნირზე ბოლო, მეექვსე ადგილი დაიკავა. 1977 წელს კლუბმა კიდევ ერთხელ იასპარეზა საკავშირო ჩემპიონატის მეორე ლიგის მე-4 ზონაში, სადაც 21-ე ადგილი დაიკავა.[2]

მეორედ, ამავე სახელწოდებით კლუბი ოფიციალურად 2002 წლის 19 სექტემბერს დარეგისტრირდა. სხვადასხვა დროს თამაშობდა საქართველოს პირველობის სხვადასხვა ლიგებში, მათ შორის ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში, სადაც 2003–04 წლების სეზონზე 12 მონაწილე გუნდს შორის მე-11 ადგილი დაიკავა და პირველ ლიგაში გადაინაცვლა. ასევე, გამოდიოდა საქართველოს პირველობის რანგით მესამე დივიზიონის — ლიგა 3-ის ცენტრალურ ზონაში. საშინაო მატჩებს ატარებდა შევარდენზე.[3]

ისტორია რედაქტირება

ახალგაზრდა ფეხბურთელთა სკოლა რედაქტირება

1927–1939 წლებში თბილისში არსებობდა ახალგაზრდა ფეხბურთელთა სკოლა, რომელიც პირველი და ერთადერთი საფეხბურთო სკოლა იყო საკავშირო მასშტაბით და რომელსაც სათავეში ედგა იმ პერიოდის ცნობილი თბილისელი ფეხბურთის სპეციალისტი, შემდგომში თბილისის „დინამოსა“ (1942–1945) და თბილისის 35-ე საფეხბურთო სკოლის უფროსი მწვრთნელი და ფეხბურთის თეორეტიკოსი ასირ გალპერინი.[4][5]

თბილისის ახალგაზრდა ფეხბურთელთა სკოლაში, რომელსაც ქართული ფეხბურთის ისტორიის მკვლევარები თბილისის 35-ე საფეხბურთო სკოლის წინამორბედად მიიჩნევენ — სულ ხუთი საფეხბურთო გუნდი ჩამოყალიბდა: „აისი“, „ბეღურა“, „იმედი“, „მოლოტი“ და „სიხარული“. საწვრთნელი ვარჯიშები ვაკეში, მომავალი „ლოკომოტივის“ სტადიონის ტერიტორიაზე იმართებოდა. ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორის, რომლებიც ასირ გალპერინის ხელმძღვანელობით ეუფლებოდნენ საფეხბურთო ოსტატობას იყვნენ: ამირან და ირაკლი ბურჭულაძეები, მერაბ გამყრელიძე, გარი გარიშვილი, თემო გუგუნავა, ვასილ დიაჩენკო, ირაკლი დოლიძე, შოთა თათარაშვილი, იური კატანოვი, არჩილ კობაიძე, კონსტანტინ ლოგინოვი, ლადო ნარიმანიძე, რევაზ ოსაძე, ალბერტ ტარაიანი, ირაკლი ქართველიშვილი, დავით ყიფიანი, ივანე შუდრა, გარი ჯაიანი, სპარტაკ ჯეჯელავა და სხვები. მათგან, რასაკვირველია, ყველა დიდი ფეხბურთელი არ დამდგარა, თუმცა ჩამოთვლილთაგან უმრავლესობამ გარკვეული წვლილი შეიტანა იმ პერიოდის საქართველოში სპორტის ამ სახეობის განვითარებასა და პოპულარიზაციის საქმეში.[კომ. 2]

ასირ გალპერინის შეგირდების საფეხბურთო ოსტატობაზე თვალსაჩინოდ მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ 1938 წელს „მოლოტმა“ მოსწავლეთა შორის საკავშირო თასის პირველ გათამაშებაზე ყველა მეტოქე დაამარცხა და თასი მოიპოვა.[6] საკავშირო ტურნირზე გამარჯვებამ ახალი მოლოდინები გააჩინა. ასეთ შთამბეჭდავ დასაწყისს, ბუნებრივია, რომ იმედისმომცემი გაგრძელება უნდა მოჰყოლოდა, თუმცა ომის დაწყებამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ფეხბურთისთვის აღარავის ეცალა. თბილისში ერთადერთი გუნდი — თბილისის „დინამო“ დარჩა, რომლის მთავარ მწვრთნელად სწორედ ასირ გალპერინი დანიშნეს. თბილისის ახალგაზრდა ფეხბურთელთა სკოლა დაიშალა. მწვრთნელის გარეშე და ბუნდოვანი მომავლის ამარა დარჩენილი ბიჭებიც წავიდ-წამოვიდნენ.

1944 წელს, ყველასათვის მოულოდნელად, სპორტსაზოგადოება „შრომითი რეზერვების“ საკავშირო პირველობის გამართვის გადაწყვეტილება გამოცხადდა. თბილისში სასწრაფოდ შეკრიბეს გუნდი — ამირან ბურჭულაძე, გარი გარიშვილი, ვლადიმერ დავთიანი, გივი ვაშაძე, ფილიპე მახარაძე, ავთო პაიჭაძე, ედუარდ ტანტიბა, ზურაბ ქვარიანი, ზაალ ჯორჯიაშვილი, მიშა ჯოჯუა და სხვები. მწვრთნელად ანტუს გონელი დანიშნეს. ასე, სახელდახელოდ შეკრებილმა ჩვენმა ფეხბურთელებმა შესარჩევ მატჩებში მოუგეს ბაქოს გუნდს (3–1). შემდეგი მატჩი როსტოველებთან უნდა გამართულიყო, მაგრამ მათ გუნდი ვერ გამოიყვანეს. აქვე, აღნიშვნის ღირსია ერთი ღირსახსოვარი ფაქტი, რომლის მსგავსიც — თავისი კურიოზული შინაარსით — არც მანამდე მომხდარა საქართველოს საფეხბურთო ცხოვრებაში და არც მას შემდეგ დაფიქსირებულა რაიმე სახით. საუბარი შეეხება 1948 წელს თბილისში, კონსტიტუციის ქუჩაზე მდებარე სტადიონზე გამართულ შეხვედრას თბილისისა და როსტოვის „შრომითი რეზერვების“ გუნდებს შორის, როდესაც თბილისელებმა თავისი როსტოველი თანაკლუბელები ფეხბურთისთვის სარეკორდო ანგარიშით — 36–0 დაამარცხეს. საინტერესოა, რომ თბილისელმა ბიძინა ტაბიძემ ამ მატჩში 16 გოლი გაიტანა. მის გარდა ჩვენს გუნდში თამაშობდნენ ვლადიმერ ელოშვილი, კუნო სიხარულიძე და სხვები.

თბილისის „სპარტაკის“ დაბადება რედაქტირება

1945 წლის სეზონის დამთავრების შემდეგ ხუთ ქართველ ფეხბურთელს მოსკოვის „სპარტაკში“ გადასვლა შესთავაზეს, რომელსაც მაშინ ცნობილი ესტონელი სპეციალისტი ალბერტ ვოლრატი[კომ. 3] ედგა სათავეში. საფეხბურთო კარიერის შემდგომი განვითარების პერსპექტივის თვალსაზრისით მომხიბლავი შეთავაზების მიუხედავად ყველა ფეხბურთელმა უარი განაცხადა. მხოლოდ მიშა ჯოჯუას დათანხმება მოახერხა მოსკოვის „კრილია სოვეტოვის“ მწვრთნელმა აბრამ დანგულოვმა. ამავე კლუბში დარჩენაზე ცდილობდნენ ამირან ბურჭულაძისა და ავთო პაიჭაძის დაყოლიებას, თუმცა ორივე მათგანმა თბილისში დაბრუნება არჩია.

 
ავთანდილ პაიჭაძე

იმხანად, 31-ე საავიაციო ქარხნის დირექტორს, ფეხბურთის დიდ ქომაგსა და მოამაგეს ვლადიმერ სალაძეს ავიატორთა კარგი საფეხბურთო გუნდის ჩამოყალიბება ჰქონდა განზრახული. მოკლე ხანში ამირან ბურჭულაძემ და ავთო პაიჭაძემ 31-ე საავიაციო ქარხნის საფეხბურთო გუნდიდან — თბილისის „კრილია სოვეტოვისგან“ მიიღეს მოწვევა. მალე მათ გარი გარიშვილი და ზურაბ ქვარიანი დაემატათ. იმ პერიოდის თბილისის „კრილია სოვეტოვის“ შემადგენლობაში მათ გარდა თამაშობდნენ აგრეთვე — სტეფან ბაგმანოვი, გივი ბუიღლიშვილი, ტარიელ ეპიტაშვილი,[7] გივი ვაშაძე, იური კატანოვი, რევაზ ოსაძე, ვანჩუკ ჩერედნიჩენკო, გარი ჯაიანი და სხვები.

1946 წელს თბილისის „კრილია სოვეტოვი“ საკავშირო გათამაშების ამიერკავკასიის ტურნირის გამარჯვებული ხდება. ამის შემდეგ გუნდი მინსკში მიემგზავრება ფინალურ ასპარეზობაზე მონაწილეობის მისაღებად, სადაც მეორე ადგილს იკავებს უჟგოროდის „სპარტაკის“ შემდეგ და „ბ“ ჯგუფის საგზურს ინაღდებს. აღნიშნულ ჯგუფში იგი ორ სეზონს ატარებს და მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფში ასპარეზობისას დიდ წარმატებას ვერ აღწევს — მაყურებელთა გარკვეულ სიმპათიას იმსახურებს და ამასთან, კარგად შეთამაშებული გუნდის სახელს იმკვიდრებს. როგორც ჩანს, უმთავრესად სწორედ ამან განაპირობა, რომ ვლადიმერ სალაძემ ქარხნის დირექტორობიდან მისი გათავისუფლების საკითხის დადგომისას ცეკა-ში ითხოვა, რომ თანამდებობიდან მისი წასვლის შემდეგ ეს გუნდი არ დაეშალათ.

ვლადიმერ სალაძის შუამდგომლობამ სასურველი შედეგი გამოიღო და 1948 წლის 15 მაისს გუნდი მთლიანად თბილისის „სპარტაკში“ გადაიყვანეს. აქვე უნდა ითქვას, რომ „სპარტაკში“ ამ დროისათვის უკვე თამაშობდნენ ვახტანგ გვარამაძე, კოტე მესხი, მიხეილ პირაევი,[8] ვახტანგ სარქისოვი და სხვები. გუნდს კი სათავეში ედგა ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი — გაიოზ ჯეჯელავა. ასე ჩამოყალიბდა თბილისის „სპარტაკის“ ის განუმეორებელი გუნდი, რომელმაც თავისი მეტად ხანმოკლე არსებობის მანძილზე დაუვიწყარი და ამაღელვებელი ემოციებით სავსე შთაბეჭდილება დაუტოვა იმ პერიოდის ქართველ გულშემატკივარს. ამონარიდი საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, პროფესორ გულბათ ტორაძის წიგნიდან „ქართული ფეხბურთი“[9] — ჩვენი სიყრმის საყვარელი გუნდი — თბილისის „სპარტაკი“:

 
„...შეგიძლიათ თუ არა, თქვენ, ძვირფასო მკითხველებო, წარმოიდგინოთ ასეთი სიტუაცია: თბილისის „დინამო“ თბილისში ატარებს კალენდარულ შეხვედრას საბჭოთა კავშირის პირველობაზე ფეხბურთში და ამ დროს მაყურებელთა დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს და გულშემატკივრობს არა მშობლიურ „დინამოს“, არამედ მის მეტოქეს?
სრულიად წარმოუდგენელია, არა? მაგრამ სწორედ ასეთი წარმოუდგენელი შემთხვევის მოწმენი გახდნენ ისინი, ვინც შემოდგომის ამ მზიან დღეს (1950 წ. 5 სექტემბერს) მოსულიყვნენ სტადიონზე, სადაც ერთმანეთს ხვდებოდნენ ქართული ფეხბურთის ფლაგმანი — თბილისის „დინამო“ და მისი მეტოქე — თბილისის „სპარტაკის“ ახალბედა გუნდი.
მიზეზი ამ ერთი შეხედვით პარადოქსული სიტუაციისა კი ის გახლდათ, რომ მანამდე, ძალიან მოკლე დროის მანძილზე, „სპარტაკმა“ თავისი არაჩვეულებრივად ხალისიანი, „მხიარული“ და ამავე დროს, აზარტული, თავდადებული თამაშით მაყურებელთა მხურვალე სიმპათიები და სიყვარული მოიპოვა.“

იმ პერიოდში სპორტსაზოგადოებას ოთარ აბუაშვილი ხელმძღვანელობდა, ხოლო გუნდის უშუალო შეფის — სარეწაო კოოპერაციის ხელმძღვანელი შალვა აბაიშვილი გახლდათ. ორივე მათგანმა დიდი შრომა ჩადო ახალი გუნდის საკეთილდღეოდ. თავდაპირველად თბილისის „სპარტაკის“ მთავარი მწვრთნელობა ბორის პაიჭაძეს შესთავაზეს, მაგრამ იმის გამო, რომ იგი ჯერ კიდევ თამაშობდა თბილისის „დინამოში“ — შეთავაზების მიღებაზე უარი განაცხადა. სანაცვლოდ კი, ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთის სპეციალისტისა და მწვრთნელის — ანდრო ჟორდანიას კანდიდატურა შესთავაზა თბილისის „სპარტაკის“ მესვეურებს. სწორედ ანდრო ჟორდანიას ხელმძღვანელობით შეუდგა გუნდი ვარჯიშს და უმოკლეს დროში შთამბეჭდავ წარმატებებსაც მიაღწია.

1940-იანები რედაქტირება

შემადგენლობა 1948 რედაქტირება

მწვრთნელები
ანდრო ჟორდანია (მთ. მწვრთნელი)
მეკარეები
მიხეილ პირაევი, გარი ჯაიანი[10]
მცველები
იური კატანოვი, ზურაბ ქვარიანი, ნიკოლოზ ნარსია, რევაზ ოსაძე, ეფრემ იუნანოვი,[11][12] გივი ჯორბენაძე[13][12]
ნახევარმცველები
გარი გარიშვილი, ვახტანგ გვარამაძე, თემო გუგუნავა
თავდამსხმელები
ამირან ბურჭულაძე, ირაკლი ბურჭულაძე, ავთანდილ პაიჭაძე, ვახტანგ სარქისოვი, სტეფანე ბაგმანოვი[14]

1948 წლის სეზონში თბილისის „სპარტაკმა“ საკავშირო პირველობის ფინალურ ტურნირში, სადაც ზონებში გამარჯვებულები იღებდნენ მონაწილეობას — მესამე ადგილის დაკავება შეძლო.

გზა წარმატებებისკენ რედაქტირება

მომდევნო წელს კი დამაჯერებლად გაიმარჯვა ცენტრალური ზონის პირველობაზე, სადაც ჩატარებული 26 შეხვედრიდან — 22 შეხვედრაში გაიმარჯვა, სამი მატჩი ფრედ დაასრულა და მხოლოდ ერთი შეხვედრა დათმო (ქუთაისის „დინამოსთან“),[15][16] ბურთების საერთო შეფარდებით — 60–18.[17] ამგვარად, თბილისელებმა ფინალურ შვიდეულში გამოსვლის უფლება მოიპოვეს. გადამწყვეტ მატჩებს როსტოვის „დინამოს“ სტადიონმა უმასპინძლა.

 
ვილნიუსისა და თბილისის სპარტაკელთა მატჩი. თბ., 31 ივლ. 1949.

როსტოვში გამგზავრებამდე, სპარტაკელთა უფროსმა მწვრთნელმა ანდრო ჟორდანიამ „ლელოს“ კორესპონდენტთან საუბარში განაცხადა: „ცენტრალურ ზონაში გამარჯვება ჩვენი ახალგაზრდა კოლექტივის დიდი წარმატებაა. იგი მოპოვებულია ძლიერ და გამოცდილ მოწინააღმდეგეებთან დაძაბული ბრძოლის შედეგად, მაგრამ წინ უფრო სერიოზული შეხვედრები მოგველის. ვინ არიან ჩვენი მომავალი მოწინააღმდეგენი, ვისთან მოგვიწევს შერკინება? პირველ რიგში ესენი არიან რსფსრ პირველ ზონაში გამარჯვებული როსტოვის დინამოელები (მწვრთნელი ა. შჩელჩკოვი).[18]

გუნდმა ყველა მატჩი ოსტატურად ჩაატარა. ძლიერი მეკარეების (მედვედევი[19] და ერმასოვი[კომ. 4][20][21]) და თავდამსხმელების (ბოგატელო, შჩერბატენკო, პისკოვატსკი) შესანიშნავი თამაშის შედეგად გუნდს ბურთების კარგი შეფარდება აქვს. ოდესის „პიშჩევიკი“ უკრაინის ერთ-ერთი უძველესი გუნდია. მან პირველი ადგილი დაიკავა უკრაინის ზონაში. 22 გამარჯვება, 2 ფრე და 2 დამარცხება, ბურთების შეფარდება — 70–12.[კომ. 5][22]

რსფსრ მესამე ზონაში გათამაშების თითქმის მთელ მანძილზე ლიდერობა ეკავა ლენინგრადის ახალგაზრდა გუნდს (მწვრთნელი სპორტის დამსახურებული ოსტატი გოსტევი).[23] თამამად შეიძლება ითქვას, რომ საფინალო ტურნირში ყოველი გუნდი შეეცდება იბრძოლოს პირველი ადგილისათვის.“[24]

ფინალურმა ტურნირმა 1949 წლის 2 ოქტომბერს აიღო სტარტი და 30 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდა. საკავშირო ჩემპიონატის პირველი ჯგუფის ერთადერთი საგზურისთვის შვიდი საფეხბურთო გუნდი იბრძოდა: როსტოვის „დინამო“, მოსკოვის ოლქის ქალაქ კალინინგრადის[კომ. 6] კალინინის სახელობის ქარხნის გუნდი,[კომ. 7] ოდესის „პიშჩევიკი“, სვერდლოვსკის ოფიცერთა სახლი, ლვოვის „სპარტაკი“, ლენინგრადის „სუდოსტროიტელი“ და თბილისის „სპარტაკი“. ფავორიტებად ითვლებოდნენ თბილისისა და კალინინის სახელობის ქარხნის გუნდები. ამ უკანასკნელის მთავარი მწვრთნელის პოსტი იმ პერიოდში ნიკოლაი გულიაევს ეკავა.[კომ. 8]

ასევე, კარგი გუნდი ჰყავდათ მასპინძლებსაც, რომელთაც ცნობილი მსაჯი და ამავე დროს ფეხბურთის აღიარებული სპეციალისტი ანატოლი შჩელჩკოვი ედგა სათავეში. საინტერესოა აღინიშნოს, რომ როსტოვის „დინამოს“ შემადგენლობაში მცველის პოზიციაზე თამაშობდა სოხუმის „დინამოსა“ და თბილისის „ლოკომოტივის“ ყოფილი ფეხბურთელი ივანე ვარდიმიადი — იური ვარდიმიადის ძმა. როსტოველთა რიგებში თბილისის „ლოკომოტივისა“ და თბილისის „დინამოს“ კიდევ ერთი ყოფილი თავდამსხმელი — გავრილ ბოგატელო გამოდიოდა.[კომ. 9] გუნდის კაპიტანი იყო პიოტრ შჩერბატენკო, რომელიც მარცხენა ინსაიდის პოზიციაზე თამაშობდა. რაც შეეხება ლენინგრადის „სუდოსტროიტელის“ გუნდს, მათი მთავარი მწვრთნელი გახლდათ ძველი პეტერბურგელი ფეხბურთელი გიორგი გოსტევი[23][კომ. 10] ლვოველებს კი ცნობილი სპარტაკელი მწვრთნელი — ვიქტორ სოკოლოვი ავარჯიშებდა.

ფინალის ფინალი
 
თბილისის „სპარტაკისა“ და მოსკოვის ოლქის ფეხბურთელთა გადამწყვეტი მატჩის ერთ-ერთი მომენტი. 30 ოქტ. 1949.

პირველი შეხვედრა ლვოველ თანაკლუბელებთან თბილისელებმა ასეთი შემადგენლობით ჩაატარეს: მიხეილ პირაევი,[25] იური კატანოვი,[26] ივანე (ვანო) შუდრა[27] (ზურაბ ქვარიანი),[28] რეზო ოსაძე,[29] თემო გუგუნავა,[30] არჩილ კილაძე,[31][32] ავთო პაიჭაძე,[33] კონსტანტინე (კარლო) გაგნიძე,[34][35] ვლადიმერ (ძიუ) ლომაია,[36] ირაკლი ბურჭულაძე,[37] მერაბ გამყრელიძე[38][კომ. 11] (ამირან ბურჭულაძე).[39] მატჩი 6 ოქტომბერს გაიმართა და ავთო პაიჭაძის გოლის წყალობით თბილისელთა გამარჯვებით 1–0 დამთავრდა.[40][41]

9 ოქტომბერს გამართულ მომდევნო შეხვედრაში ოდესელებთან ნულოვანი ფრე 0–0 დაფიქსირდა.[42] შემდეგ, 12 ოქტომბერს დამაჯერებელი ანგარიშით — 4–0 მოუგეს ლენინგრადელებს,[43] ხოლო კალინინის სახელობის ქარხნის გუნდთან მინიმალური სხვაობით — 0–1 დათმეს შეხვედრა.[44] ამის შემდეგ, 18 ოქტომბერს სვერდლოვსკის გუნდს მოუგეს — 2–1[45] და ბოლო მატჩი, რომელიც 21 ოქტომბერს გაიმართა, კვლავ მინიმალური სხვაობით წააგეს როსტოველებთან — 1–2.[46] შედეგად თბილისელებმა, ოდესელებმა და კალინინის სახელობის ქარხნის გუნდმა ქულათა თანაბარი რაოდენობა დააგროვეს და მათ შორის გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი მატჩები დაინიშნა.

ეს მატჩები იმდროინდელმა სპორტულმა პრესამ „ფინალის ფინალად“ მონათლა,[47] რომლის პირველ შეხვედრაში, რომელიც 28 ოქტომბერს გაიმართა, თბილისელმა ფეხბურთელებმა ოდესელები დაამარცხეს — 2–1.[48][კომ. 12][47]

გადამწყვეტი შეხვედრა კალინინის სახელობის ქარხნის გუნდთან 30 ოქტომბერს შედგა და მეტად უშეღავათო ბრძოლაში წარიმართა. მატჩის ბედი შეხვედრის მეორე ნახევრის 33-ე წუთზე არჩილ კილაძის გადაცემის შემდეგ თბილისელთა ცენტრალური თავდამსხმელის ვლადიმერ ლომაიას შორეულმა და ძლიერმა დარტყმამ გადაწვიტა, რომელიც ერთადერთი, გამარჯვებისა და მასთან ერთად უმაღლესი ლიგის საგზურის მომტანი გოლი აღმოჩნდა ამ შეხვედრაში.[49][კომ. 13][47]

აღნიშნულ ტურნირზე გამართულ, დრამატიზმითა და სპორტული პაექრობის სიმძაფრით აღბეჭდილ ისტორიულ შეხვედრათა პერიპეტიების შესახებ, საგულისხმო და საყურადღებოა მცირე ამონარიდი გუნდის ისტორიის შესანიშნავი მცოდნის, ქართული ფეხბურთისა და განსაკუთრებით კი მისი ისტორიის, ფართო საზოგადოებისთვის დღეს უკვე ნაკლებად ცნობილი სახელოვანი ფურცლების შესახებ არაერთი წიგნის, ნარკვევისა თუ სტატიის ავტორის, პროფესორ გულბათ ტორაძის ნარკვევიდან[50] — ჩვენი სიყრმის საყვარელი გუნდი — თბილისის „სპარტაკი“:

 
„...მოუთმენლად ველოდით ამ უმძიმესი შეჯიბრის დაწყებას. მივიღეთ პირველი გამამხნევებელი ცნობები: გამარჯვება ლვოვის „სპარტაკთან“ — 1:0 (ბურთი გაიტანა გუნდის მთავარმა ბომბარდირმა ავთანდილ პაიჭაძემ), ფრე (0:0) ოდესის „პიშჩევიკთან“, კვლავ გამარჯვება (4:0) ლენინგრადელებთან (ა. პაიჭაძე — 2, კ. გაგნიძე, მ. გამყრელიძე). შემდეგი თამაშის ბედი კალინინგრადის გუნდთან ჩვენს კარში უსამართლოდ დანიშნულმა 11-მეტრიანმა გადაწყვიტა (0:1), რასაც კვლავ მოგება მოჰყვა სვერდლოვსკის გუნდთან — 2:1 (მ. გამყრელიძე, ა. პაიჭაძე).
ბოლო შეხვედრაში — მასპინძლებთან (როსტოვის „დინამო“) ფრეც გვყოფნიდა პირველი ადგილის განაღდებისათვის, მაგრამ თამაში წავაგეთ — 1:2 (ბურთი კვლავ ა. პაიჭაძემ გაიტანა). საბოლოო შედეგით: 6 თამაშიდან 7 ქულა „სპარტაკმა“ 1-2-3 ადგილები გაიყო ოდესისა და კალინინგრადის გუნდებთან. დაინიშნა დამატებითი მატჩები, რომელთაც სამართლიანად უწოდეს „ფინალის ფინალი“. თანაც, თამაშები სულ ერთდღიანი პაუზებით იმართებოდა.
28 ოქტომბერს ჩვენი ბიჭები პირველ დამატებით მატჩში პირისპირ დადგნენ ოდესის გუნდთან. პირველი ბურთი ჩვენს კარში გავიდა, მაგრამ ა. პაიჭაძისა და თ. გუგუნავას ბურთებმა თბილისელებს მოუტანეს გამარჯვება (2:1) ამ ძალზე მძაფრად წარმართულ ბრძოლაში.
ერთი დღის შემდეგ კი, 30 ოქტომბერს, შეხვედრა ძალიან ძლიერ, თანაც კარგად დასვენებულ კალინინგრადის გუნდთან შედგა. დიდი მღელვარებითა და შეშფოთებით ველოდით ამ მატჩს, რომელიც მართლაც, არაჩვეულებრივად დაძაბულად, თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. დრამატიზმს აძლიერებდა გრიგალისებრი ქარი, რომელიც იმ დღეს როსტოვში ქროდა. პირველ ტაიმში ქარი ჩვენი მოწინააღმდეგის მოკავშირე იყო და თამაში თითქმის მთლიანად „სპარტაკის“ საჯარიმო მოედნის სიახლოვეს მიმდინარეობდა. თავდადებით მოქმედებდა გუნდის ყველა წევრი. მ. პირაევმა კი მეკარის უმაღლესი ოსტატობა გამოავლინა და უვნებელყო მოწინააღმდეგისა და... ქარის მიერ კარში გაგზავნილი უძნელესი ბურთები.
მეორე ნახევარში თამაში მაინც ჩვენი დიდი უპირატესობით წარიმართა. მატჩის მიწურულს, 78-ე წუთზე მოედნის ცენტრში ბურთი მიიღო ვალერიან ლომაიამ, ოდნავ წაიწია წინ და უძლიერესი დარტყმით 40 მეტრის მანძილიდან გაგზავნა ბურთი კარისაკენ. ბურთი კარის მაღალ კუთხეში გაეხვია. დარჩენილ 12 წუთში ბიჭებს არ გაჭირვებიათ უპირატესობის შენარჩუნება. თბილისის სადგურში გამარჯვებულებს ძალზე გულთბილი შეხვედრა მოუწყვეს. „ა“ კლასის საგზური მოპოვებულია!
ასეთი იყო დრამატიზმით აღსავსე პრელუდია „სპარტაკის“ უმაღლეს „საფეხბურთო საზოგადოებაში“ გადასვლისა.“

იმის გათვალისწინებით, რომ თბილისის სპარტაკელთა მხრიდან ასეთ მოკლე დროში ამგვარი წარმატების მიღწევისა, არათუ რესპუბლიკისა და საკავშირო ფეხბურთის მესვეურებს, არამედ გუნდის ერთგულ გულშემატკივართა შორისაც კი ცოტას თუ სჯეროდა — მათ მიერ უმაღლესი ლიგის საგზურის მოპოვებამ დიდი რეზონანსი გამოიწვია. ამ ისტორიულ შეხვედრათა მონაწილის ამირან ბურჭულაძის მოგონებიდან:

 
„...საქართველოში დიდი ზარ-ზეიმით შეგვხვდნენ, თუმცა ისიც გვითხრეს, ზოგიერთს თქვენი გამარჯვება მაინცდამაინც არ გახარებია — რად უნდა საქართველოს უმაღლეს ლიგაში მეორე გუნდიო! გორის სადგურში მატარებელში მსხდომთ ხილით უხვად გაგვისმასპინძლდნენ. მცხეთაში კი მანქანებით დაგვხვდნენ და „იონას დუქანში“ დიდ პურმარილზე გაგვაქანეს. თბილისში ჩამოსულებს ქალაქის ირგვლივ მანქანებით საპატიო წრე შემოგვატარეს, ბოლოს ჩვენს პატივსაცემად გამართულ საზეიმო მიტინგზე მიგვიყვანეს ვერის პარკში.“

შემადგენლობა 1949 რედაქტირება

მწვრთნელები
ანდრო ჟორდანია (მთ. მწვრთნელი)[51]
მეკარეები
გივი იოსელიანი, მიხეილ პირაევი, ვლადისლავ ჟმელკოვი
მცველები
იური კატანოვი, ზურაბ ქვარიანი, ნიკოლოზ გაგნიძე, რევაზ ოსაძე, ნიკოლოზ ხინთიბიძე, ივანე შუდრა, ეფრემ იუნანოვი
ნახევარმცველები
ვახტანგ გვარამაძე, თემო გუგუნავა, მერაბ გამყრელიძე, არჩილ კილაძე
თავდამსხმელები
ამირან ბურჭულაძე, ირაკლი ბურჭულაძე, ავთანდილ პაიჭაძე, კარლო გაგნიძე, ვლადიმერ ლომაია, ტარიელ ეპიტაშვილი

1950-იანები რედაქტირება

უმაღლეს ლიგაში რედაქტირება

თბილისის „სპარტაკის“ მიერ უმაღლესი ლიგის საგზურის მოპოვებამ დღის წესრიგში გუნდის ახალი მოთამაშეებით გაძლიერებისა და საკავშირო პირველობის მომავალი საპასუხისმგებლო შეხვედრებისთვის სათანადო მზადების საკითხები დააყენა. ახალ ფეხბურთელთა შორის, რომლებითაც გუნდის შევსება გადაწყდა იყვნენ: ზაურ კალოევი, ალიოშა კოტრიკაძე და გივი ფაცურია (35-ე საფეხბურთო სკოლიდან),[კომ. 14] გიგა ნორაკიძე, ძმები იური და აფანასი გრამატიკოპულოები (სოხუმის „დინამოდან“), არჩილ ბერძენიშვილი (თბილისის „ლოკომოტივიდან“), კუნო სიხარულიძე (თბილისის „დინამოდან“),[52] ნიკოლოზ ხინთიბიძე (ქუთაისის „ტორპედოდან“).

გუნდში მოვიდნენ აგრეთვე გამოცდილი ცენტრალური თავდამსხმელი გიორგი აროშიძე (თბილისის „დინამოდან“) და მოსკოვის „სპარტაკის“ ყოფილი ფეხბურთელი, „მეკარეთა მეკარე“, როგორც მას იმ პერიოდის სპორტული პრესა იხსენიებდა, სახელგანთქმული ვლადისლავ ჟმელკოვი. ახალი სეზონისთვის მზადება გუნდმა ოჩამჩირეში დაიწყო. საინტერესოა მცირე ამონარიდი გუნდის იმდროინდელ წევრთა მოგონებიდან საკავშირო პირველობის წინა მოსამზადებელ პერიოდთან დაკავშირებით:

 
„...თბილისის „სპარტაკი“ ახალი სეზონისათვის ოჩამჩირეში ემზადებოდა, წინა წლის გაზაფხულზე კი ქობულეთში ვარჯიშობდა. გუნდის ძირითადი სავარჯიშო ბაზა კი მცხეთაში, წყალჯომარდობის აუზის მიმდებარე ტერიტორიაზე გვქონდა. ისე კი, სადაც ბატონი ანდრო ჟორდანია მინდორს წააწყდებოდა, იქვე დანიშნავდა ვარჯიშს — საგურამო იყო, მუხრანი, თბილისი თუ მოსკოვი. თბილისში შეკრებისას გუნდის წევრების განთავსება ყოფილ სასტუმრო „ევროპაში“[კომ. 15]ხდებოდა.“

სსრ კავშირის ჩემპიონატი 1950 (კლასი „А“) რედაქტირება

საკავშირო პირველობის უძლიერესთა ლიგაში (კლასი „А“) გამოსვლა თბილისის „სპარტაკმა“ ზედიზედ ორი მოგებით დაიწყო. მათ 17 აპრილს ჯერ მინსკის „დინამო“ დაამარცხეს (2–1), ხოლო 21 აპრილს მოსკოვის „ტორპედოს“ სძლიეს იმავე ანგარიშით (2–1). თბილისელთა მხრიდან გატანილი ოთხი ბურთიდან სამი ავთო პაიჭაძემ, ხოლო ერთიც ვლადიმერ ლომაიამ შეაგდეს მეტოქეთა კარებში. თუმცა, თბილისის „სპარტაკის“ გულშემატკივართათვის სამწუხაროდ, ჩემპიონატზე გუნდის ასპარეზობის ასეთი იმედისმომცემი დასაწყისი, წაგებათა მოულოდნელი, ზედიზედ ექვსმატჩიანი სერიით გაგრძელდა. გუნდმა მხოლოდ 26 მაისს ხარკოვში, ადგილობრივ „ლოკომოტივთან“ შეხვედრაში მოახერხა ამ წარუმატებელი სერიისთვის წერტილის დასმა, როდესაც ისევ და ისევ ავთო პაიჭაძის მიერ მატჩის მეორე ტაიმში გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით მაინც შეძლო გუნდისთვის, როგორც არასახარბიელო სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ასევე ფსიქოლოგიური და მორალური თვალსაზრისით სასიცოცხლოდ აუცილებელი გამარჯვების მოპოვება.

ფეხბურთის სპეციალისტების შეფასებით, ბუნებრივი და კანონზომიერი იყო, რომ პირველობაზე მონაწილე გუნდების ძირითადი ნაწილის მაღალი საფეხბურთო კლასისა და გამოცდილების გათვალისწინებით, ასევე უმაღლესი ლიგის პირველობისთვის დამახასიათებელი მძაფრი კონკურენციის პირობებში, თბილისის „სპარტაკის“ ფეხბურთელთა მხრიდან დიდი მონდომებისა და თავდადების მიუხედავად, მათთვის არ იქნებოდა იოლი უძლიერესთა ლიგაში ჩავარდნების გარეშე ასპარეზობა, რაც საბოლოოდ დაადასტურა კიდეც ჩემპიონატის მსვლელობის განმავლობაში განვითარებულმა შემდგომმა მოვლენებმა. თუმცა, ობიქტურობისათვის და მნიშვნელოვანწილად „სპარტაკის“ ახალბედა ფეხბურთელთა სასახელოდაც უნდა ითქვას, რომ სადებიუტო სეზონშივე თბილისის „სპარტაკმა“ შეძლო ისეთი გამოცდილი, ავტორიტეტული და ძლიერი გუნდების დამარცხება, როგორებიც იყვნენ მოსკოვის „დინამო“ (1–0), მოსკოვის „სპარტაკი“ (2–1), ლენინგრადის „დინამო“ (4–0) ლენინგრადის „ზენიტი“ (4–1) და საბოლოოდ, პირველობის მონაწილე 19 გუნდს შორის მე-9 ადგილის დაკავება.[53][54]

შემადგენლობა 1950 რედაქტირება

პოზიცია მოთამაშე დაბ. მატჩი გოლი წყარო
1
მეკარე
ვლადისლავ ჟმელკოვი
28.08.1914
30
[55][56]
2
მცველი
ივანე შუდრა
07.09.1913
32
1
3
მცველი
იური კატანოვი
22.11.1922
33
4
მცველი
ზურაბ ქვარიანი
1923
5
ნახევარმცველი
მერაბ გამყრელიძე
1924
23
6
6
ნახევარმცველი
არჩილ კილაძე
20.10.1927
33
7
თავდამსხმელი
ავთანდილ პაიჭაძე
23.11.1923
29
14
8
თავდამსხმელი
ირაკლი ბურჭულაძე
1924
11
5
[57]
9
თავდამსხმელი
ვლადიმერ ლომაია
1923
34
4
[58]
10
თავდამსხმელი
ფანას გრამატიკოპულო
1927
2
[59]
11
თავდამსხმელი
კონსტანტინე გაგნიძე
1926
35
5
[35][34]
მცველი
შოთა ალფაიძე
2
1
[60]
თავდამსხმელი
გიორგი აროშიძე
31.12.1920
16
5
[61][62][63]
ნახევარმცველი
არჩილ ბერძენიშვილი
1919
17
3
[64][65]
თავდამსხმელი
ვიქტორ ბერეჟნოი
1916
10
2
[66][67][68]
მცველი
დიმიტრი ვერეცკი
1929
[69]
ნახევარმცველი
ნიკოლოზ გაგნიძე
20.08.1928
28
[70][71]
ნახევარმცველი
თეიმურაზ გუგუნავა
1925
35
მცველი
ვალერიან ჯიქია
27.10.1929
[72]
მცველი
შოთა ჯოჯუა
1918
3
[73]
მეკარე
გივი იოსელიანი
1918
9
[74][75]
თავდამსხმელი
ზაურ კალოევი
24.03.1931
4
1
[76]
ნახევარმცველი
გივი კახნიაშვილი
1927
1
[77][78]
მცველი
ოთარ მაჭავარიანი
1923
[79][80]
თავდამსხმელი
სერგო ნინუა
1913
5
1
[81]
მცველი
რევაზ ოსაძე
1925
5
თავდამსხმელი
ნოე ხერხაძე
2
[82][83]
მცველი
ნიკოლოზ ხინთიბიძე
1921
7
[84][85]
ნახევარმცველი
აკაკი ხურციძე
1927
14
1
[86][87]
თავდამსხმელი
ტარიელ ეპიტაშვილი
1924
1

სსრ კავშირის ჩემპიონატი 1951 (კლასი „А“) რედაქტირება

1951 წლის საფეხბურთო სეზონი სპარტაკელებმა წარუმატებლად დაიწყეს. პირველივე შეხვედრა თბილისი დინამოელებთან დიდი ანგარიშით (0–6) წააგეს. საკუთარ კარში მიღებული ექვსი ბურთიდან ორი ბურთი მათ საკუთარ კარში გაიტანეს — ჯერ გუგუნავამ (მე-3 წუთზე), შემდეგ კატანოვმა (47-ე წუთზე).[88] მომდევნო შეხვედრა მოსკოვის ტორპედოელებთან 10 აპრილს, თბილისში გაიმართა და ფრედ (1–1) დამთავრდა. სპარტაკელთაგან ბურთი მოსკოველთა კარში სიხარულიძემ გაიტანა.[89] მესამე ტურის შეხვედრაში, რომელიც 14 აპრილს, კვლავ თბილისში ჩატარდა, სპარტაკელებმა მოსკოვის დინამოელები ნორაკიძისა და კალოევის გოლების წყალობით დაამარცხეს (3–2).[90]

ამის შემდეგ მეოთხედან მე-12 ტურის ჩათვლით სპარტაკელებმა ზედიზედ რვა შეხვედრა დათმეს. ასეთი წარუმატებელი სერიის შემდეგ, გუნდმა ვეღარ შეძლო დანაკარგის ანაზღაურება, — პირველობის მონაწილე 15 გუნდს შორის ბოლოსწინა, მე-14 ადგილი დაიკავა და უმაღლეს ლიგას დაემშვიდობა.

ანდრო ჟორდანიას თავკაცობით შექმნილი და თავდაპირველად ასე წარმატებით მოასპარეზე გუნდის ასეთი ჩავარდნა გუნდიდან ჩემპიონატის მიმდინარეობისას გამოცდილ მოთამაშეთა წასვლამ გამოიწვია. „სპარტაკი“ ასაკის გამო დატოვეს ამირან ბურჭულაძემ, ზურაბ ქვარიანმა და ტარიელ ეპიტაშვილმა. „დინამომ“ „წაიყვანა“ ავთო პაიჭაძე, არჩილ კილაძე, კარლო გაგნიძე, ნიკოლოზ გაგნიძე, მოგვიანებით — ზაურ კალოევი, ალიოშა კოტრიკაძე, ანატოლი ნორაკიძე, ედუარდ დალაქიანი. დასუსტებული გუნდისთვის შეუძლებელი გახდა წასულ მოთამაშეთა სრულფასოვანი ჩანაცვლება, რაც კანონზომიერად აისახა კიდეც მათ სატურნირო შედეგზე — საკავშირო პირველობაზე ჩატარებული 28 მატჩიდან მათ 19 შეხვედრა წააგეს, ორი ფრედ დაამთავრეს და მხოლოდ შვიდჯერ გაიმარჯვეს.

სეზონის დამთავრების შემდეგ თბილისის „სპარტაკი“ ფაქტობრივად დაიშლა. მოგვიანებით ვახტანგ რამიშვილმა სცადა გუნდის აღდგენა, თუმცა საბოლოოდ, ფეხბურთის მაშინდელი მესვეურების მხრიდან თანადგომის არაარსებობის პირობებში, მისმა ძალისხმევამ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. ამგვარად დასრულდა თბილისის „სპარტაკის“ არსებობის პირველი და ყველაზე სახელოვანი პერიოდი.

შემადგენლობა 1951 რედაქტირება

პოზიცია მოთამაშე დაბ. მატჩი გოლი წყარო
1
მეკარე
ვლადისლავ ჟმელკოვი
28.08.1914
23
მეკარე
გივი იოსელიანი
1918
5
მეკარე
ა. გაბუნია
მცველი
ნიკოლოზ გოგლიძე
1928
22
[91][92]
5
ნახევარმცველი
მერაბ გამყრელიძე
1924
23
2
[93][94]
ნახევარმცველი
გარი გარიშვილი
1925
5
[95][96]
7
თავდამსხმელი
ედუარდ დალაქიანი
17.02.1931
12
3
[97][93]
8
თავდამსხმელი
ანატოლი ნორაკიძე
30.03.1930
25
8
[98][93]
9
თავდამსხმელი
ზაურ კალოევი
24.03.1931
23
12
[94]
მცველი
თეიმურაზ გუგუნავა
1925
5
მცველი
იური კატანოვი
22.11.1922
22
მცველი
ოთარ კინწურეიშვილი
1924
2
[99][100]
მცველი
ე. კუჭავა
მცველი
აკაკი ხურციძე
1927
24
მცველი
ივანე შუდრა
07.09.1913
1
ნახევარმცველი
ნიკოლოზ გაგნიძე
20.08.1928
24
ნახევარმცველი
დიმიტრი ვერეცკი
1929
8
ნახევარმცველი
გივი კახნიაშვილი
1927
4
[101][102]
ნახევარმცველი
შ. გიგილაშვილი
თავდამსხმელი
არჩილ ბერძენიშვილი
1919
10
1
[103]
თავდამსხმელი
ოთარ ოთარაშვილი
1929
[104][105]
თავდამსხმელი
ირაკლი ბურჭულაძე
1924
7
1
თავდამსხმელი
ირაკლი კოხაძე
1929
3
1
[106]
თავდამსხმელი
ალექსანდრე კოტრიკაძე
03.12.1930
5
[107]
თავდამსხმელი
ვლადიმერ ლომაია
1923
22
თავდამსხმელი
გიორგი გრამატიკოპულო
07.03.1930
3
[108]
თავდამსხმელი
ნიკოლოზ სიხარულიძე
1928
28
4
[109][110][111]
თავდამსხმელი
გიორგი აროშიძე
31.12.1920
4
თავდამსხმელი
მიხეილ ბასილაშვილი
1925
4
1
[112][113]
თავდამსხმელი
თენგიზ კუბლაშვილი
1926
9
[114][115]
თავდამსხმელი
ვლადიმერ ნარიმანიძე
1927
3
[116]

2000-იანები რედაქტირება

შემადგენლობა 2005 რედაქტირება

მწვრთნელები
გიგლა იმნაძე (მთ. მწვრთნელი).
გუნდის[117] მოთამაშეები
 აკაკი დევაძე, ალექსანდრე იმნაიშვილი, თეიმურაზ მჭედლიშვილი, მიხეილ კოტრიკაძე, რატი ტაბიძე, არჩილ დანელია, ლაშა ჯანგიძე, დავით მაღლაფერიძე, გელა ხუბუა, თორნიკე ელიზბარაშვილი, კობა ნაზღაიძე, თორნიკე დემეტრაძე, გიორგი ჩანტლაძე, კობა კობალაძე, ონისე რიჟამაძე, სოსო ურუშაძე, ალექსი ლაბაძე, ვასილ ღუჭაშვილი, ავთანდილ მურვანიძე, დათა ფიფია, ლევან კბილცეცხლაშვილი, ირაკლი მალიჩავა, ლაშა ჯორბენაძე.

გუნდის სახელწოდებათა ქრონოლოგია რედაქტირება

პერიოდი სახელწოდება
1937–1945 „კრილია სოვეტოვი“ თბილისი
1946–1951 „სპარტაკი“ თბილისი
1953 „სპარტაკი“ თბილისი
1977 „სპარტაკი“ თბილისი
2002–2003 „სპარტაკი“ თბილისი
2003–2004 „სპარტაკი-ლაზიკა“ თბილისი
2004– „სპარტაკი“ თბილისი

მიღწევები რედაქტირება

  საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი

ცნობილი ფეხბურთელები რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

პერიოდიკა რედაქტირება

 
თბილისის „სპარტაკი“ 1949 წელს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

კომენტარები რედაქტირება

  1. დღემდე მიღებულია, რომ 1946 წელი ითვლებოდეს კლუბის დაარსების თარიღად. ამავე დროს არსებული წყაროების თანახმად — ბევრად ადრე არსებობდა საფეხბურთო კლუბი ამავე სახელწოდებით, რომელსაც თბილისისა (1935 — იხ. dinamo-tbilisi.ru) და საქართველოს პირველობაზე (1940 — იხ. Georgia - Final Tables 1940), ასევე სსრ კავშირის კონსტიტუციის თასის გათამაშებაშიც (1940 — იხ. აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ., ფეხბურთი – 89 : ცნობარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1989. — გვ. 115–116) აქვს მონაწილეობა მიღებული
  2. ამ მხრივ საყურადღებოა, მაგალითად, იგივე ალბერტ ტარაიანი, რომელსაც მეტსახელად „ტარაკანას“ ეძახდნენ. მას დიდი ფეხბურთი არ უთამაშია, მაგრამ დიდ დახმარებას უწევდა ასირ გალპერინს სამწვრთნელო საქმიანობაში. იგი ნორჩ ფეხბურთელთა საწვრთნელ ვარჯიშებს, ფაქტობრივად, როგორც მეორე მწვრთნელი — ისე ხელმძღვანელობდა.
  3. ალბერტ ვოლრატი (ესტ. Albert Vollrat; რუს. Альберт Хенрикович Вольрат).
  4. სინამდვილეში ერმასოვს როსტოვის „დინამოს“ შემადგენლობაში არ უთამაშია. არ არსებობს ამ დრომდე არცერთი წყარო მისი როსტოველთა გუნდის რიგებში თამაშის შესახებ. სხვადასხვა დროს იგი იცავდა სტალინგრადის საფეხბურთო კლუბების — „კრასნაია ზვეზდას“, „კრასნი ოქტიაბრის“, „მეტალურგის“, „ტრაქტორის“, „ტორპედოს“ და „დინამოს“ ღირსებას.
  5. სინამდვილეში ბურთების შეფარდება იყო — 70–17. ასეთი შედეგებით მივიდა ფინალთან რსფსრ მეორე ზონაში გამარჯვებული სვერდლოვსკის ოფიცერთა სახლის კოლექტივი.
  6. კალინინგრადი (რუს. Калининград) — ქალაქი მოსკოვის ოლქში 1938–1996 წლებში. 1996 წლიდან ქალაქი კოროლიოვი (რუს. Королёв).
  7. მოსკოვის ოლქის კალინინის სახელობის ქარხნის გუნდი (რუს. К-да з-да им. М. В. Калинина).
  8. ნიკოლაი გულიაევი (რუს. Никола́й Алексе́евич Гуля́ев; დ. 18 თებერვალი, 1915, სოფ. კაკოვინო — გ. 23 თებერვალი 2000, მოსკოვი) — საბჭოთა ფეხბურთელი და საფეხბურთო მწვრთნელი. სპორტის ოსტატი. სსრ კავშირის დამსახურებული მწვრთნელი. აღსანიშნავია, რომ თვითონ ნიკოლაი გულიაევი, როგორც ფეხბურთელი იყო საბჭოთა კავშირის ორგზის (1938, 1939) ჩემპიონი და საბჭოთა კავშირის თასის სამგზის (1938, 1939, 1946) მფლობელი მოსკოვის „სპარტაკის“ შემადგენლობაში. ამასთან, არანაკლებ წარმატებას მიაღწია მწვრთნელის რანგშიც. მისი ხელმღვანელობით მოსკოვის „სპარტაკმა“ ასევე, ორჯერ (1956, 1958) მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული, ორჯერ (1955, 1974) გახდა საკავშირო პირველობის ვერცხლის, ხოლო ერთხელ (1957) ბრინჯაოს პრიზიორი. მისივე თავკაცობით გუნდი საკავშირო თასის ფინალში გავიდა (1957), ხოლო მომდევნო წელს მისი მფლობელიც გახდა (1958).
  9. გავრილ ბოგატელო (რუს. Гавриил Георгиевич Богателло; 29 ნოემბერი, 1913 — 12 აპრილი 1991, დონის როსტოვი) — საბჭოთა ფეხბურთელი, თავდამსხმელი, ფეხბურთის მწვრთნელი.
  10. გიორგი გოსტევი (რუს. Гостев Георгий Фёдорович; დ. 5 ოქტომბერი, 1897, ფსკოვი — გ. 1960, ლენინგრადი, სხვა მონაცემებით — ფსკოვი) — რუსი და საბჭოთა ფეხბურთელი და საფეხბურთო მწვრთნელი. სსრ კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1946). იცავდა რსფსრ-ს, პეტროგრადისა და ლენინგრადის საფეხბურთო ნაკრების ღირსებას. მიიჩნევენ სსრ კავშირის 1920-იანი წლების ერთ-ერთ საუკეთესო მცველად.
  11. მერაბ („ჩიკლიკა“) გამყრელიძე (დ. 1924) — თამაშობდა მცველისა და მარცხენა ნახევარმცველის პოზიციაზე. იხ. „ლელო“, 1989, № 242 (10 161), გვ. 3. // „ლელო“, № 66 (11 420), გვ. 7. // 22–24.08.2000
  12. მატჩი 28 ოქტომბერს, დონის როსტოვის „დინამოს“ სტადიონზე ჩატარდა. თბილისელები მოედანზე შემდეგი შემადგენლობით გამოვიდნენ: მ. პირაევი; ა. კილაძე, ი. შუდრა, რ. ოსაძე; მ. გამყრელიძე, თ. გუგუნავა; ა. პაიჭაძე, ნ. გაგნიძე, ვ. ლომაია, ტ. ეპიტაშვილი, კ. გაგნიძე.
  13. მატჩი 30 ოქტომბერს გაიმართა. თბილისელთა გუნდის სპორტულ ღირსებას იცავდნენ: მ. პირაევი; ზ. ქვარიანი, ი. შუდრა, რ. ოსაძე; ა. კილაძე, მ. გამყრელიძე; ა. პაიჭაძე, თ. გუგუნავა, ვ. ლომაია, ი. ბურჭულაძე (ტ. ეპიტაშვილი), ნ. გაგნიძე.
  14. 1947 წლის აგვისტოში, ლენინგრადში, საბჭოთა კავშირის 12 საუკეთესო საფეხბურთო სკოლის გუნდი იბრძოდა სსრ კავშირის თასისთვის. ფინალურ ეტაპზე ერთმანეთს ხვდებოდნენ კაუნასის 1-ლი სკოლისა და თბილისის 35-ე საშუალო სკოლის ახალგაზრდა ფეხბურთელები. თბილისელთა გუნდის კაპიტანი გახლდათ 17 წლის გივი ფაცურია. ანგარიში იყო 1–1, როდესაც მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე კაუნასელმა მოთამაშემ კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი ხელის დახმარებით გაიტანა თბილისელების კარში, რაც გარშემომყოფთათვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ამის მიუხედავად, მსაჯმა ეს გოლი ჩათვალა. დაჯილდოების ცერემონიალზე კაუნასის წარმომადგენელს უსამართლოდ გადასცეს გამარჯვების თასი, როდესაც საქმე თბილისელთა გუნდზე მიდგა, რომლისთვისაც რანგით დაბალი ჯილდო უნდა გადაეცათ, თბილისელთა გუნდის კაპიტანმა გივი ფაცურიამ დემონსტრაციულად უარი თქვა ამ ჯილდოს მიღებაზე და მთელმა სტადიონმა, შეხვედრას კი 30 ათასამდე გულშემატკივარი ესწრებოდა, მისი მხარდაჭერა ფეხზე ადგომითა და აპლოდისმენტებით გამოხატა, რითაც სოლიდარობა გამოუცხადა თბილისელებს მსაჯის უსამართლო გადაწყვეტილების გამო.
  15. მოგვიანებით სასტუმრო „ევროპას“ სახელწოდება შეეცვალა და ფუნქციონირება სასტუმრო „რუსთავის“ სახელწოდებით განაგრძო.

სქოლიო რედაქტირება

  1. Чемпионат СССР 1953 · Класс «Б» · I подгруппа. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 15 ოქტომბერი, 2021
  2. Чемпионат СССР 1977 · Вторая лига · 4-я зона. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 15 ოქტომბერი, 2021
  3. FK Spartaki Tbilisi - Matches (Competition: Umaglesi Liga 2005/2006). Data Sports Group. globalsportsarchive.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-08-02. ციტირების თარიღი: 15 ოქტომბერი, 2021
  4. ასირ გალპერინი. nplg.gov.ge. ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 16 ოქტომბერი, 2021
  5. ასირ გალპერინი. fcdinamo.ge. FC Dinamo Tbilisi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-13. ციტირების თარიღი: 16 ოქტომბერი, 2021
  6. Гальперин Ассир Маркович (1898–1974)ციტატა: „Организатор при «Динамо» (Тф) первой в стране юношеской команды в 1927, основатель при НИИФКе в 1936 юношеской футбольной школы «Молот», команда которой в 1938 выиграла Кубок СССР для школьников.“ — Динамо. Энциклопедия. ОЛМА Медиа Групп, 2003. გვ. 316. დაარქივებულია ორიგინალიდან - 21 აგვისტო, 2019. წყარო: books.google.ge. წაკითხვის თარიღი: 21 აგვისტო, 2019.
  7. Эпиташвили Тариэл Александрович. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 16 ოქტომბერი, 2021
  8. სტალინის მეკარე. ქართული პრესის ელექტრონული არქივი. „საქართველოს რესპუბლიკა“ (12 ნოემბერი, 2010). ციტირების თარიღი: 16 ოქტომბერი, 2021
  9. ტორაძე, გ., 1997, გვ. 112–113
  10. Джаяни Гари. FootballFacts. ციტირების თარიღი: 15 ოქტომბერი, 2021
  11. Юнанов Ефрем Николаевич. FootballFacts. ციტირების თარიღი: 16 ოქტომბერი, 2021
  12. 12.0 12.1 ქორქია, როდიონ (3 ნოემბერი, 1984). „რამდენი დრო გასულა“ (PDF). ციფრული ბიბლიოთეკა „ივერიელი“. თბ.: „ლელო“, № 210 (7771), გვ. 3. ციტირების თარიღი: 16 ოქტომბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  13. Джорбенадзе Гиви Ирадионович. FootballFacts. ციტირების თარიღი: 16 ოქტომბერი, 2021
  14. Багманов Степан. FootballFacts. ციტირების თარიღი: 15 ოქტომბერი, 2021
  15. «Динамо» Кутаиси 3–2 «Спартак» Тбилиси. Чемпионат СССР 1949 · Группа II. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი, 2021
  16. გივი ჯავახაძე: „ხალხის სიყვარული მათამაშებდა“. PSnews.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-14. ციტატა: „ზონის გამარჯვებული თბილისის „სპარტაკი“ გახდა, რომელსაც ერთადერთი მარცხი სწორედ ქუთაისის „დინამომ“ აგემა.“ ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი, 2021
  17. Чемпионат СССР 1949 · Группа II. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი, 2021
  18. Щелчков Александр Иванович. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი, 2021
  19. Медведев Николай Иванович. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი, 2021
  20. Ермасов Василий Владимирович. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი, 2021
  21. Состав команды «Динамо» Ростов-на-Дону в сезоне 1949.. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი, 2021
  22. Чемпионат СССР 1949 · II зона РСФСР. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი, 2021
  23. 23.0 23.1 Гостев Георгий Фёдорович. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი, 2021
  24. „სპასუხისმგებლო შეხვედრების წინ“ (PDF). nplg.gov.ge. თბ.: „ლელო“, № 13 (375), გვ. 3. 30 სექტემბერი, 1949. ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  25. Пираев Михаил Якобович. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი, 2021
  26. Катанов Юрий Яковлевич. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი, 2021
  27. Шудра Иван Петрович. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი, 2021
  28. Квариани Зураб Давидович. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი, 2021
  29. Осадзе Реваз Дмитриевич. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი, 2021
  30. Гугунава Теймураз Николаевич. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი, 2021
  31. Киладзе Арчил Евгеньевич. dinamo-tbilisi.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-23. ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი, 2021
  32. Киладзе Арчил Евгеньевич. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი, 2021
  33. Пайчадзе Автандил Соломонович. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი, 2021
  34. 34.0 34.1 Гагнидзе Константин (Карло) Михайлович. dinamo-tbilisi.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-23. ციტირების თარიღი: 13 ოქტომბერი, 2021
  35. 35.0 35.1 Гагнидзе Константин Михайлович. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 13 ოქტომბერი, 2021
  36. ავთანდილ პაიჭაძე თბილისის „სპარტაკის“ ვეტერანების ჯგუფთან ერთად. ციფრული ბიბლიოთეკა „ივერიელი“. ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი, 2021
  37. Бурчуладзе Ираклий Алексеевич. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი, 2021
  38. Гамкрелидзе Мераб Ираклиевич. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი, 2021
  39. Бурчуладзе Амиран Алексеевич. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი, 2021
  40. «Спартак» Тбилиси 1–0 «Спартак» Львов. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი, 2021
  41. „სპასუხისმგებლო შეხვედრების წინ“ (PDF). nplg.gov.ge. თბ.: „ლელო“, № 14 (376), გვ. 4. 7 ოქტომბერი, 1949. ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  42. «Спартак» Тбилиси 0–0 «Пищевик» Одесса. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი, 2021
  43. «Спартак» Тбилиси 4–0 «Судостроитель» Ленинград. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი, 2021
  44. «Спартак» Тбилиси 0–1 К-да з-да им. М. В. Калинина Калининград. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი, 2021
  45. «Спартак» Тбилиси 2–1 ДО Свердловск. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი, 2021
  46. «Спартак» Тбилиси 1–2 «Динамо» Ростов-на-Дону. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი, 2021
  47. 47.0 47.1 47.2 გულისაშვილი, დ. (11 ნოემბერი, 1949). „„ფინალის ფინალი““ (PDF). nplg.gov.ge. თბ.: „ლელო“, № 19 (381), გვ. 3. ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  48. «Пищевик» Одесса 1–2 «Спартак» Тбилиси. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი, 2021
  49. «Спартак» Тбилиси 1–0 К-да з-да им. М. В. Калинина Калининград. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი, 2021
  50. ტორაძე, გ., 1997, გვ. 116–117
  51. Спартак (Тбилиси) · Тренер — А. Жордания. fc-dynamo.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-13. ციტირების თარიღი: 13 ოქტომბერი, 2021
  52. Сихарулидзе Нукури (Николай) Иванович. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 15 ოქტომბერი, 2021
  53. Спартак (Тбилиси), 1950 год, 9 место.. fc-dynamo.ru. ციტირების თარიღი: 14 ოქტომბერი, 2021
  54. Чемпионат СССР 1950. cska-games.ru. ციტირების თარიღი: 14 ოქტომბერი, 2021
  55. Жмельков Владислав (Владимир) Николаевич. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 14 ოქტომბერი, 2021
  56. Владислав Николаевич Жмельков. euro-football.ru. ციტირების თარიღი: 14 ოქტომბერი, 2021
  57. Бурчуладзе Ираклий Алексеевич. sport-strana.ru. ციტირების თარიღი: 13 ოქტომბერი, 2021
  58. Ломая Владимир Ильич. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 14 ოქტომბერი, 2021
  59. Граматикопуло Афанасий (Фанас, Афанас) Саввич. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 13 ოქტომბერი, 2021
  60. Алпаидзе Ш.. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 13 ოქტომბერი, 2021
  61. Арошидзе Георгий Диомидович. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 13 ოქტომბერი, 2021
  62. Арошидзе Георгий Деомидович. dinamo-tbilisi.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-19. ციტირების თარიღი: 13 ოქტომბერი, 2021
  63. Арошидзе Георгий Деомидович. fc-dynamo.ru. ციტირების თარიღი: 13 ოქტომბერი, 2021
  64. Бердзенишвили Арчил Нестерович. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 13 ოქტომბერი, 2021
  65. Бердзенишвили Арчил Нестерович. sport-strana.ru. ციტირების თარიღი: 13 ოქტომბერი, 2021
  66. Бережной Виктор Михайлович. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 13 ოქტომბერი, 2021
  67. Бережной Виктор Михайлович. dinamo-tbilisi.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-26. ციტირების თარიღი: 13 ოქტომბერი, 2021
  68. Бережной Виктор Михайлович. sport-strana.ru. ციტირების თარიღი: 13 ოქტომბერი, 2021
  69. Верецкий Дмитрий Михайлович. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 13 ოქტომბერი, 2021
  70. Гагнидзе Николай Михайлович. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 13 ოქტომბერი, 2021
  71. Гагнидзе Николай Михайлович. dinamo-tbilisi.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-16. ციტირების თარიღი: 13 ოქტომბერი, 2021
  72. Джикия Валериан Герасимович. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 14 ოქტომბერი, 2021
  73. Джоджуа Шота Элефтинович. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 14 ოქტომბერი, 2021
  74. Иоселиани Гиви Александрович. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 14 ოქტომბერი, 2021
  75. Иоселиани Гиви Александрович. dinamo-tbilisi.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-23. ციტირების თარიღი: 14 ოქტომბერი, 2021
  76. Калоев Заур Григорьевич. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 14 ოქტომბერი, 2021
  77. Кахниашвили Гиви Сергеевич. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 14 ოქტომბერი, 2021
  78. Кахниашвили Гиви Сергеевич. sport-strana.ru. ციტირების თარიღი: 14 ოქტომბერი, 2021
  79. Мачавариани Отари Иванович. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 14 ოქტომბერი, 2021
  80. Мачавариани Отар Иванович. dinamo-tbilisi.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-23. ციტირების თარიღი: 14 ოქტომბერი, 2021
  81. Нинуа Сергей. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 14 ოქტომბერი, 2021
  82. Херхадзе Ной (Николай). FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 14 ოქტომბერი, 2021
  83. Херхадзе Ной. sport-strana.ru. ციტირების თარიღი: 14 ოქტომბერი, 2021
  84. Хинтибидзе Николай Аркадьевич. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 14 ოქტომბერი, 2021
  85. Хинтибидзе Николай Аркадьевич. dinamo-tbilisi.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-23. ციტირების თარიღი: 14 ოქტომბერი, 2021
  86. Хурцидзе Акакий Ермилович. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 14 ოქტომბერი, 2021
  87. Хурцидзе Акакий Ермилович. dinamo-tbilisi.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-23. ციტირების თარიღი: 14 ოქტომბერი, 2021
  88. "Динамо" (Тбилиси) 6–0 "Спартак" (Тбилиси). fc-dynamo.ru. ციტირების თარიღი: 16 ოქტომბერი, 2021
  89. "Спартак" (Тбилиси) 1–1 "Торпедо" (Москва). fc-dynamo.ru. ციტირების თარიღი: 16 ოქტომბერი, 2021
  90. "Спартак" (Тбилиси) 3–2 "Динамо" (Москва). fc-dynamo.ru. ციტირების თარიღი: 16 ოქტომბერი, 2021
  91. Гоглидзе Николай Шлоевич. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 15 ოქტომბერი, 2021
  92. Гоглидзе Николай Шлоевич. dinamo-tbilisi.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-23. ციტირების თარიღი: 15 ოქტომბერი, 2021
  93. 93.0 93.1 93.2 ცომაია, დ. (6 ივლისი, 1951). „სპარტაკელთა რევანში“ (PDF). nplg.gov.ge. თბ.: „ლელო“, № 28 (469), გვ. 3. ციტირების თარიღი: 24 ოქტომბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  94. 94.0 94.1 „თბილისი „სპარტაკი“ კარგ ფორმაშია“ (PDF). nplg.gov.ge. თბ.: „ლელო“, № 30 (471), გვ. 3. 20 ივლისი, 1951. ციტირების თარიღი: 24 ოქტომბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  95. Гаришвили Георгий (Гарри) Васильевич. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 15 ოქტომბერი, 2021
  96. Гаришвили Георгий (Гарри) Васильевич. dinamo-tbilisi.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-26. ციტირების თარიღი: 15 ოქტომბერი, 2021
  97. Далакян Эдуард Георгиевич. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 15 ოქტომბერი, 2021
  98. Норакидзе Анатолий Леванович. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 15 ოქტომბერი, 2021
  99. Кинцурейшвили Отар Николаевич. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 15 ოქტომბერი, 2021
  100. სხვა წყაროებში (სტატიები, ცნობარები, პროგრამები და სხვ.) მითითებულია, როგორც კინწურაშვილი.
  101. Кахниашвили Гиви Сергеевич. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 15 ოქტომბერი, 2021
  102. Кахниашвили Гиви Сергеевич. sport-strana.ru. ციტირების თარიღი: 15 ოქტომბერი, 2021
  103. Бердзенишвили Арчил Нестерович. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 15 ოქტომბერი, 2021
  104. Отарашвили Отари Иродионович. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 15 ოქტომბერი, 2021
  105. Отарашвили Отари Иродионович. dinamo-tbilisi.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-23. ციტირების თარიღი: 15 ოქტომბერი, 2021
  106. Кохадзе Ираклий Константинович. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 15 ოქტომბერი, 2021
  107. Котрикадзе Александр Парменович. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 15 ოქტომბერი, 2021
  108. Грамматикопуло (Грамматадзе) Георгий (Юрий) Саввич. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 15 ოქტომბერი, 2021
  109. Сихарулидзе Нукури (Николай) Иванович. dinamo-tbilisi.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-23. ციტირების თარიღი: 15 ოქტომბერი, 2021
  110. Сихарулидзе Нукури Иванович. sport-strana.ru. ციტირების თარიღი: 15 ოქტომბერი, 2021
  111. Soviet Union 1951 (Championship) · Nukuri Sikharulidze. RSSSF. ციტირების თარიღი: 15 ოქტომბერი, 2021
  112. Басилашвили Михаил Захарович. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 15 ოქტომბერი, 2021
  113. Басилашвили Михаил Захарович. sport-strana.ru. ციტირების თარიღი: 15 ოქტომბერი, 2021
  114. Кублашвили Тенгиз Егорович. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 15 ოქტომბერი, 2021
  115. Кублашвили Тенгиз Егорович. dinamo-tbilisi.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-23. ციტირების თარიღი: 15 ოქტომბერი, 2021
  116. Нариманидзе Владимир Васильевич. FootballFacts.ru. ციტირების თარიღი: 15 ოქტომბერი, 2021
  117. დინამო სოხუმი // „სარბიელი“, 2005, № 172, გვ. 5.
  118. Soviet Union 1950 (Championship)დაარქივებულია ორიგინალიდან - 4 იანვარი, 2013. წყარო: Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. წაკითხვის თარიღი: 2 აგვისტო, 2019.
  119. Спартак (Тбилиси) — Чемпионат СССР по футболу 1950 დაარქივებულია ორიგინალიდან - 2 აგვისტო, 2019. წყარო: fc-dynamo.ru. წაკითხვის თარიღი: 2 აგვისტო, 2019.
  120. Soviet Union 1951 (Championship)დაარქივებულია ორიგინალიდან - 4 იანვარი, 2013. წყარო: Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. წაკითხვის თარიღი: 2 აგვისტო, 2019.
  121. Спартак (Тбилиси) — Чемпионат СССР по футболу 1951დაარქივებულია ორიგინალიდან - 2 აგვისტო, 2019. წყარო: fc-dynamo.ru. წაკითხვის თარიღი: 2 აგვისტო, 2019.